ნაწარმოებები



ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: პოეზია
10 მაისი, 2018


ბალადა გლეხზე

ჩამომიჯექი საფლავის ქვასთან,
სტრიქონ და სტრიქონ  მინდა გამომყვე.
მე მოგიყვაბი, კომეტის მსგავსად
უცებ რომ ჩაქრა ჩემი სიცოცხლე.
გლეხი ვიყავი, მიწის პულსს ვგრძნობდი
და პოეზია მისი მიყვარდა -
მზესთან, ამინდთან და სეზონებთან
შეწყვილებული რითმების ქარგა.
გლეხი ვიყვი, ასე მეგონა,
მუხლებში მიწის ძალა-ღონე მედგა,
მაგრამ უფალი სხვაგვარად განსჯის
ჩვენგან სხვაგვარად ჩანათქვამ-ნაფიქრს.
ბევრი ხე დავრგე, ავაგე სახლიც
და ანთეოზად თავი მიმაჩნდა
მაგრამ, ვაი, რომ ბედის ანაბრად
მცირეწლოვანი შვილები დამრჩა.
ჩემი ხელით და ოფლით ნახარებ
ხეებს დღეს ზარავთ ეზოს დუმილი.
მოგონებები ნახეთქებს უვსებთ
წლების - სიცოცხლის ტკბილი დუღილის.
იმ ბოძს, წარსულის ნანგრევად რომ დგას
ნოსტალგიური გაუვლის ჟრჟოლა,
საღამოსპირზე მიწის ფერებით
ოდნავ დაღლილი თუ მომიგონა.
მასზე მიყრდნობილს მიყვარდა ცქერა
ჩემი ცოლ-შვილის - ვარსკვლავთსადარის
და იფრქვეოდა მეწამულ ჩქერად
მზე ძილისპირზე გრძნობით ჩამთბარი.
ასე გვეგონა ვერ წაგვაქცევდა
ვერა ძალა და ვერა გრძნეული,
რადგან ვიყავით ოთხთავიანი
გოლიათი და ერთი სხეული
მაგრამ, რას ვიზამთ, ვის არ სმენია,
რომ წუთისოფლის ზნე და სენია:
როცა ყველაზე ნაკლებად ელი,
მაშინ გიგანებს ბედი – მფარველი.

ცალი უღელით მეუღლემ ჩემმა
ვერ იხარა და ვერ გაიხარა.
ორიოდ თვეში გვერდით მომიწვა.
მისი არჩივი შეავსო მიწა.
სადაც საწუთრომ-დედინაცვალმა
ჩვენ - ორი ნედლი ნაფოტი დაგვფლა
აუხდენელი ნატვრების ხარჯზე
ატოტილ კედარს სტუმრობს შუადღის მზე.
სამყაროს ვხედავთ მისი წიწვებით.
მისი შრიალი სუნთქვაა ჩვენი.
ამოგვისუნთქავს და სივრცეს ვავსებთ
და მონატრების ფრთებს ვასხამთ ქარებს,
რადგან საფლავებს შვილთა სიშორით
ბალახი მწვანე ალებად ასდის.

გლეხი ვიყავი და მიწა მგრძნობდა.
ადრე ვიგემე ჭეშმარიტება:
სიცოცხლე რთული განტოლებაა,
სავსე ცვლადების უღელტეხილით.
მას კი მარტივი და ბანალური
ამონახსნი აქვს ერთი– სიკვდილი.



კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები