ნაწარმოებები



ავტორი: მეომარი
ჟანრი: პროზა
9 თებერვალი, 2018


ბავშვობის მიღმა

      მე უნგვე მქვია. მე მგონი, 11 წლის ვარ. არასოდეს მქონია დაბადების დღე. ერთხელ, მეზობლის ეზოდან, რომელსაც მაღალი ღობე ეკრა გარს, ჟრიამულის ხმა მომესმა. ეზოდან ვერ გავბედე შეხედვა, დამინახავდნენ და გამლახავდნენ. მეზობლად მდგომ მანგოს ხეზე ავედი და იქიდან გადავიწყიტე. ამდენი სუფთად და ლამაზად ჩაცმული ბავშვი ერთად პირველად ვნახე, ყველა ბედნიერი იყო და ძალიან გამიკვირდა. იქ, სადაც მე უთენია მივდიოდი ხოლმე და მთელი დღეს ვატარებდი, არავის ეცვა ასე.  ვცდილობდი გამეყიდა ათასგვარი ნივთი, რომელსაც უფროსი ბიჭები იპარავდნენ და ჩვენ გვაყიდინებდნენ, ან სულაც ტვირთს ვეზიდებოდი, რასაც დავძრავდი, რომ როგორმე ლუკმა პური მეშოვნა ჩემი დისთვის.
      ჰო, სულ დამავიწყდა, პატარა დაიკო მყავდა, სანიმუ, რომელიც მეზობელმა შეიფარა. სანიმუს სახლში აძინებდა ძია ფრანსუა, მე კი ეზოში მეძინა, ფარდაგზე. სანიმუს საძინებლის ქირას, 100 ფრანკს ვუხდიდი დღეში. დიდი ფული არ იყო, სულ რაღაც ერთი პური მოგდიოდა, მაგრამ ყოფილა დღეებიც, როდესაც ამასაც ვერ ვშოულობდი და ასეთი დღეები ჩემთვის ყველაზე საშინელი იყო. იმის გაფიქრება, რომ ფრანსუა ჩემს დაიკოს გარეთ გამოაგდებდა და ჩემთან ერთად მოუწევდა მიწაზე გაშლილ, დაგლეჯილ ფარდაგზე ძილი, გულს მიკლავდა. სანიმუს ორჯერ ჰქონდა მალარია გადატანილი და ისედაც სუსტი ჯანმრთელობის მქონე, კიდევ ერთხელ ალბათ ვეღარ გადაიტანდა.
ჩემი დედიკო და მამიკო უკვე ჩვენს გვერდით აღარ იყვნენ. ორი წლის წინ, ჩვენს ეზოში ვიღაც უცხო კაცები შემოვიდნენ, რომლებიც ხმამაღლა ყვიროდნენ და მამა როდესაც გარეთ გავიდა, ცემა დაუწყეს. დედაც გავარდა გარეთ და შველა ითხოვა, მაგრამ დედაც დაიჭირეს და მგონი მასაც სცემდნენ, ისე კვნესოდა ტკივილისგან. მე შემეშინდა და ლოგინის ქვეშ შევძვერი. დედას ხმა ნელ-ნელა ჩაუწყდა და ბოლოს სულ გაჩუმდა. კაცებმა კიდევ ილაპარაკეს რაღაცა და წავიდნენ, შიგნით არ შემოსულან. როცა ყველაფერი მიჩუმდა, გამოვძვერი ლოგინის ქვეშიდან და გარეთ გავვარდი, მამა სისხლის გუბეში იწვა და არ ინძრეოდა. დედას მივვარდი და შევანჟღრიე. გული ამოვარდნაზე მქონდა. დედას არაფერი უთქვამს, ერთი ღრმად ამოისუნთქა და გაირინდა. შევვარდი სახლში, სანიმუს ხელი დავავლე, ტანსაცმელები ერთ ჩანთაში ჩავტენე და გავიქეცი. არ ვიცი, სად გავრბოდი. ძალიან მეშინოდა და არ მინდოდა, ის კაცები კიდევ დაბრუნებულიყვნენ და სანიმუსთვის რამე დაეშავებინათ. გავრბოდი და სისხლის გუბეში მწოლარე მამა და დასისხლიანებული დედა მელანდებოდა. იმ სახლში ვეღარ დავბრუნდებოდი. ორი ღამე ბაზართან ახლოს, ნაგავიდან ამორჩეული, ძველი ტომრებით გაკეთებულ ფარდაგზე გავათენეთ. სანი ზურგზე მყავდა მოკიდებული, ბაზარში დავდიოდი და ვეხვეწებოდი ხალხს, რომ საჭმელი მოეცათ ჩემი დაიკოსთვის.ზოგი მაძლევდა, ზოგი კი მიყვიროდა და ცემით მემუქრებოდა. მეც გავიქცეოდი ხოლმე. მე ჯანდაბას, მათი წიხლები შეიძლება სანის მოხვედროდა. ის კი ისედაც სულ ტიროდა შიმშილისგან. ვიცოდი, რომ სადღაც აეროპორტის ახლოს, იყო ლტოლვილთა ბანაკი, სადაც ვიღაცეები მოდიოდნენ და წამლებს და საჭმელებს არიგებდნენ, მაგრამ ვერ ვბედავდი იქ წასვლას. ერთ დღეს ვიღაცამ სახელი დამიძახა. რომ შევხედე, ძალიან გამიხარდა. ეს ფრანსუა იყო. ის და მამა ერთად მუშაობდნენ და ხის ფიგურებს თლიდნენ, რომლებსაც მერე ტურისტები ან მდიდარი ხალხი ყიდულობდა. ფრანსუამ თავის სახლში წაგვიყვანა. სახლი არ ეთქმოდა, ერთსართულიანი, ორ ოთახად გაყოფილი მიწური იყო, სადაც ფრანსუას, მის ცოლს ტამბეს, ოთხ შვილს და მოხუც მამას ეძინათ. რადგან სანი პატარა იყო, გადაწყვიტეს სახლში დაეწვინათ, მე კი ეზოში მომიჩინეს ადგილი. ჩემი და სანიმუს საჭმელზე მე უნდა მეზრუნა.
          ბაზარში და ზოგადად ქალაქში უამრავი ჯურის ხალხი ირეოდა, განსაკუთრებით კი ჯარისკაცების სიმრავლე იყო. რომ გაივლიდნენ ხოლმე, ვიდექი და აღტაცებული შევცქეროდი მათ მანქანებს, საშიშ იარაღებს და ვფიქრობდი, ალბათ ასეთი იარაღი რომ მქონოდა და ასეთი ძლიერი ვყოფილიყავი, დედას და მამას ის ცუდი კაცები ვერაფერს დაუშავებდნენ. ნელ-ნელა სამხედროების გარჩევაც ვისწავლე და ცოტა ხანში ისე გავიწაფე, დროშების მიხედვით ვარჩევდი სხვაობას. ერთხელ, დიდმა ბიჭებმა რუკები მოგვცეს გასაყიდად და ერთი რომელიც ცოტა დახეული იყო და ვერ გავყიდე, წამოვიღე და ჩემს საძინებელ კუთხეში, კედელზე მივაკარი. კითხვა კარგად არ ვიცოდი, მაგრამ ყველა ასოს ვცნობდი და დროშების მიხედვით წარმოდგენაც მქონდა, ვინ რომელი ჯარისკაცი იყო.
აეროპორტში ადვილი იყო ფულის შოვნა, რაღაცეების გაყიდვა, ან ფულის და საჭმლის თხოვნა. იქ ვინც ჩამოდიოდა, ყველას აუარება ფული ჰქონდა. აბა ისე როგორ შეძლებდნენ თვითმფრინავში ჩაჯდომას და გაფრენას, მაგრამ ცუდი ის იყო, თვითმფრინავი კვირაში ერთხელ, ან ისიც არ მოფრინავდა და ეს დღეები ქალაქში ხეტიალს ვუნდებოდით. მუშაობა არ მეზარებოდა, მაგრამ ვერიდებოდი. ორჯერ თუ სამჯერ მთელი დღე მამუშავეს, ხან ბანანები ვეზიდე, ხან შეშა. მერე ფული რომ ვთხოვე, გამლახეს და გამომაგდეს. უკვე აღარც ვტიროდი ხოლმე, მერე ბიჭები დამცინოდნენ. სახლში რომ მოვიდოდი და დავწვებოდი, ჩემს ფარდაგს გადავიფარებდი თავზე და ჩუმათ ვტიროდი. იმდენი რაღაცეები მიგროვდებოდა ხოლმე გულში, რომ არ მეტირა, მეშინოდა გული გამისკდება მეთქი და დამახრჩობს, ყელში გაჩხერილი ბურთი. ვტიროდი, მეცოდებოდა ჩემი სანი, მენატრებოდა დედა და მამა და ყველაზე მეტად საკუთარი თავი მეცოდებოდა. ასე ტირილში ვიძინებდი ხოლმე და სიზმარში თითქმის ყოველთვის დედას და მამას ვნახულობდი.
          ერთ დღეს ქუჩას მივუყვებოდი და გზისპირა არხს ვათვალიერებდი, იქნებ ვინმეს რამე გადავარდნოდა ღირებული ან გამოსადეგი. ვიცოდი ეს ოთხკუთხა, მავთულშემოჭერილი ტომრებით აშენებული კედელი, ჯარისკაცების სახლი იყო, ზემოდან ისეთი საშინელი მავთულები ჰქონდა დახვეული, ალბათ ბაბუინებიც კი ვერ გადავიდოდნენ. შესასვლელ კარებს რომ ჩავუარე, ვიღაცამ საერთოდ უცხო ენაზე რაღაც დამიძახა. ეს ფრანგული არ იყო, არც ინგლისური. გამოთქმით ვარჩევდი ინგლისურს და სხვა ენებს. რაღაცნაირი თბილი ბგერები იყო, აი ისე ლამაზად თქმული, დედა რომ სანის უმღეროდა ხოლმე ძილის წინ. რომ მივხედე, განსხვავებულ ფორმაში ჩაცმული ორი ჯარისკაცი მიღიმოდა და ხელს მიქნევდა. შევყოვნდი. ზოგადად, დიდი გულისხმიერებით არ გამოირჩეოდნენ ხოლმე ჩვენს მიმართ არც ჩვენი და არც უცხო ჯარისკაცები. ესენი სხვანაირები იყვნენ. რომ მივუახლოვდი, დროშას დავაკვირდი და ასეთი დროშა არ მენახა ჯერ. თეთრი ფერის დროშაზე წითელი ჯვრები იყო გამოსახული. მაღლები იყვნენ, დიდი კუნთებით და ლამაზი იარაღებით. ხელთათმანიანი მუშტი გამომიშვირა და მეც რომ მუშტი მივურტყი, სახე კმაყოფილი ღიმილით გაებადრა, მანიშნა, მოიცადეო და შიგნით შებრუნდა. მალევე გამოვიდა და დიდი ბოთლით წყალი და მუქი პაკეტით რაღაც გამომიტანა. ასეთ წყალს მხოლოდ ფრანსუას მეზობლად მცხოვრები ოჯახი სვამდა და მათ მიერ ნაგავში გადაგდებულ ბოთლებს გულმოდგინედ ვდარაჯობდი ხოლმე. არაფრით არ ჰგავდა ჩვენს წყალს, რაღაცეები რომ დაცურავდა შიგნით. ყოველთვის თვალდახუჭული ვსვამდი, რომ არ დამენახა, რისი გადაყლაპვა მიწევდა. ჯარისკაცმა კი მთლიანი, კამკამა წყლით სავსე, გაუხსნელი ბოთლი მომცა. გახარებულმა ბოთლიც ცელოფანში ჩავდე და სახლისაკენ გამოვიქეცი, სანის დავალევინებდი წყალს. ცელოფანში ძალიან გემრიელი ფუნთუშა და ძეხვი აღმოჩნდა. ასეთი გემრიელი რამ არასოდეს მეჭამა.
სანამ სანი ჩემს მოტანილ ფუნთუშას შეექცეოდა, მე ჩემს რუკასთან დავიჩოქე და დროშების თვალიერება დავიწყე. საქართველო ეწერა დროშის გასწვრივ. რამდენჯერმე გავიმეორე ეს სიტყვა და ვცადე დამემახსოვრებინა.
          მეორე დღესაც იქით გავიარე. ის მაღალი ჯარისკაცი აღარ იდგა, ამჯერად სხვა იყო, მაგრამ ისიც ისევე იღიმებოდა და ლამაზად ლაპარაკობდა, როგორც მისი წინამორბედი. მეც თამამად მივუახლოვდი, მის მკლავზე მიკრულ დროშაზე თითი დავადე და საქართველო თქო, ვუთხარი. თვალები გაუნათდა. რაღაცა მითხრა თავის  ენაზე, მაგრამ ვერ მივხვდი.
            დღე ისე არ გავიდოდა, იქით არ გამევლო. ჩემი ნება რომ ყოფილიყო, სულ მათთან ვიქნებოდი, მაგრამ სანის ქირა გადასახდელი მქონდა. ეს ჯარისკაცები კი იმდენად კარგები იყვნენ, მათზე რამის თხოვნა მერიდებოდა. თვითონაც რომ მაძლევდნენ რაღაცას, ისიც მრცხვენოდა ხოლმე. ვერ ვხვდებოდი, ასე რატომ მემართებოდა. ნელ-ნელა მათი ენაც შევისწავლე და უკვე ცალკეული სიტყვებით და ფრზებით ვაგებინებდით ერთმანეთს. სახელებიც უცნაური და ძალიან ლამაზი ჰქონდათ.
იქ, ჩვენს შეკრების ადგილზე ერთი ბიჭი იყო, ისიც ჩუმი, უთქმელი და მორიდებული. გადავწყვიტე, ისიც წამეყვანა ჩემს ახლადშეძენილ მეგობრებთან. ძალიან გაუხარდათ, ორი რომ დაგვინახეს. ვისხედით და მათ ენაზე ვმღეროდით ხოლმე. ძალიან ლამაზი სიმღერები ჰქონდათ. ისე შევეჩვიეთ ერთმანეთს, სახელებიც კი დაგვარქვეს მათებური - მე ხვიჩას მეძახდნენ, ჩემს მეგობარს კი გოჩას. არასოდეს გაგვიშვებდნენ ხელცარიელებს. როცა გაიგეს, რომ პატარა დაიკო მყავდა, ერთ დღეს ერთი ჩანთა ბავშვის ტანსაცმელები და ფუმფულა სათამაშო დამახვედრეს.
          მივიდოდი ხოლმე, დავწვებოდი ჩემს ფარდაგზე და აღარ ვტიროდი. შევცქეროდი ვარსკვლავებს და ვოცნებობდი, რომ ჩემი კეთილი და ძლიერი მეგობრები მე და სანის წაგვიყვანდნენ მათ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობდა ძალიან კეთილი ხალხი და გული მიფართხალებდა.
          ერთ დღეს, როდესაც ჩემს მეგობრებს შევუარე, მითხრეს რომ მალე საკუთარ ქვეყანაში ბრუნდებოდნენ. მათ მიერ მოცემული წყალი და კანფეტები აღარ წამიღია. მკვდარივით მივლასლასდი, დავეგდე ჩემს ფარდაგზე და გულამომჯდარმა ვიტირე. დედას და მამას მონატრებას ჯარისკაცებიც დაემატებოდა დღეიდან. დილით, აეროპორტში მივედი. ვიცოდი, გამომშვიდობებას მაინც შევძლებდი და მინდოდა ჩემი მეგობრებისთვის ხელი დამექნია. დავემშვიდობე, წამოვედი და პატარა ქართული დროშა წამოვიღე,რომელიც მათ დამიტოვეს. ეხლა, როდესაც დასაძინებლად ვწვები, ამ დროშას გულში ვიკრავ და ისევ იმ იმედით ვიძინებ, რომ ოდესმე ჩემს მეგობრებს ისევ შევხვდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები