ნაწარმოებები


კარგ მწერალს და შესანიშნავ ადამიანს ირაკლი ლომოურს ესაჭიროება ჩვენი თანადგომა. თუ შეიძლება შეიხედეთ თემაში “ურაკპარაკის ფორუმი >> განცხადებები >> ირაკლი ლომოურის მეგობრები“     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1471     * * *     2018-06-19 14:45 >>> 8

ავტორი: სოფუნა
ჟანრი: პროზა
12 მარტი, 2018


ვისთვის როგორ...

  ირაკლი ტაძარში რომ შევიდა, ლოცვა დაწყებული იყო. თავდახრილმა ხალხს ბოდიში მოუხადა, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და მამაკაცების მხარეს გაჩერდა. მარცხენა მხარეს, თვალი ქალებს გადაავლო: ,,არაა“. გაიფიქრა მან.
  მედავითნე ქალი ლოცვას ძალიან სწრაფად კითხულობდა. ირაკლი მას უყურებდა და ცდილობდა სიტყვები გაეგო, მაგრამ ფიქრები ამის საშუალებას არ აძლევდა. მზერა ფრესკებით მოხატულ კედლებზე გადაიტანა. საოცარი სიმშვიდე იგრძნო. გულში რაღაც ნაპერწკლის მსგავსი მოხვდა. თითოეული წმინდანის სახეს აკვირდებოდა. _ ,,რა თავმდაბალი და მშვიდი სახეები აქვთ“ _ გაიფიქრა მან. მერე ზევით აიხედა, საკურთხევლის ჭერიდან მაცხოვარი უყურებდა. თვალი ძლივს გაუსწორა, აღარაფერი ესმოდა, საშინელი სინდისის ქენჯნის გრძნობა დაეუფლა, _  ,,თერთმეტი წელი უნდა ვმჯდარიყავი და დღეს  აქ ვდგავარ...“ მერე ხალხის დათვალიერება დაიწყო, მოეჩვენა, რომ ყველას სახეზე საოცარი ნათელი ეფინა. თავისი თავი შეეზიზღა, გაახსენდა:  ამპულიდან ნემსით წამალს იღებდა,  მერე ხელს ჩქარ-ჩქარა გაშლიდა და მომუჭავდა, გაშლიდა და მომუჭავდა,  სისხლი ამოძრავდებოდა, ვენა ამოიბურცებოდა, საკუთარი ხელით ნემსს შეირჭობდა... ,,რა დროს ამაზე ფიქრია, ამ წმინდა ადგილას. ამ ადამიანებს შორის, ყველაზე ცოდვილი და საზიზღარი ვარ.“ ჯვარცმას შეხედა, შერცხვა, მერე მზერა მის გვერდით მდგომ, პატარა ბიჭზე გადაიტანა და უეცრად ძალიან მოუნდა, რომ მის ადგილზე ყოფილიყო. ბავშვობა გაახსენდა, ბავშვობასთან ერთად გაახსენდა დედა, მისი ლამაზი ღიმილი... ძალიან  მოენატრა დედა. ყელში ბურთივით  გაეჩხირა. ჩეჩე, წიკო, სვანა, მთელი სამეგობრო თვალწინ დაუდგა. ახსენდებოდა ბავშვობა, ბიჭებთან თამაში, მერე ისიც გაიხსენა, რომ  ეს თამაში, თითოეულს  საშინელ რეალობად რომ  გადაექცა.
    ,,ყველაფერი ჩემი ბრალია, რა მინდოდა? მარა იქნებ შემირიგდეს, ხომ ვუყვარდი?“ _ კარისკენ გაიხედა, მაგრამ ამაოდ. ცოტა ხანს ლოცვის მოსმენას ეცადა, არ გამოუვიდა, ისევ წარსული აწვალებდა. ფიქრები აფორიაქებდა, მაგრამ თავს მაინც საოცრად მშვიდად გრძნობდა.
    ,,მთავარია თავისუფალი ვარ, ღმერთო, მადლობელი ვარ შენი, რომ მე,  ცოდვილი, დღეს აქ ვდგავარ. თეკოს კიდევ ვუყვარვარ?“ _ ერთ-ერთი წმინდანის სახეს თვალები მიაპყრო. ,,მე მგონი მართლა გავრეკე. არა, მთავარია თავისუფალი ვარ, რამდენი ხანია არ მინახია?!“ აუ, როგორ მენატრება. სადაა? მოვა? თუ არ მოვიდა? მერე რა ვქნა? მენატრება, მიყვარს. რამდენს მიძლებდა. სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი. ერთი, ორი, სამი... მთელი ათი თვე. ხომ მეუბნებოდა, დამეჯერებინა?! მაგრამ ჩემს თავს აღარ ვეკუთვნოდი, ჩემი თავი აღარ მახსოვდა. საშინელი ტკივილები მქონდა და იმიტომ ვიკეთებდი. თავიდან? თავიდან ხომ არ მტკიოდა? რატომ ვიკეთებდი? არა, მორჩა, უნდა გამოვსწორდე, დღეიდან ახალ ცხოვრებას ვიწყებ. ახლა თეკოსაც გული აუჩუყდება და შემირიგდება. ეს ხალხი რა ჭორიკანაა, არა მგონია ასე მალე თხოვდებოდეს, იქნებ ჩემზე თქვა? არა, რა სისულელეა, ჩემზე როგორ იტყოდა. პონტია, გაიგებდა, რომ დამიჭირეს. ჩემს ამბავს სულ კითხულობდა...  რა ბედნიერები ვიყავით და არ ვაფასებდი. ნეტა როგორ მიძლებდა, ვუყვარდი? არა, ახლაც ვუყვარვარ. სადაა ნეტა? არასდროს არ აგვიანებდა. რაღა დღეს? ხომ მეუბნებოდა: დაგიჭერენო, ეკლესიაში იარეო, მე ვეჩხუბებოდი... უნდოდა გამოვესწორებინე. ახლაა ამის დრო, მაგრამ ასე ცივად რატომ მელაპარაკა? მართლა ის უყვარს? ჩემთან შეხვედრა აღარ უნდა, მაგრამ ეს ხომ გოგოების იდიოტური თვისებაა. ნამდვილად ვუყვარვარ.
    საკურთხეველის ფარდა გადაიწია, მღვდელმა აღსავლის კარი გააღო და ისევ უკან შეტრიალდა. ირაკლიმ კარისკენ გაიხედა, თეკო არ ჩანდა, გული დასწყდა, გაიფიქრა: ,,თუ მოვა, ესე იგი ერთად ვიქნებით, თუ არა და...“
ტაძარში სიჩუმე დაირღვა. ყველამ სანთლები აანთო. ,,რა ბედნიერები არიან, ნარკომანები რომ არ არიან“ - გაიფიქრა ირაკლიმ. ,,მარა მე ხომ ნარკომანი არ ვყოფილვარ? ცოტა ხანს ამერია ცხოვრება.“ გვერდიდან ახალგაზრდა მამაკაცმა, ანთებული სანთელი მიაწოდა.
- მადლობთ. - ჩუმად თქვა ირაკლიმ და გაიფიქრა, რომ თავისუფლებაზე ძვირფასი არაფერი არაა. უეცრად იგრძნო, რომ ტაძარში მყოფი, ყველა ადამიანი უყვარდა, უყვარდა ისინიც, ვინც აქ არ იყვნენ, ისინიც კი, ვინც აბრაზებდა, ყველა უყვარდა.
მღვდელმა სახარება გამოაბრძანა, ტაძარში საოცარი სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ სახარებას გულისყურით მოუსმინა და გაუხარდა, რომ მოსმენაში ფიქრებმა ხელი არ შეუშალა. მერე ისევ ქალების მხარეს გაიხედა,  მათ შორის თეკოს ეძებდა, ვერ დაინახა, გული დასწყდა.
    მერე ირაკლის ერთი დღე გაახსენდა:
      თეკო და ირაკლი საფლავებს შორის ცალ-ცალკე მიდიოდნენ. ერთმანეთს არ ელაპარაკებოდნენ. ციოდა. სასაფლაოზე არავინ იყო. ხეებს და საფლავებს თოვლი საბანივით გადაფარებოდა. გზაზე დამდნარი თოვლი ყავისფერ თოვლ-ჭყაპად ქცეულიყო.
_ ასანთი არ გაქვს? _ ჰკითხა თეკომ.
_ აუ, არა!
    ირაკლი საფლავის ქვებზე წარწერებს აკვირდებოდა, სახელების კითხვას ვერ ასწრებდა და მზერა სურათიდან სურათზე გადაჰქონდა. მოშორებით ქვაზე მესაფლავე იჯდა. როცა მიუახლოვდნენ, ირაკლი ხანში შესულ კაცთან მივიდა. თეკო იქვე, საფლავთან გაჩერდა.
- ასანთი ხომ არ გაქვთ?
    მესაფლავემ ჯიბიდან ასანთის კოლოფი ამოიღო და ისე, რომ არ ამდგარა, ირაკლის მიაწოდა.
- დიდი მადლობა. მალე დავბრუნდებით და დაგიბრუნებთ.
შემოტრიალდა, თეკოს გამჭოლ მზერას ვერ გაუძლო და თვალი აარიდა. გზიდან პატარა ბილიკს ჩაუყვენენ. წინ ირაკლი მიდიოდა, თეკოს ფეხი უსრიალებდა და წაქცევისგან თავს ძლივს იკავებდა. გზაზე თოვლი ტალახად გადაქცეულიყო.
- აი დედაჩემის საფლავიც.
  ირაკლიმ ქვას გადააბიჯა. საფლავის ქვას თოვლი ხელით მოაშორა. სურათიდან დედა უღიმოდა. თეკომ ჩანთიდან სანთელი ამოიღო.
- მომე ასანთი.
    თეკო დაიკუზა, სანთელი აანთო და თოვლში ჩაარჭო. ირაკლიმ საფლავის ქვის უკნიდან ჭუჭყიანი ნაჭერი გამოაძრო და საფლავი გადაწმინდა.
- დედაშენის ხათრით მაინც გამოსწორდი. _ უთხრა თეკომ.
- აქ მაინც ნუ დამიწყებ!
- შენი საშინელი საქციელით მის სულს აწუხებ.
- კაი რა?! ნერვებს მიშლი.
- შენთვის გეუბნები.
-  ხო, ვიცი თეკო, მაგრამ იცი რა ძნელია?
- რა არის ძნელი? რომ სიყვარულისთვის უარი თქვა ბოროტებაზე?
- შენ თვითონაც კარგად იცი, რა არის ძნელი... და საერთოდ, გეხვეწები, აქ მაინც ნუღა მეუბნები, რა?!
თეკომ მძიმედ ამოისუნთქა.
- ეს ბებიაშენის საფლავია?
- კი... და ჩემი პატარა დის.
- და გყავდა? არ ვიცოდი.
- რვა თვის გარდაიცვალა.
- კაი რა? საწყალი.
- ხუთი წლის ვიყავი მე...
    თეკოს თვალები აუცრემლიანდა. ამ დროს ხიდან ჩამოცვენილი თოვლი ირაკლის სახეზე დაეცა. ორივეს გაეღიმა. თეკო სახიდან თოვლს აცლიდა  ირაკლის.
    უეცრად ირაკლი ფიქრებიდან გამოერკვა. გაეღიმა, გაახსენდა, რომ ტაძარში იყო და სერიოზული სახე მიიღო. _ ,,არ ვენატრები მაინც?~ თეკო დაინახა. გული აუჩქარდა, ხელები აუკანკალდა. თეკომ გაუღიმა და გადაკოცნა.
ლოცვა რომ დამთავრდა, ტაძრიდან ერთად გამოვიდნენ.
_ როგორ ხარ? გილოცავ თავისუფლებას. კარგად გამოიყურები.
_ რავი, ვარ რაა. შენ როგორ ხარ?
_ მე კარგად.
_ მუშაობ?
_ კი.
  მანქანას მიუახლოვდნენ. თეკო საჭესთან დაჯდა, ირაკლი გვერდით მიუჯდა.
_ კარგად გამოიყურები შენც.
_ მადლობთ.
სიჩუმე ჩამოვარდა.
_ მომიყევი, როგორ გამოგიშვეს.
_ დედას ვფიცავარ, უკვე შეგუებული ვიყავი, რომ თერთმეტი წელი უნდა ვმჯდარიყავი და საკნის კარი იღებაა, სვანიძეო დამიძახეეს და თავისუფალი ხაროო!
_ კაი რა? რომ გავიგე თერთმეტი წელი მოგისაჯეს, გავგიჟდი. _ თეკო სერიოზულობას ინარჩუნებდა.
,,ნამდვილად შემირიგდება, ყველაფერს მაპატიებს.“ _ ფიქრობდა ირაკლი.
_ დეიდაჩემმა რომ დამინახა, გული წაუვიდა.
_ აბა, რა იქნებოდა.
_ ღმერთს ვერც ვთხოვდი, გამომიშვან-მეთქი. ისეთი ცოდვილი ვარ, რომ ყველაფერს შეგუებული ვიყავი.
_ ხოდა ხომ ხედავ... ახლა უნდა გამოსწორდე...
_ ბაზარი არაა...
სიჩუმე ჩამოვარდა. ირაკლიმ სიგარეტს მოუკიდა და შუშა ჩამოსწია.
_ შენ რას შვები? _ ხმა უკანკალებდა.
_ ვმუშაობ.
_ კიდე? რა არის ახალი? _ ,,ეხლა ვეტყვი~ _ გაიფიქრა მან.
_ არაფერი.
_ გავიგე თხოვდებაო.
_ გათხოვებით, ჯერ არა... და ვინ გითხრა?
_ ციხეში გავიგე, მართალია? _ ირაკლის ხმა ჩაეხრინწა. ჩაახველა.
თეკო რულს მისჩერებოდა.
_ ეს ჩემი ცხოვრებაა და შენ არ გეხება.
  ირაკლიმ იგრძნო, რომ თითქოს გული მუცელში ჩაუვარდა. ნაპასი დაარტყა და გადააფერფლა.
თეკო არ უყურებდა.
_ თავის შეცოდებას არ ვაპირებ და არც მინდა, უბრალოდ გეტყვი, რომ ძალიან მომენატრე და ძალიან მიყვარხარ.
თეკომ შეხედა და არაფერი უპასუხა. _ ის ირაკლი, შენ რომელიც ნერვებს გიშლიდა, აღარაა... იმას არავინ უყვარდა, თავისი თავიც არ უყვარდა... და ის ირაკლი, რომელიც გიყვარდა... _ შეყოვნდა და მალევე დაამატა. _ ისევ ის ირაკლია და ისევ უყვარხარ.
ისევ სიჩუმე ჩამოვარდა, თეკომ შეხედა მას.
_ დაგვიანებულია.
_ იცი?
_ რა?
_ პროსტა, რამდენს უძლებდი, ანუ რამდენს მიძლებდი... მე პირადად მაგდენს ვერ გავუძლებდი... _ ირაკლიმ ნაპასი დაარტყა, მანქანაში სიგარეტის ბოლი დატრიალდა. _ რა პონტში მიძლებდი? ეხლა ყველაფერი რომ შეიცვალა, რატომ აღარ გინდა, რომ ერთად ვიყოთ? მე...
_ უბრალოდ, არ მინდა გული გატკინო... _ შეაწყვეტინა თეკომ. _ მერე მივხვდი...
_ რას?
_ რას და... როგორც მეგობარი, ძმა ისე მიყვარდი... ვზრუნავდი, რომ გადამერჩინე, ბევრი ვეცადე, არაფერი რომ არ გამომივიდა, მაშინ წავედი.
_ რას მეუბნები, ვერ ვხვდები.
_ რას და...
_ იმ ყველაფერს როგორ დაივიწყებ? მე ვერ დავივიწყებ.
_ შენ ჩემი ცხოვრების წარსულში დარჩი.
_ ვერ ვხვდები მაინც, რას ამბობ?
_ შენ ხომ გყავდა შეყვარებული ნანუკა, ხოდა ის ხომ შენ წარსულში დარჩა.
_ მერე? როგორ წაშლი ამ ყველაფერს? ვერ წაშლი და დაიტანჯები.
_ ახალ ცხოვრებას დაიწყებ და ყველაფერი კარგად იქნება, დამიჯერე.
_ არ მესმის... _ ირაკლიმ ჩაახველა. _ ვინაა ის?
_ ჩემი ცხოვრებაა, ბედნიერი ვარ. _ გაეღიმა თეკოს. _ ნამდვილი სიყვარულია, შენც გაიგებ ასეთი სიყვარულის ფასს. მინდა შენც კარგად იყო.
_ ბაზარი არაა, რატომ მოგინდება, რომ ცუდად ვიყო?! ესე იგი თხოვდები. სისულელეს აკეთებ და ამას მალევე მიხვდები, ამიტომ ნუ გააკეთებ...
თეკომ არაფერი უპასუხა, ირაკლის არ უყურებდა. ირაკლიმ მძიმედ ამოისუნთქა.
_ გიჭირდა ციხეში?
_ საშინელება იყო, არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. _ ირაკლიმ სიგარეტი ფანჯრიდან გადააგდო. _ კაი აბა, ჭკვიანად იყავი იცოდე.
ირაკლიმ თეკოს ხელი ჩამოართვა.
_ კარგად... იცოდე, რაც ხდება, უკეთესობისკენაა. _ თეკომ ირაკლის შეხედა.
_ ვისთვის როგორ... _ ირაკლიმ კარი გააღო.
_ სად მიდიხარ?
_ მიას საფლავზე...
ირაკლი მანქანიდან გადავიდა.
_ ბედნიერად. _ და კარი მიაჯახუნა.
თეკომ მანქანა დაქოქა და წავიდა.
ირაკლი საფლავებს შორის მიდიოდა, შიგადაშიგ უკან იხედებოდა და ფიქრობდა ,,ეხლა გამოიქცევა, ჩამეხუტება, დამიბრუნდება, კი აი ეხლა...“. გრძნობდა, რომ გული საგულედან უვარდებოდა. მერე გაჩერდა, შემოტრიალდა და სასაფლაოს ჭიშკარს მიაჩერდა. თეკო არ ჩანდა. _ ,,ეხლა ალბათ მანქანა მოატრიალა, გააჩერა აქვე... ეხლა გამოჩნდება, მალე... ჯერ მანქანიდან გადმოდის... ჩანთა დარჩა ალბათ და მიტრიალდა, კი, ნამდვილად დარჩებოდა.“ რამდენიმე წუთი გავიდა, ჭიშკარში არავინ გამოჩენილა, ირაკლიმ გზა განაგრძო _ ,,მერე რა, რომ არ დაბრუნდა?! ალბათ ესეა საჭირო. მე ხომ თავისუფალი ვარ, მთავარი ესაა, თავისუფალი ვარ, კი, ნამდვილად ესეა. მადლობთ უფალო.~ ზევით აიხედა, მოწმენდილ ცაზე, ღრუბლები ნელა მიცურავდა.
კიდევ ერთხელ უკან მიიხედა. ატალახებულ გზაზე ბრმა ქალის გარდა არავინ იყო. ის იჯდა, ფანდურზე უკრავდა და მღეროდა. მზერა ამ ქალზე გაუჩერდა. ცოტა ხანს უყურა და მერე დედის საფლავისკენ გზა განაგრძო.
იქვე მესაფლავეები ისხდენენ და საუბრობდნენ.
ფოთლებგაცვენილი, ობლად დარჩენილი ხეები მოთმინებით იდგნენ და გაზაფხულს ელოდნენ.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები