ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: შენგელია ჯანო
ჟანრი: პოეზია
27 მარტი, 2018


როგორც ყოველთვის

მე დავიღალე, არაფერი საინტერესო,
ოთახებია, კარადები, მტვერი წიგნები,
როგორც ყოველთვის. ლამაზია სიცარიელე
ასიათასი მიზეზის და ჟანრის მიხედვით..

კვლავ წვიმებია, დანჯღრეული ტელევიზორი
ახალ-ახალი რეკლამები, გადაცემები,
როგორც ყოველთვის ლამაზია შენი სიშორე
თბილი მკლავების, ნაწნავების გასახსენებლად.


როცა თბილ პლედში გახვეული, ხმაგაკმენდილი
თვალებს მივლულავ და ღრმა ბოლში ჩავიძირები,
როგორც ყოველთვის ეფექტური არის წერტილი
შენ კი იღიმი უცნაურად, შენი მძიმეთი..

მე დავიღალე, უძრაობით, ამდენ ხვალეთი
ჰორიზონტებით საიმედოდ რომ ჩანს არავინ,
როგორც ყოველთვის ეპიგონი შენ ხარ ხმელეთის
როცა ვირწევი ზღვის ტალღებზე კატამარანით...

მე დავიღალე, ხეტიალით, საქარეთებით,
მე დავიღალე იმ ყველაფრით რასაც ვერ ვზიდავ,
როგორც ყოველთვის რძისფერ ღამის ჩრდილში შევხვდებით,
როცა ცრემლივით წამოგწყდები წამწამებიდან...


მე არაფრი, დავიღალე, როგორც ყოველთვის

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები