| ავტორი: ლევექ ჟანრი: პროზა 29 იანვარი, 2018 |
სისხლისმსმელ მხედრიონს მოუძღვება თავშევარდნიანი აქემენიდი ვერეთრაგნა, კოლხეთის ჩრდილოეთით მთებზე წამომართულ ტოტემთა წაბილწვა დაუსახავს მიზნად.
და შუაგულ უდაბნოში ურიცხვი ჯარისკაცი წამოიმართა მრისხანე მხედართმთავრის წინაშე. ბრძოლის წინ მხედრული მიმართვით ამხნევებდა იგი ერთგულ მეომრებს . . .
„დღეს გავიმარჯვებთ ან ყველანი ბრძოლის ველზე დავიხოცებით. გაივლის ასობით წელი და არავის ეხსომება თუ როგორ ვცხოვრობდით, როგორ გვიყვარდა, როგორ ვკრეფდით ბაღში ვაშლს შვილებისთვის. ადამიანები მხოლოდ ჩვენს მიერ გადახდილ ომებზე ილპარაკებენ, ათას ისტორიას, ლეგენდას შეთხზავენ ჩვენს მიერ დაღვრილ სისხლზე.
ჩვენი მიზანი ის კი არაა ჩვენივე სახელები შემოვუნახოთ ისტორიას, არამედ ხმლის თითოეული მოქნევით, თითოეული ნატყორცნი ისრით ავაშენოთ ისტორია მრისხანე აქემენიდთა.
ჩვენი მიზანი ბრძოლაა, ბრძოლა სანამ ცოცხლები ვართ, ბრძოლა უეჭველი გამარჯვებისათვის. მშვიდობა! მშვიდობა მხოლოდ ლაჩრებს უყვართ - სუსტ არსებებს, იმპერია კი ბრძოლით ძლიერდება!
როცა სახლში დავბრუნდებით და გვკითხავენ - ჰეი ჯარისკაცო! რატომ აკეთებ ამას ომზე ხომ არ გიჟდებიო, არაფერს ვუპასუხებთ, რადგანაც ვერ გაიგებენ, ვერ ჩასწვდებიან აზრს ჩვენი პასუხებისას!
ჩვენ არც იმ მეფისათვის ვიბრძვით, რომელიც წლებია არ გვინახავს. ბრიყვს, თუნდაც მეფე იყოს არ დავემორჩილებით. შეუდრეკელ ჯარისკაცებად ღირსებამ და სამშობლოს სიყვარულმა გვაქცია, რომელიც განა მხოლოდ მეფეზე, ღმერთებზე მაღლა დგას, დიახ ღმერთებზე, რომელთაც შურთ ჩვენი - ისინი უკვდავები არიან, ჩვენთვის კი ყოველი წამი შეიძლება უკანასკნელი იყოს და ის რაც დროებითია მშვენიერია, მშვენიერი ყველაფერზე.
მე ჩემს ცოლს ასე დავემშვიდობე - არასოდეს მოგშორდეს სახეზე ღიმილი, რაც არ უნდა ცუდი იყოს ცხოვრება და სანამ ჩვენ შვილებს დააძინებ უთხარი, რომ მე ისინი ძალიან მიყვარს. ვიცი თქვენც ასე მოიქეცით, მაშ რაღა დაგვრჩენია საფიქრალი გარდა სამშობლოსა და ღირსებისათვის ბრძოლისა.
ან გავიმარჯვებთ ან ღირსეულად დავიხოცებით. თქვენ თვითონ იცით ასობით მებრძოლი დაიღუპა უდაბნოთა გადმოლახვისას, მაგრამ ბოლოს იგი მაინც გადმოვლახეთ”.
ჯოჯოხეთის ცეცხლში იწვიან ბრძოლაგამოვლილი მთა-ველები. უდაბნოდან დროდადრო მონაბერ ქარებს თან მოაქვთ ჯარისკაცთა გვრგვინვა და ყიჟინა. „მორევ მარე” მოავლინა მთიანეთს ვერეთრაგნამ - ჩემს ჯარს მუხლმორთხმული შეეგებეთ და „ლაპის ექსცილის” მომგვარეთო ძღვნად ღვთივკურთხეულ მბრძანებელს.
„წმინდა სვიმრამ” მკაცრი უარი შეაგება აქემენიდთა მოგზავნილს. უძველეს დროიდან არავის ნებდებოდნენ უბრძოლველად, განდგომილ თანაფესვთ მითუმეტეს.
განრისხდა ვერეთრაგნა, იშიშვლა ცეცხლისმფრქვეველი ხმალი ღამე ჩირაღდნად, რომ იყენებდა და კავკასიის მთათა შორის გაჩაღდა ბრძოლა დევგმირთა. ოც დღეს ჭექდა და ქუხდა, ოც დღეს იძროდნენ მთები და მწვერვალები, ოც დღეს ისრუტავდა მწყურვალი მიწა გამდინარებულ სისხლს, ოც დღეს ხოხროცებდა დამშეული ჰადეს, თავის ჯურღმულებში მიერეკებოდა ათასებს, ათიათასებს.
ათასხმანაკრავი უმძიმეს ტკივილებს განიცდიდა მიწა, ათასშვილმკვდარი მწარედ კვნესოდა სისხლით შეღებილი ცა; დუღდა, თუხთუხებდა ზღვა; ზღვიდან ამოვიდა ზეთისხილი, ზეთისხილიდან რტო, რტოდან ალი, ალმა შვა მზე, მზემ შვა ამორძალი - წითური, მზისებრ ცეცხლოვანი. მან იარა, ირბინა მზის ცვარში განიბანა, რძეს დაეწაფა, ტანი აიყარა, დამშვენდა, კერტები დაებერა გაზაფხულის კვირტებივით, მკერდმოშიშვლებულმა დაჭიმა ლარი და . . . სასიკვდილოდ განგმირული მიზაწე დაეცა ვერეთრაგნა.
დიდ ხანს დარბოდა მარტო მთებში მხედარდაკარგგული ურა რაში ჯოოდალ. შურისძიება წყურიაო - ამბობდნენ მოგვები. მაგიერი უნდა მიუზღოსო დაღვრილი სისხლისათვის მშვილდოსან ამორძალს. მაგრამ ამაოდ. ოცჯერ დაზამთრდა და გაზაფხულდა, ოცჯერ გახდა შემსწრე გაზაფხულის სადიდებლად გამართული მსხვერპლშეწირვისა და იმედგაცრუებული სალი კლდიდან გადაეშვა გაცოფებულ ენგურში.
დღესაც აშინებს ენგურში მობანავე ქალებს მუქი აჩრდილი ლაგამაწყვეტილ ურა რაშისა, მაგრამ როგორც კი იგალობებენ მიჟე ნაჰრის-მზის სადიდებელს, სადღაც წვდიადში იკარგება იგი, უჩინარდება როგორც ცრემლი წვიმაში.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ავტორო, ძალიან მაგარი რამე იქნებოდა, რობაქიძე-გამსახურდიას სტილზე უარი რომ გეთქვთ. მე თქვენი საკუთარი სტილი მაინტერესებს.
პატივისცემით,
ავტორო, ძალიან მაგარი რამე იქნებოდა, რობაქიძე-გამსახურდიას სტილზე უარი რომ გეთქვთ. მე თქვენი საკუთარი სტილი მაინტერესებს.
პატივისცემით,
1. კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაოო.
ლეგენდისთვის ზედგამოჭრილი თხრობის სტილია.
კაცობრიობის ისტორია ომების ისტორიაოო.
ლეგენდისთვის ზედგამოჭრილი თხრობის სტილია.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|