ნაწარმოებები



ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
11 ივლისი, 2018


არარეიტინგული ბრძენი მწერალები



მწერალის სათქმელი დასაბიმიდან რომ ერთი და იგივეა,  ამას  ჯერ კიდევ პლატონი ამბობდა. "განა ჰომეროსი იმასვე არ ამბობს, რასაც ამბობენ სხვები?განა ჰომეროსიც უმეტესწილად ომის ამბებსა და კეთილ და უკეთურ, უბირ თუ გაბრძნობილ კაცთა ურთიერთობებს არ აგვიწერს, ან კიდევ ღმერთების დამოკიდებულებას, როგორც ერთურთის, ისე კაცთა მიმართ? განა ისიც არ გადმოგვცემს, რა ხდება ზესკნელსა და ქვესკნელში?"
ახალი არაფერი ითქმება, საქმე ისაა, ვინ როგორ მოგვაწვდის იმას, რასაც განიცდის ყოველი ადამიანი, რასაც განვიცდით ჩვენც, თუმცა არასოდეს მიგვინიჭებია განცდილის და ნაფიქრის ნისლის მსგავსი ბუნდოვანებისთვის სიტყვების მკვეთრი კონტურები. ხშირად კი მაშინ გაგვახსენდება ოდესღაც ამოკითხული მოსხლეტილი გამოთქმა და მისგან მონაბერ ნისლს შევისუნთქავთ, როცა საკუთარ თავზე ვიწვნევთ ამ გამონათქვამში მომწყვდეულ ჭეშმარიტებას.
მიმაჩნია, რომ მწერალსაც ბედი უნდა, რათა მკითხველმა შეამჩნიოს და აღიაროს.
ქვემოთ ნახსენები მწერლების სახელები არც ერთ ე.წ. აუცილებლად წასაკითხ წიგნთა სიაში არ შემხვედრია,( თუ ვცდები მაპატიეთ) თუმცა, ჩემი შეხედულებით ბევრი გახმაურებული ავტორი მათთან ახლოსაც ვერ მივა.

ბოლესლავ პრუსი  "ფარაონი".
ეჭცგარეშე მიიღებთ,  რომ ის ფიქრები და ის სულიერი მდგომარეობა, რასაც აქ რამზეს მეცამეტე განიცდის, დეტალებში იყო ნაცნობი მწერლისთის. ასევე სიღრმისეულადაა გახსნილი უამრავი პერსონაჟის შინაგანი სამყარო.
რომანის მაღალმხატვრულობაში ერთი ნაწყვეტიც დაგაჯერებთ: (ვისაც ჯერ არ წაუკითხავს და მისასლოცთა სიაშია.)
ნაწყვეტი რამზეს მეთორმეტის ხილვიდან:

"ავადმყოფი ღმერთს ჯანმრთელობის აღდგენას ევედრებოდა, ექიმი კი - რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელებულიყო  პაციენტის ავადმყოფობა; პატრონი ამონს შესთხოვდა დაეცვა მისი ბეღელი და პური, ქურდი კი ხელებს აღაპყრობდა, რომ მისთვის ღმერთებს ხელი არ შეეშალათ სხვისი ძროხა მოეპარა დასხვისი ხორბლით ტომრები აევსო.
მათი ლოცვები ერთმანეთს ისე ეჯახებოდა, როგორც შურდულით გასროლილი ქვები.
მგზავრი უდაბნოში პირქვე ემხობოდა და ღმერთს ჩრდილოეთის ქარს შესთხოვდა. მეზღვაური კი შუბლს გემის ბაქანს ურახუნებდა, რომ ქარს ერთი კვირა აღმოსავლეთიდან ექროლა. მათი ლოცვებიც ერთიმეორეზე იმსხვრეოდა...
ბავშმა იცოდა, რომ ლოცვას ვერ გაექცეოდა, ცისკენ აღაპყრო ხელები და თვალები და ნაჩქარევად წარმოთქვა:
გმადლობ შენ, კეთილო ღმერთო ამონ, იმისათვის, რომ დღეს მამაჩემი ჭირთაგან დაიცავი, დედას კი ლავაშისთვის ხორბალი მიეცი; იმისთვის, რომ გააჩინე ცა და მიწა და მოუვლინე მას ნილოსი. გმადლობ, რომ ასეთი კარგია გარემო, რომ ხარობენ ყვავილები, გალობენ ფრინველები... დაე, ყველას ისე უყვარდე, როგორც მე და ჩემზე უკეთ ადიდებდნენ შენს სახელს.
ლოცვა ტოროლასავით გაფრინდა ზეცისკენ, სადაც დაუსაბამო ამონი თავისი ყოვლადძლიერების ჭვრეტაში იყო გართული.
ღმერთმა თვალები გაახილა და მისგან დედამიწას ბედნიერების სხივი დაეცა. შეწყდა ყოველგვარი ტანჯვა, შიში, ყოველნაირი შეურაცხყოფა.მსტვინავი ისარი ჰაერში დაეკიდა, ლომი, შველისკენ გადამხტარი, გაქვავდა, მონის ზურგზე მოღერებული კეტი ჰაერში გაჩერდა."
ეს ნაწყვეტი რელიგიური მკითხველისთვის მშენიერი დადასტურებაა ერთობლივი ლოცვის მაგიური ძალის შესახებ, ათეისტებს კი აქ შეუძლიათ კოსმოსში გაგზავნილი ენერგეტიკის მნიშვნელობა დაინახონ.

  ტურ ჰეიერდალი- "ფატუ-ჰივა"
ნორვეგიელი მკვლევარი, რომლის მიერ მაღალმხატვრულად აღწერილმა მოგზაურობამ პოლინეზიის კუნძულებზე, ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. გარდა ინფორმაციული სიმდიდრისა აქ კიდევ ერთხელ დარწმუნდებით, რომ ადამიანს ყველგან და ყოველთვის ერთი და იგივე, გარე ფაქტორებთან შეწყვილებული შინაგანი ძალა თუ უძლურება ამოძრავებს.
ავტორი მეუღლესთან ერთად საცხოვრებლად გადადის ცივილიზაციისაგან ყველაზე მეტად დაშორებულ კუნძულზე, რათა ბუნებასთან ჰარმონიაში იცხოვრონ. თან არ მიაქვთ საათი და ასანთიც კი, რათა აბორიგენებივით იცხოვრონ. მართალია, ერთი წლის შემდ თბეგ მარცხს განიცდის მათი იდეა, მაგრამ უსაზღვროდ იმდიდრებენ, როგორც მეცნიერულ, ასევე ეგზისტენციალურ თვალსაწიერს.
ერთ-ერთ  კუნძულზე აბორიგენის ქოხში ავტორი წააწყდება ჟანგიან თუნუქის ღუმელს, რომლის არანაირი საჭიროება კუნძულზე არ იყო. ის ედგათ როგორც სამშვენისი, როგორც ცივილიზებული სამყაროს სიმბოლო. ესეც ერთი მაგალითი იმისა, რომ ადამიანს სისხლში აქვს სხვებისთვის თავის მოწონების სურვილი.
ხოლო იმის მაგალითად, რომ ადამიანს ჭკუა ეძლევა არა მხოლოდ განათლებით, არამედ ბუნებასთან ურთიერთობითაც, შესანიშნავი მაგალითია კუნძულის მივარდნილ ყურეში მცხოვრები მოხუცი. ავტორი მას ადგილობრივი ღმერთის - ტეტის შესახებ ეკითხება და გოცდება, როცა მოხუცი პასუხობს, რომ კლდეზე ამოკვეთილი ტეტი არის სიმბოლო (და არა ნამდვილი ღმერთი) რათა ადამიანს არ დაავიწყდეს ღმერთის არსებობა.

ჩემი აღფრთოვანების გასამართლებლად წიგნიდან მოვიტან რამდენიმე ციტატას, ავტორის დასკვნით-ნააზრევს მოგზაურობის შემდეგ:
"ფლეიტა და ვიოლინო ჩვენ შევქმნით რათა გამოძახილი აღგვეძრა არა ყურის დაფის აპკში, არამედ სულში, სადაც ადრე ბუნების მელოდიები ხმიანობდა."
"უმეცრებაა ვიფიქროთ, რომ ტყვიამფქვევით შეიარაღებული ადამიანი ეთიკურად შუბითა და შურდულით შეიარაღებულ ადამიან ჯობია."
"ჩვენ ჩავდივართ მათთან მღვდლებით და ვეუბნებით, რომ არ უნდა მოკლა. მერე მივდივართ ოფიცრებით და ვასწავლით, როგორ მოკლან. მივდივართ ბიბლიით და ვეუბნებით არ იფიქრონ ხვალინდელ დღეზე და იქვე ვაჩეჩებთ ყულაბას,ვითომდა, განა შეიძლება ხვალინდელ დღეზე არ იფიქრო?!"
"უბრალოება მოგვცემს იმას, რასაც მილიონები სირთულისა და პროგრესის გზაზე ეძებენ."
"პროგრესი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ადამიანის უნარი, გაართულოს მარტივი."

ასვე, უსამართლოდ "დაჩაგრულად" მიმაჩნია სერბი მწერლის - ბერისლავ კოსიერის "ხე და არწივის ბრჭყალები".- არაჩვეულებრივი სიუჟეტი და ასეთივე შესრულებით.
მთავარი გმირი- გლეხი კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ადამიანს ბუნებასთან ურთიერთობა არანაკლებ სიბრძნეს აძლევს ვიდრე - წიგნთან. მან თავისი გლეხური სიბრძნით იცის, რომ "ადამიანი ყველგან ერთნაირია." მისნაირებზე გამსახურდია ამბობს: "უბირი კაცის გულმა მეტი იცის, ვიდრე მთელი ქვეყნის ბრძენთა ბრძენმა", ხოლო  უმბერტო ეკო წერს: " უბრალოებს საკუთარი გუმანი აქვთ.გრძნობენ საკუთარ, შესაძლოა ეკლესიის მასწავლებელთა ჭეშმარიტებაზე უფრო ნამდვილ ჭეშმარიტებას."
აქ შეხვდებით მარადიული თემის მამა - შვილური კონფლიქტის ორიგინალურ ვარიანტს.

თუმცა, საიტზე რომ გამოექვეყვებინათ ეს ნაწარმოებები, ვინ იცის რამდენი მაძაგებელი გამოუჩნდებოდათ.(ეს ისე, ნახევრადხუმრობით)

სათაურთან არაფერ შუაშია, მაგრამ მინდა გამოვტყდე, სხვადასხვა დროს სხადასხვა წიგნს მოუხდენია ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება და მგონებია, რომ სწორედ ეს წიგნი იყო საუკეთესო წაკითხულებს შორის, სწორედ ამ წიგნმა ამოაყირავა ჩემი ცნობიერება, ბევრი წლის მერე ასეთად ტოლსტოის "აღდგომა" მახსენდება. "დაო დე ძინი" - მა ცოტა გვიან და ნამდვილად ამოაყირავა ჩემი ცნობიერება, ხოლო წიგნი, რომლის შემდეგაც დიდხანს არაფრის წაკითხვა არ მინდოდა (რადგან იქ იყო პასუხი ყველა კითხვაზე, რაც ოდესმე დამბადებია და ისიც იყო მითითებული, რაზეც ვერასოდეს ვიპოვით პასუხებს) იყო "ვარდის სახელი".

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები