ნაწარმოებები



ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2018


*******************

ისე გულგრილად ჩაუარა
უკვდავების წყალს,
ვიეჭვიანე შენ საფლავთან
ხომ არ შეჩერდა.
*******************
ჯანდაბას ყველა მიტოვება, ყველა სიზმარი,
კლდის ნატეხები ასეთებზე როდი დარდობენ,
მე გამოვედი ხორცის კასრიდან
და სული ჩემი ლექსების ორბებს,
მივეცი სულ სხვა სივრცის საფრენად.
მთები წარბების აწევას გვანან
და დედამიწა თოვლის საფერფლეს.
ძვირფასო ახლაც ყელთან მაქვს დანა,
რომ ვერასოდეს ვერ მოგეფერე.
ცა ვარსკვლავებით ღმერთმა დანაღმა,
გვანან იესოს სისხლიან ცრემლებს
და თოვლიანი მთების გადაღმა,
მთვარე კლდის ფხაზე დასადგომს ეძებს.
ჯანდაბას ყველა მიტოვება, ყველა სიზმარი,
კლდესაც შლის ჯავრი კეთრის მთესველი,
ოღონდაც ლექსი, ლექსი არ დარჩეს,
თევზის ცრემლივით შეუმჩნეველი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები