ნაწარმოებები



ავტორი: სოფო88
ჟანრი: პროზა
6 მარტი, 2018


გამართლებული არსებობა

დიდი ასაკობრივი ზღვარი იყო ბებიასა და ბაბუას შორის, იმდენად დიდი, დღემდე ვფიქრობ და ვერ ამომიხსნია როგორ  შეიძლება ჰქონოდათ საერთო თითქმის სხვადასსხვა თაობის ორ წარმომადგენელს. არადა საერთო მართლაც ბევრი ჰქონდათ, იმდენად ბევრი და თანაც მყარი, მათ ურთიერთობას რომ აცოცხლებდა მრავალი წლის მანძილზე.
16 წლით უფროსი იყო ბებია ბაბუაზე...არ მოგესმათ, არც თვალი გატყუებთ))), ჰო, ბებია იყო ბაბუაზე თითქმის ორი ათეული წლით უფროსი.
როცა იმ ასაკის გავხდი, ცხოვრების ყველა "ხრიკი და კანონი" რომ აინტრესებთ, ვკითხე კიდეც ბებიას როგორ მოხდა და გაიბა თქვენს შორის ის ძაფი, აი, რომ არასდროს წყდება და წლების მანძილზე უფრო რომ მყარდება-მეთქი...ვკითხე თორე მეც იმ წამსვე მივიღე პასუხი...არაფერიც)). სხვადასხვა დროს, სხვადასხვანაირად სტილიზირებული, მაგრამ ზემოხსენებული შინაარსის შემცველი კითხვა ყოველთვის უპასუხო რჩებოდა, რატომღაც გაურბოდა ამ თემაზე საუბარს.
უკვე დიდი გოგო ვიყავი, როცა როგორც იქნა და მოინდომა დაეკმაყოფილებინა ჩემი წლებს "შეზრდილი" ინტერესი. მთელი სულით და გულით მოვემზადე მძაფრი, რომანტიკული ისტორიის მოსასმენად, მაგრამ სამწუხაროდ იმედები გამიცრუვდა. სულ ორიოდე სიტყვით შემოიფარგლა: "ვუყვარდი, როგორც თვითონ ამბობდა ძალიან ვუყვარდი, იმდენად ძალიან ყოველდღე ფერმის (თურმე ბებია იქ მუშაობდა) კართან იყო აყუდებული და საშველს არ მაძლევდა. ხალხის მომერიდა ბებია, სხვანაირად გაიგებდნენ, სახელი გამიტყდებოდა, ავდექი და გავყევი"-ო. მაშინ ბებია 32 წლის ყოფილა, ბაბუა კი 16-ს.
ქალბატონ ელიკოს, ბებიაჩემში თავისი რძალი რომ გაუაზრებია, ვაჟის "ვაჟკაცობის" გამო მიღებული ძლიერი შოკის მიუხედავად, იმდენი გონი კი შერჩენია "სიძე-პატარძალი"  სახლიდან "მიებრძანებინა".  როგორც მიაბრძანებდა ამის წარმოდგენა არ გაგიჭირდებათ)))
მერე რა მოხდა მეთქი ისევ ვკითხე ბებიას: "მოვკიდე ბაბუაშენს ხელი, წავიყვანე ჭიათურაში და კაი შარვალ-კოსტუმში "გამოვწკიპე" (აქ უკვე როლები შეცვლილა), რად მინდოდა მისი სახლი, აგერ მქონდა ჩემი "დვარეცი"-ო. ისედაც ჩასასიძებელი ვიყავი და გაუმართლა ბაბუაშენს"-ო (მართლაც გაუმართლა ბაბუას, ბებია სამაგალითო მეუღლე და დედა იყო).
ცოტა ხნის შემდეგ, გაბრაზების ალი რომ განელებულა, ბაბუას ოჯახსაც მიუღია ბებია.
თითქმის ნახევარი საუკუნე იცხოვრეს ერთად და მათ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი ბზარი არასდროს გაჩენილა. სიყვარულმა თავისი გაიტანა, შეძლო და მარადიულად დასახლდა ამ, ერთი შეხედვით არაფერი საერთოს, მაგრამ მაინც ბევრი საერთოს მქონე ორ წყვილთან. დასახლდა და სიცოცოცხლის ბოლომდე იზეიმა კიდეც თავისი გამართლებული არსებობა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები