ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ჰეტსონ
ჟანრი: პოეზია
12 თებერვალი, 2018


* * *

დანიშნული  იყო დრო. და ნიშნული ადგილი.
ბორდიურზე ვიჯექი, ვუყურებდი ნაპირებს.
და ვიცოდი ლოდინი არის უფრო ადვილი
როცა არავის ელი და არც წასვლას აპირებ.

ვიჯექი მე, გონებით გადასული სხვა მხარეს,
ვიდრე გამოჩნდებოდი და გახსნიდი იარებს.
და მე ვგრძნობდი შენ სურნელს, უცნაურს და სანატრელს
როგორც ნექტარს, ყვავილის გამოწურულ სინაზეს.

და ნიშნული დროა და დანიშნული ადგილი.
გელოდები. უშენო  დღეები მაქვს თავდებად.
ახლა ვიცი ლოდინი არ ყოფილა ადვილი
როცა გიყვარდება და როცა ღამე მთავრდება

ვიწყებ წერას. ასეთ დროს შვებაა და იმედი.
და ამ ლექსში ვაგროვებ ჩემს თავს, ნაწილ-ნაწილად.
ჩანს თუ როგორ ვეწამე, ანდა როგორ ვითმენდი
ჩემს თავს, შენში დაკარგულს, უმზეოს და ნაწვიმარს.

ეს ლექსია ალიბი, და ნიშნული სათავის.
ჩემთვის აპოგეაა, სხვებისთვის კი მადლია.
ეს ლექსია საკანი, და დილეგი ამ თავის.
გელოდები. და ვიცი დასასრული ადრეა.




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები