ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლევექ
ჟანრი: პროზა
17 იანვარი, 2018


მწვანე გზა

საწყისი

ნებისმიერი ადამიანი იმისთვის იბადება, რომ სიცოცხლის განმავლობაში რაც უნდა მოკლე იყოს იგი, რაღაც განსაკუთრებილი, საოცრად ნაცნობი და ამავდროულად სრულიად იდუმალი გზა განვლოს. ბევრი ახერხებს ამას, ბევრიც ვერა. მთავარია აღმოაჩინო, იპოვო ისეთი ვინმე ან ისეთი რამ, რაც დაგეხმარება ამ გზის პოვნასა და ყველაზე რთულის გზის დასაწაყისის პრობლემის გადაჭრაში. ზოგიერთისთვის ეს “რაღაც” იდუმალი შეიძლება სრულიად უბრალო რამ, თუნდაც მუხის ერთი პატარა ფოთოლი აღმოჩნდეს. შეხედავ მას და ხვდები, რომ შენს ცხოვრებაში რაღაც ახალი დაიწყო, ახალი გზა გამოჩნდა, გრძნობ, რომ ეს გზა ყველაზე მშვენიერი იქნება განვლილ გზათა შორის. ხელმეორედ შეხედავ მსუბუქი სიოსგან ნაზად ათრთოლებულ მუხის ფოთოლს და ყოველგვარი შიშის გარეშე დგამ პირველ ნაბიჯს, შემდეგ მეორეს, მესამეს და ასე შემდეგ, მანამ სანამ. . .
ამ გზაზე მიმავალი იქნები უსაზღვროდ ბედნიერი თუნდაც უბედური ხვედრითაც.


არაფრისძე

და აი, იყო ერთი კაცი – სახელად არაფერი, გვადარ არაფრისძე. ცხოვრობდა მარტო, პატარა ქოხში. არც დედ-მამა ჰყავდა, არც და-ძმა, არც ცოლ-შვილი და არც ვინმე ნათესავი. ერთი შეხედვით ყოველმხრივ უბედური საოცრად ბედნიერად გრძნობდა თავს, ტკბებოდა ბუნების სილამაზითა და მშვენიერებით, ახარებდა ჩიტების ჭიკჭიკი, ფოთოლთა შრიალი, ყვავილთა სურნელება, მდინარეთა შხუილი. თუ სხვები ცდილობდნენ ეს სამყარო საკუთარი სულის ნაწილი გაეხადათ, იგი ცდილობდა ამ უსასრულო ქვეყნიერების მცირე, მაგრამ სრულყოფილი ნაწილი გამხდარიყო. მას უკვე დიდი ხანია ნაპოვნი ჰქონდა მწვანით მოსილი გზა მიმავალი მშვენიერი უსასრულობისაკენ.

ური ავნერის ჩანაწერებიდან
08.05.19 - -

*  *  *

ერთ დღესაც, შუა ზამთარში ველ-მინდვრები ათასფერი ყავილებით მოიფინა, მხიარული სიმღერით შეეგებნენ ჩიტები ცისკარს, არავის მსგავსი რამ არ ენახა და არც სმენოდა, რა მოხდა?! – კითხულობდნენ გაოცებულნი – ქვეყნიერებას ახალი სრულყოფილება შეემატა – გალობდა ბულბული...

და მაინც ვინ იყო იგი?! როგორც ამბობენ ყველაფერი ასე დაიწყო:

„მდუმარედ მივყვები ქვიშიან ბილიკს, საამოდ უბერავს შორეული გაზაფხულის სიო. სიჩუმეა, მხოლოს მდინარის ხმა მოისმის შორიდან. ჩემს წინ ბილიკია, ბილიკს იქით ტყე, ტყეს იქით მთა, მთის იქით - ის რაც მწყურია, ის რაც მსურს, ის რისკენაც ვისწრაფვი, ის რაზედაც ვოცნებობ, ის რასაც მსურს ჩავწვდე და ის რაშიც მსურს ჩავიძირო.
მივდივარ და ვფიქრობ, ვინ ვარ მე?! ადამიანი თუ რაღაც ორფეხა არსება?! გმირი თუ ლაჩარი?! სიყვარული თუ ბოროტება?! ყველაფერი თუ არაფერი?! ათასი ხმა ათას პასუხს მკარნახობს, ათასი სიტყვა ერთად წარმოთქმული რაღაც საშინელ ქარბორბალას ემსგავსება და ვჩერდები და ვამჩნევ, რომ ჩემს წინ ბილიკია, ბილიკს იქით ტყე, ტყეს იქით მთა, მთის იქით ის რაც მწყურია, რაც მსურს, რისკენაც ვისწრაფვი, რასაც მინდა ჩავწვდე და რაშიც მსურს ჩავიძირო.
მთის იქით შენა ხარ!


*  *  *
იმერეთიდან რიონის ხეობას გამოყოლილი ჰანგები ვნებიან კოცნასავით ეკვრიან შავ ზღვას ტალღებზე. ლაგამ აწყვეტილ ურა რაშებივით დააჭენებენ უტოპიურ ოცნებებს ნაპირიდან ნაპირებამდე, ზღვიდან ზღვებამდე. დაუნდობლად ძირავენ, ფსკერს აკრავენ კოლხეთის ველებში თავგადასავალთა მაძიებელ რაინდების გემებსა თუ ფრეგატებს. ათასწლეულებია უცვლელად მეორდება ისტორია არგონავტთა, იაზონისა და მედეასი. გაცოფებულ ავაზასავით ღრიალებს შავი ზღვა, ცდილობს გარეთ გამოუშვას გულში ვერ დატეული ფიქრები, მაგრამ ორაგულივით რიონს გამოყოლილი ერთი კოცნა და მშვიდდება დილის სიოსავით. ასეთია მისი ბუნება მშვიდია და მშფოთვარე ერთდროულად.

სისხამ დილით ზღვაში გასულ მეთევზეებს მუდამ ჩაესმით გარდასულ საუკუნეებში გულისწორწართმეულ მდედრთა ნამღერი „სი სოულ ბატა”. ნიჩბის ყოველ მოსმასთან ერთად უკან მიცურავენ წარსულისაკენ. . .

ური ავნერის ჩანაწერებიდან

08.05.19 - -

სიზმარი

თვალუწვდენელმა ზღვამ ჩაიძინა, საბნად გაზაფხულის ნისლი მოიფარა და მშვიდად დაიწყო სუნთქვა. მწვანით მოსილ მთებსაც ჩაეძინათ, ანკარა ნაკადულების რაკ-რაკი იავნანასავით ჩაესმით ყურში. სძინავთ ფრინველებს, ცხოველებს, მცენარეებს, სძინავს ყველას და ყველაფერს. მთელი სამყარო მშვიდად ფშვინავს ახალი დღის მოლოდინში. და რა დროს ღვიძილია, ნუღარ შფოთავ, იყუჩე “ბალღო”. შეძვერი ლოგინში, დახუჭე თვალები და სიზმრად ანგელოზები და სიყვარულის დედოფლები ათასწლოვან საგალობლებს გიმღერებენ. მალე მთვარე ამობრწყინდება და თავისი ნაზი სხივებით უჩუმრად მოგეფერება სახეზე. სიო მსუბუქად დაუბერავს, ფრთხილად გამოაღებს ფანჯრებს შენი სახლისას და მინდვრის ყვავილების სურნელებით აავსებს შენს ოთახს. ციცინათელები წრეს შეკრავენ და მოციმციმე ფერხულით აყვებიან ანგელოზების სიმღერას.

მე კი ამასობაში ფეხშიშველა ვივლი ზღვის ნაპირზე, ლექსების თაიგულს შევკრავ შენთვის და როგორც კი გაიღვიძებ ტირიფები წაგიკითხავენ ფოთლების შრიალით. გავცდები ზღვას და რიონის პირას დაგიკრეფ  იასამნებს, იასამნებით ხელში დაველოდები შენს გაღვიძებას.

დილით მერცხლები გაგაღვიძებენ, ტირიფები გამცნობენ ჩემს მოსვლას, იასამნის სურნელება მოგიყვანს ჩემამდე. ჩავკიდებთ ერთმანეთს ხელს, შევისხამთ ფრთებს და თვალდახუჭულები გავფრინდებით  უსუსასრულობისაკენ.

ური ავნერის ჩანაწერებიდან
11.07.19 - -


ოდი

ამ ისტორიაში არაფერია განსაკუთრებული, არაფრით გამოირჩევა იმ ამბებისგან, რომლებიც აქამდე გსმენიათ ან წაგიკითხავთ. მეც ამ ისტორიის ნაწილი ვარ, შეიძლება ითქვას ეს ჩემი ცხოვრების ერთი მცირე მონაკვეთია. როგორი? - რა მნიშვნელობა აქვს როგორი?! - უბრალო, ჩვეულებრივი.

არც კი ვიცი რატომ ვყვები. დღემდე საიდუმლოდ ვინახავდი, უახლოეს მეგობრებსაც არ ვუმხელდი და აი დღეს გადავწყვიტე ავლაპარაკდე. მაგრამ ჯერ ამბები უნდა გავიხსენო, ამ ისტორიის მივიწყებული გმირები მოვძებნო ტვინის უჯრედებში. თუმცა ძებნას და უგზოდ ხეტიალს ჯობს გამონაგონის ხერხს მივმართოთ და აჰა ორი პერსონაჟიც:

აარონი - ახალგაზრდა ქართველი-ებრაელი მხატვარი და გოგონა ქალაქ ოდიდან.

ქალაქი ოდი შუა საუკუნეებში გააშენეს იმერეთის შუაგულში, საბჭოთა ხელუსფლებამ კი ე.წ. ხრუშჩოვკებითა და ჩეხური კორპუსებით მოაქცია ალყაში. ხალხმა კი იგი ორ ნაწილად დაჰყო: ძველი ოდი; ახალი ოდი.

(ერთ მხატვარს ოდელი გოგო შეუყვრდა!)

ძველი ოდი დილის საათებში ლამაზია განსაკუთრებით. ნაცრისფერი -ქუჩებში მობორიალე მტრედებივით. ბებერ ქალსა ჰგავს, ოდესღაც სიკეკლუცით ყველას, რომ აოცებდა, დღეს კი ფერუმარილ შეთხიპნილი თითქოს სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ მაინც ლამაზია ნაცრისფერ თვალებით და თმების ათას ნაწნავებად ჩამოშლილი კრამიტებითა და თუნუქის სახურავებით. აქ ყველაფერი სხვაგვარად იციან, სიყვარული კი მეტად ყველაზე. ის სულ არ ჰგავს XX საუკუნის მონაჩმახს, რომელშიც გრძნობათა არ მალვის ერთადერთი მიზანი ქალისა და კაცის ნესტიან კედლებს შორის ერთად ცხოვრების სურვილია და სხვა არაფერი. ძველ ოდური სიყვარული რომანტიულ ლექსებსა ჰგავს და მარტივით არეულია, სავსე წინააღმდეგობებით.

გაცრეცილი ნაბდის (ოდის მცხოვრებნი სიყვარულს რატომღაც გაცრეცულ ნაბადს ადარებენ) მოსასხამად საკმარისია ქვაფენილიან ქუჩებში მოსიარულეს ვინმე მოგეწონოს და მერე ისე  მოვა გრძნობათა მთელი მხედრიონი შენთან ვერაფრით ვერ დაიხსნი თავს და მის ტყვეობაში მოგიწევს სიკვდილიც

(ერთ მხატვარს ოდელი გოგო შეუყვარდა!)

გუშინ საღამოხანს სეირნობისას ე.წ. ხრუშოვკის კედლიდან წარწერა გადმოვიდა - „მომენატრე”; შემომეფეთა, მაგრად ჩამჭიდა ხელები და მითხრა, რომ მონატრების მონატრება მომძალებია, მე კი ჯიუტად ვერ ვამჩნევდი.

და აი დასავლეთისკენ (სადაც ჩემი მშობლები ცხოვრობენ) მივყვები  წლების წინ თანამედროვედ მონათლულს, მაგრამ მაინც ბებერ ვირივით მოჯაყჯაყე მატარებელს.
მატარებელი თავის მგზავრებითურთ თითქოს მუსიკალურ ბენდსა ჰგავს და ვგრძნობ თუ როგორ ცდილობენ რაღაც მელოდიის, ჯაზისა თუ რეგთაიმის აჟღერებას.
ვაგონის ბოლოში მჯდომი ბავშვის ჭიჭყინი, ქალთა მასლაათი, შეყვარებული წყვილის დუდუნი, ათობით მოჩურჩულე ხმა და მატარებლის გამბული ჩშშ, ჩქ-ჩქ ისე ქაოტურად ერწყმიან ერთმანეთს, თითქოს რვა ხელგამობმული რეი ჩარლზი 200 კლავიშიანი როიალის (როიალს ჩვეულებრივ 88 კლავიში აქვს) აყვირებით ცდილობდეს მსმენელთა გაგიჟებას.

ძნელია ამ ქაოსში მშვიდად იყო, მაგრამ იმერეთის გორებს შორის მატარებლით მიმავალს თუკი გაგახსენდა, რომ გუშინ ქუჩაში მოსეირნეს ოდელი გოგო მოგეწონა, ეს ქაოსი ჰარმონიულ ჯაზად იქცევა, იავნანასავით მოგეფერება ყურებზე და სულსაც აგიფორიაქებს.

ალბათ სიგიჟეა გუშინ სხისგან გულნატკენმა და ქალივით მოწუწუნემ, დღეს ასე ქმარ-შვილიანს (?!) მიახალო - მიყვარხარო, მაგრამ თუ მართლა გიჟი ხარ უნდა უთხრა კიდეც და დამალულ გრძნობებზე საშიშიც ხომ არაფერია.

თუ როგორ დასრულდა ეს ამბავი ვერასოდეს გაიგებ - ჩემი მეხსიერებიდან წლების წინ საგულდაგულოდ ამოიშალა და ეს ერთ-ერთ იმ ცხოვრებისეულ კროსვორდივითაა, რომლის ამოსახსნელადაც ჯობს გონება არ დაძაბო, იმიტომ რომ მაინც ვერ მიიღებ პასუხებს.

თუმცა წლებია მესიზმრება თუ როგორ ეძებს ერთი ამათგანი (აარონი ან ოდელი გოგონა) მეორის სახლს, საფლავს თუ რაღაცას ეგეთს.

მოდით ნურც თქვენ დაიღლით გონებას იმაზე ფიქრით, თუ რა შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემს მიერ მოყოლილ ისტორიასა და ჩემსავე სიზმრებს შორის. ალბათ მნიშვნელოვანი არაფერი.


*  *  *
„შორს აღმოსავეთისაკენ გაფრინდენენ მერცხები, თან წაიღეს სითბო და სიხარული, რომლებიც მმატებდნენ ძალას და მიჩენდენენ სურვილს სიცოცხლისა და სიყვარულისა. მათ გარეშე სიჩუმემ და სიცივემ დაისადგურა ჩემს გარშემო, თითქოს დრო გაჩერდა ერთ ადგილას გაიყინა.

ღამეა ვგრძნობ, რომ მშორდები, გულს მისერავს ბასრი დანა, ვიცი დამიწყებ როგორც დედაბერს ათი წლის წინ ქუჩაში, რომ შეგეჯახა. მშვიდად, უდარდელად მიჰყვები მთვარის სხივებით განათებულ გზას და თან მიგაქვს ჩემი წარსული, ჩემი აწმყო, ჩემი მომავალი.

მაგარმ მაინც მჯერა და მწამს, რომ დადგება დრო და ცხადად იქცევა ოცნება ჩემი, მე მოვალ შენთან იქ, იმ შორეულ სამყაროში სადაც არ არსებობს შუღლი და ბოროტება, ტანჯვა და სიძულვილი, სადაც არსებობის ერთადერთი გზა და წყარო სიყვარულია. მოვალ და გაკოცებ, შევერწყმევი შენს ლაჟვარდოვან მშვენიერებას, დავთვრები სიყვარულით და სამუდამოდ ჩავიძირები შენს უძირო თვალებში.

ჩვენ ვიქნებით ისეთივე განუყოფელი, როგორც სიყვარული და სილამაზე, როგორც ცა და დედამიწა, მჯერა ჩვენ გავხდებით დასაბამი ამ უსასრულო ქვეყნიერების მცირე ნაწილისა, რომელიც უსაზღვრო სიყვარულით იქნება გაჯერებული.”

*  *  *
მე მის ამ ქმედებას ყოველთვის მსხვერლად აღვიქვამდი. ვფირობდი მისი ეს ნაბიჯი მისადმი ადამიანთა დამოკიდებულებამ განაპირობა. ახლახან მივხვდი, რომ ის მსხვერპლი არ ყოფილა. არა, ის არასოდეს მატყუებდა, უბრალოდ მე ვგებულობდი ყველაფერს არასწორად. ან არც მინდოდა სწორად გამეგო რამე, რაც თითქმის ერთი და იგივეა.

ური ავნერის ჩანაწერებიდან
11.07.19 - -


ბარათი იუდას

ზოგჯერ როცა იმარჯვებ მარცხდები. გამარჯვების კვარცხლბეკზე დგახარ, ამაყად უყურებ გარშემომყოფთ, არადა ეს წუთია დამარცხდი, სრული კრახი განიცადე. გარეგნულად ძლიერი ჩანხარ, მაგრამ სუსტი ხარ მეტად, იმდენად სუსტი, რომ ყველას გაურბიხარ, ყველასი გეშიანია. ყველას ატკინე გული, იმათაც კი ვინც სიგიჟემდე გიყვარს, სასოწარკვეთამდე გიყვარს – დამარცხების გეშინია.

და დარჩი მარტო, არადა ყველას აჩვენებ თავს თითქოს ბედნიერი ხარ ძალიან, ბევრთანაც მეგობრობ. როგორც კი საკუთარ თავთან მარტო რჩები, ხვდები, რომ თამაშობ, მოგბეზრდა უკვე მსახიობობაც.
შენ სულ სხვა რამ გინდოდა, სხვა რამ გჭირდებოდა, სხვა ოცნებებისკენ მიილტვოდი. ახლა კი თანდათან იფიტები, ძალა გეცლება და ღვინით ცდილობ ტკივილის გაქრვებას. ნამთვრალევი, ოცნებებში რაღაც ილუზიურ სამყაროს აშენებ – თითქოს დიდ, ნათელ, ფართო აივნიან სახლში ცხოვრობ მდინარის ნაპირას, დილით ჩიტების ჭიკჭიკი გაღვიძებს... არადა ყველაფერი უარესდება, დაღმართზე მიექანები, ყოველდღე უახლოვდები, ამცირებ მანძილს უფსკრულამდე.

შენ მარტო ხარ, დიდი ხანია თავზე ცა ჩამოგემხო, დაგემსხვრა ყველაფერი. სოროში ხარ შემძვრალი და ამაოდ ცდილობ გარეთ გამოსვლას, უაზროდ იქნევ ხელებს, მომაკვდავივით ფართხალებ და უფრო და უფრო იხლართები ობობის ქსელში.

ძარღვები დასკდომამდე გეჭიმება, სისხლი გეყინება, ყელში ბოღმის, ზიზღის ბურთი გაქ გაჩრილი. შენ დამარცხი, მაგრამ აღიარების გეშინია, საკუთარ თავს არწმუნებ, რომ კიდევ გაქვს შანსი...
შხამიანი ეკლები გისერავენ სხეულს, სისხლი გეწამლება, ძალ-ღონე გეცლება და საშინლად გტკივა მთელი სხეული.

და გული გიჩერდება, თითქოს წამით შეისვენა, ძალას იკრებს და ისევ აპირებსო ფეთქვას, მაგრამ ჩერდება, ჩერდება სამუდამოდ.

შენ დამარცხდი, არადა გეგონა რომ გაიმარჯვე, შენი გარშემომყოფნიც ასევე ფიქრობდნენ. ყველას უღიმოდი და შენც გიღიმოდნენ, გული კი მუდამ ცრემლით გქონდა სავსე. შენ დამარცხდი, სრული კრახი განიცადე...

მაგრამ ყოველთვის როდი ხდება ასე, ზოგჯერ როცა მარცხდები იმარჯვებ!


მართის მონოლოგი

საკუთარ ადგილს ამ ქვეყანაზე დიდი ხანია ვერ ვპოულობ. მე ხორცმეტი ვარ ამ საზოგადოების, რომელიც წლებია ებრძვის ჩემს შინაგან სამყაროს და თავისუფლებას. მე ძალიან, ძალიან მალე დავტოვებ სოფელს.

ყოველთვის, დაუღალავად ვიბრძოდი თავისუფლებისათვის, ამ ქვეყანაზე საკუთარი კუთხის პოვნას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ. ჩემს წინაშე მილიონი ადამიანი გადაულახავ, ეკლებით დაფარულ, დანაღმულ, მიუდგომელ კლდედ თუ მთად აღიმართა. მე ძალიან, ძალიან მალე დავტოვებ სოფელს.

განვლილი ცხოვრება და მთელი ჩემი შინაგანი ენერგია, უტოპიურ, დამარცხებისათვის განწირულ ბრძოლას შევალიე და დავიღალე, ძალიან დავიღალე. იმდენად, რომ ფეხზე დგომაც კი მიჭირს, ფიქრსაც ვერ ვახერხებ და ჩემში თანდათან კვდება სიყვარულიც. მე ძალიან, ძალიან მალე დავტოვებ სოფელს.

მე ჩემი და შენი, ჩვენი სიყვარულის გადასარჩენდაც ვიბრძოდი, მაგრამ დავმარცხდი და ჩემში სიძულვილმა დაიწყო გაღვიძება. მე შევიძულე ის გარემო, რომელშიაც მიწევდა ყოფნა, მძულდა ყველა და ყველაფერი. არ ვიცოდი მე არ ვიყავი ისეთი როგორიც უნდა იყოს ადამიანი ჩვეულებრივ, თუ ეს სამყარო არაა ნორმალური. მე ძალიან, ძალიან მალე დავტოვებ სოფელს.

იმედი მქონდა, რომ ჩვენ ერთად ვიბრძოლებდით, მაგრამ მე ისე მივდივარ ამ სოფლიდან, რომ შენ ვერც მოასწრებ ჩემს გაცნობას.

და აღმოვაჩინე, რომ საკუთარ თავსაც ვებრძოდი, მე მოვკალი ჩემში ადამიანი. მე ვიყავი ლეში, მოსიარულე ცხედარი!

მე დავტოვებ სოფელს, ჩემთვის უცხოს, მიუღებელს, ცოდვით სავსეს და სადღაც, შორეული უსასრულობისაკენ გავიჭრები, რომ იქ მაინც დავივიწყო ცხოვრების უაზრობა და ამაოება. შევხედავ ცას, შევიყვარებ მას, ცას გავიხდი ჩემს ჭერად, ღამით კი საბნად მოვიფარებ. ცად ავაპყრობ თვალებს და ყოველ ღამით დავითვლი ვარსკვლავებს. შევხედავ მთვარეს და ვეცდები შევუერთდე მას, მისი ნაწილი გავხდე და სამუდამ მოვწყდე დედამიწას,  რომელიც მაგონებს განვლილი ცხოვრების უაზრობას და ამაოებას. მახსენებს ჩემს დამარცხებებს და ჩვენს გარდაცვლილ სიყვარულსაც.

ყოველ დილით გამოჩნდება მზე, როგორც ამომავალი ცეცხლის ბორბალი და მის გარშემო შეკრულ, ოქროს სხივებით მოქარგულ დიადემას ჩემს ოცნებებში დაგადგამ თავზე, მზის სხივებით შეგიმოსავ სხეულს. შენს ნაცვლად შორეულ გალაქტიკებს დავუწყებ ალერსს-ისინიც ისეთივე მიუწვდომელი და მშვენიერნი არიან როგორც შენ. მე შენს სახეს ვხედავ მათში.

ალბათ დღეები ისე სწრაფად გაირბენენ, რომ ვერც კი შეამჩნევ ჩემს გაუჩინარებას, მჯერა იქნები ძალიან ბედნიერი და ბედნიერი ვიქნები მეც - მე შენი ბედნირება გამახარებს.
ყოველ დღე შევთხოვ ღმერთს დედამიწის კეთილდღეობას, რადგანაც შენ ნაწილი ხარ მისი და გიყვარს დედამიწადა. მე კი ამასობაში თანთადან მივუახლოვდები ჭეშმარიტებას და გადმოვსახლდები შენში. მე შენი სულის ერთ, პატარა, მყუდრო ადგილას სამუდამოდ დავიდებ ბინას.  მე დავტკბები შენით, მე შენი სხეულის, შენი სულის სურნელება დამატკბობს და სამუდამოდ ჩავიძირები არაამქვეყნიურ ნირვანაში, ტრფობის უფსკერო ზღვაში.

და როდესაც სიკვდილი აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, შენი სულიც გადმოსახლდება ამ მარადიულ სამყაროში, რომლის კარებსაც მე გაგიღებ, იპოვი იმას ვისაც უყვარდი და ისევ უყვარხარ, აღმოაჩენ მის გულს და იმ გულში ნანატრ გრძნობას, მთელი ცხოვრება, რომ ამაოდ ეძებდი.

სახსოვრად ჩვენი „გარდაცლილი” სიყვარულისა, დაბადებაც რომ ვერ მოასწრო, სახსოვრდ ჩემი წაგებული, ბრძოლებისა, რომლეზეც არავის არაფერი სმენია, სახსოვრად ჩემს მიერ დაღვრილი ოფლისა, რომლის ერთი წვეთიც არ გაკარებია მიწას და სახსოვრად ყველაფრისა რაც მიყვარდა, მახარებდა და რისთვისაც ვიბრძოდი გიტოვებ ამ წერილს, რომელიც ვიცი, რომ ვერასდროს ვერ მოაღწევს შენამდე.

24.02.19- -



*  *  *
„დღეს რაღაც სასწაული მოხდა, სიყვარული ახალი, საოცარი, დღემდე უცნობი ძალით აფეთქდა ჩემში, მთელი სხეული მოიცვა და ამ ენერგიით დამუხტული, შენს საძებრად მზით გაბრწყინებული უსასრულობისკენ მოვქრივარ თითქოს და ვხვდები, რომ ეს შეგრძნება ქროლვის სხეულს მოწყვეტილი სული ბორიალია მხოლოდ. მე შენ დაგეძებ ჩემო სიყვარულო – ჩემი სხეული აქ, დედამიწაზე, სული ჩემი კი სამყაროს დანარჩენ მხარეებში.

და პირველად ათასწლოვანი ძებნის განმავლობაში საოცრად ახლოს მოვედი შენთან, თეთრი ღრუბლებში გახვეული შენი სხეული თავისკენ მიხმობდა, თითის წვერებით ფრთხილად შევეხე საოცრად თეთრ ნაკვთებს შენი სახისას, ბედნიერს ნატვრის წამიერი ახდენით ყოველგვარი ძალა წამერთვა და გაქრი, გაუჩინარდი როგორც თოვლი მზის გულზე, როგორც სიზმარი. მე კი ძალაგამოცლილი ვდგავარ სამყაროს შუაგულში, შორს შენგან და შორს დედამიწისგან. არ ვიცი რა ვქნა? საით წავიდე? ჩრდილოეთისკენ თუ სამხრეთისკენ, დასავლეთისკენ თუ აღმსავლეთისკენ. ოთხივე მხრიდან შენი ხმა მოისმის, ოთხივე მხარე შენმა სხეულმა მოიცვა, ოთხივე მხარეს შენა ხარ თითქოს.”

ისტერია

"დიდი ხანია მაწუხებს თვითმკვლელობის იდეა. ავიღებ ბაბუაჩემის ნაქონ, ძველ ფისტოლეტს, კბილებით დავაწვები ლულას და სისხლში აზელილი ტვინით, წითელ წინწკლებიან, თეთრ პეპლებს დავხატავ ჩემი ოთახის ნესტიან კედლებზე."

მშვიდად თენდებოდა მაისის მოვარდისფრო დილა. სრული სიჩუმე იყო ყველგან. ღია ფანჯრებიდან შემოპარული სიო ათასგვარი სურნელებით ავსებდა ოთახს. მაისის სუნი იდგა ოთახში.
მას ყოველთვის უყვარდა ბოდიალი, უაზროდ აქეთ-იქით სიარული. ვერასდროს პოულობდა თავის ნივთებს. მთელ დილას ბოდიალში ატარებდა ხოლმე. უხდებოდა ბოდიალი, მისი ხასიათის განუყოფელი ნაწილი იყო თითქოს.

მე გრძნობებით ვარ სავსე, მშვიდი ვარ, მშვიდი -  თქვა და გზას დაადგა, გზას მიმავლს არსაით. გზები ხომ არსაით მიდიან, არსაით მივყავართ გზებს, სიარული კი, ოჰ ეგ სიარული ფეხების მოძრაობაა და სხვა არაფერი. ვიღაცის მიერ გაცემულ ბრძანებას - ადგილზე იარ! - საუკუნეებია ვემორჩილებით ადამიანები, ჰაერში რაღაც უხილავი თოკებით ჩამოკიდებულები. არც წინ მივდივართ არ უკან. უბრალოდ ადგილზე დავდივართ, დავცურავთ ერთი, ორი სამი...

და მოულოდენელად ერთდროულად ახმიანდნენ მიძინებული ვიოლონოები, როიალები, ჩელოები, ბასგიტარები, ჩიტები, ცხოველები, ჭიამაიები, ჭიანჭველები, მანქანები, ქარი ამოვარდა, ზღვა აღელდა; ზღვა აზვირთდა, გაცოფდა და დაიწყო ქაოსი. ათასაბოთ ნივთის, ცხოველის, არსების, მოვლენის ხმაური სახეს, შუბლს, კეფას, ყურებს შორის მოქცეულ თეთრ, საშინლად დანაოჭებულ სივრცეში. თვალები დაბრმავდნენ, გრძნობები ფრთებგაშლილი გაცივდნენ ყინულს მინდობილნი, სული საოცარი სიჩქარით მოწყდა სხეულს, გაიქცა, გაფრინდა და თითების ამოძრავებაღა შეძლო კედელთან შეჯახებით გამოწვეული ტკივილის გამოსახატავად.

"წითელწინწკლებიანი თეთრი პეპლები დაფარფატებენ ქუჩებში, შრაშუნებენ, ტკბებიან სიცოცხლით, მეც დავფრინავ, ხელაბგაშლილი, ფეხშიშველა დავრბივარ დაცვარულ მინდვრებზე, თითქოს მეც თეთრი ვარ, თეთრი, მსუბუქი, წითელი წინწკლებით სხეულზე. თვალებდახუჭულს არ მეშინია რამეს დავეჯახო, ეს ველი ხომ შიშველია, სიფრიფანა ბალახებით დაფარული, სწორი და ულევი, საზღვრების, სივრცეების გარეშე."

სიომ გაუბა საუბარი, თმები დავარცხნა-ჩალისფერად გადმოღვრილი მზის სხივები, ლექსები ჩააცვა, ლექსებით მოეფერა, ლექსებითვე დაუკოცნა თვალები და საგზლადაც ლექსები გაატანა ცის ნაჭრებში გახვეული. ათობით ადამიანი ირეოდა ტრავმატოლოგიურში. გაოცებული სახით უყურებდა ექიმი პაციენტს. მოტეხილ ხელებზე, ფეხებზე, თაბაშირს ადებდა.

"რკინდაბეტონისგან ჩამოსხმული ძეგლივით ვზივარ ბორბლებიან სავარჯელში, თავგადავარდნილი, რაღაც მათრობელა კვამლში გახვეული თვალებ დახუჭული ვფიქრობ არაფერზე. ძონძებში გახვეული, წვერებიანი, ლოთი მესაფლავე მიწას აყრის ღმა ორმოში წიხლებით ჩატენილ ფიქრებს, ოცნებებს, სურვილებს. ფეხებზე კიდია რას ვგრძნობ, რას განვიცდი, მისთვის მთვარია დროულად მიიღოს შეპირებული ლარნახევარი და თეთრ სითხეში მცხოვრები ალკოჰოლის ბაქტერიებით ჩააძინოს ტვინის ჯერ კიდევ ცოცხალი უჯრედები.
რაც უფრო გადის დრო მით უფრო ვგრძნობ ჩემს სიახლოვეს სიკვდილთან, თითქოს ჩემთანაა იგი მუდამ, სუნიც კი ვიცი მისი, ნესტიანი კედლის სუნი ასდის სიკვდილს. თიბავს, დაუზარლად თიბავს ათასობით სიცოცხლეს. ყოველდღე მესმის ბასრი ცელით ფეხმოკვეთილი ბალახების შრაშუნი. შრრრ, შრრრ, შრრრ მოდიან, მოდიან, მიხლოვდებიან, ამცირებენ მანძილს ყურებამდე.
ცეკვაც უყვრადა, ვალსს ცეკვავდა ხშირად, მუსიკის გარეშე. მარტო ცეკვავდა ვალსს მთვარის შუქით განათებულ სივრცეებში."

„გატყუებენ აარონ, მწარედ გატყუებენ, შენი სიცოცხლე შენია მხოლოდ და რაც გინდა უყავი. თუკი გულით გინდა მოიკალი თავი, ჩამოკიდე თოკზე ეგ შენი დამპალი სიცოცხლე”

აცივდა, არადა აგვისტოა ცხელი აგვისტო. ნაცრისფერმა ღრუბლემბა დაფარეს ცა, აკანკალებული მთვარე საბანში გაეხვია და ვარსკვლავებს მიეფარა. ბევრი იწვალა მაგრამ ვერ დადგა მზე ზენიტთან, მე სხივები მაკლია  - თქვა მან. დაკარგული თმის ღერების ძებნა დაიწყო, დიდხანს ეძება თითქმის მთელი წელი გაცივებული თვალებით ათვალიერებდა ყველფერს მიწაზე.

გზაზე მიმავალს, გუშინდელი უცნაური სიზმარი გაახსენდა. ვიღაც თუ რაღაც დაჟინებით სთხოვდა თმების დაბრუნებას, ემუქრებოდა, თუ არ დამიბრუნებ წაგართმევო ყველაფერს, ყველაფერს შენსას ჩემად გავიხდიო.

„არ არსებობს ჯოჯოხეთი! ყველა ადამიანი სამოთხეში ხვდება გარდაცვალების მერე. ასე რომ მოიკალი თავი აარონ, ნუ გეშინია, მაინც იქ მიხვალ სადაც გინდა რომ მიხვიდე. გზა დედამიწიდან იმქვეყნიურობამდე ერთია მხოლოდ და სამოთხეშია მისი ბოლო, მოიკალი თავი აარონ!”

შეჩერდა, უცნაური გრძნობის ტყვე გახდა თითქოს. უჭირდა თვალების გახელა, თანთადან რაღაც მოლივლივე ფერებად იღვრებოდა, იშლებოდა, ქრებოდა, დნებოდა. და ასე გაგრძლდა ვიდრე ფეხების ცეცებით მისმა სულმა ვიწრო, ლურჯ თოკზე არ გაიარა.

"გელოდებით აარონ!"

მოხუც მხატვარს,  ხელოსნობით, რომ ირჩენდა თავს ოთახის კედლებზე ათასობით წითელწინწკლებიანი თეთრი პეპელა დაეხატა.

მშვიდად თენდებოდა მაისის მოვარდისფრო დილა.

"კეთილი იყოს შენი მოსვლა აარონ."


*  *  *
ამბობენ იქ თუ მიხვალ ყველა კითხვაზე მიიღებო პასუხს ან ცხოვრება მიგასწავლისო გზებს ამ პასუხებისაკენ, ამბობენ იქ თუ მოხვდები გაგიქრებაო სურვილი უკან დაბრუნებისა, იქ შეგიძლია ყოველ ღამით შეეხო და მოეფეროო ვარსკვლავებს. ამბობენ იქ მზე და მთვარე მუდამჟამ ცდილობენო შენში შემოსვლას და თითქოს შენ ხარო ერთიც და მეორეც, მისვლა საზღვრამდე ამ მხარისა ადვილიაო მეტად, მაგრამ მის გადალახვას შეიძება მთელი სიცოცხლე მოანდომო და არც კი გეყოსო იგი, უამრავ რამეს ამბობებ, იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანის ქმედება ამ საზღვის გადაკვეთის სურვილით არისო სავსე, ისინი კი უმეტესად ვერ ხვდებიანო ამას, ამ ქვეცნობიერში დამალული მიზნის მიღწევამდე.

ური ავნერის ჩანაწერებიდან

11.01.19 - -


*  *  *

დღესასწაულთაგან ყველაზე მეტად აღდგომა მიყვარს. აღდგომა ხომ ზეიმია სიკეთით ბოროტის ძლევისა და თან აღდგომის დილას სახლისკენ ტყის ბილიკებით მოკლეთი მიმავალს მგონია, რომ სამოთხეში მივაბიჯებ.

წამით დახუჭეთ თვალები და წარმოაიდგინეთ თითქოს ტყეში ხართ, გარშემო ყველაფერი ცვარითაა სველი, ახლადგაღვიძებული ჩიტები  წყაროზე წყალს შეექცევიან. ატმებს და ტყემლებს დასკდომამდე აქვთ კვირტები დაბერილი, თქვენ კი ფეხშიშველა ნელი სვლით მიდიხართ და გახარებთ მოლოდინი იმისა, რომ თქვენს - „ქრისტე აღსდგა!”, დედა - ”ჭეშმარიტად!”- გიპასუხებთ.

ური ავნერის ჩანაწერებიდან
11.03.19 - -

*  *  *
„ელოი, ელოი, ლამა საბაქთანი”  ფსალ. 21,2.

ური ავნერის ჩანაწერებიდან
11.03.19 - -




აღდგომა

წვიმს.
სევდიან მელოდიებს უკრავს ანგელოზი, სანთლები საცოდავად ბჟუტავენ. მელოდიები ჰაერში იფანტებიან, პეპლებივით დაფარფატებენ, ვით ნაზი ამბორი, ელაციცებიან გარშემომყოფთ სახეებზე.
ქრისტე აღსდგა!
და ჩემში მოკვდა სიყვარული.
მე მარტო ვარ, არავინ მპასუხობს - ჭეშმარიტად!
მე გარდავიცვალე.
დედამიწაზე ალბათ ისევ ყვავიან ენძელები. მე მიყვარს ენძელები.
ენძელააა, ენძელ, ენძელ, ენძელააა.. ჰაერში დარბიან ბგერები, იშლებიან, იშლებიან, იფანტებიან, იფანტებიან დაუსრულებლად.
„მიუტევე უფალო ცოდვანი მონასა შენსა, რამეთუ იხილა მან მაცხოვარებაი შენი...”
ქარი დაბანცალებს ცარიელ ოთახებში, კოჭლი ქარი, ცალფეხა ქარი, ლოთი ქარი, თითქოს ეძებს ვიღაცას, ვიღაცას წლების წინ დაკარგულს.
ვარდები ვერ ახელენ თვალებს, სძინავთ ვარდებს, თითქოს სამუდამოდ ჩაიძინეს.
და ისევ ეს ამოუცნობი დილაიიი, ჰოდილაიიი, ვადილაიიი..
ქარი წამით შეჩერდა და
„და იხილა სული ხვთისა გარდამომავალი ვითარცა მტრედი...”
მტრედები ეკლსიის გუმბათზე არიან შემომსხდარნი. ღუღუნებენ მტრედები, ღუუუ, ღუუუ, ღუღუუნ, ღუღუუუ.
შლეგი პოეტი ავიდა მთის მწვერვალზე, მან ლექსი დახატა, დახატა თეთრ ტილოზე და ქარს გაატანა, გაატანა ბგერებად, გაატანა ასოებად, გაატანა სტროფებად.
„ნეტარ იყვნენ გლახაკნი სულითა, რამეთუ მათია სასუფეველი ცათა...”
ქარი დადუმდა, ქარს ხმა შემოესმა -
„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...”
ქარმა დაიჩოქა, თავი მოუდრიკა მთელ სამყაროს.
და ფიქრები მდინარედ გადმოიღვარა კლდიდან, ერთბაშად ამოხეთქა, ხან აქეთ მიაწყდა, ხან იქით; ნაპრალებში გაიარა; აფრები გაშალა და გზა გაიკვლია; გველივით დაიკლაკნა; თითქოს სურო ყოფილიყო - შემოაჭდო ტოტები დამშრალ უდაბნოს
და ქარმაც დაუბერა.
„შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც, მოვიწონე მე.”
სევდიანი მელოდიები არღვევენ გამეფებულ მყუდროებას.
„ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა....  და ჰრქუა მან... ლაზარე მოკვდა...”
„ყოველი რომელი ცოცხალ არს და ჰრწმენის ჩემი, არა მოკვდეს იგი...”
„ლაზარე გამოდი!” „გახსენით, გაუშვით, იაროს.”
თვალების ცეცებით გამოვიდა ნაჭუჭიდან ბულბული, მიმოიხედა, ფრთები გაშალა, გაშალა და ღრუბლებს მიესალმა.
სიცოცხლე დაიბადა.
„ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი. ოსანა მაღალთა შინა!”
ჯერ თითები აამოძარავა, ხელით სახელურს ჩაეჭიდა, პირველი ფრაზაც წარმოსთქვა და გაიარა. ფრთხილი, მსუბუქი ნაბიჯებით მივიდა კარებამდე.
„ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული.”
უდაბნოში ხორბალი აბიბინდა.
„ხოლო აჰა ხელი გამცემლისა ჩემისაი.”
ქარი ახმაურდა, აზვირთდა და სევდიან მელოდიებს მხიარული BGბგერებიც შეერია.
„პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს...”
ხორბალს სარეველა შეერია.
სადღაც ბავშვი ატირდა, მისმა ხმამ მიძინებული ვარდები გააღვიძა, ვარდებს ეკლები ამოსვლიათ და ეკლიანი გახდა ყველა გზა, ყველა გზა სავალი.
„მამაო ჩემო მიიღე სული ჩემი.”
„აღსრულდა!”
თვალები დახუჭა, დედის ნამღერი იავნანა ეამა, ჩაეძინა, მშვიდად დაიწყო ფშვინვა.
და ისევ დილაი, ჰო დილაი, ვადილაიიი, დილაი ჰოიიი.
ანგელოზი სევდანარევ მელოდიებს უკრავს, ბგერები ჰაერში იფანტება.
ენძელააა, ენძელ, ენძელააა.
ჰაერი ყვავილთა სურნელებით გაიჟღინთა.
„შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოველითა გულითა შენითა!”
წვიმამ გადაიღო, ცისარტყელამ ფერადად შეღება „აღმო” სავლეთი.


* * *
შენ ჩემი აღდგომა ხარ!


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები