ნაწარმოებები



ავტორი: მერიენ
ჟანრი: პოეზია
6 თებერვალი, 2018


სალამი ყველას!

სალამი ყველას, ვისი ვალიც დღემდე შემომრჩა,
გწერთ, რომ თარიღი კიდევ ერთხელ გადავავადო,
ამჯერად ვიღებ და ვალაგებ უცვლელ ჩემოდანს,
კანი მაცვდება და მის მსგავსად მუდამ ვავადობ.

ხშირად გავდივარ აივანზე ღამის სათევად,
თითქოს შორიდან არა მიშავს, აღარც მოკითხვებს
ვიღებ იმათგან, ვისაც სხვებზე მეტი მართებდა,
თუმცა ჩვენს შორის გაწყვეტილი მძიმე თოკი დევს.

ალბათ, დროდადრო დავივიწყებ და მეც მომიწევს,
უფროდაუფრო გამართული ლექსებით გწეროთ,
არ დავუბრუნდე არასოდეს ხალხმრავალ მიწებს
და მთის ძირიდან ავყურებდე ოცნების წვეროს.

სალამი ყველას, არავისგან არაფრით ვარჩევ,
არავის, რადგან ირონია ყოველთვის მძალავს,
არავის ვაქებ, ცუდ ტექსტილებს არ ვარქმევ ფარჩებს
და არ ვეკუთვნი დედამიწის დაქოქილ ძრავას.

მე, სადღაც სხვაგან, სარკის მიღმა, ვერცხლის წყალი ვარ,
ყველა მიყურებს, მაგრამ მაინც ვერავინ მხედავს,
მე შემიძლია იქ წავიდე, სადაც წამიყვანს,
გზების სიშორე, როგორც ცოცხალს ან როგორც ცხედარს.

სალამი ყველას, ვინც ვერაფრით გამომასალმა
თავის ცხოვრებას, დაბალ ჭერს და ღია შუშაბანდს,
როგორც ტილოსთვის ესკიზივით, შავი მასალა,
მეც დამივიწყეს, მაგრამ მაინც არა უშავს რა.

სალამი ყველას, ოღონდ ცივი, წასვლის სალამი,
"გამოსალმის ჟამს" ადევნებულ ქართა არიას,
თან გავიყოლებ სიჩუმეში, სადაც სავალი
გზიდან წამსვლელი მეგობრები აღარ არიან.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები