ნაწარმოებები



ავტორი: შინიგამი
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2018


* * *

ალბათ გიკრეფიათ გვირილები,
ალბათ გირბენიათ საბატონოდ
და თქვენ ისევ ისე იღიმებით,
როგორც ასი წლის წინ ქალბატონო!...

ღამეს გაუმართავს ტაშ-ფანდური,
ჩვენც შევუერთდეთო ყაჩაღებმა,
მიიძურწებიან შარიშურით,
მისატანად არა, წასაღებად.

ქარაფს მიუყვება სილუეტი_
კლდეზე თვით სინაზე მინარნარებს...
ჰოდა კვლავ ახალი სიუჟეტის
ზღაპარს უამბობს მას ბადრი მთვარე.

_ასე რად იცინით ქალბატონო ?
_ბევრი მოლაქლაქე მომჩვევია,
არ მსურს თუნდაც სიტყვა გავაგონო,
მაგრამ მთვარე ვინღა ოხერია ?!

ალბათ იავდრებსო მღელვარებამ,
მთვარეს ყური უგდეთ აისამდე !
ფუჭად ნუ დაჰკარგავთ ბრწყინვალებას,
კვლავ გამოიდარებს მაისამე.

წამით შეაყოვნა ნაბიჯები,
ზეცას უმზერს თითქოს მისანია...
_ასე უხერხულად გაწვიმდები ?..
და ისევ ჩურჩულით _ გიხარია ?!.

მთვარე ეფარება ფერმკრთალ ღრუბელს,
პასუხს არ ჩქარობს და იღიმება.
თითქოს ეზიდება მძიმე უღელს
და თან ცის დარდებში იძირება.

ვიცი განაწყენდით, გამიმხილეთ,
ალბათ დროს კარგავთ და არამხოლოდ_
ჯავრად რაღა მთვარე აიხირეთ ?!.
გზას რომ არ გინათებთ ქალბატონო ?..

წვიმამ დაგინამათ დალალები,
თქვენ გზას აგრძელებთ, ცა დაღამებას,
თქვენი ფიქრები კი, ნაწვალები,
ისევ აპირებენ დამგზავრებას.

ხედავთ ?! დაგიბრუნდათ მოლაქლაქე,
ღრუბელს მოეცალა ეს წამია,
მცირეს, ძვირფასსა და უკანასკნელ
ბგერებს მზისსხივები შეჰპარვიათ.

ალბათ გიხატიათ მზის ფერებით,
ალბათ გიფრენიათ  საბატონოდ,
ისევ გაიღიმეთ გევედრებით,
ისევ გაიღიმეთ ქალბატონო !..

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები