ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პროზა
11 მარტი, 2018


,,ტრისტან ჩაილაპარაკა” ანუ ამბავი ლომ-კატისა

ნინო დარბაისელი სტრონი

,,ტრისტან ჩაილაპარაკა” ანუ ამბავი ლომ-კატისა
- - - -

ამ ორიოდე წლის წინ ერთი  მცირე მოგონება გამოვაქვეყნე ინტერნეტში - ,,ჩემი ,,ნათლობა”.
ასე იწყებოდა:

    ,,საქართველოში კაფიის დიდი ლომი -  პაპა ლექსო ჭინჭარაულია, იგივე ლეკოთ წიქა.
პატარა ლომი - ტრისტან მახაური, მე - იმის გაწვრთნილი კატა.
    (არ გეგონოთ, საბასეული ლომ-კატის როლები ავურიე, ჩვენს შემთხვევაში, მართლა,  პირიქით იყო).
    კურსელები ვიყავით და რაც ძალი და ღონე გვქონდა, ლექციებზე ვკაფიობდით. მერე ფშავში, თავის სოფელ გომეწარშიც დაგვპატიჟა მეგობრები და კაფიობაში საზაფხულო პრაქტიკა იქ გავიარე”.
. ჩვენი სტუდენტობისდროინდელი კა ფიობები ბოლო დრომდე მქონდა საქართველოში შენახული. მერე სახლი დამეტბორა და ის ხელნაწერებიც სხვა  ჩემთვის ძვირფას ფურცლებს გაჰყვა.
. მე როგორ გავუბედე, რა გამოვუთქვი პირველად, ეგ კიდევ კარგი, აღარ მაგონდება,  თორემ ისეთი საცოდაობა იქნებოდა,  ახლა თქმა მაინც  შემრცხვებოდა,  მისი პასუხი კი დღემდე მახსოვს:

ტრისტან ჩაილაპარაკა,
ნელა, სიცილ-სიცილითა,
ბედაურებს ნუ უხტები
უხედნავი კვიცივითა.

ბოლომდე ახლო მეგობარი იყო. ერთმანეთის ოჯახებსაც ახლო ვცნობდით...
უტკბილესი და თვალად-ტანადი დედა ჰყავდა. ახლაც ჩამესმის მისი  ხმა.
ათენგენობაზე  მზის ამოსვლამდე მთა  რომ უნდა გადაგვევლო გომეწრიდან.
ტრისტანი, ანუ ტიმოთე, როგორც შინ ეძახოდნენ, ერთ ტემპში, შეუსვენებლად და აუჩქარებლად მიუყვებოდა აღმართს, თითქოს დაბადებით, მთელი ტანით მორგებული იყო  მთაში ფეხით სიარულს.
მე, ქალაქელი ხამი ხან გავუსწრებდი, ხან უკან ჩამოვჩებოდი.
,,არ დამიღონდე, ჩემქალო!' - მაფრთხილებდა დედამისი.
რას დავუჯერებდი და  ადრიანმა მზემ რომ დააცხუნა შუა გზაში, ვიწვნიე კიდეც.  მისავათებული დავჯექი ქვაზე, პატარა ჩრდილში და განვაცხადე, მორჩა, მე ამის იქით წამომსვლელი არა ვარ, აქ დამტოვეთ და  თუ ცოცხალი დაგხვდით, უკანა გზაზე ჩამოგყვებით-მეთქი.
  როგორ არ მეხვეწნენ, ფეხი ვერ მომაცვლევინეს. ჩამოყარა ყურები ტრისტანმა, თქვენ იდინეთ, მე აქ დავრჩებიო.
    წავიდნენ ისინი.
  ვისხედით ეგრე, უბრად.
    წყალი დავლიეთ, ველოდები, ხმას ამოიღებს, რამეს მეტყვის, მეც ვუპასუხებ.
    არა-ა-ა, შენც არ მომიკვდე! არის ჩუმად. არც ავს ამბობს, არც კარგს.
    მე დიდხანს ასე  რა გამაჩერებდა:
  -ამოიღე, ბიჭო ხმა!
  -აბა,  რო გითხრა, ხატის მადლი არ გაგიწყრეს-მეთქი,  შენ ეგეთი რამეებისა არა გჯერა და... მოიცა, შენ კოჭლი ბაბალეს ამბავი იცი?
    და დაიწყო-ო-ო ამბავი თავისი გალექსებებით.
  (ალაგ-ალაგ მახსოვს, მაგრამ აქ არ მომაყოლოთ ახლა! საერთო მეგობრებმა ეგ სკაბრეზი ჩემზე კარგად იცით).
    ჯერ ვითომ ზრდილობისთვის ვუსმენ, მერე  ვიცინი, ვიცინი, ვკვდები სიცილით.
  შუა მოყოლაში, ვითომც არაფერი, ჩაურთო:
-ადე, თან ვიდინოთ, თორე ძალიან გაგვასწრებენო.
ვიარეთ, ვიარეთ და იმ დროს მივაღწიეთ,  რომ  უკვე ათენგენობის მთავარი, რიტუალური ნაწილი მოლეული იყო, ხალხი ისხდა და კაი ხავიწიანი ქადები  პირდაპირ ხელში შემოგვაჩეჩეს.

აბა, აქ მოსაყოლი რა იყო, მაგრამ რას იფიქრებ ადამიანი, რომ  დადგება ცხოვრებაში დრო, როცა მეგობარი იმიერქვეყნად დაუმშვიდობებლად წავა და მასთან გატარებული დღე, ერთი ათასთაგანი ისე გაგიძვირფასდება მეხსიერებაში, თითქოს სხვა ყველაფერს დაჩრდილავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები