ნაწარმოებები



ავტორი: იერონიმე
ჟანრი: პოეზია
8 თებერვალი, 2018


***

ძილი არ იწყება თვალების დახუჭვით,
ძილი უფიქრობით დაიწყება,
ნაზად შემოჭრილი სიჩუმის ჰანგები,
ხმაურით დაღლილ ტვინს მოერევა.

მზის შუქზე დამუხტულ შენს სხეულს,
მთვარის შუქის ჩრდილი მოადუნებს.
საწოლი რომელზეც დღეს შენ გძინავს,
ოკეანის ზვირთებს აღარ მოგაგონებს.

ხმაური რომელიც შენს სულს ებრძვის
და ხმაური რომელიც შენს გრძნობებშია.
ფიქრები რომლებიც ისევ სხვას იხმობს
და ეს ყველაფერი ისევ ილუზია.

დღე შენ ისა ხარ რაც შენგან უნდათ,
გამოძერწილი შენ - მათი ბრენდი,
გაივლის კიდე ერთი მზის ჩასვლა
და შენ ხვდები, რომ კიდევ დაბერდი.

დრო არ დაგიცდის,გაჰყვება წამებს
და შენი აწყმო, უკან დარჩება.
გჯერა,წარსული მომავალს უსწრებს
და მასზე ფიქრში (უფიქრობით) ჩაგეძინება..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები