ნაწარმოებები



ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პოეზია
9 თებერვალი, 2018


სიკვდილი ფლეგმატურად

ფეხებს ვერ მართავ ესე მარტივად,
თუ ბედისწერის გახრჩობს ნესტარი,
ჩვენ ჩვენს სახლებში ისე დავდივართ,
მუჰამედების უდრეკ მთებსავით,

რომ დასვრილ სულებს კართან ვიხოცავთ,
და ვიყუჟებით ჩვენ-ჩვენს კარავში,
ისინი, ვინაც ვერ დავიხოცეთ,
და უმოწყალოდ ასე გადავრჩით.

ასთმა აჰკიდეს ხეებს წვიმებმა,
ქუჩის ექო კი გიჭერს კილოკავს,
შენც გულიანად გაგეცინება,
ქარი როდესაც მუხლებს გილოკავს,

ქარი, რომელიც უკლავს იმ სურვილს,
სიკვდილს რომ შენთვის უნდა ეკითხა...
და ამ დროს გრძნობ რომ მთასთან მისული,
მთაზე ჯიუტი მუჰამედი ხარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები