ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
27 იანვარი, 2018


* * *

სასაცილოა, მიდიოდე, კვალს არ ტოვებდე,
არავის ფიქრში, არც თვალებში, აღარც ხსოვნაში,
უწინდებურად რომ ადგე და ისევ მოხარშო
ერთ ქვაბში ყველა შენი დარდი, განმარტოება,
უსუსურობა, უმეცრება, კიდევ ათასი
შიში და ღამის ნამსხვრევები, რომელიც ტეხე...
ჯერაც ვერ ნანახ ზმანებათა უცნობი ექო,
რაც ვერ მოიმკი, უფრო სწორად, რაც ვერ დათესე,
რაც ვერ მოიგე, რაც წააგე, რაც ითამაშე,
ყველგან, სადაც კი გაწვდებოდა ფიქრი და ხელი,
ყველგან, სადაც კი საკუთარი თავი ამხილე,
ომში, ეზოში, სცენაზე და ჭვავის ყანაში.
სასაცილოა, უერთგულო მათ, ვინც აქამდე
დაგაღალატა არაერთგზის, უფრო მრავალგზის...
შენივე ყოფით არყოფნათა გზები დახაზე,
მერე მოეშვი, მერე უფრო, მერე დაქანდი,
სადაც არავინ გელოდება, სადაც არავინ
ჩაგიღიმილებს. მიენდობი, ლუკმას გაუტეხ,
სადაც სულერთად გეჩვენება სტიკლი, გაუდი,
სადაც შენობებს წარწერები ურცხვად ფარავენ.
სასაცილოა, მიდიოდე, კვალს არ ტოვებდე,
არავის ფიქრში, არც თვალებში, აღარც ხსოვნაში...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები