ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიორგი ყელბერაშვილი
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2018


სიყვარული ნათელ ფერებში ( ნაწილი XVIII )

                                                                                                        ***

ვინ ვიქნებოდით ჩვენ ერთმანეთის გარეშე? სამყაროში სადაც ადამიანურ ურთიერთობებს შეუძლიათ სასწაულები შექმნან. სადაც მარტივი  ურთიერთობებიდან დაწყებული გრძნობები ქმნიან ხელოვნების ისეთ უკვდავ შედევრებს, რომლებსაც სამყაროს მიღმა გავყავართ - უსასრულობაში  და გვავიწყებენ ამ ქვეყნიურ სისუსტეებს. ვრწმუნდებით სიყვარულის უკვდავებაში და ამ უკვდავების ნაწილი გვინდა, რომ გვერქვას. ოცნებებთან სიახლოვეს ვგრძნობთ, როდესაც ბედნიერების შეგრძნება პიკს აღწევს. ეს ზუსტად ის სამყაროა სადაც თავად ვცხოვრობთ. ერთი შეხედვით თითქოს უბრალო და ფერ დაკარგული, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სულ სხვა გვარადაა. მთავარი ის კი არ არის, როგორს ვხედავთ მას -მთავარი ისაა თუ, როგორია ის სინამდვილეში. რაღაცნაირად ვცდილობ ჩემი სათქმელი ვთქვა, მაგრამ წერისას საოცარი ემოციები მიპყრობენ ხოლმე, რაც ხელს მიშლის მთავარ იდეასთან დასაბრუნებლად. ოთახში იფანტებიან სხვადასხვა კუთხეებში და ისე ურცხვად იპყრობენ ჩემს სივრცეს, რომ სუნთქვაც კი მიჭირს. მინდა სხვებსაც გავუზიარო ის სიყვარული, რომელიც ასე უხვად მოიღო ღმერთმა ჩემთვის. თუ რეალობისა და წარმოსახვის გზაგასაყარზე აღმოვჩნდები მე წარმოსახვებს გავყვები ჩემს ოცნებებთან ერთად და დარჩენილ დროს იმას მოვახმარ, რათა რეალობად გარდავქმნა ეს ოცნებები. წინადადებების სიდიადით ადამიანებში სიყვარულის ნაპერწკალს გავაღვივებ და როდესაც სამყარო აღარ იქნება ისეთი უფერული, როგორიც წარმოედგინათ ამაყად ვიტყვი, რომ მეც შემძლებია სასწაულების შექმნა. გენიალურობა ხომ ლამაზი სიტყვების კომბინაცია არაა?! ყველაფერი გენიალურია რაც წრფელი გულითა და სავსე სიყვარულით ითქმის. სწორედ ეს გრძნობები ქმნიან შედევრებს, რომლებიც ადამიანური ურთიერთობების ისტორიებს უკვდავყოფენ. და ამის შემდგომ თუ კიდევ მკითხავთ  ვინ ვიქნებოდით ჩვენ ერთმანეთის გარეშე?  გიპასუხებდით, რომ არავინ! მაგრამ თუ მკითხავთ ვინ ვიქნებოდით ჩვენ ერთად? გეტყოდით, რომ: - მთელი სამყარო, რომელიც ქმნის ისტორიას ადამიანთა გასაბედნიერებლად.

                                                                                                                            ***
                                                                                                                      __ნანკა__ 
                                                                                                      (გოგონა ფერადი ბუშტებით)

ის ყოველთვის ისეთი იყო, როგორიც ახლაა. მუდმივად ლაღი, გამორჩეული და თავისუფალი ყველსგან და ყველაფრისგან. არასდროს ეგუებოდა არსებულ რეალობას და ყოველთვის ცდილობდა თავისი სამყარო შეექმნა. არა ისეთი, როგორიც მას სურდა, არამედ ისეთი სადაც ყველანი დიდხანს და ბედნიერად იცხოვრებდნენ. კლასელები ცოტა უცნაურ გოგონად ახასიათებენ. ამბობენ, რომ პირველი კლასიდან მოყოლებული ყოველდღე სხვადასხვა ფერის ბუშტებით ხელში მოემართებოდა სკოლისკენ. მუდამ ჩვეული ღიმილითა და წელამდე ჩამოშლილი წაბლისფერი თმით, რომელიც თამაშისას ხშირად ხელს უშლიდა, თუმცა არც კი ფიქრობდა მის შეჭრას. თუ ერთ დღეს წითელი ბუშტით ხელში შენიშნავდით მეორე დღეს უთუოდ ლურჯი ან ყვითელი ბუშტი ჩაანაცვლებდა მას. ასე გრძელდებოდა დაუსრულებლად, რადგან მას სურდა ასე. სხვადასხვა დროს სხვადასხვა ადამიანები ეკითხებოდნენ თუ რად უნდოდა ამდენი ბუშტები ან რისთვისც მოჰქონდა ყველა სკოლაში?! პასუხი წლებთან ერთად არასდროს იცვლებოდა. მას იმიტომ მოჰქონდა, რომ ყოველ საღამოს სკოლის ეზოდან პირდაპირ ზეცისკენ გაეგზავნა ფერად-ფერადი ბუშტები, რათა უთვალავი ფერით შემკულიყო ცა, ხოლო მზის ჩასვლისას ერთმანეთის თანმიმდევრობით აბრჭყვიალებულიყო ისინი. ფიქრობდა, რომ ბუშტებით გადავსებული ზეცა ბევრად უფრო ლამაზი იქნებოდა და ამის შემდგომ თავს ნამდვილ ზღაპარში იგრძნობდა. ილუზიებში არასდროს უცხოვრია. წლების შემდგომ თავის ბავშვურ ოცნებებს ისევე სერიოზულად უყურებს, როგორც ადრე. ხალხთან ურთიერთობა ყოველთვის ხიბლავდა, თუმცა არასდროს იყო ბოლომდე გულახდილი მათთან. მისი ხასიათის თავისებურება მუდამ იწვევდა ინტერესს, მაგრამ არავის მისცემდა უფლებას სულში ჩაეხედა ან ცუდად შეხებოდნენ მის სამყაროს. სიჯიუტე და შეუპოვრობა დედის გენებმა განაპირობა, რომელიც არასდროს უნახავს. თანაკლასელებთან შედარებით უფრო განვითარებული აზროვნებით და ცნობისმოყვარეობით გამოირჩეოდა. ადამიანების ამოჩემება ახასიათებდა ხოლმე. ყოველთვის იმასთან ცდილობდა დაახლოებას ვისაც ვერავინ ამჩნევდა გარშემო. მეგობრებისგან გარიყულ ახალგაზრდებთან ერთად უყვარდა საუბარი და ათასგავრი გასართობებით დროის გაყვანა. შესაძლოა კლასში ფრიადოსანი იყო, თუმცა მეამბოხე თვისებების გამო არა ერთხელ დაუბარებიათ მისი ბებია სკოლის დირექტორთან. ერთხელ მასწავლებლისთვის წიგნი უსვრია მერხიდან, რადგან პედაგოგმა მწერლების განმასხვავებლობაზე დაიწყო საუბარი და თავისი პირადი აზრით სხვადასხვა დონეებზე დააყენა კლასიკოსები. თურმე, ნანკას უთქვია, რომ ჯერ თქვენ დაწერეთ მსგავსი შედევრი და მერე განსაჯეთ ისინიო. საქციელი ნამდვილად არ იყო სამაგალითო, ამიტომ ერთი კვირით ჩამოაშორეს გაკვეთილებს. ვერასდროს მიხვდებოდით, რომ მშობლების სითბოს გარეშე იზრდებოდა ან თავად ისე ფუთავდა ამ ყველაფერს, რომ ვერც ვერავინ მიმხვდარიყო ამას. მამამ ჩვილობისას მიატოვა და ვიღაც ქალს გაჰყვა საზღვარგარეთ. დედამისს კი ამის შემდგომ საშინელი დეპრესია დაეწყო რის შედეგადაც დალევას მიჰყო ხელი, ამიტომ ბებიამ სასწრაფოდ გაარიდა ის პატარა, ნანკას და უშუალოდ მან ითავა გოგონას აღზრდა. ის კი იზრდებოდა და იზრდებოდა ფერადი ბუშტებით ხელში. თუ ბებიამისს კითხავთ რა ახსენდება ყველაზე ხშირად, ნანკაზე მაშინ დაუზარებლად მოგიყვებათ სკოლის დროინდელ ამბავს, როდესაც ახალგაზრდების უჩვეულო ჩოჩქოლი შეიმჩნეოდა სკოლის მახლობლად. ორი ახალგაზრდა თავის თანატოლებთან ერთად, თურმე რაღაცაზე ვერ გვარდებოდნენ და დიდი მონდომებითაც იქაჩებოდნენ ერთმანეთისკენ დასარტყმელად. ამ დროს, ნანკას დერეფნის ფანჯრიდან შეუმჩნევია ეს აყალმაყალი და სასწრაფოდ მათკენ გაქცეულა. როდესაც მათ მიუახლოვდა უკვე გვარიანი შეხლაშემოხლა ხდებოდა ამ ორ ბიჭს შორის. ნანკა არ დაბნეულა და როდესაც ბუნტის თავმა მოწინააღმდეგეს მკლავებიდან დასხლტომა მოახერხა, თავისკენ შემოუტრიალებია და სახეში სილაც უთავაზებია. იმდენად ძლიერად მოსვლია, რომ ბიჭს ტუჩიდან სისხლი წასკდომია. სამარისებული სიჩუმრე ჩამოწოლილა, თურმე ნანკას დანახვისას და ყველანი გაოცებულები უყურებდნენ პატარა გოგონასგან ასეთ მამაცურ საქციელს. ნანკა კი პარალელურ კლასელს წამოყენებაში დაეხმარა და მასთან ერთად უჩუმრად დაუტოვებია იქაურობა. ერთი სიტყვით მის აღმზრდელს ბევრი ნერვიულობა აქვს გადატანილი, ნანკას ასეთი მოულოდნელი საქციელების გამო, მაგრამ ერთი რამ უდაო იყო, რომ ის არასდროს შეიცვლებოდა. ან და რატომ უნდა ისურვოს ვინმემ ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანის შეცვლა, რომელიც პირიქით ადამიანებს ცვლის უკეთესობისკენ. ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე იყო, როდესაც სასიყვარულო ჟანრის ნაწარმოები წაუკითხავს და სწორედ მაშინ უთქვამს, რომ სანამ ასეთ ადამიანს არ შეხვდებოდა, როგორიც მთავარი პერსონაჟი იყო იქამდე არავის შეიყვარებდა. იმის შემდგომ წიგნი მის განუყოფელ ნაწილად იქცა. ზაფხულში, როდესაც ბებიას თავისთან სოფელში მიჰყავდა დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებდა კითხვაში გართული, ხოლო უბნელებს შებინდებისას თუ შეუერთდებოდა ხოლმე. ხშირად დაინახავდით ერთი და იგივე გზაზე მშვიდად მიმავალს, რომელსაც ნაცნობი ბიბლიოთეკისკენ მიჰყავდა. მეზობლები ხშირად აღნიშნავდნენ მის ბებიასთან, რომ ნამდვილად სამაგალითო შვილიშვილი ეზრდებოდა. როდესაც საუბარს წამოუწყებდნენ რაიმე თემაზე თავადვე გაკვირვებული რჩებოდნენ მისი გამართული მეტყველებითა და სწორი აზროვნებით. იფიქრებდით, რომ ბევრად უფრო დიდ ადამიანს ესაუბრებოდით ასაკით, ვიდრე სკოლის მოსწავლეა. არა და სინამდვილეში ნიჭიერი გოგონას მიღმა ემოციური ბავშვი იმალებოდა, რომელსაც შეუპოვრად სწამდა თავისი ოცნებების. ზაფხულის ერთ საღამოს ბებიასთან მისულა აცრემლებული თვალებით და ძლიერად ჩახუტებია. "ის მოკვდა" მოთქვამდა მთელი არსებით წიგნის მთავარ პერსონაჟზე, რომელიც საფინალო ეპიზოდში გაუწირავს მწერალს. "ნუთუ კეთილი ადამიანების სიკვდილი ასე მარტივად ხდება?" ეკითხებოდა მას და ისევ ბებიას ჩაუდებდა ხოლმე კალთაში თავს, რომელიც ღიმილნარევად ნაზად გადაუსმევდა ხელს წაბლისფერ თმებზე და მხოლოდ იმით ანუგეშებდა, რომ ეს წიგნია და არა რეალობა. ალბათ, როგორ არ უხდებოდა მის ჭორფლიან და ნათელ სახეს ცრემლები. მუხლები მუდამ გადაყვლეფილი ჰქონდა თამაშისგან. საღამოობით კი ახალ-ახალი ნაიარევებით ბრუნდებოდა შინ. ფრთხილი ნაბიჯებით შეაბიჯებდა, ხოლმე ბებიასგან შეუმჩნევლად და ხელად ჩამოიბანდა მტკივან ადგილებს. წუწუნი არასდროს სჩვევია. უფრო ტოლ ბიჭებთან ერთად იზრდებოდა და ალბათ, ამიტომ შემორჩა ასეთი გოგოსგან განსხვავებული თვისებები. ერთ დილას ტყეში წასულან ახალგაზრდები სოკოების საკრეფად სადაც ხის მჭრელებს გადაეყარნენ. ნანკამ კალათა იქვე მიაგდო და გაბრაზებული მათკენ გაემართა. თავისი ბრდღვიალა თვალებით აათვალ-ჩაათვალიერა ისინი შემდეგ კი მათთვის უკითხავს: - გტკივათ თუ არა? -კაცებს გულიანად გადაუხარხარებიათ და უთქვამთ, ნანკასთვის თუ რა უნდა ტკიოდეთ? ის კი არ დაბნეულა და გულმოსულს უპასუხია -აი...ხეს კი ტკივა. - იმათ მაშინვე თავის მართლება დაუწყიათ, რომ თუ არ დაჭრიდნენ ხეებს აბა რითი გამთბარიყვნენ ზამთარში. ნანკა არც ამჯერად დაბნეულა: -ბებერი ხეების მეტი რა არის?! წადით და ისინი დაჩეხეთ. ახალგაზრდა ხეებს კი შეეშვით მათ ორმაგად უფრო ტკივათ, მაგრამ თქვენ რა იცით... თქვენ ხომ არაფერს გრძნობ ადამიანები?! - ცივად გამოტრიალებულა და სიტყვა ზედ შეუტოვებია. სიტყვა კი არა... ვერაფრის თქმა ვეღარ შეძლეს გოგონასთვის, რომელიც აშკარად ეპატარავებოდათ თვალში მის სიტყვა-პასუხთან შედარებით. ნაჯახს ხელი მოკიდეს და უმალ სხვა ადგილისკენ გადაინაცვლეს. ნანკა კი მეგობრებს დაუბრუნდა და სოკოს საძებნელად გზა გაუგრძელებიათ. თავს არავის დააჩაგვრინებდა და არც სხვა მისცემდა უფლებას ვინმე დაეჩაგრა. ვერ იტანდა ისეთ ადამიანებს, რომლებსაც საკუთარი თავი სხვებთან შედარებით მაღლა მდგომ პიროვნებად წარმოედგინდა. თუ ასეთ ადამიანს სადმე გადაეყრებოდა მოურიდებლად დაამცირებდა და ამხელდა ხალხის თანდასწრებით. ამას გამოსასწორებლად თუ ჩაიდენდა, თორემ სხვა შემთხვევაში არანაირი ცუდი განზრახვა არ ექნებოდა მის მიმართ. ცოტა თუ ჩაუღრმავდებოდა მისი საქციელების რეალურ მიზეზს. ახალგაზრდების უმეტესი ნაწილი თავხედ და ქედმაღალ გოგონად მიიჩნევდა. ალბათ პირდაპირობის ბრალია, რასაც სხვები არასწორად აღიქვამდნენ. ხალხი უყვარდა, მაგრამ ხალხი ვერ უგებდა მას. ადამიანები სხვაგვარად მოაზროვნე პიროვნებას, რომელსაც რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები აქვს დაუფიქრებლად ჩაქოლავენ და უარყოფენ. ეს მათში ჩაბეჭდილი კოდია, რომელსაც თაობიდან - თაობას გადასცემენ. ხოლო, როდესაც ასეთი პიროვნებები დაგვტოვებენ, მერე ვიწყებთ გაანალიზებას ჩვენი ფუჭად წამოძახილი სიტყვებისა. არა და უბრალო გოგო იყო, რომელსაც ბავშვური სიყვარულით უყვარდა ფერადი ბუშტები. თბილისის ყველაზე ბნელ უბნებში ხეტიალი ხიბლავდა და ხალხის ჩუმად თვალიერება. შეეძლო საათობით მჯდარიყო კაფეში და იქიდან დაკვირვებოდა ადამიანებს. რაც შეეხება იღბალს იშვიათად თუ იქნებოდა ის, ნანკას მხარეს. ჯერ კიდევ პირველი კურსის სტუდენტი იყო, როდესაც ბებია ხანგძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაეცვალა. მის გარდა არც არავინ ჰყოლია ამ ქვეყნად. ვერც იმას ვიტყვი, რომ უმაღლესში უვლია ნორმალურად -თქო, რადგან ბოლო თვეები სულ ბებიამისის სარეცელთან აღამდებოდა და ათენდებოდა. საბოლოოდ კი უსახსრობის გამო პირადი საბუთებიც წამოიღო და წამოვიდა. ძალიან ძლიერი იყო, ამიტომ მომდევნო დღიდანვე სამსახურის ძიებას მიჰყო ხელი. რამდენ გასაუბრებაზე აღარ იყო და რა აღარ უკითხავთ, თუმცა უშედეგოდ. მეორე დღეს ყველა უარით ისტუმრებდა. ხან რა არ აკმაყოფილებდათ და ხან რა. თან ისეთი კვალიფიკაციის დონეს ითხოვდნენ თითქოს საპარლამენტო არჩევნებისთვის ამზადებდნენ. ერთი-ორგან სტაჟირებაზეც აიყვანეს, თუმცა შინ ცოცხლა-მკვდარი ბრუნდებოდა. მოკლედ ბევრი, რომ არ გავაგრძელო ერთ მშვენიერ დღეს გიტარას მოჰკიდა ხელი და გარეთ სიმღერა გადაწყვიტა. აბა რამენაირად თავი ხომ უნდა ერჩინა?! იდგა, ხოლმე ყველასგან განცალკევებით, ყველასგან მარტო, მაგრამ ყველასთვის მღეროდა. მღეროდა არა იმას რაც ხალხს მოსწონდა, არამედ იმას რაც მის სულს აფორიაქებდა და ავსებდა ათასგავრი ემოციებით. ასეთი იყო ის... შეუმჩნეველი და ასეთადაც დარჩება ყველას წარმოსახვაში.


                                                                                                     
                                                                                                                      (გაგრძელება იქნება)




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები