ნაწარმოებები



ავტორი: ლევექ
ჟანრი: პროზა
1 თებერვალი, 2018


დღეს ჩემი დაბადების დღეა

ჩვენ სამნი ვიყავით - მე, ჩემი სული და ჩემი სხეული...

ერთ დღეს კი მარტო დავრჩი, როგორც თოვლიან ზამთარში ხის კენწეროზე შემორჩენილი ფოთოლი; როგორც ომგამოვლილ ქალაქში ცოცხლად გადარჩენილი ბავშვი.

მარტო დავრჩი, როგორც უსულოდ დარჩენილი სხეული; როგორც სული, რომლისთვისაც ადგილი ვერც სამოთხეში მოიძებნა და ვერც ჯოჯხეთში,

მე მარტო დავრჩი, როგორც უნუგეშოდ დარჩენილი კათაკმეველი, რომელსაც ეს ესაა მორიდებით სთხოვეს გასულიყო ეკლესიიდან. მე მარტო დავრჩი.......

ჩემს ირგვლივ მხოლოდ უდაბნოა და ქვიშის თვალუწვდენელი ოკეანე. მე მარტო დავრჩი სამყაროს შაუგულში.

გავშალე ხელები და როგორც ჩიტმა ვიფრინე ღრუბლებში.

გავშალე ხელები და უმალ შევიცანი უდაბნოს ყველა საიდუმლო...

თვალებზე რული მეკიდება, ნელნელა ვხრი თავს და ვხვდები, რომ ვიძინებ, ძილთან ერთად მაღლა ჰაერში ავდივარ, ცოტაც და გავფრინდები.

როგორც კი ციურ სცენაზე გათამაშდება ჩემი სიზმრის პირველი სიუჟეტი ვშლი ხელებს, უკვე ფრთებად ქცეულს და ისევ ვიწყებ ფრენას, ფრენას დედამიწის გარშემო.

არავის ვუმხელ რომ ფრენა ვიცი, თუკი გაიგეს უმალვე მომაჭრიან ფრთებს და მიწაზე დავეცემი.

დავფრინავ, მეკარგება სიცოცხლის წყურვილი და ყოველგვარი სატანჯველიც
ქრება ჩემში.

მაღლა, ცაში ვხდები, რომ ჩემი სული აჯანყდა ჩემივე სხეულის წინააღმდეგ. იგი დაუნდობლად ებრძვის ძვლებზე დაგროვილი ძარღვების და კუნთების გროვას, ცდილობს თავი დააღწიოს საპყრობილეს მაგრამ თანდათან იხლართება სისხლსა და ლორწოში, იღლება მაგრამ არ ნებდება, ახალი დღის გათენაბას ელოდება ახალი ბრძოლის წამოსაწყებად. მას უნდა თავისუფლად იფრინოს ზეცაში.

ჩემს სულს მარადისობის ნაწილად უნდა ქცევა, მისთვის მნიშვნელობა არა აქვს სად და როგორ დაიღუპება სხეული, მაგრამ მანამ უნდა დაღუპვა სანამ ახალი სხეულის წყაროდ იქცეოდეს.

და... ისევ დავფრინავ მაღლა ზეცაში, ღრუბლებთან ახლოს, უდაბნოს თავზე, დავფრინავ ფრთებ-ხელებგაშლილი....

მე უდაბნოში ოაზისი აღმოვაჩინე, ოაზისში ვარდი ვიპოვე, ვარდი ეულად ამოსული...

ხორცი და სული ისევ განაგრძობენ ომს და არ იღლებიან, ესაა ომი ზღვარდადებულ და ზღარდაუდებელ სიცოცხლეს შორის...

მე მჯერა ჩემი სიზმრების, ყოველთვის ვახერხებ ხელი ჩავჭიდო მათ. ჩემს სიზმრებში ჩემი სულის ოცნებებს და სურვილებს ვხედავ, ჩემს სიზმრებში ჩემი სხეულის მისწრაფებებს ვეცნობი.

სულს უნდა იფრინოს, იგი მსოფლიო სულის ნაწილია და ღმერთიცაა, მას მხოლოდ ფრენა უნდა, ფრენა დაუსრულებლად, ფრენა კოსმოსში და სხვა არაფერი. სხეული კი ცდილობს ამქვეყნიურ სიამეში ჩაეფლოს და სიამოვნების ზღვაში ჩაიძიროს.

სული სხეულს უშლის ხელს, სხეული კი სულს.

ორივე იტანჯება, ორივეს ტკივა და ვერ გადამიწყვეტია რომელი მოვკლა, რომლის არსებობას დავუსვა წერტილი...
ისევ მაღლა, ღრუბლებისკენ მივფრინავ, ორივე ხელში თოფი მიჭირავს, ერთს სხეულს ვუმიზნებ, მეორეს სულს და ვეღარ ვისვრი - არ ვიცი რომელს ვესროლო...

მე ხშირად მიფიქრია თვითმკვლელობაზე, ყველთვის მინდოდა ხელის მარტივი მოძრაობით ბოლო მომეღო ამ დაუმთავრებელი ომისთვის. მინდოდა სულიც და სხეულიც გამომეშვა საპყრობილედან...

ვწყვეტ ფრენას, ხელები მოვიჭერი და ფრთებმოჭრილი, მძიმე ლოდივით მივექანები დედამიწისკენ...

მე უდაბნოში ოაზისი აღმოვაჩინე, ოაზისში ვარდი ვიპოვე...

ვარდო, ვარდო მშვენიერო რას დაბამარებ შენს წინარებთან? მე მათ მალე მოვეფერები.

მე სული და სხეული საპყრობილედან გამოვუშვი.

ცხოვრება მშვენიერია, მშვენიერია რასაც ვაკეთებთ.

ვარდო, ვარდო ხომ არ გეწყინება, რომ გაკოცო? დღეს ჩემი დაბადების დღეა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები