ნაწარმოებები



ავტორი: მაგდალენა ბეი
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2018


*** (ჩიტებს)

ყველამ ამ თვალებთან
როგორ უნდა მოიკლას თავი
და თანაც მაშინ,
მზე რომ თაფლიანს ილოკავს თითებს
ივლისის ხვატში
და სახატეთიც დაცლილია მლოცველებისგან,-
ნადი აქვთ მთაში.

ქამარში წალდი გაურჭვიათ სოფელში კაცებს
და ალესილი ისინჯება პირი ცელური
და მოცელილი ბალახების წყება და წყება
გულზე მაწვება.

მწველია ეს მზე.
თივის ზვინივით მძიმეა დილაც.
სიფრთხილე მიცავს ან
ვერ მიცავს,
შუქი ჭრის თვალებს
და ვამჩნევ, ვხედავ,
ფრთები რა ლაღად გაუშლია
ცაში მოლაღურს
და გულუბრყვილო თვითმკვლელობა
ნისკარტით მოაქვს
ქარდაქარ ისე,
როგორც გალობა და ბუმბული
ახლა ჰაერში.

მწველია ეს მზე.
ახლოა მიწა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები