ნაწარმოებები



ავტორი: სინო-სანი
ჟანრი: პოეზია
10 მარტი, 2018


როცა...

არც კი მიცდია მომეძებნე, ფიქრშიც კი არა,
კვლავ მტვრისნაწილაკდაუთვლელი ჰაერის მწამდა,
მიწის ნაგლეჯი (გვირილებით) მქონდა ზიარად
დღესთან. ღამეს კი რა შეეძლო, სიცრუის გარდა.

რიჟრაჟდებოდა ისევ ისე, ვით წლების წინათ,
ისევ მჯეროდა ობლის კვერის, კონკიას ბედის,
ბრმა დედამიწამ, როგორც ხვითქი, გადამიწმინდა
შუბლიდან. ცივად მომიშორა. ჯიუტად ვძლებდი.

მოხვედი. ალბათ შეგეშალა. აბა, საიდან
უნდა გცოდნოდა რა ხდებოდა ჩემში, ჩემ მიღმა.
სული უხმოდ რომ გაიპარა, მზე რომ ჩავიდა,
სხვა ტიპიკონი დავიწესე ხანგრძლივად, დიდხანს.

უფერულდება ზოგჯერ ყველა ბარათი, რაც კი
გამიცოცხლდა, რომ უბრაილოდ მესწავლა კითხვა,
სუნთქვაც გავბედე. არც ღიმის დროს წყდებოდა ქანცი,
მაგრამ არცერთი, შიშის გამო, შენთვის არ მითქვამს.

გულღრძოა ქარი, არ ივიწყებს როგორ წაგგლიჯოს
ბოლო სხივი და როგორ შერთოს ღამის იარებს,
აღნუსხულია გასავლელი ყველა ნაბიჯი,
ყველა იმედი, უეჭველად დაიგვიანებს.

დასაბამიდან სათქმელ სიტყვას ვმარხავ, ვინახავ,
გულს სასიცოცხლო ამპლიტუდა ფირზეღა შერჩა,
მომეჩვენები აკლდამასთან მჯდომი ინახად,
როცა ადგილებს გადაცვლიან მიწა და ზეცა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები