ნაწარმოებები


ნეფერტარის “ბედუინი“ 15 აგვისტოდან წიგნის მაღაზიებში გამოვა, მსურველებს შეგიძლიათ შეიძინოთ     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
3 მარტი, 2018


წირპლიანი გიგოლა

      სადაც წირპლიანი გიგოლა გაივლის ზინყზე სცემს ყველაფერს. ქვა ქვაზე არა რჩება, ბდღვირს ადენს სოფლის გზასაც, ჯაგავს რაც კი შეხვდება წინ: ძაღლი, კატა, ქათამი, მოხუცი თუ ბავშვი. არ უყვარს  არავის სოფელში, მისი გამოჩენა ეშმაკივით აშინებს  დიდსა თუ პატარას. იქნება დრომაც მოიტანა ზედმეტი შიში, კანკალი და სიბეჩავე. სოფელ-ქვეყანა არეულობს. „მოძმე“ ქვეყანა  იწევს  და იწევს  საქართველოსკენ, ფეხი ლამის გლეხების ბოსტანშიც კი  უდგას, ვენახში, წისქვილში, მარანში, ეზო-კარში, ოჯახებში. ხალხის ფიქრსაც აკონტროლებს და გონებასაც.
წირპრლიანი გიგოლასავით  თითო-ოროლა  დამსმენელი ქვეყნის  ყველა ქალაქს, ყველა დაბასა და სოფელს ჰყავს.  ღობემძვრალა, ჭინჭრაქა ჩიტივით დაძვრება გიგოლა კარდაკარ, ვისაც აითვალწუნებს  ან თავისი ჭკუისთვის საჩოთირო სიტყვას გაიგონებს  დაასმენს.
      გიგოლა, კოჭლი ანოს  ერთი პირდაუბანელი, თმააყრილი, ენაბრგვნილი ნაბუშარია. ზამთარ-ზაფხულ წირპლი აქვს  შემხმარი კილოებსა და წამწამებზე. მზის სინათლეს ვერ ენახვება, ხელებზე, თავზე, იდაყვისა და  მუხლების სახსარში კანი ექერცლებაა და სცვივა.  თითქმის იმდენი წლის ქოლგა უჭირა რამდენი წლისაც თვითონაა. ქოლგა ხან სიცხეს ეფლითა, ხან წვიმასა და სეტყვას.
    ჯერ კიდევ ჟინაშლილი მარტია.  ხან იწვიმებს და ხან ფიფქს გამოურევს.  წელს აღდგომამაც მარტში მოატანა. მაგრან მაინც ხომ  გაზაფხულია,  სიმარტოვის დამფრთხობი გაზაფხული. ხან რომელი ხის კვირტიდან გამოიჭყიტავს, ხან რომელი ხის ჩირთიდან  გაიკრიჭება. სადღაა გულის ღონება და ნაღველი. გადაიწმინდა ცა ყვავებისგან, ჭივჭავებისგან, გადაიხსნა გულიპირი, გაუნათდა გუნება. გააძრიალა  ცისკარმა  ჟრიალი და ჟრიკჟრიკი.  ნისლები დარაიებად შემოეხვივნენ გარშემო სოფლის საყდარს,  ალბათ არქანგელოზები  უხილავად რომ გამოვიდნენ, სოფელმა რომ თვალი ვერა ჰკრას.  სადაცაა დასრულდება სააღდგომო ლიტანიობა, ხალხით ივსება საყდრის ეზო, ნელ-ნელა იკრიბებიან საყდრიდან  და ქუჩდებიან იქვე ეზოში ზოგი ცოტა დაფეთებული, ზოგი - საქციელწამხდარი, ზოგი -  ნირწამხდარი, ზოგი - ზურგწამხდარი. იციან საცაა ამოივლის აღმართს  წირპლიანი გიგოლა თავისი ქომაგებით, გაბედულად  მიადგამს კიბეს საყდარს, არც ჩაიხედავს  თომა მღვდლის საფლავივით ღია თვალებში, რაში ენაღვლის რამდენადაა მოკეცილი ეს ვეება  კაცი, არც აინუნში მოუვა სოფელი.  ავა, ავა, აინავარდებს  ზევით - ზევით, გუმბათისაკენ, აძვრება და ჯვარს ჩამოაგდებს, მერე ალბათ გაავერნებენ აქაურობას, ან საჯინიბოდ აქცევენ ან საწყობად.
დგანან კაცები მიტკლისფერები და სიბრაზის ოხშივარი ასდით უღონობისგან, თავები თითქოს ღრმა ხევში აქვთ ჩაკიდებული და რაღაცას კი ჩაჰყურებენ....
დგანან ქალები  პირზე ხელაფარებულები და ქოლავენ ისედაც ჩაქოლილ გიგოლას :  -ეგ ქვეყნის მიშკინა, ეგა!
-ეგ შხამნაწოვი!
-ეგ შავი გველის წიწილა!
- გველხოკელა!
-გველაძუა!
-გველღრიანკალი!
-გველანა და გველბრუცა...
-ე, ვერან, უქოლგოდ ადიხარ კიბეზე, ემანდ მზემ არ ამოგისწროს, არ მოგჭრას ეგ წირპლიანი, ყვითელი თვალები, არ დაგაბრუცოს, გიგოოლ, - ძალით სცადა გაღრეჭვა გაბომ. თითქოს  გაბოს სიტყვა არავის გაუგონია, თითქოს იქ არავინ იყო, ისეთი ხმამაღალი სიჩუმე იდგა.
    დაბლა ბლომად ნამჯა დაყარეს მილიციელებმა, გიგოლამ მარჯვედ მიადგა კიბე, შეხტა კიბის მეორე საფეხურზევე  და კიბის ბოლომდე ავიდა. კიბიდან საყდრის დამრეც სახურავზე გადავიდა, და გუმბათისკენ აეპოტინა.  ერთი მოხედვა მოიხედა, ზვაობით  მოავლო თვალი იქაურობას და როგორც  კი ჩაქუჩ-ნამგალი მოიმარჯვა ჯვრის მოსარყევად, იფნიანი ხევიდან თოფმა დაიყეფა ძაღლივით . გიგოლა მეხდაცემულივით წამოვიდა  ბზრიალით და პირქვე დაემხო ნამჯაზე. ზოგი აქეთ ეცა, ზოგი იქეთ ეცა. მილიციელებმა იარაღზე იტაცეს ხელი და ხევისკენ დაეშვნენ, იქიდან მარტო ორი კაცის ფეხის ხმა მოისმოდა და ხმელი ტოტების ლაწალუწი.
    ვერავინ ეკარებოდა წაპირქვავებულ გიგოლას. მერე თომა მღვდელი მივიდა, გადმოაბრუნა და ყველას გასაკვირად  ნატყვიარი არსადა ჰქონდა გიგოლას, როგორცა ჩანს თოფის გასროლის ხმაზე გული გაუსკდა და გადმოვარდა ბეჩავი, ან იქნება არც გაუსკდა და ისე გადმოვარდა შიშისაგან, ვინ იცის...
-ეგე, რა ღვანტიკაც იყო, იგრე გალია თავისი საწუთროო და სასაფლაოს ღობის გარეთ დაასაფლავეს. ცრემლიც არავის ჩამოჰგორებია თვალიდან ვირეშმაკა კაკოს  გარდა,  ამბობენ გიგოლას მამააო, თავის დროზე  კოჭლ ანოსა ჰყვარობდაო. ზოგი ამბობდა : - ან ჰყვარობდა და ან არაო, მაგრამ რას გაუგებ, კაკო კი ტიროდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები