| ავტორი: ლიჩელი ჟანრი: პროზა 19 იანვარი, 2018 |
სხვისი სიბერე
ქალბატონმა ლიანამ დაძაბული სიმკვირცხლით აათავა კიბის საფეხურები. ბაქანზე შეისვენა, იქაურობა მოათვალიერა და შვებით ამოიხვნეშა. არ უყვარდა სხვათა თანდასწრებით ასაკისმიერი დაღლილობის აღიარება. ბოლო დროს გულმა რამდენჯერმე შეახსენა თავი, თუმცა ამ კბილმა ყველაფერი დაავიწყა. ძველი ხელჩანთიდან კუთხეებშემოცრეცილი ბლოკნოტი ამოიღო და მისამართი შეამოწმა. მიუხედავად იმისა, რომ საყვარელი ძმიშვილის ნაქონი მობილური ჰქონდა, ჩანაწერების გაკეთება მაინც ბლოკნოტში ერჩივნა. ჩვენი ჩვევები ხომ ვერასდროს უწყობენ ფეხს დროის რიტმს. თვალები მოჭუტა და კარზე წარწერას დააკვირდა. სწორად მოეგნო. „სტომატოლოგი არჩილ მოდებაძე”- ეწერა დიდი ასოებით. როცა მოულოდნელად კბილატკიებულს ბავშვობის მეგობარმა ურჩია ქალაქში საუკეთესო სტომატოლოგი, სახელისთვის ყურადღება არ მიუქცევია. ახლა კი, ნაცრისფერ კარზე ასე თვალსაჩინოდ ამოტვიფრულმა ეჭვი გაუჩინა, რომ, ეს გვარსახელი სადღაც გაეგონა. მაგრამ ახლა ამის გარკვევის დრო ნამდვილად არ ჰქონდა, შეწუხებული სახე მიიღო და მონდომებით დააწვა ზარის ღილაკს. კარი ახალგაზრდა ქალმა გაუღო და თავისდაქნევის შემდეგ, ყოველგვარი კითხვის გარეშე შეუძღვა. მისი თავაზიანი ღიმილი უფრო გრიმასას ჰგავდა. - ექიმი ადგილზეა? - ეს უადგილო, თუმცა აუცილებელი კითხვა თავაზიანობის არსენალიდან იყო. =- დიახ, მობრძანდით. ოღონდ ცოტა უნდა დაელოდოთ. მალე განთავისუფლდება. - კი ბატონო, არ არის პრობლემა. - ქალბატონი ლიანა სახეზე ყველაფრისადმი შემგუებლური გამომეტყველებით მისაღებში მდგარ სავარძელში ჩაეშვა. „არჩილ მოდებაძე, არჩილ მოდებაძე”. ქალი ღია კარიდან ადევნებდა თვალს, როგორ დასტრიალებდა თეთრ ხალათში გამოწყობილი მელოტი, სახედანაოჭებული კაცი ახალგაზრდა პაციენტს. გოგონას მორჩილად დაეღო პირი და გაფაციცებული მოწიწებით შეშჩერებოდა ექიმს. საბურღ მანქანას ბუზის აბეზარობით გაუდიოდა ბზუილი. „რატომ არიან ადამიანები ასეთი მორჩილები ექიმის სიახლოვესო” - გაიფიქრა. „არჩილ მოდებაძე, არჩილ მოდებაძე” - ასეთი გვარსახელის კლასელი მართლაც ჰყავდა ოდესღაც. მერე, მგონი საDდღაც გადაიყვანეს, ყოველ შემთხვევაში, ერთად არ დაუმთავრებიათ. სკოლის დამამთავრებელი ბანკეტის საერთო ფოტოზე ყველას ამოცნობა შეეძლო. ექიმს გახედა და უცებ საკუთარ თავზე გაეცინა, რანაირად შეიძლებოდა, ეს მოხუცი მისი კლასელი ყოფილიყო ოდესმე. - მიბრძანდით! - გამოაფხიზლა ხმამ. გოგონას ჩანთა აეღო და ახლა სარკეში ქუდს ისწორებდა. ექიმის კაბინეტში შევიდა, სახეგაბადრული ღიმილით მიესალმა და „აქ დავჯდეო” იკითხა. - ეს ისე, კომუნიკაციის დასაწყებად. - კი ბატონო, დაბრძანდით! ისევ შეწუხებული სახე მოირგო და ხვნეშით გასწორდა სავარძელში. ექიმმა რაღაც ინსტრუმენტი აიღო და პირველი პროფესიული კითხვა დასვა: - აბა რას ვუჩივით? - არ ვიცი, ექიმო, აქამდე კბილს არ შევუწუხებივარ. ახლა რა დამემართა, ვერ გეტყვით. - აბა გამიღეთ! თქვენი ასაკისთვის შესანიშნავ მდგომარეობაში გაქვთ პირის ღრუ. თქვენი სახელი? - ლიანა. - გულში კი გაიფიქრა: „მაინც რა ასაკი მაქვს ასეთი, ამას რომ უკვირსო”. - თქვენ, მგონი პირველად უნდა იყოთ ჩემთან, არა? - დიახ, გულიკო სადრაძემ მირჩია თქვენთან მოსვლა. სხვათა შორის, ძალიან გაქოთ. - ო, ქალბატონი გულიკო ჩვენი სანათესაოს საამაყო ადამიანია. ფანტასტიკური დიასახლისი. როგორც ჩანს, მეც უნდა შევაქო. - არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ. - ფიქრით კი გაიფიქრა: „ეს სტომატოლოგები ტაქსისტებისა არ იყოს, სიტყვაძუნწობას არ უნდა უჩიოდნენ, ალბათ, პროფესიული ჩვევააო”. - ისე, მოგნება კი ძალიან გამიჭირდა. - არ დახუროთ. ალბათ, მეხუთე, არა? - მე მგონი. - კარიAასია. მაგრამ უნდა შევინარჩუნოთ. თქვენს ასაკში დასაკარგი არაფერია. ქალს უნდოდა გაეპროტესტებინა მის ასაკზე წამდაუწუმ ხაზგასმა, მაგრამ მიხვდა, მისი პირის დახურვა-გაღების უფლება ამ კაცს მიესაკუთრებინა. - ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქალბატონ გულიკოს იმედგაცრუება არ გამოიწვიოთ. - ვერ გავიგე. - წაიბურტყუნა პირდაფჩენილმა. - ის ხომ ხაჭაპურის გარეშე არავის უშვებს სახლიდან. - ა-ა-ა! სად ცხოვრობთ, ასე რომ გეშორათ აქაურობა? შეგიძლიათ დახუროთ! - ო, ძალიან შორს - თემქაზე. - თემქასთან ჩემი ყმაწვილური მოგონებებია დაკავშირებული, ქალბატონო ლამზირა! აბა გამიღეთ! - კაცმა აქამდე ხალათში შემალული ღიპი ლამის ზედ მკერდზე მიაბჯინა. - შეგიძლიათ დახუროთ! „მაგარი გამოშტერებულია” - გაიფიქრა ქალბატონმა ლიანამ, ხმამაღლა კი თქვა: - თქვენც თემქიდან ხომ არ ბრძანდებით? - როგორ გითხრათ, შეიძლება ასეც ითქვას. =- ქალბატონმა ლიანამ ვერ გაიგო, რას გულისხმობდა და შეეცადა დაეზუსტებინა: - შემთხვევით 126- ე სკოლაში ხომ არ გისწავლიათ? - კი, ოღონდ შემთხვევით არა, სრულიად შეგნებულად. მეხუთე კლასამდე ვსწავლობდი..მერე მამაჩემი თელავში გადაიყვანეს სამუშაოდ, მეღვინე გახლდათ. ჩვენც იქ გადავბარგდით. ეჰ, კარგი იყო ბავშვობა! და რატომ მკითხეთ? - რაზე, ხაჭაპურზე? - არა, სკოლაზე? =- მაგ სკოლასთან ჩემი ცხოვრების საუკეთესო ათი წელია დაკავშირებული. - პირდაპირ არ უპასუხა ქალმა და შეთქმულის ღიმილით ახლა ის შეაჩერდა ექიმს პირში. „ღმერთო რა ბებერი ვყოფილვარ თურმე. ძველი ნაცნობები სარკესავით არიან.”! კაცი მშვიდად წმენდდა ხელსაწყოს. მერე მკვეთრად შემობრუნდა და სხვათა შორის იკითხა: - ხოო, რა სპეციალობის ბრძანდებით? - ბატონო? - რა საგანს ასწავლიდით-მეთქი მაგ სკოლაში? ქალბატონმა ლიანამ უნებურად პირი დააღო, თუმცა ექიმს ეს არ უთხოვია. 2018
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
4. ფინალი შესანიშნავია. ფინალი შესანიშნავია.
3. ჰო...ასეთი სასაცილოები ვართ ქალები...არაფრით .არ გვინდა ჩვენი ასაკის დაჯერება...:) მიყვარს ეს გვერდი...მოკითხვა ავტორს... ჰო...ასეთი სასაცილოები ვართ ქალები...არაფრით .არ გვინდა ჩვენი ასაკის დაჯერება...:) მიყვარს ეს გვერდი...მოკითხვა ავტორს...
2. :)) ფინალმა გადააქცია ამბად ეს ამბავი.
:)) ფინალმა გადააქცია ამბად ეს ამბავი.
1. ფინალამდე ვფიქრობდი: კარგად მოთხრობილი უინტერესო ისტორიაა-მეთქი. ფინალმა კი საჩემო ნოველად აქცია. მსგავსი რამ ვის არ შემთხვევის ფინალამდე ვფიქრობდი: კარგად მოთხრობილი უინტერესო ისტორიაა-მეთქი. ფინალმა კი საჩემო ნოველად აქცია. მსგავსი რამ ვის არ შემთხვევის
|
|
მონაცემები არ არის |
|
|