ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: ქეთი გაბინაშვილი
ჟანრი: პროზა
13 თებერვალი, 2018


სიმინდის გამყიდველი

-სიმინდიიი, აბა, ცხელი სიმინდიი! გარიაჩიი კუკურუზაა! - ზედმეტად ქართული კილოთი გაჰკიოდა სანაპიროზე მოლეული გოგო და ძლივს მიათრევდა თავისზე მძიმე ქეთლებს. მზე კარგად ამოწვერილიყო, უკვე სამიც იქნებოდა. მიწა ცხელი იყო და დამწვრობისაგან კეფას ვეღარ ამოძრავებდა. ამ საქმეში ყველაზე რთული მზეა, მზე, რომელიც ხორცს  სტკენს, დაბებრებულ, დამწვარ, დაბუშტულ კანზე ტანსაცმლის  შეხება გაუსაძლისი ხდებოდა.
  დღეს განსაკუთრებით ცუდი დღეა, 5 ტარო გაყიდა, ანუ 2,50 თეთრი დარჩება, ეს ძალიან ცოტაა იმ ტკივილისთვის, რასაც გრძნობს, მაგრამ კიდევ უფრო ცუდი ვალად აღებული სიმინდია. მოხარშულ ტაროს უკან აღარვინ დაიბრუნებს, აუცილებლად უნდა იშოვოს ფული. ვერ შეჩერდება, გზა უნდა გააგრძელოს, გზა კი ძალიან რთული გასავლელია.
-სიმინდი, სიმინდიიი, გარიაჩიი კუკუურუზაა,- ყვირის ძალაგამოცლილი ხმით. ყელიუშრება, რა იქნება ახლა წყალი, ჭირხლმოდებული, გაციებული ბოთლიდან, როგორ მოიყუდებდა, როგორ მოიკლავდა წყურვილს.
  სანაპიროზე მასავით ბევრი დადის. ცივი სასმელები კარგად გადის ზღვაზე, მაგრამ ძვირია, საკუთარი სიმაოვნებისათვის 1 ლარი ძალიან ბევრია. 1 ლარი ძალიან რთული საშოვნელია, ერთი ლარის გამო შესაძლოა სანაპირო ზოლის გავლა 10-ჯერ მოუწიოს, არა, მოითმენს, გაძლებს, ეს ოხერი ზღვის წყალი მაინც ისმეოდეს. დალევდა, პეშვს აივსებდა აქაფებული წყლით და დაეწაფებოდა. ბავშვობაში მამა ასე ასმევდა წყაროს წყალს.
  წყაროს წყალი ცივი იყო და ზამთრის ცასავით სუფთა, მამას დიდი ხელები ჰქონდა, დათვის ტორებივით ძლიერი, გადაიხრებოდა მთის ძირას გამომავალი წყაროს პირს შუეშვერდა პეშვს. მუჭი კამკამა წყლით ივსებოდა და მერე თავს რომ წარგავდა წყალში, ცხვირის წვერი უსველდებოდა და წყლის წვეთები სახეზე უღიტინებდა. მამა ხელებს განზე შლიდა, დარჩენილ წყალს მიწაზე ღვრიდა და ხელზე შერჩენილ წვეთებს სახეზე ასხამდა. კარგი დრო იყო, წყალი მაინც არ იყო ძნელად საშოვნელი, წყურვილის მოკვლას ფული არ სჭირდებოდა. ფული კი არასოდეს ჰქონდა მამას, მაგრამ ის, რაც მას ჰქონდა, გაცილებით მნიშვნელოვანი იყო. იყო მთა, იყო სახლი, იყო ოჯახი. იმ სახლს ჰქონდა ეზო, ეზოში იყო ძაღლი, ძროხა, ქათმები და სამი ცხვარი. ცხვრებს ჰქონდათ პატარა, კულულა ბეწვი და დილაობით, სანამ მამა სადგომის კარს გაუღებდა და საბალახოდ გაუშვებდა, სასაცილოდ ბღაოდნენ - ბე, ბეეე. მერე ცხვრები მთის ფერდობზე წიწკნიდნენ ბალახს და ძაღლი ყეფა-ყეფი დასტრიალებდა თავს.
  ფულზე ფიქრი არ სჭირდებოდათ, ფული არ იყო ღირებული. ის, რაც იყო ფულამდე, ერქვა ბედნიერება. არც მაშინ, როცა მამა საკუთარი პეშვიდან ასმედა წყალს, და არც მაშინ, წათხიდან ამოღებულ ყველსა და დედას გამომცხვარ ცხელ შოთს ჭამდნენ თონის პირას, წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ეს ბედნიერება იყო, რომ მოვიდოდა დრო, როცა ეს დღეები მოენატრებოდა. ის, რაც იყო მთის პატარა სახლში ყველაზე მნიშვნელოვანი, მხოლოდ მაშინ დაფასდა, როცა აღარც დედა იყო, რომელიც შეწითლებული ლოყებით აკრავდა შოთებს გავარვარებულ თონეში, აღარც მამა, რომელიც ცხვრებს მწყემსავდა და აღარც სახლი, რომელშიც ცხოვრება მიდიოდა მშვიდად.
  სიმშვიდე ძველი ცხოვრებიდან ყველაზე მეტად ენატრება. და ხანდახან, როცა ცხელი ქვიშა ფეხისგულებს ისე სწვავს, რომ ნაბიჯის გადადგმა ეძნელება, ფიქრობს, თუ კი მის შვილებს, ბაზრისპირა ფარდულში რომ ელოდებიან მშივრები, გაზრდა დასცალდათ, რა შეიძლება მოენატროთ ძველი ცხოვრებიდან. ისინი ალბათ საკუთარ თავს ბავშვობის დავიწყებას აიძულებენ, მათ ალბათ შერცხვებათ საკუთარ დედაზე საუბარი, დედაზე, რომელიც მზისგან დამწვარი კანის დასამალად, მამისპერანგმოცმული დადიოდა სანაპიროზე და სიმინდს ყიდდა.
    ბავშვების გახსენებაზე შიმშილი გაახსენდა, შიმშილზე ფული და აყვირდა განწირული, დაღლილი ხმით:
-სიმინდი, სიმინდიიი, გარიაჩიიი...
-ეი, სიმინდი, მოდი აქ, - გასძახა  ბიჭმა. იმედი გაკრთა გულში, ეშველა, გაუმართლა, იქნება გაყიდოს, იქნება საღამოს პურის მიტანა შესძლოს სახლში. საგულდაგულოდ, საუკეთესო ტაროები ამოარჩია, გულიანად მოაყარა მარილი და სანამ ბიჭი ხურდებს ეძებდა, იქვე შეზლონგზე, უდარდელად გაწოლილმა გოგონამ სათვალის ქვემოდან გამოიხედა და უკმაყოფილო სახით შეათვალიერა გამყიდველი.
-აუუ, არ მინდა, - ხელი წაჰრა ბიჭს,- თეთრი ქალისგან ვიყიდოთ რა, ეს რაღაცნაირია, ბინძურს გავს!
  ცივად დაუბრუნა ნარჩევი ტაროები ბიჭმა. სიმინდის გამყიდველმა დილიდან დაღამებამდე მზის გულზე წანწალისაგან დამწვარ ბეჭებზე დამცირებითა და შეურაცხყოფით სავსე ტმარა მოიკიდა, სიმძიმეების ტარებისაგან მაიმუნივით დაგრძელებული ხელები ცხელი ტაროებით სავსე ქეთლებს დაავლო და ნამსხვრევებად  ქცეული  ხმით აყვირდა:
-სიმინდი, ცხელი სიმინდიიი, გარიაჩიიი კუკურუზააა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები