ნაწარმოებები



ავტორი: რობერტ მესხი
ჟანრი: პოეზია
24 თებერვალი, 2018


დილა ქალაქში (სურათი)


ჩვენი მდინარე არაფრით ჰგავს თეძოგანიერ დუნაის,
ვერც ანგელოსების სარკედ გამოდგება,
ვერც აკვამარინის სილურჯით დაიკვეხნის.
თუმცა, თებერვლის თბილ დღეებში,
გამთენიისას,
მის ხეობაშიც ჟღერს კლასიკური მუსიკა -
შტრაუსი (მამა).
არეულად სხდებიან შავფრაკიანი შაშვები:
ჩელო,
ვიოლინო,
ალტი,
ფლეიტა,
კლარნეტი,
ჰობოი (სიმებიანი თუ ხის ჩასაბერი ინსტრუმენტები);
საყვირი,
ვალტორნა,
ტრომბონი (სასულე საკრავთა ჯგუფი) -
და რთული მისახვედრია სად დგას დირიჟორის პულტი,
დგას თუ არა საერთოდ!..
გენერალური რეპეტიაცია დაწყებულია,
მსმენელ-მაყურებელი - შეკრებილი.
ვარდისფერ თვალებს აფახულებენ საგანგებოდ ამ წარმოდგენისთვის გამოპრანჭული ნუშები,
ცერებზე დგებიან შარშანდელი ფოთლებიდან
სულ ახლახან გამომძვრალი გაზაფხულის მახარობლები -
კროკუსებსაც უყვართ შტრაუსი.
რიკულებიან სამაჯურს ისწორებს მდინარე.
მზე და როხროხა „მაქსიმუსი“ გადმოდიან ხიდზე,
მეზობლის ძაღლია „მაქსიმუსი“,
სულ ფეხზე ჰკიდია კლასიკური მუსიკა,
„აფ“ და,
ფართქალით მიფრინავენ გულგახეთქილი მუსიკოსები,
კონცერტის პარტიტურას მდინარეში ყრიან,
მიაქვს მერე მდინარეს პარტიტურა,
დაწნულ აივნებზე გადმომდგარ მანდილოსნებს უკითხავს,
მშენებლებს და მეეზოვეებს უკითხავს,
სკოლაში მიმავალ გოგო-ბიჭებს უკითხავს,
სტუდენტებსა და პროფესორებს უკითხავს...
და -
ასე
იღვიძებს
ქალაქი!..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ოთარ რურუა, იოჰან ხევსური ვულოცავთ დაბადების დღეს