ნაწარმოებები



ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
7 თებერვალი, 2018


პირველი თოვლი

  ასაკი თავისას შვრება, დილის სისხამზე მეღვიძება და 7 საათიდან ოთახებში დავბორიალობ, ადგილს ვერ ვპოულობ. სანამ მაკა გაიღვიძებს სამ-ოთხ ღერს მაინც ვეწევი. სულ ამაზე გვაქვს ჩხუბი, ფილტვებს იავადებო, ვიცი, ვიცი, ამ ოხერზეც აწერია: „მოწევა კლავს!“ მაგრამ ვერ მოვეშვი. ისე თქვე კაი ხალხო თუ იცით, რომ კლავს რას ყიდით საწამლავს და თუ მაინც ყიდით რაღა გულს გვიხეთქავთ ამ წარწერებით. გოგია ამბობს, ჩვენი ლოთი მეზობელი, პაპაჩემი, არც ეწეოდა, არც სვამდა და მგონი არც ქალებში დადიოდა,  მაგრამ, საწყალი, 60-ისაც არ იყო, რომ წაიღო ჩვენი ჭირიო და ჰა მე ამ ლოთმა და გაუბედურებულმა 65-ს კი მივუკაკუნე უკვეო.  ხუმრობა იქით იყოს და  ისე მართლა უნდა დავანებო თავი, თორე დიხანიაზე რაღაც დამერხა ამ ბოლო დროს.  მოკლედ ყოველ დღე ვპირდები ცოლს, რომ ორშაბათიდან დავანებებ თავს, მაგრამ არ მოვიდა ის ორშაბათი, მე რომ მოწევას ვანებებ თავს და მაკა დიეტას იწყებს.
  ჰოდა ასე, დღესაც ის კვირა დილაა, დღესღა რომ ვეწევი და ხვალიდან თავს ვანებებ. ფეხშიშველა გამოვტანტალდი გაყინულ მეტლახზე და სამზარეულოს ფანჯარა გამოვაღე. აუუ ტოო, გაგიჟდება ადამიანი, თოვს. არა, კი არ თოვს გადათეთრებულია თბილისი. პატარა ბავშვივით მიხარია. მინდა ფიფქები სახლში შემოვუშვა, ჩაგუდული ჰაერისაგან დავცალო ოთახები და სუფთა და გრილი ფიფქებით ავავსო კედლები. აკაციებს ღრუბელივით დასწოლია თეთრი საბურველი. სახურავები გადაპენტილია, გაუკვალავი თოვლია, ჯერ რომ ადამიანის ნაფეხურებს არ წაუბილწავს. ასეთი თოვლი თბილისში ერთი 89-ში მახსოვს. დილით დედამ გამაღვიძა, ფანჯარა გამოაღეო, მაშინ სხვა დრო იყო გუდაურებისა და ბაკურიანების ფულები ვის ჰქონდა, ჰოდა,  ნორმალური თოვლი თვალითაც არ მენახა. გავიხედე და რას ვხედავ თეთრია მთელი ქალაქი, კინაღამ გავგიჟდი.
  ახლაც მახსოვს, როგორ გავრბოდი გიორგის სახლისკენ, მივდივარ გაყინულ ხელებში გუნდას ვამრგვალებ, ხრაშუნი ისმის თოვლის, თითქოს სუხარს ახრამუნებდე ისეთი. მივრბივარ და თან უკან ვიხედები,  ჩემივე ნაფეხურები მაკვირვებს, ისე ატყვია თოვლში თითქოს კვალში მდევარი ჩამდგომოდეს.
-გიორგიიი,-ვყვირი განწირული ხმით და ისეთი ძალით ვესვრი  ფანჯარას გუნდას, ლამის მინას ვუმსხვრევ.
მერე ასე სათითაოდ მივდივართ ყველა მეგობრის ფანჯარასთან და რამდენიმე წუთში  მთელი რაზმი ვიკრიბებით. გუნდებს ვაგროვებთ, ეს ჩვენი ბომბებია. შეიარაღებულები სადარბაზოში ვიმალებით და გამვლელს ველოდებით, როგორც კი გოგო გამოჩნდება, ყიჟინით გამოვდივართ სამალავიდან და გუნდებს ვუშენთ. ცდილობენ, გაგვექცნენ, მაგრამ ფეხი უსხლტებათ და ეცემიან, ჩვენ ადგომაში ვეშველებით და როგორც კი ვრწმუნდებით, მსხვერპლი უვნებელი გადარჩა, თავიდან გადავდივართ იერიშზე.
  მერე თოვლის პაპას ვაკეთებთ, მიხო გვასწავლის, უბნის მეეზოვე, როგორ ავაწყოთ თოვლის პაპა, დიდ გუნდას შედარებით მომცრო გუნდას ვადებთ, მერე კიდევ უფრო პატარას, ნახშირის თვალებს და სტაფილოს ცხვირს უკეთებთ. თავზე მიხოს ვედროს ვამხობთ და ხელში ჯოხსაც ვაჭერინებთ. დგას ასე უბანში ჩვენი თოვლი პაპა და დედას გეფიცები ეს ყველაზე ლამაზი თოვლის პაპაა, რაც კი ოდესმე მინახავს. აი ვინმე ახალ წელს და დღესასწაულს რომ ახსენებს, მე თვალწინ ის თოვლის პაპა მიდგება. აუჰ, ბიჭო, რა არის მაინც ბავშვობა.... თორნიკე მახსენდება და  მისი ოთახისკენ გავრბივარ. 
-თორნიკე, თორნიკე, ჩქარა გაიღიძე,- სიხარულისგან ენა მერევა.
-რა მოხდა?-იფშვნეტს თვალებს.
-გაიღვიძე, გაიღვიძე,-მხარში ხელს ვკიდევ და ვცდილობ, გამოვაფხიზლო. ვეღარ  ვითმენ, ერთი სული მაქვს ვუთხარ, რომ ქუჩები თეთრად არის გადაპენტილი, აკაციის ტოტები დამძიმებულია თოვლის საფარველით, რომ ჯერ გაუკვალავია თოვლი და თუ იჩქარებს თოვლის ხრაშუნს გაიგონებს. ისეთი თოვლია კარგი გუნდა რომ გაკეთდება და სარდაფში ძველი ქეთლი უნდა გვეგდოს, კარგი ქუდი იქნება....
გვერდს იცვლის.
-თოკა, გაიღვიძე ბიჭო, შენთვის საჩუქარი მაქვს.
-რა საჩუქარი?- კითხულობს მოჭუტული თვალებით და ცდილობს სინათლეს დაემალოს.
-აბა ფარდა გადასწიე!
ზანტად წევს ნამძინარე სხეულს და ფანჯრიდან იხედება.
-ითოვა?-კითხულუბს ვითომცაქარაფერიმომხდარა ხმით და ჩვეულ ადგილს უბრუნდება.
-კი, ბიჭო, ნახე რა მაგარია, წლის პირველი თოვლია,-იხტიბარს არ ვიტეხ და ენთუზიაზმს ვინარჩუენებ.
-აუ, ტელეფონი მომაწოდე რა, დამტენზეა.
  აჰამ, ტექნიკა წინ წავიდა, ფანჯრებთან დგომა და ყვირილი აღარაა საჭირო, ტელეფონით გააღვიძებს მეგობრებს და შეიკრიბებიან ეზოში,-ვფიქრობ ჩემთვის,-შეიძლება მეც გავიდე და მივეხმარო თოვლის პაპის გაკეთებაში, ხო, რა მოხდა, ვითომ 38 წელი რა ძალიან ბევრია? თან გუნდა მძიმე იქნება, აწევა გაუჭირდებათ, ჩვენც ხომ მოგვეხმარა მაშინ მეეზოვე მიხო. სანამ მე გეგმებს ვაწყობ თორნიკეს ისევ ბალიშში ჩაურგავს თავი და მგონი, დაძინებას აპირებს.
-თორნიკე, რას აკეთებ, ბიჭო, იძინებ?-გაოცებას ვერ ვმალავ.
-ხო, დავიძინებ წუხელ გვიანამდე მეღვიძა და.
-თოო ..ვს...-ახლა უკვე ენას ვეღარ ვიმორჩილებ დაბნეულობისაგან.
-ხო, ვიცი, დავპოსტე უკვე, -მეუბნება და თავზე საბანს იფარებს, ჩემმა ხმამ რომ აღარ შეაწუხოს.
  სამზარეულოში ვბრუნდები, ახლა უკვე სირბილით არა, ძლივს ვადგავ ძალაგამოლეულ ფეხებს. როგორც ჩანს, 38 ძალიან ბევრია!  უნდა დავლიო, სადმე მექნება ბოთლში ჩარჩენილი არაყი, კარადების ქექვას ვიწყებ.
  შეღებულ ფანჯარასთან მაისურის ამარა ვზივარ, ჭაჭას ვსვამ და ფიფქებს სახლში ვუშვებ.  უკვე 2 საათია გათენდა, ნაფეხურები კი ჯერ ისევ არ დამჩნევია თოვლს, გამოდით გარეთ ირემივით შემკრთალო გოგოებო, ახლა აღარაა საშიში ქუჩაში სიარული, გუნდის ბომბებით შეიარაღებული ბიჭები ქუჩის კუთხეში აღარ გელოდებიან. ახლა შეგიძლიათ თამამად იაროთ პირველი თოვლით გადათეთრებულ უბავშვო ქუჩებში.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები