ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2018


ჩიტი ანგელოზის ფრთებით

ჩიტი ანგელოზის ფრთებით

თოვს, თითქოს ღრუბლებზე ამოსულ ბაბუაწვერებს, ქარმა მთელი ძალით დაჰქროლა და დედამიწას გადმოაბნია.
პირველი თოვლია ამ ადრიან შემოდგომაზე. ბავშვის სულივით სუფთა და გაურყვნელი. ალბათ სწორეთ ასე გაიფიქრა აბდიამ და ამ ანგელოზის ცრემლივით სუფთა თოვლზე, ფეხის დადგმა ეუხერხულა.
ტყეშია აბდია წამოსული, ფიჩხის და ნაყარი შეშის შესაგროვებლად, ნედლ ხეს კი ან და როგორ მოჭრიდა, კაცი რომელსაც პირველ თოვლზე ფეხის დადგმა ეუხერხულა.
ღმერთს ამ ქვეყნად თუ კი რამ შეუქმნია, ყველაზე იდუმალი, ყველაზე მშვიდი, ტკივილების უხმოდ ამტანი, ზამთრის უღრანი ტყე არის ალბათ. თითქმის ყველასგან მიტოვებული, ჩიტები რომ გადაუფრინდნენ, ცხოველებმა ზამთრის ძილს მიაშურეს. დგანან ხეები და ერთადერთი კვნესა მაშინ აღმოხდებათ, ძლიერი ქარი რომ მიტოვებულ ბუდეს გასტაცებთ, თითქოს ძვირფასი სახსოვარი წაართვათ ვინმემ.
დაიწყო ფიჩხის შეგროვება აბდიამ და უცებ რაღაც ხმა შემოესმა, ჩიტი გალობდა, გალობდა მთელი გატაცებით,
სევდიანად. ძალიან გაუკვირდა აბდიას, ახლა ხომ ყველა ჩიტი უკვე გადაფრენილი უნდა ყოფილიყო თბილ ქვეყნებში, მხოლოდ შაშვები, ჩხიკვები და ყვავები თუ შემორჩებიან ხოლმე ზამთარს, ისინიც სოფელთან ახლოს იდებენ ბინას.
მიუახლოვდა ჩიტს აბდია და გაქვავდა, მის წინ ასკილის პატარა ბუჩქზე, ამძვრალიყო უფრთო ჩიტი, თვალები დაეხუჭა და თითქოს სიკვდილს სიმღერით ეგებებაო, გარინდულიყო.
ფრთხილად მიუახლოვდა აბდია ჩიტს, ერთი მოძრაობით მუჭში მოიქცია მიიკრა მკერდზე და მოეფერა.
ჩიტი შეფრთხა განთავისუფლება სცადა მაგრამ,
მიხვდა აბდია არაფერს დაუშავებდა და დანებდა.
მოჰყავს აბდიას ჩიტი სახლისკენ, მოჰყავს და ფიქრობს : რათაც არ უნდა დაუჯდეს ჩიტს ფრთები უნდა დაუბრუნოს, უფრთო ჩიტი ხომ ოცნება წართმეულ კაცს გავს, უოცნებო კაცი კი განწირულია მარადიული ტანჯვისთვის. აუცილებლად დაუბრუნებს აბდია ფრთებს ჩიტს , აუცილებლად აუსრულებს ფრენის ოცნებას.
გუბეში არეკლილ ვარსკვლავებით მოჭედილ ცას გავს ზოგი ადამიანის სული,
შორიდან უჩვეულოდ მიგიზიდავს, გგონია რომ რაღაც განძი აღმოაჩინე, მაგრამ საკმარისია გუბე აიმღვრას რომ გაქრეს ვარსკვლავები, სიმყრალის სუნმა შეგაშფოთოს,
მაგრამ აბდია სულ სხვა იყო, ყოველგვარი ილუზიის გარეშე, მზე ჰყავდა სულში ჩაბუდებული,
მზე რომელსაც ყველა სულდგმულს უნაწილებდა.
დაბრუნდა აბდია სახლში, ხმა არ გაუცია ცოლ - შვილისთვის,
დასვა ჩიტი ბუხართან და დაიწყო ფიქრი, ფიქრი ფრთების დაბრუნებაზე.
სამი დღე ფიქრობდა აბდია მაგრამ ვერაფერი მოიფიქრა,
ბოლოს ისევე ცოლმა ურჩია,
სოფლის ბოლოში მცხოვრებ ,
დედაბერთან მისულიყო , მისთვის ეთხოვა რჩევა.
ასეც მოიქცა, ესტუმრა აბდია დედაბერს, აუხსნა ყველაფერი და პასუხს დაელოდა.
დედაბერმა დინჯათ დაიწყო:
ჩიტს თუ უშველის მხოლოდ და მხოლოდ ანგელოზის ბუმბულიო.
დაღონდა აბდია, სად იშოვოს ანგელოზის ბუმბული? რა წყალში ჩავარდეს?
მაგრამ ისევე დედაბერმა გამოაფხიზლა : ამ მთების იქით, კლდოვან ჭიუხებში, დიდი ხნის წინათ , ღრუბლის ბუდიდან ანგელოზებს ერთი ბარტყი გადმოუვარდათ, გაზარდეს ბარტყი თეთრმა შუნებმა და იქვე დაიდო ბინა კლდის ანგელოზად, მთაში მიმავალთა და მონადირეთა მფარველადო.
იმ დღიდანვე დაიწყო სამზადისი აბდიამ მთაში წასასვლელად, მეორე დღეს კი უთენია დილით დაადგა მთების ვიწრო ბილიკს, მიდის აბდია და ფიქრობს : რა უნდა უთხრას ანგელოზს? როგორ დაუჯერებს რომ ბუმბული მართლა ჩიტისთვის უნდა? განა ადამიანი შეიძლება ერთი უბრალო ჩიტისთვის ამდენს გაისარჯოს?
მაგრამ აბდიას სჯერა კლდის კეთილი ანგელოზისა, განა ანგელოზები ვერ ხედავენ ადამიანთა სულებს? ნუთუ ვერ დაინახავს აბდიას სულში ჩამწყვდეულ მზეს?
აიარა მაღალი მთები,
მიადგა კლდოვან მწვერვალებს, რომლებიც თითქოს ცის სილურჯეში , აისბერგივით მიცურაბენო, იკარგებოდნენ ღრუბლების ზევით.
კლდის ეხში ცხოვრობს ანგელოზი, უახლოვდება აბდია და ფეხები უკან რჩება, ხუმრობა ხომ არ არის ანგელოზი იხილოს კაცმა, სულ სხვანაირი რიდი აქვს ანგელოზისა.
შევიდა კლდის ეხში აბდია მაგრამ არავინ დახვდა, დაჯდა და დაიწყო ლოდინი, სჯერა აბდიას, სჯერა რომ ანგელოზი უთუოდ მოფრინდება.
დაანთო სანთლები კლდის ფხაზე და დაიწყო ლოცვა.
საკუთარი თავისთვის ლოცვა თუ მართლა მთებს ძრავს, მაშინ ჩიტისთვის წაკითხული გულწრფელი ლოცვა, ანგელოზს როგორ არ მოიყვანდა მლოცველის გულთან.
მართლაც მოფრინდა ანგელოზი, მოფრინდა და მოიყოლა ზეციური ბრწყინვალება.
კანკალით აუხსნა აბდიამ ყველაფერი, აუხსნა და თავჩახრილი ელოდა პასუხს.
სიტყვა ძუნწი აღმოჩნდა ანგელოზი, მოიღუშა, ჩაფიქრდა დიდხანს. ბოლოს სიფრთხილით გამოიძრო ფრთიდან ბუმბული. გაუწოდა და ჩურჩულით უთხრა, მეორეთ ნუღარ ჩაერევი ღმერთის საქმეში, ამ ჩემი ფრთებით ჩიტს თუ რამე დაემართება, მეც უსათუოდ დაღუპვა მელის.
მოდის აბდია , მოდის სახლისკენ მაგრამ სულაც არ გავს იმ ადამიანს რომელსაც სიხარული მოაქვს, მძიმე ნაბიჯით, ჩაფიქრებული მოდის სახლისკენ.
მოდის და ყურში ანგელოზის სიტყვები ჩაესმის: მეორეთ აღარ ჩაერიო ღმერთის საქმეში. განა ღმერთს არ სურდა კეთილი საქმე? განა ღმერთს არ გაახარებდა ჩიტს რომ ფრენა შესძლებოდა? მოდის და უამრავი კითხვა უტრიალებს.
ანგელოზებზე ფიქრობს აბდია, ფიქრობს სად მიდიან ჩვენი მფარველი ანგელოზები , ჩვენი სიკვდილის შემდეგ? იქნებ სულეთშიც თან მოგვდევენ და არ გვტოვებენ?
უცებ დედა გაახსენდა აბდიას, გაახსენდა და ტკივილიანმა სითბომ დაუარა მთელ ტანში, დედაზე დიდი მფარველი ანგელოზი, არასდროს ყოლია ცხოვრებაში.
მიაღწია სახლამდე როგორც იქნა, მაგრამ ორჭოფობს , ანგელოზის სიტყვები ახსენდება. ბოლოს მაინც გადაწყვიტა, მივიდა მძინარ ჩიტს ანგელოზის ბუმბული ფრთების ადგილას შეახო და მართლაც მოხდა საოცრება, ფრთები მართლაც ამოუვიდა.
საოცრება იყო ჩიტის გამოღვიძება, განა არსებობს ამაზე დიდი სიხარული? ბრმას რომ ნათელი დაუბრუნდეს, ინვალიდის სავარძელში მყოფს, მუხლებში ძალა.
შეაფრთხიალა ჩიტუნამ ფრთები, მაგრამ ღამეა გარეთ უკვე , ვერ გაფრინდება. ვინ გაიგებს როგორ ელოდებოდა ჩიტი გათენებას, დიდი ხნის შემდეგ უშვილო წყვილს რომ მუცელში ყრმა ჩაესახება, მის დაბადებას ელიან ალბათ, მის დაბადებას ელიან ასე.
გათენდა დილაც , გამოიყვანა აბდიამ ჩიტი, შეაფრთხიალა ჰაერში და ჩიტიც აიჭრა, ერთ ხანს მიდიოდა ასე , ავიდა ღრუბლებამდის, მერე უცებ მოწყდა წამოვიდა დაბლა , აბდიას მხარზე დასკუპდა და მადლობის ნიშნად ნისკარტი ლოყაზე მოულამუნა.
იცის ჩიტმა რაც გააკეთა აბდიამ მისთვის, ისიც კარგად იცის ანგელოზის სიცოცხლე რომ მას აბარია, მაგრამ უნდა გაფრინდეს ჩიტი, უსათუოდ უნდა ჩავიდეს თბილ ქვეყნებამდე.
მთელი ზამთარი უგუნებოდ გაატარა აბდიამ, ყოველ ღამით ესიზმრებოდა ჩიტი, ესიზმრებოდა როგორ მიაპობდა ცას ოკიანის თავზე, ქარიშხალში, თავსხმა წვიმაში.
ასეა ზოგჯერ დიდი სიკეთის გაკეთებას დიდი პასუხისმგებლობა მოსდევს.
მოვიდა გაზაფხულიც, დაიწყეს ჩიტებმა დაბრუნება, გამოჩნდნენ მერცხლები , აბდიას ჩიტი კი არა და არ ჩანს.
ნუთუ დაიღუპა, ნუთუ სადმე ოკიანის ფსკერზე განისვენებს ჩიტის პაწია სხეული. არ ასვენებდა აბდიას ფიქრი და რამდენჯერმე კლდის ანგელოზთან წასვლაც გადაწყვიტა, მაგრამ ფეხები უკან რჩებოდა, ვაი და აღარ დახვდეს ანგელოზი, ეს ხომ მისი ბრალი იქნება.

ჩვეულებრივ იჯდა ბუხართან, ფიქრში წასული რომ უცებ , რაღაც ხმამ ზეზე წამოაგდო, ეს ის ხმაა, ის ხმაა რაც პირველად მოისმინა ტყეში, ჩიტთან პირველად შეხვედრისას, გაიჭრა გარეთ და ის იყო მესერზე შემომჯდარი ჩიტისკენ წასვლა დააპირა რომ იხუვლა შურდულმა და ჩიტი მომაკვდავი დაეცა მიწას. მეზობლის პატარა ბიჭი კი გახარებული გამოიჭრა მის ასაღებად.
თავბრუ დაეხვა აბდიას, როგორღაც დაასწრო ბიჭს და ჩიტი ხელში აიყვანა, მომაკვდავის სუნთქვით ფეთქავდა ჩიტი, პატარა ბიჭიც მიხვდა რომ რაღაც ძალიან დიდი დააშავა და ფეხებთან აეტუზა აბდიას.
ერთ ხანს უცქირა ცრემლ წამოსულმა მომაკვდავ ჩიტს, მერე იქვე ბუერის ფოთლებზე ჩააწვინა, თვითონ კი მთელი ძალით მოკურცხლა მთებისკენ.
უნდა მიასწროს ანგელოზს სიკვდილამდე, აუცილებლად უნდა სთხოვოს პატიება.
ვეღარ მიუსწრო ანგელოზს აბდიამ, უკვე ამაღლებულიყო მარადიულ სასუფეველში.
ალბათ უფლის გვერდით იჯდა და კარგად ხედავდა აბდიას სინდისის ქეჯნას, აბდიასი რომელსაც უამრავი კითხვა დაუტოვა უპასუხოდ.
ვის მოეკითხებოდა ცათა სასუფეველში ანგელოზის სიკვდილი? აბდიას რომელმაც იცოდა , მას საფრთხეში აგდებდა და მაინც გამოართვა ბუმბული თუ პატარა უცოდველ ბიჭს , რომელმაც პირველად ისროლა შურდული პატარა ჩიტისკენ?!
ყოველთვის ასეა, ადამიანები როგორც კი რაიმე უსამართლობას და ცოდვა - ბრალს წავაწყდებით უფლის განკითხვას ვიწყებთ, ამ დროს კი გვავიწყდება,
რომ ღმერთობაც იქამდეა ადვილი, სანამ მონადირე ხორცს გთხოვს, მშიერი ცოლშვილისთვის, ირემი სიცოცხლეს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები