ნაწარმოებები



ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
12 თებერვალი, 2018


პასტორალი

    სოფელში შებინდებული  იყო რომ ავედი,  დამხვდა დედაჩემი,  უფროსი ძმა, რძალი და ძმიშვილი.  ჩახუტებების  შემდეგ  ძმამ საქონელი არ მოვიდა სახლში,  უნდა მოვძებნოო და ფარნით ხელში სოფლის შარას აუყვა. წამოვალ-მეთქი, კი დავუძახე, მაგრამ შორს არ იქნებიანო, იუარა.
მოვიკითხე ოჯახის წევრები,  ვისაუბრეთ აქეთური-იქეთური,  მგლების ამბებიც დავინტერესდი,  მომრავლებული არიან, გორმაღალში კაცს კვიცი შეუჭამა, წიფნარაზე ხბო, სერზე  კი ძროხა დაგლიჯესო... ვერაა მთლად მშვენიერი ამბავი. ხალხური ლექსი, ,,სერზე რომ სამი მგელი მიდიოდა, ტუჩმოკლე და კუდაგრძელი“, მშვენიერია,  მაშინ მეგონა მართლ სერზე, ჩვენ მეზობელ სოფელში  მიდიოდნენ მგლები, რომლის სრული სახელი საჭამიასერია, მაგრამ ეს ლექსშია მგელი  კარგი და მულტფილმში,  საწყალი,  გაწამებული რომ ჰყავს კურდღელს, მაგრამ ძროხას რომ შეგიჭამენ,  მაშინ კაობის ვერას იტყვი. თან  ეს სოფლები სულ ჩვენი მეზობელ სოფლებია.  მგელს რა თქმა უნდა გეგმა ვალდებულებად არ აქვს მაინც და მაინც იქ ინავარდონ თუ  იმგლონ,  მით უმეტს არც ვიზა სჭირდებათ და არც ვიზალიბერალიზაცია და კოხნარში შემოხეტებას ვინ აუკრძალავს. გარეთ გამოვდივარ,  ამასობაში უფრო ჩამობნელდა, უმთვარო ღამე იყო, ნუგზარა-მეთქი, სიბნელს გავძახე,  სიჩუმე მპასუხობს მხოლოდ, ისიც სიჩუმით.  კიდე დავიძახე და ისევ სიჩუმე.  მერე იაპონელის თბილისში სტუმრობა  გამახსენდა, ადრინდელი პერიოდია, ბრინჯაოს ან ნეოლითის არა, მობილურამდე პერიოდი, ხოდა თბილისში, ერთ ორგანიზაციაში იაპონელი სტუმრობს, იქ მეორე ოთახში ქუთაისი, ქუთაისიო, ბოლო ხმაზე ყვირის ვიღაცა. რა ჭირსო იმ იაპონელმა, ქუთაისს ელაპარაკება და ვერ აგონებსო, - უპასუხეს. მერე ტელეფონით დარეკოსო, - იცინის ის. ჭკვიანი ხალხია იაპონელები, მეც ტელეფონით ვურეკავ ძმას, სად ხარ-მეთქი.  ზაურიეს სახლის  გადაღმა ვარ, ჭრელა ვნახე, ლამაზა ვერაო. მეც წამოვალ-მეთქი. არ გინდა მარა თუ წამოხვალ ბაწარი წამოიღეო. ,,არ გინდა მარა, თუ წამოხვალ...“  - მაგარია. წავალ ნუგზარის მივეხმარები-მეთქი.  რძალი მეუბნება, ფანარი არ გვაქვს მეტიო, ვენაცვალე კორეელებს, სამხრეთელებს, ჩრდილოეთი ატომურ ბომბებს ამზადებს მხოლოდ მგონი. ჩემი  სამსუნგის ფარნის შუქი ვარსკვლავებამდე აწვდებოდა  უღრუბლო ცა რომ იყოს ახლა. ნეტა,  იქ  რომელიმე ვარსკვლავზე თუ დაძრწიან ახლა მშიერი მგლები.  მაღალყელიან რეზინის ჩექმებს, ჩენებურად  ,,ვალინკებს“  ვიცვამ და მეც გზას ვადგები.  ანდრია, ძმიშვილი მეუბნება, მეც წამოვალო. აბა სად წამეყვანა, მეც არ ვიცოდი სად მივდიოდი, თან ღელეებში ანდრიას ხელა ლოფოებია ახლა.  არა, სახლს, დედას და დედიკოს მოუარე-მეთქი,  ოჯახში დავტოვე  უფროსად.
სოფელში ღრუბლიანი ღამე  მოსაწყენია, არადა რა მაგარია უმთვარო და უღრუბლო ღამის ცა,  ქალის    ჭორფლივით მიყრილი  ვარსკვლავები, თან ერთ  გაყოლებაზე, ოქროს სარტყელივით რომ აქვს გადაჭდობილი.  ჭორფლიან ქალსავით ლამაზია ცა. როგორ ამბობდა ტიციანი: ,,საქართველოში ყველა ჭორფლიან ქალს საკუთარი ჰყავდა პოეტი“. კანტის სიტყვებიც მახსენდება, ორი რამ რო აოცებდა, ვარსვლავებით მოჭედილი ცა და მორალური კანონი საკუთარ თავში. არ გამიმართლა ერთი დღით ვარ სოფელში და მაშინაც დამემალნენ ვარსკვლავები, ალბათ  იფიქრეს ციდან არ მოგვხვეტოსო,  მაცალონ მაგათ. 
გადავიარე  ამასობაში კეშელავნებისკენ გამავალი კოხნარაზე გადებული ხიდი, ბავშვობის სიზმრებში აქედან ტანკებით  გვიტევდა მტერი, მე ფრონტის სარდალი  ვიყავი და  რამდენიმეჯერ ავაფეთქეთ კიდეც თავდაცვის მიზნით ეს საწყალი ხიდი, მაგრამ კარგია ახლა მყარად დგას. ავიარე აღმართი, ზაურიეს სახლიც გამოჩნდა, ცოტა მოშორებით სინათლე ჩანს.  ნუგზარი-მეთქი, ვუძახი. აქ ვარო. მივედი ახლო.  დგას ჭრელასთან ერთად. კომბლე რომ არის, ანიმაციური  ფილმი, ზუსტად იმის გმირს მაგონებს ჭრელა. ვაკვირდები,  ტანით სახლისკენაა, მაგრამ  კისერი უკან მიუბრუნებია და დრო და დრო  სიბნელეს უბღავის.  მეორე ძროხას, ლამაზას ეძახის  ალბათ, დად ეკუთვნის ის. ნუგზარის ბაწრებს ვაძლევ, ორი რად გინდოდაო, მეუბნება. ძროხა ხო ორია-მეთქი.  ამას რად უნდა ბაწარი, მისით წავა სახლშიო, ის ლამაზაა უტვინოო.  მისით  მე ვერ ვაგნებს სახლს, - ვფიქრობ, თქმით არაფერს ვამბობ. მეორე წამოვიყვანოთ გიგაურის სახლთან ყოფილა ჩიხში მომწყვდეული, დამირეკაო.  ძროხა ვერ დაურეკავდა, გიგაურმა დაურეკა ალბათ.
წავედით ზუსტად იმ მიმართულებით, საითკენაც კისერი ჰქონდა მიღრეცილი  ჭრელას, რაღა ჩინელების მიერ გამოგონილი  კომპასი და რაღა ჭრელა, ისე ძროხა ეძახე შენ და ინდოეთში ღმერთადა ჰყავთ. ერთი კი ვუთხარი, დაგვება, ესეც საძებნი არ გაგვიხდეს-მეთქი, მაგრამ არაო, არ უნდა ამას დაბმაო. ვერ ვეპასუხები, ავტორიტეტია ჩემთვის. ჭრელასთვის რამდენადაა ვტორიტეტი ვერ ვიტყვი, ერთი კი უთხრა  წადი სახლშიო, მაგრამ დიდად არ შეუწუხებია  თავი, უკან სიბნელეს  მიბღავის ისევ. დის მიტოვება არ სურს ალბათ.  დავტოვეთ ჭრელა,  ჩვენ ჩავყევით  ღელეს, მეორე ნაპირზე უნდა გადავიდეთ ისევ, სადღაც აქ გასასვლელია,  გავყევით  ბილიკს, მივადექით საკმაოდ მოდიდებული  კოხნარას ნაპირას მაგრამ გასასვლელზე მეწყერი დაგხვდა ჩამოწოლილი და ისეთი ფრიალო ქარაფი იყო გადასალახი, კლდის ვეფხვს, მიხეილ ხერგიანსაც გაუჭირდებოდა ალბათ ასვლა წრიაპებით. დავბრუნდით ისევ უკან, მეორე ბილიკს მივყვებით, იქვეა ის ეზო, სადაც მეორე ძროხა გვეგულება.  უკან,  ხიდთან რომ დავბრუნდეთ და იქედან შემოვუაროთ,  ერთ საათს დროს დავკარგავთ.  ჩავდივართ  მეორე ბილიკით ისევ მდინარის ნაპირთან, წინ ჩემი ძმა მიდის. უკან მე,  რაღაც ხმა მესმის უკნიდან, ვატრიალებ  ჩემს ფანარ-ტელეფონს და ვხედავ შორი ახლო ორი თვალი ანათებს ნაკვერჩხალივით. უიმე დედა, - გამისკდა გული,  მგელი  მგონია. ის იყო ვიყვირე, არიქა, მგელი-მეთქი, ვიცანი, ჭრელა აგვდევნებია ლეკვივით. მე კი გამისკდა გული.    მომაბღავლა, მიხვდა ალბათ რომ შევშინდი,  მოვითქვი  სული, დავივიწყე ინდოეთიც და ბანგლადეშიც, შენ არ გაგისკდა ფაშვი, შე მართლა ძროხა, რა გამისკვლიცე გული-თქვა, დავუწყე ჩხუბი.  მიყურებს  გაკვირვებული.  ძმას ვეუბნები, მოვიბათ ბაწარზე, ისე წავიყვანოთ-თქვა, არ უნდა მაგას ბაწარიო, ჭკვიანი ძროხააო, მეორე არის სულელიო. ზარს  რატომ არ უკეთებ-მეთქი, დავუწუნე საქონლის ეკიპირება. აქვს მეორეს.  თუ ახლო-მახლო არის სადმე წესით ზარის ხმა უნდა გაგვეგო მაშინ, თან ჭრელა თუ უბღავის,  ნეტა იმ ძროხას ანგინა აქვს, ყელი ტკივა, ერთხელ ხო უნდა გასცეს დას ხმა თუა სადმე ახლო-მახლო,  მაგრამ აქ კოხნარას  ღუღუნი ისმის მხოლოდ. 
ჩავედით ამასობაში  მეორე  გასასასვლელთან, ის აკაციის სარებით დაგვხვდა გადაღობილი, ფრენა არ ვიცით, სამწუხაროდ -  არც ჩვენ არც ჭრელამ.  სხვა გასასვლელის ძებნის თავი არ გვაქვს, დავიწყეთ ღობის დაშლა. გვიყურებს ჭრელა  გაკვირვეული და თან გვიბღავ-გვიზმუის რას შობით, რომ მიადექით  და შლით ამ სხვის ღობერს, თქვენი გგონიათ, სინდისი თუ გაქვს თქვენო თუ რა ვიცი რას გვეუბნება.  დავშალეთ ღობერი, ისე რომ ჩვენც გავტეულიყავით და ძროხაც. ადრე ხო თვითონ მოგვდევდა, ახლა ჩვენ ვეხვეწეთ წამოდიო, არ ქნა არაფრით, ნაბიჯი არ გადმოდგა ჩვენსკენ, პირიქით აბრუნდა უკან, ბღავილ-ბღავილით, თქვენ ხო ხალხი არ ხართო,  გვიძახის ალბათ უკვე გიგაურის ეზოში ჩასულებს. მერე თანდათან მიიკარგა ხმა.  წავედით  გიგაურის სახლისკენ.  მეორე ღობერი სადაც იყო, ხის ძირში ლამაზაც დავინახეთ -  იდგა როგორც ძეგლი, ძროხას ძეგლი თუ დაუდგეს სადმე, ალბათ  ექნებათ  ინდოეთში, არადა საქართველოშიც ეკუთვნის, ყველ-რძე-ქარაქის ქარხანაა. ვლანძღე და ვთათხე.  ნუგზარმაც არ დააკლო საყვედურები, სახლი ვერ  უნდა გამოაგნოო,  კი იქნია კისერი და აახმიანა ახლა ზარი  და მოგვაზმუვლა,  მაგრამ რას ამბობდა ვერ მივხვდი.
დავაბით  ბაწარი, მოგვყავს ლამაზა, თან ვფიქრობ ვერ არის ლამაზი საქმე, ახეტიალო კაცი ტყე ღრე, მოდი რა დროზე  სახლში. წამოვედით უკან იმავე გზაზე, ის ღობეც ჩავაკეთეთ, ჭრელა არჩანს არსად, ,,მოო, ჭრელაა, მოო-თქო“ -  კი ვეძახე, მაგრამ არ გამცა ხმა.  სახლში იქნება ახლა უკვე ისო, - მეუბნება ძმა. წამოვედით შარა-შარა, ხან გზები ჭიშკრებით გვხვდება გადაკეტილი. კი მარა ამ ჭიშკრებს გადააფრინდებოდა-თქო, ნუგზარის ვეუბნები.  ის ამ გზით არ ავიდოდა, ღელე-ღელე წავიდოდაო,  მეუბნება  - კაცს ასე ძროხის სჯეროდეს არ მინახავს ჯერ.  მოგვყვება უკან ლამაზა, ხმას არ იღებს, სსცხვენია ალბათ. რაღაცნაირად მისი საქციელის გამართლებაც მინდა მოვძებნო, ალბათ  იმიტომ არ გვცემდა ხმას, მე ვეღარ მოვდივარ და შენ მაინც წადი სახლში, ჭრელას ეუბნებოდა-მეთქი, - იცინის ნუგზარი,  მაგრამ არ ამბობს არაფელს, ხოდა უთქმელობით მივხვდი,  სხვა დროსაც დააშავა რაღაცა ლამაზამ. კანტის სიტყვებს ვიხსენებ ისევ, ვარსკვლავები გასაგებია,  საინტერესოა რა მორალური  კანონები არის ძროხაში... მავნებელია ბევრი ფიქრი,  რადიოს ვრთავ  ჩემს ,,სამსუნგზე“.  ,,ლამაზი ქალი მაინც სხვისია“ - მღერის  ოთარ  რამიშვილი,  ჩვენებური  კაცი, ორი სოფლის იქეთაა მისი  სოფელი, მაგრამ სხვა სოფელშია ახლა, ასე მგონია რომელიღაც ვარსკვლავიდან  გვიყურებს  კანტთან ერთად და  ღრუბლების მიღმაც გვხედავს...  ,,ლამაზა ძროხა მაინც ჩვენია"- ვპასუხობ მე,  მერე მაინც ჭრელა მახსენდება  და  რადიოს  ვთიშავ...
  ეზოში უკანა მხრიდან შევედით, მანამდე  ერთი-ორჯერ კიდევ შევძახე  სიბნელეს,  სად ხარ ჭრელა მეთქი, მაგრამ ,,არსაიდან ხმა არსით ძახილი“. შევედით  ბოსელის კარი ღია იყო,  შევანათე ფანარი, პირველი რაც დავინახე იყო, ხბოები იყო,  ერთი ჭრელას გავდა, ისიც ჭრელი იყო დედასავით,  მეორე ლამაზას ჰგავდა.  მერე თვითონ ჭრელაც დავინახე,  დამდგარიყო იქ სადაც ჩვეულებრივ აბამენ და გემრიელად მიირთმევდა ჩალას...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები