ნაწარმოებები



ავტორი: დარინა
ჟანრი: პოეზია
27 თებერვალი, 2018


უღონო სიყვარული

როცა სახლები ფანჯრების თვალებს
ხუჭავენ, მაშინ სულ შენზე ვფიქრობ.
ახლოს არა ხარ, მაგრამ, მე მაინც
სადაც ხარ, ფიქრით გეწვევი იქ, რომ,
შემოგეხვიო მაგ მაღალ ყელზე
და გავინაბო სანატრელ გულთან.
მერე კი გითხრა, რასაც ვერ შევძლებ
უძვირფასესის გარდა, სხვას ვუთხრა.
მინდა, შეგჩივლო, რომ მახრჩობს დარდი
და შენი ლანდიც მტანჯველად დამდევს.
თუმც, ზამთარივით გადამიყვარდი,
ზოგჯერ სუსხივით გაატან ძვლამდე
და ყველგან გხედავ: შინა თუ გარეთ,
დახუჭულ თვალშიც მზესავით ატან.
მთელი ძალ-ღონით ვიბნელებ თვალებს,
გარიდებ გულს და
ფიქრსაც ქარს ვატან.
მერე აცილებს დღის ნათელს ღამე,
რომ სახლებს მძიმე მოჰგვაროს რული
და ჩათვლემილი ფანჯრების მიღმა
უღონოდ ახელს თვალს... სიყვარული.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები