ნაწარმოებები



ავტორი: ორპირი ქარი
ჟანრი: პროზა
8 თებერვალი, 2018


იტალი

    ერთ ზაფხულს ბოდბის მონასტერში ვიყავი სტუმრად. ტაძრის შესასვლელთან ერთი ბიჭი იჯდა, ასე ჩემი ხნის იქნებოდა. ყველა გამვლელს მიმართავდა და მოწყალებას ითხოვდა. უნარშეზღუდული იყო და საუბარიც უჭირდა. მის დანახვაზე სულ ერთი ფიქრი მიტრიალებდა თავში - ალბათ, მოყავდათ, სვამდნენ იქ და მერე მიყავდათ ისევ. მაგრამ მასთან მოსული არც ვინმე დამინახავს და არც გავლილიც დამინახავს, სულ ერთ ადგილზე იჯდა.
    ერთ დილას, წმინდა ნინოს წყაროზე ვიყავი ჩასული. დილის რვა საათიც არ იქნებოდა ჯერ, ირგვლივ არავინ იყო. უცებ შევამჩნიე ქვემოდან ვიღაც მოდიოდა. რომ მომიახლოვდა ვიცანი ის ბიჭი იყო ტაძრის კართან მოწყალებას რომ ითხოვდა. თურმე შევცდი როცა მეგონა დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეეძლო. ჩემთან ახლოს გაჩერდა და გამომელაპარაკა. გამიხარდა საუბარიც შეძლებიამეთქი, მაგრამ ზოგ ბგერას ვერ გამოთქვამდა.
თავად დაიწყო ჩემთან საუბარი, ლამაზი გოგო ხარო მითქრა, მერე სახელი მკითხა და კიდევ უფრო მომიახლოვდა. მეც ავყევი საუბარში და სახელი ვკითხე.
- შენ რა გქვია?
- იტალი.
- იტალი? - ჩავეკითხე მე, მან კი უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და სახელი გამიმეორა.
- იტალი.
- იტალი?!
- აა... იტალი! - გამინაწყენდა რა ვერ გაიგეო?!
- აა, ვიტალი. - გონება გამინათდა მე და გამიხარდა.
- ჰო, იტალი. - გაუხარდა მასაც. მერე ვკითხე სად ცხოვრობთქო. ეტყობოდა შორიდან მოდიოდა, რადგან ახლო-მახლო სახლები არ მეგულებოდა. მან კი სრულიად მოულოდნელი რამ მითხრა - ქუთაისელი ვარო. ორ სიტყვაში იმხელა გრძნობა და სიამაყე ჩადო გავოცდი. თან მარჯვენა ხელის თითებით ლათური W გამოსახა, რეპერული ილეთის შესასრულებლად მუხლებში მოიხარა რამდენიმეჯერ ჩაიმუხლა.
    საოცარი სითბო ჩამეღვარა გულში. ვიგრძენი ქუთაისელობა როგორ გამჯდარი ჰქონდა უნარშეზღუდულ სხეულში. ქუთაისელი აქ საიდან მოხვდითქო დავინტერესდი. ობოლი ვარო მიპასუხა, აქ ვცხოვრობო. - ამის გაგონებაზე უსიამოვნო ჯრუანტელმა დამიარა და სიცივეშეპარულივით ამაკანკალა. ამ დროს ჩემდა უნებურად წამოვიძახე
- რა? - არ ვიცი გაოცება მეხატა სახეზე თუ გაუგებრობა. ვიტალიმ ამიხსნა, მშობლებმა მიმატოვეს ასეთი რომ ვიყავიო. თან ტანზე ჩამოისვა ხელი. მერე კი დაამატა. არ წამიყვანესო. ერთბაშად დამიდგა თვლწინ ყველაფერი, მისი მშობლები რომლებმაც დატოვეს. შემეცოდა პატარა მარტო და სხვების სამოწყალოდ დარჩენილი ბიჭი. ამ ფიქრებში წასულმა ხმა ვეღარ ამოვიღე, ვერაფერი ვუთხარი, მან ალათ ჩათვალა, რომ ისევ ვერ გავიგე და თხრობა გააგრძელა. მომიყვა, მერე ბავშვთა სახლში წამომიყვანეს წნორშიო.
- ახლა წნორში ცხოვრობ?
- ჰო.
- იქიდან მოდიხარ?
- ჰო.
- ფეხით მოდიხარ ამხელა გზაზე? - მოკლეზე მოვდივარ და მივდივარ ისევო მითხრა. რომ წარმოვიდგინე ეს „მოკლე“ წნორიდან ბოდბემდე რამხელა შეიძლება ყოფილიყო, კიდევ უფრო გავოცდი მისი შესაძლებლობებით.
- ყოველ დღე დადიხარ ტაძარში?
- ჰო.
- კარგია რომ დადიხარ! - ეს მართლაც გულწრფელად ვუთხარი. - კარგია აქ სუფთა ჰაერია და თან ძალიან ლამაზი ბუნებაა. - არაო მითხრა, ქუთაისი მირჩევნიაო. მერე კი დააყოლა, ქუთაისში არასდროს ვყოფილვარო. გრძნობების გადმოცემის კარგი უნარი ჰქონდა, სრულად ვიყავი მისი თანაგრძნობით სავსე.
- არა უშავს, გული არ დაგწყდეს, აქ სჯობია. მე არ მომწონს ქუთაისი. - ვიცრუე. ქუთაისს რას ვერჩოდი?! არც არაფერს, უბრალოდ მისი გულისტკივილის შემსუბუქება მინდოდა. ასე იმიტომ მოვიქეცი რომ ვიგრძენი, ქუთაისში ცხოვრებაზე ოცნებობდა.
    მას ჯერ გაუკვირდა, როგორ თუ ქუთაისი არ მომწონდა. მერე საწინააღმდეგოს დამტკიცება დამიწყო. ისევ რეპის მოძრაობებს ასრულებდა, მუხლებში და წელში მოხრილი ზემოთ-ქვემოთ მოძრაობდა. მარცხენა ხელის თითებით W-ს გამოსახავდა, მარჯვება ხელით, მკერდთან მაისურს მალი-მალ წინ იწევდა. თან ქუთაისელი რეპერის სიმღერას მღეროდა.
    მე ჩუმად ვიჯექი, ვუყურებდი და ვხედავდი რამხელა სხვაობა იყო მის გარეგნობასა და შინაგან სამყაროს შორის. იმდენად გართული ვიყავი მისი თვალიერებით რომ იმ სიმღერის ტექსტი არ მესმოდა, რომელსაც ის ღიღინებდა.
    მღერას რომ მორჩა ისევ იმ თემას დაუბრუნდა და დაინტერესდა, რატომ არ მომწონდა ქუთაისი.
- რა ვიცი. - ვუთხარი და მხრები ავიჩეჩე. როგორ არ მოგწონს და არ იცი, რა არ მოგწონსო?! ისეთი ჩამჭრელი კითხვა დამისვა ვიგრძენი როგორ გავწითლდი და თავი გამიხურდა პასუხის ძებნაში. მაინც ვერაფერი მოვიფიქრე უხერხული სიტუაციიდან რომ დავმძვრალიყავი. ის კი დაჟინებით ითხოვდა პასუხს და კირკიტა მზერას არ მარიდებდა.
- აქ მირჩევნია. - ვუპასუხე და გულზე მომეშვა, თითქოს გამოსავალს მივაგენი. მე კიდევ იქ მირჩევნიაო მიპასუხა. ალმაცერად მიყურებდა და თან იცინოდა. ალბათ დამცინოდა.
    ვცადე სხვა თემაზე გადამეტანა საუბარი. მასზე და ბავშვთა სახლის სხვა ბინადრებზე მეტის გაგება მინდოდა. მინდოდა მეტი გამეგო მათ ცხოვრებაზე, რომ ჩემი შექმნილი ვერსიებით არ გამომეჭედა თავი. მაგრამ მალევე მივხვდი, რომ მისთვის სხვა სამყაროს უბრალოდ არ ჰქონდა ფასი და მნიშვნელობა. ის ერთი იყო და ოცნებობდა ქუთაისზე. უსმენდა ქუთაისელ რეპერებს, მღეროდა, ცეკვავდა რეპს და ეწეოდა სიგარეტს. იმ ფულით რასაც დღის განმავლობაში შოულობდა სიგარეტს ყიდულობდა, თუ ვერ ყიდულობდა, ღერებით სთხოვდა სხვებს. ეს იყო მისი ცხოვრება და ის ამ ცხოვრებაში ყოვლის მცოდნე და ყოვლისშემძლე იყო. მე კი ჩემი მოგონილი თანაგრძნობით უფრო გავუმყარე ეს მდგომარეობა.
    მან კიდევ ერთხელ წაიცეკვა ჩემთვის, თან წაიმღერა. მერე კი ნელი ნაბიჯით და სხეულის ძლიერი რყევით გამშორდა. დამცინავი ღიმილი უთამაშებდა სახეზე, თან ჩემს სახელს იმეორებდა.
    იმ დროს, ის ალბათ ფიქრობდა, რომ მე გონებაშეზღუდული ვიყავი.
    ღირსიც ვიყავი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები