ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მერკანტილა
ჟანრი: პროზა
13 მარტი, 2018


საზამთროეთი

დუგლას კალანდაძის მისია ნომერი პირველი, დღეს, გახლდათ საზამთროთი დატვირთული მანქანა, თბილისში ჩაეყვანა. ამ წესრიგის პათოლოგიურად მოყვარულსა და პერფექციონისტს, ყოველგვარი მოუგვარებელი საქმის გადადება სისხლხორცეულად ზარავდა, უნგრევდა იმედებს და ვერაფრით დაიძინებდა იმ შეგნებით, რომ ნაცვლად დავალებული საქმისა, დაჯდა და იქეიფა, დაჯდა და იმხიარულა. არ მომხდარა ასეთი რამ, არც აწი მოხდებოდა. ასე რომ დილით ტელეფონზე, ხელოვნური მამლის ყივილით შეფხიზლებული, იმის გახსენებისას, საზამთრო უკვე ძარაზეა დატვირთულიო, საკუთარი თავის რწმენით აღივსო. დუგლასა კალანდაძე საქმის კაცია. ახლა გონებაში ალაგებდა, როგორ გამომშვიდობებოდა აბეზარ მასპინძელს, რომელსაც დიდი შანსია უკვე არყით ჰქონდა გადალიცლიცებული პატარა გრაფინი, შეცხელებული ჩაქაფულის ნოტიო სურნელი ფეხისგულებში უღუტუნებდა, მაგრამ ნამეტანი არაფერი არ ვარგა და დუგლასას გზის დალოცვის მეტი ახლა, არაფერი არ იყო საჭირო. ცოტას კი ნერვიულობდა, რას ჰგავდა ახლა მისი ჩანაფიქრი, პატარა უმადურობის სუნი კი უდიოდა  მის გეგმას, მაგრამ ასეა საჭირო. ახლა ერთი პატარა სისუსტე და ატყდება იწილო ბიწილო, დღეს დარჩი, ხვალ წადი და მოსალოდნელ სცენარს უცებ საყვარელი მეუღლის, ლეილას მოღუშული სახე გადაეფარა, მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდა, ყველა შესაძლო სცენარმა მკვეთრი ფინალი შეიძინა, დუგლასამ ბეჭედი დასვა, "ჩავალ ახლა და არიქა წევედი, მადლობა, აბე ჰე ,აბა ჰო.. დამანებონ თავი, საქმიზა ჩამევედი აქანა და თუ მევიგოზე ჩაქაფულით ამ უთენია, მოგჭამა ჭირი საქმემ.."
მაინც რა საზიზღარი სიზმარი ნახა, მამამისს უყვარდა თქმა, ცოტა ჭამა რომ გაუგრძელდებოდა : "პირის ზომა იცოდეო, სიზმრის ადგილი მაინც დატოვე შე დალოცვილოო". ჩაეცინა, წუხანდელი სიზმარიც თითქოს გასაქანს ვერ პოულობდა, მუცლის ნაპრალებიდან ჟონავდა და თავში უგროვდებოდა. ესიზმრა, რაღაც რიგში დგომა, იდგა თავის ადგილას, რიგს მორჩილად ელოდებოდა, მაგრამ ვისაც მოესურვებოდა, გამოვიდოდა რიგიდან, გააქანებდა გაშლილ ხელს და წაუთქაშუნებდა კეფაში, მერე მეორე, მესამე და კეფა ისე უხურდა ახალგაღვიძებულს, გეგონება გახურებულ აგურზე ედო თავი. კისერიც გაშეშებოდა, დილის სუსხს და ბახუსს დააბრალა, ეცინებოდა ვინ რას მერჩოდაო, ამ ფიქრში შარვალს გადაწვდა და დამახასიათებელი სიმკვირცხლით იწყო აკაზმვა. ქვედა სართულზე გუშინდელი კამპანიის ხმა შემოესმა, ეტყობა ერთად აპირებდნენ გუშინდელი დანაშაულის გამოსწორებას, ამან რწმენა იმისა რომ დროზე ვერ წავიდოდა, უფრო გაუძლიერა, მაგრამ ლეილას სახე არ შორდებოდა თვალიდან, არ ვარგა ასე, ცოლი სახლში უპატრონოდ და თვითონ სადაც უღამდებოდეს იქ უთენდებოდეს. კარი შეაღო, აივანზე გაიჭყიტა, ჩაისუნთქა და გავიდა, კიბეები ისე ჩაიარა არავის დაუნახავს, მაგრამ ფეხქვეშ მიწა იგრძნო თუ არა, შეიცხადეს, არიქა გაგაღვიძეთ ალბათო და აბა წყალი შეისხი სახეზე და მოდი, მოდი კაცო, ბახუსს ხო არ მოაკვლევინებ თავსო. დუგლასა დგას გაშეშებული და უცებ, წავედი ახლა მეო, დილის საქმე მქონდა ლილოში და გადამცილებია გულსო, ახლა თუ ჩავასწარი ხომ კარგი, თუ არადა მოსაკლავი ვიქნებიო. გაააფიჩხინა ფეხები, საყელოში კინაღამ ჩაავლეს ხელი, მაგრამ ცალი ხელით მანქანის კარების სახელურს მოეჭიდა და ფეხით საფეხურზე შედგა და ნაძალადევი ღიმილით და ათასი ბოდიშით, გაბრაზებული მასპინძლების სახეებს თვალებით უხდიდა უხერხულ ბოდიშს, ამ დროს ქალმა გამოესარჩლა : "ეტყობა იღუპება კაცი და გაუშვით ბოლო ბოლოო.." . ადამიანური იერი რომ დაუბრუნდა უკვე მთავარ გზაზე იყო გამოსული და თბილისისკენ მიჰქროდა..

ცოტა ნაწვიმარი იყო, მაგრამ მზემ გამოანათა და დუგლასას ხასიათიც ნელნელა გამოსწორდა, ის კი არა, ცოტა წაუღიღინა, საჭეს მსუბუქად ეხებოდა, მანქანაში უკვე დათბა, სავარძელში კარგად მოკალათებულიყო, წინ გზა, გზა და გზა. ამ დროს დუგლასას ფიქრი უყვარდა, ძირითადად იმაზე ფიქრობდა, რას მოუტანდა ეს საქმიანი გასეირნება. მთავარი საზრუნავი შვილის უნივერსიტეტი იყო, ცოტა ყალთაბანდობდა ბიჭი, მაგრამ ძირითადად მაინც სერიოზული, მომთხოვნი და თვითკრიტიკული იყო, რას არ გაიღებდა დუგლასა ბიჭის ბედნიერებისთვის, იმისთვის რომ გზაზე დაეყენებინა, მაგრამ შექება არ უყვარდა, უფრო სიფიცხეს გაითამაშებდა ხოლმე, ბიჭი ამ ეშმაკობაზე, ეშმაკობითვე პასუხობდა და ცოტა ხანი თავს მოანატრებდა, ცოტა უყურადღებობასაც იჩენდა, მაგრამ ეს ისე, სინამდვილეში ორივე ხვდებოდა, რომ ამ სამ ადამიანს ერთმანეთის გარდა ბევრი გულშემატკივარიც არ ჰყავდათ და მოფრთხილება იყო საჭირო. თავის მხრივ დუგლასა თავს არ ზოგავდა, ბინა გინდა, სწავლა განათლების ხარჯები და ხანდისხან სოფლის ნობათში თავით ჩაყუდებულ ბიჭი, კუთხეში კოხტად გამონასკვულ ანაშასაც პოულობდა, ეს თვალის ჩაკვრა იყო მამამისისგან, კაცური საიდუმლო და ახალგაზრდული კენწლაობა, სამაგიეროდ ბიჭი კაი კონიაკს გააიმასქნებდა, იმპორტულს და გაუგზავნიდა. აპ, დუგლასა ღმერთმა დაიფაროს :"მე ფხიზელი არ ვუქნივარ ღმერთს და ახლა ამევიპრაწო თვალები ამ ხნის კაცმა, მერე თლა გამომერღოვა აი ჯიბეო" , ახლაც ფიქრობდა, რა სიკვდილმა დაგალევინა გუშინ, იმიტომ იყო რომ გითხრაშუნებდენ სიზმარში წაღმა უკუღმაო. ბიჭის გახსენებაზე, ერთ კაი საზამთროს მივუტანო იფიქრა, არა, დამხვდეს და წაიღოსო, მარა დავადგები ამ კვირა დღეს, უჩუმრადო.. აინტერესებდა მოსალოდნელი რეაქცია, კრიზისის გამოწვევა უყვარდა ბიჭში და მერე კათარზისით ტკბობა. ტვინს უღუნავდა რუსთაველის გამზირზე ამხელა მანქანით ასვლა, მაგრამ შვილია, ასეა საჭირო, გულსაც თავისი წილი პატივისცემა უნდა და გადაწყვიტა ასვლა, თან წავიხემსებო. დუგლასა კალანდაძის თვალს რა არ უნახავს, გონებას რა არ უფიქრია, მან იცოდა იმ საბედისწერო წამის შესახებ, ერთი მომენტია და რო გაივლის თავში, უწყინარი და უწონო, ფიქრობ რომ გააკეთო და რა ჯანდაბისთვის იფიქრებ, რომ ერთი პატარა წამი დიდ დავიდარაბას გამოიწვევს. თან დუგლასმა ისიც იცოდა რომ ხანდახან დიდებული ამბები პატარა კაცისთვისაც მოიცლის ხოლმე, დიდებული ამბები თავისთავად დიდი ამბავია, მაგრამ კაცი უნდა ეყოს, პატარა კაცის ენერგია არ ყოფნის დიდებულ ამბებს, მაგრამ ისიცაა, კაცი დიდია თუ პატარა, ეს მხოლოდ დიდი ამბების მოხდენის შემდეგ აშკარავდება..

ეშმაკიც კი ვერ იტყოდა ზუსტად, როდის აირია დუგლასა კალანდაძის გეგმები. მაშინ, როცა მანქანაში გამთბარს რული მოერია და ტროტუარის ძგიდეს წაარტყა ბორბალი, თუ მაშინ ამ შეჯანჯღარებიდან ცოტათი შეფხიზლებულმა, სარკეში სამი ოთხი საზამთროს სინქრონული მოძრაობა დაინახა, ისინი თითქოს მანქანას გაურბოდნენ და ამ დროს მოისმა ის გამაყრუებელი გრუხუნი, რომელიც მის უკან მომავალი მანქანების დაჯახებისას გაისმა.ეს გრუხუნი იმ დღის სალიუტად შეიძლება ჩაითვალოს, დუგლასასთვის ეს იქნებ სულთათანას დასაწყისიც იყო, თუმცა იმ დროს დუგლასას, როგორც ალბათ მის ადგილზე მყოფი ნებისმიერი ადამიანი იფიქრებდა, არაფრით არ სურდა იმის დაჯერება რომ ამ დავიდარაბაში მთავარი უბედური სწორედ თვითონვე გახლდათ. ინერციით გაგრძელებული სვლა ოდნავ შეანელა (ავი ენები ამბობდნენ, გაქცევა უნდოდაო) , რამდენიმე მეტრი გაიარა და საბოლოოდ გაჩერდა, უკნიდან ზეციური ხმასავით ჩაესმოდა წესრიგის დამცველი ყვირილი მეგაფონიდან :" გააჩერე ! გააჩერეეე, ახლავე გააჩერეო..." დაფიცება შეეძლო, ოდნავადაც ვერ გრძნობდა რა ხდებოდა ირგვლივ და კარების გაღების შემდეგაც ასე იმშვიდებდა თავს, სანამ ვიღაცის ძვალზე შემოქანდაკებულმა ხელმა უმწარესი სილა არ გაარტყა ამ ხნის კაცს. გაშეშდა დუგლასა, ამ ხელს წიხლი მოჰყვა და სანამ არკვევდა ტკივილის ლოკაცია მუხლს ზემოთ იყო თუ ზედ მუხლზე, ოდნავ გვერდიდან, ვიღაცამ მთელი ტანით გადაეფარა. დუგლასას რეაქცია ის ის იყო გაოცებიდან, მადლიერების გრძნობაში უნდა გადაზრდილიყო და სწორედ ამ დროს, სწორედ ამ წამს, ვიღაც არც ისე სპორტული მონაცემების მქონე (ყოველშემთხვევაში იღლიის ჭრილიდან, საიდანაც დუგლასას ერთადერთი თვალთახედვა შემორჩენოდა, იგი კალათბურთელს ნამდვილად არ ჰგავდა) ვიღაცამ შესანიშნავად გათვლილი ტრაექტორიით დააფშვნა თავზე ასე ხუთ-ექვს ლარიანი, ძარღვიანი საზამთრო. დუგლასამ იცოდა, ახლა რამე რომ ეთქვა, მრისხანების იმ ტალღას რომლის სუნიც ჰაერში დატრიალდა ვეღარაფერი გააჩერებდა, თან, სულო ცოდვილო ცოტა კი შეეშინდა ასეთი სამქულიანის შემხედვარეს და მანქანის ქვეშ უტია. კარგად გამოფხიზლებულ დუგლასას თვალწინ გადაეშალა შემზარავი პეიზაჟი, მანქანის ძარას კარები მომტვრეოდა, მთელი საზამთრო პუშკინის სკვერსა და მოედანზე გაფანტულიყო, საზამთროს უწყინარი გორიალით დაფეთებულ, ზოგიერთ ურბანულ ნევროტიკს, მანქანა უეცრად დაუმუხრუჭებია, მის უკან მდგარ ნევროტიკს კი ასეთი რეაქცია არ გამოუვლენია, იმის უკანაც დაბრკოლებულა ვიღაცა და გარედან ასე ჩანდა გეგონება მანქანები ჯვარდებიანო. იწვა დუგლასა კალანდაძე ქვაფენილზე, მთელი სიღრმით გრძნობდა რომ, ამ დავიდარაბაში მთელი პასუხისმგებლობა მას ეკისრა და ცოტა ღმერთსაც, ღმერთი კიდე, როგორც მოგეხსენებათ არ ერევა ასეთ საქმეებში, ეგღა აკლია პასუხი აგოს.

გამწარებული კაცის სიცილი იყო ის სიცილი დუგლასას რომ წასკდა იმის დანახვაზე, როგორ ამოიღლიავა ამ ჩოჩქოლში, ყვირილსა და წივილში ერთმა, არცთუისე სანდო რეპუტაციის და შესახედაობის შუაშისტმა საზამთრო და მიწისქვეშა გადასასვლელში დურთა თავი, მის უკან მიმყოლმა ორმა , კამპანია გაუწია და იმათაც წააყოლეს ხელს თითო თითო, ბედის ირონია ის იყო რომ აქედან ერთი ალბათ ესთეტი გახლდათ და საზამთროს ხელი მოუჭირა, ერთი ორჯერ ზედ თითებიც წაუკაკუნა, გეგონება ფული ჰქონოდა გადახდილი. გულგახეთქილმა დუგლასამ ვერც დაამთავრა წამოყვირება: "ხომ არ გაგიჭრა შე მუცელგასატკლეცოო.." რომ იგრძნო, დაუცველი მხრიდან ვიღაცას მისთვის ფეხში ჩაევლო ხელი და იმ მხრისკენ მიათრევდა, სადაც მაინდამაინც კეთილგანწყობილი ხალხი არ უნდა ყოფილიყო თავმოყრილი. ხავსი არ იყო რო მოჭიდებულიყო და გაჰყვა გამრჯე ხელებს დუგლასა. მანქანის ქვემოდან გამოძრომისას ჯერ ვიღაცის მობილური მოხვდა თვალში და მერე მუშტი. "-გადევიხდი, გადევიხდი.."-ს ლუღლუღში ითვლიდა წიხლებს დუგლასა, ჩაესმოდა: "-აიკლე არა მთელი ცენტრალური ქუჩა შე გარეწარო?!", "-ნახე !ნახე რას ჰგავს, გდებულიყავი იმ შენს აღაიანში"-ო ვიღაცამ, "-რა შუაშია აღაიანი..."-ო და ამ დროს ვიღაც ქალმა ქოლგა სწორედ იმ დანიშნულებისამებრ გადააწნა სახეზე, რა დანიშნულებითაც გამოიტანა ამ უწყინარ ამინდში სახლიდან. ისევ ვიღაცის ტანი გადაეფარა დუგლასას, გრძნობდა როგორ გლეჯდა ვიღაც ყურს და თავიდან იფიქრა, ეს ტანი წეღან ჩემს საშველად იყო მოსული და ახლა მკლავს ეტყობაო და მთელი ძალით ჩაასო კბილები მხარში, "-გაცოფდა! შეიშალა! გაანეიტრალეთ, გაანეიტრალეთ.." ვიღაცამ მთელი ძალით დაუკეტა ყბა, მეორემ ხელში ატაცება სცადა, მესამემ ფეხები შეუკრა და დუგლასას ერთ წამს ეგონა ახლა მოვკვდებიო, მაგარამ თითქოს უფრო ამსუბუქდა, რა ჯანდაბით , კაცი ვერ იტყოდა, დაუძვრა მკლავებიდან, გადახტა ღობეზე, გაიშხუილა ამ ხნის კაცმა ტროტუარზე, საჯარო ბიბლიოთეკასთან ჩაირბინა, მირბოდა და ფიქრობდა :"რა ჯანდაბა მეტეკა ამ ნაცემ და ნათრევს, რამ მომცა ამდენი ენერგიაო" და უცბად დაჰკრა ფეხი ფართო საფეხურს, ჯერ არც იყო ჩასული ბიბლიოთეკამდე, დაჰკრა ფეხი და აფრინდა, აფრინდა... ცოტა კი იყო ნაწყენი ბიჭი ვერ ვნახეო, მარა ლეილას ხო ნახავდა, ბიჭი მაკვარანცხი იყო კაცო, დაურეკავდა და მანქანაზე ის იზრუნებდა, დაწყნარდებოდა ეს ხალხიც, აბა რა იქნებოდა, აბა იქ აღარ იყო და ტყუილად ხომ არ დაჯიჯგნიდნენ ერთმანეთს... " უი ფეხსაცმელი კი წამძრობია ფეხიდანო" გაიფიქრა და სადღაც მცხეთის ჯვართან გადფრენისას, პირჯვარი გადაიწერა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები