ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2018


ჩემი იუზგრები

რაღა არ მოხდა და რაღა არ გადაგხდათ,
მშვიდობას არ ჰყავდა მტრედი...
შფოთიც და ომებიც, ეშმაკმა დალახვროს,
ვერ ამოისუნთქეთ შვებით!
ცხოვრებამ, იღბალმაც, დედაარღნიანმა
გატარათ ხვეული გზებით...
ხან ტყვიამ, ხან სიტყვამ არ დაიგვიანა,
წახვედით და მაინც რჩებით,
ისეთი ბიჭები, ხელით რომ იჭერდით,
ტიკივით გაბერილ ღრუბელს.
კარგად ცხოვრება ხომ იმგვართა "ნიჭია",
გუბედ რომ მოგიქცევს უბეს...
ხან ქარებს ებრძოდით, ხან კი მის წისქვილებს,
გიყვარდათ, გჯეროდათ ასე!
მტყუანს ჩაყვებოდით ბოლომე ქისიმში,
ჰო, ზოგჯერ სიცოცხლის ფასად!
წიგნები გიყვარდათ და რომანტიკასთან
ხელკავით იყავით ლამის.
ჰოდა, უკადრები ვინაც არ იკადრა,
გადაჰყვა ცხოვრების დრამას.
თვითონვე იქეცით იმ წიგნის გმირებად,
ასე რომ გიყვარდათ კითხვა.
უსიყვარულობით ხომ გადაირევი,
და ასე ცხოვრება ვინ თქვა?..
დრომ კი უთქვენობით ქალაქი გალახა,
ოდესღაც ღიმილისმჩენი...
წახვედით და მაინც სადღაცა აქა ხართ,
ისევ იუზგრებად რჩებით!
31.01.18

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები