ნაწარმოებები



ავტორი: უგლავა ალექსანდრე
ჟანრი: პროზა
24 იანვარი, 2018


ტიტები

ღმერთო, შენ იცი. . .
მე არაფერ შუაში ვარ.
ბავშვობაში, კარგ ამინდში, ჩემი სახლის სახურავზე იმიტომ ავდიოდი,  რომ ცისთვის მეყურებინა, ლურჯი თუ ცისფერი ცისთვის, უღრუბლო ცისთვის. მაშინ მეგონა შენც ისევე უყურებდი ჩემი სახლის სახურავს,  როგორც მე ცას  და იმიტომ ვერ ვიტანდი ღრუბლებს, რომ მეგონა, ხელს გვიშლიდნენ ერთმანეთის ყურებაში.
მე ვერც ერთხელ ვერ დაგინახე ღმერთო, თუმცა დარწმუნებული ვარ ახლაც, რომ შენ მხედავდი, მზეს რომელიც შემოდიოდა ჩემში, მოჰქონდა შენი ნაწილიც. აქედან მოყოლებულია ალბათ, კარგ ამინდში ყოველთვის ცას ვაკვირდებოდი.
მიყვარს ცარიელი ლურჯი ცა.
მიყვარს მზე.
ღმერთო, შენ ხომ იცი. . .
ხშირად მესიზმრებოდა ჩემი ქალაქი, ისეთი კი არა, როგორიც არი, ცოტათი სხვანაირი . . . ღამით დავდივარ მის ქუჩებში და  ყველა ისეთი ნაცნობია, ყველა ისეთი ჩემია, სიწყნარე საოცარი.
ჰაერი ისეთი სუფთაა, წვიმის შემდეგ რომ იცის ღამით, თუმცა ნაწვიმარი არაა, თბილა. არანაირი მანქანა და  ხმაური. აბსოლუტურად ყველა ქუჩას, დიდს თუ პატარას, ლამპიონები ანათებს, სინათლის მძივებით ასხმული ჩანს ზემოდან ქალაქი. სახლები ერთმანეთთან ახლოს, ფანჯრები განათებული, ბავშვების და უფროსების ლანდები აქა-იქ. არანაირი ხმაური შიგნიდან. მხოლოდ ზოგიერთიდან –პიანინოს  ხმა, ზოგიერთიდან –ბავშვების კისკისი. გრძნობა მაქვს ისეთი, თითქოს ყველა სახლი ჩემია, ყველა სახლში მელიან, ყველა სახლში, სადაც შევალ მიცნობენ და გაუხარდებათ ჩემი დანახვა. რაღაცნაირი მჩატე ვარ ამ ქალაქში. ქუჩები ცარიელია და სულაც არ ვგრძნობ სიმარტოვეს. ასე მგონია, საკმარისია ერთი ფეხი გადამიბრუნდეს და ყველა სახლიდან გამოცვივდებიან, მომეშველებიან, მომივლიან და იმიტომ კი არა, რომ ეს მე ვარ, იმიტომ, რომ წესად შემოუღიათ ყველას ასე მოექცნენ. . . გაბჟღრიალებულან ქუჩები, ცოტა სევდიანად, მაგრამ იმდენი სიყვარულია ქალაქში,  სევდა სულ არ მახსოვს. მესიზმრება ქალაქი, სადაც სიყვარულს სევდისთვის შეუსწრია ხალხის გულებში.
გაჟღენთილია ქალაქი სიყვარულბადით. . .
მესიზმრებოდა. . .
შენ ხომ იცი, ღმერთო. . .
ღმერთო, ფსიქიატრი რამდენიმე ადამიანს რაღაც ტესტს გვიკეთებს. მე გიჟი არა ვარ, ღმერთო, ამათ ვერ გავაგებინე, რომ სიგიჟე არ არსებობს და მაინც ასე ჯიუტად მიმტკიცებენ ჩემს სიგიჟეს.  ეს სტუდენტებიც კიდე, ერთი სული აქვთ, რამე გიჟური აღმომიჩინონ, ისე მაკვირდებიან.
აუდიტორიაში მიმიყვანეს, იქეთ სულ თეთრხალათიანები, აქეთ მე ერთ სკამზე, მეორეზე ვიღაც სტუდენტი და მესამე არ ვიცი, ან სტუდნტია უხალათოდ, ან ექიმი ვინმე, გიჟი არაა, თუმცა არც მე ვარ გიჟი.
პროფესორი შემაღლებულიდან თვალების დახუჭვის ბრძანებას გვაძლევს და სულაც არ მეპიტნავება ღია თვალები საერთოდ, ამიტომაც სიამოვნებით ვხუჭავ, დახუჭული თვალებით უფრო კარგ რამეებს ვხედავ, ვიდრე ღიათი… დახუჭეს იმ ორმაც.
დარბაზში სიჩუმეა, მხოლოდ პროფესორის ხმა ისმის, “დახუჭეთ თვალები და წარმოიდგინეთ, ერთ დიდ ტრიალ მინდორზე ხართ, სრულიად მარტო”, წარმოვიდგინე ცა ცისფერია, ჰაერი გამჭირვალეა, “ირგვლივ არავინაა. მარტო თქვენ ხართ, არ იცით. რა გზას დაადგეთ, მაგრამ რაღაც გზას აუცილებლად უნდა დაადგეთ”, დავადექი კიდევაც, პირდაპირ მივდივარ, თუმცა მარჯვენაც, მარცხენაც და უკანაც პირდაპირს გავს, “ბევრი იარეთ, თუ ცოტა იარეთ, გამოჩნდა სახლი”, “ვაა რა სახლი”– იძახის ერთი, ჩემსავით რომ ზის, არ ვიცი რომელი, “ვაა, რა მაგარია” –იძახის მეორე, არც ეს ვიცი, რომელია. ჩემი სახლი “ვაა” არაა, ძველებური ხის სახლია, მტვრიანი ფანჯრებით და ძველებური კრამიტით, მორყეული კიბით, რაღაცნაირი მოღრეცილი სახლია, მარა სიამოვნება კი ვიგრძენი რომ დავინახე. “შედით ამ სახლში”,– აგრძელებს პროფესორი.  შევედი, დიდი არაფერი,– შიგნითაც მტვრიანი და მორყეული ორი სკამია, ერთი სამფეხა მრგვალი მაგიდა და ბუხარი ისეთი, დიდი ხანია ცეცხლის სითბო რომ აღარ უგრძვნია. მტვერი ყველაფერზე თითის სისქე, ძირს ხმელი ფოთლები რამდენიმე.
“ამ სახლში თუ კარგად დაათვალიერებთ სკივრი დევს, ძველებური სკივრი”. მართლაც ვხედავ  სკივრს, გატეხილი სარკის ქვემოთ დევს, არც სარკე და არც სკივრი შემოსვლისთანავე არ შემინიშნავს. მივუახლოვდი . . .
პროფესორმა ცოტა პაუზა გააკეთა და “თქვენ აბა ნელა ახადეთ სკივრს თავი, რა დევს შიგ?”
“სავსეა ოქროს ნივთებით, ძველებური მონეტებით, სამკაულებით” ისმის პასუხი.
“კარგი, ახლა თქვენ ახადეთ თქვენს სკივრს თავსახური”. მე ჩემ ჯერს ველოდები. ეს ბრძანება ჩემთვის არ უნდა იყოს, ერთი სული მაქვს როდის ავხდი ჩემს სკივრს. “მართლაც “ფულები”– გაისმა სტუდენტის ხმა,–,, ბევრი ფული, დასტა-დასტა დევს, დოლარია, არა ევროა, ბევრია”.
“კარგით, გაახილეთ თვალები”– ეუბნება პროფესორი. მერე ბეჭზე მსუბუქ შეხებას ვგრძნობ, აბა ახლა თქვენ გახსენით.
თავსახურს დავეჭიდე, ჩაკეტილია, გული მწყდება, ვერ ვაღებ, მაგრამ უცებ რაღაც აზრი მომდის – სკივრს ოდნავ ზემოთ ვწევ და მის ქვეშ გასაღებს ვნახულობ, მოერგო, გაიხსნა. ავწიე თავსახური და. . .
ღმერთო, ტიტებია შიგნით ამოსული, აყვავებული, გაშლილი ტიტებია ღმერთო, სხვადასხვა ფერის ტიტებია, წითელი, ყვითელი, ლურჯი, იასამნისფერი, ნარინჯისფერი, ცისფერი, ვარდისფერი. . .
“ტიტები, ტიტები”,– ვყვირი  ნანახით განცვიფრებული. . . თვალებიც ვინ გამახელინა,  ორი მუტრუკი დამეტაკა აქედან - იქედან, სადღაც გამათრიეს და დამაგდეს, მერე ჩხვლეტა ვიგრძენი ხელზე და ყველაფერი დამავიწყდა, გარდა ტიტებისა.
დახურულ სკივრში ტიტები როგორ გაიზარდა, ღმერთო?
მე არაფერ შუაში ვარ. . .
ახლა აქედან არ გადავხტები, ორი მიზეზის გამო. მეორე იმიტომ, რომ ძალიან მაღალი არ არის და დარწმუნებული არ ვარ, რომ ასეთი აზრი და არც სხვანაირი მეტჯერ აღარ მომივა და პირველი, ეს ერთხელ უკვე გააკეთეს. . .
. . . შენ ხომ იცი, ღმერთო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები