ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ლელა ცუცქირიძე
ჟანრი: პოეზია
24 იანვარი, 2018


უმამო გოგოებისთვის

უნდა იცოდნენ გოგოებმა,
რა სიყვარული შეუძლიათ უჩინარ მამებს,
ვარსკვლავებზე სათევზაოდ ბადით გასულებს.
რა სიყვარული შეუძლიათ
ცაზე გასულებს ვერცხლისფერ ბადით,
სიპ ნისლებზე მოულოდნელად ფეხაცდენილებს,
ღამეზე ადრე შეღამებულებს.
უნდა იცოდნენ,
რომ არსებობს უხმო სიმღერა, რომელსაც მხოლოდ
ვარსკვლავებზე მოთევზავენი უმღერიან
მამის საწოლში, მამის უჯრულა პერანგებით
ჩაძინებულ,
მონატრებისგან მოკუნტულ შვილებს.
უხმო სიმღერა.
უნდა იცოდნენ, რომ ამ კაცებს, როგორც თილისმა,
მხრებზე შესმული გოგოების
პატარა ტერფი ამოუტვიფრავთ გულზე სვირინგად,
უნდა იცოდნენ.
უნდა იცოდნენ,
სიყვარული არსად არ მიდის.
არ ბრუნდებიან მამები უკან,
არ მიდიან მამები მათგან.
წვანან მგლებივით,
გოგოების გადარაზულ სიზმრების კართან
წვანან მგლებივით,
და უღრენენ შიშის ურჩხულებს.
და როცა ღამე - მდინარესავით ჩამოვლილი,
და როცა ღამე - მდინარესავით ჩამოვლილი,
ჩამოატარებს მათ ამოსუნთქვას - გოგოების ფანჯრის მინებზე შეორთქლილ ღრუბლებს,
ჩამოატარებს მზის ამოსვლას - ბადეში გაბმულ ოქროს თევზივით მოფართხალეს ხეთა ჩრდილებში,
უნდა ჩაუთქვან გოგოებმა,
უნდა ჩაუთქვან,
გაიქცნენ მწვანე, ტრიალ მინდორზე,
ტრიალ მინდორზე.
მთვლემარე ბალახს თხელი ზურგები დააფარონ,
თხელი ზურგები დააფარონ.
ხელები - თავქვეშ,
ხელები - თავქვეშ.
თვალები - ცისკენ.
თვალები - ცისკენ
და მამების თბილ სიზმრებისკენ გადაფრენას უნდა უყურონ,
რომ სამუდამოდ დაიმახსოვრონ
და მერამდენედ მოისმინონ,
როგორ მღერიან ამ დროს მამები - ვარსკვლავებზე მოთევზავენი
უხმო სიმღერას
მხრებზე თოვლივით ამოსული გოგოებისთვის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები