ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
3 თებერვალი, 2018


ქალიას სახლი

სახლი თავის პატრონს უნდა ჰგავდეს გუნება-ხასიათით, ფერით, ცხოვრებით.  ყველა ქვა და ყველა კედელი მამის  სუნთქვიათა და ოფილით უნდა იყოს გაჟიებული. სახლში რამდენი ადამიანიცა ცხოვრობს იმდენი მზე და ნათელი უნდა კაშკაშებდეს იმ სახლის თავზე. თუკი წავლენ ოჯახის წევრები იმ ქვეყნად, მაშინ იმათი წილი მზეც ჩაქრეს ჭერხოზედ, ჩამობნელდეს, ჩამოიქუფროს  სახლის კედლები. ფანჯრები ავადმყოფი კაცის თვალებივით ჩაუცვივდეს სახლს, ჩაუმუქდეს.  ადამიანს თავისი წილი ნათელი და მზე აქაც უნათებდეს და იქაც. აქ - წუთიერად, იქ - მარადიულად.
        ერთი ეგ არის, რომ აქ დარჩენილი შთამომავლობა წუხს მერე და ჯავრობს, აქ დარჩენილებს იქ წასულების მზე აკლდებათ საწუთროში და ეგ ენაღვლებათ....
      იდგა  ქალია  ეზოში და მოღუშული ფიქრობდა, ეგონა, რომ ცა ისე აღარა ციალებდა სახლის თავზე, არც მზეს გაუდოდა ჩახჩახი ისე, როგორც მის ბავშვობაში. ახლა მხოლოდ თავისი წილი  მზეღა ენთო სადღაცა სხვენის კუთხეში და ისიც ჭრაქის კვამლივით სინათლესა ხრჩოლავდა. არა და ახსოვს, საძირკველი გაჭრეს თუ არა და დუღაბი ჩაასხეს იმ საღამოს  ბებიამ ძველი სახლიდან ახალ სახლამდე ყვავილებისა და ბალაბურდას  ბაწარბილიკი გააკეთა.
- რასა სჩადიხარ, ქალო? - შეუტია პაპამ.
- ძველი სახლის ანგელოზები ბილიკს  გამოჰყვებიან და ახალ სახლში დაიბუდებენ, გენაცვალე,- მიაგება სიტყვა ცოლმა.
- ერთი ათას უცნაურობას არ მაიგონებდე -  ხელი ჩაიქნია პაპამ. ქალია  კი გაფართოებული თვალებით შეჰყურებდა  მამის დედას, თავის ჩამრგვალებულ ბებიას,  თან უკვირდა თითქოს და თან არა...
- ბაბო, ანგელოზები ისე ვერ იპოვნიან ჩვენ ახალ სახლს?
- როგო არა, გენაცვალე, მაგრამ ეგრე გაუადვილდებათ, თან წესია ეგეთი...
- ბილიკს  უნდა გამოჰყვნენ ?
- ჰო, გენაცვალე...ჩვენ კიდე საღამოს დავდგეთ და ვილოცოთ:  სახლის კეთილო ანგელოზებო, მობრძანდით, გენაცვალეთო, სიკეთე არ გამულივოთ ამ ჭერსა, ამ სახლის ბინადართა, გვიმრავლეთ სალხინობელიო, აკვანში ბავშვების ტიტინი და ბუდეში მერცხლების ჭიკჭიკიო, ხეზე- კვირტები, ვაზებზე - ჯაგანნუგბარი, სუფრაზე- პური და მარილიო, საბუდარში - კრუხი და წიწილი, ბაგაში-  ვაშლა-ვაშლა საქონელიო...
- ბაბო, მე რომ  მამამ სხვანაირი ლოცვა მასწავლა ? - გააწყვეტინა ქალიამ.
- რანაირი, გენაცვალე?
- ,,მე ქრისტესი ვარ, ქრისტე ჩემია, ქრისტეს ხელითა ჯვარი მწერია!,,
- სუ ჯვრითა და ჯვრიანმა იარე, გენაცვალე, მაგრამ მე ჩემი ბებრულიცა ვთქვა ხო არაფერი დაგვიშავდება, შვილო?!
ქალიას  ბებიის ბოლო სიტყვები აღარ გაუგონია, მიადო ლოყაზე ლოყა და ჩაიძინა.
- შენი ატამ-ატლასალოყების ღაღანებასა- ფრთხილად შეახო ტუჩი ბებიამ და  საბანი მიაფარა.
        ჰოდა, სახლის თავის პატრონს უნდა ჰგავდეს  გუნება-ხასიათით, ფერით, ცხოვრებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  არჯე ვულოცავთ დაბადების დღეს