ნაწარმოებები



ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პროზა
30 მარტი, 2018


გ ა ხ ს ე ნ ე ბა მ ა მ ა ზ ე(რატომღაც უფრთხიან მამაზე დაწერონ რაიმე)

სამსახურს ვეძებდით ჩემთვის.
ერთ დღეს მამამ მითხრა, რომ გავყოლოდი  სტუდენტობისდროინდელ მეგობართან, რომელსაც კარგი თანამდებობა ჰქონდა.
დავეთანხმე და წავედით.
კარგად მიგვიღო, გაეხარდა მამას ნახვა,
მან სხვა მეგობარს დაურეკა.
დაასრულა მასთან საუბარი, შემოგვიბრუნდა და გვითხრა, მოემზადეთ გავდივართ.
ჩვენ წამოვდექით, მანაც სასწრაფოდ ჩაიცვა და გამოვედით.
მამამ ტაქსი გააჩერა.
გზაში ბევრი რამ გაიხსენეს სტუდენტობის წლებიდან.
მივედით დანიშნულ ადგილას.
გარეთ გველოდებოდა მისი მეგობარი უკვე, შემოგვევგება.
გაკვირვება დაეტყო ჩემს დანახვაზე, ამიყვანეს უაპარაკოდ სამსახურში. სამ დღეში დამიბარეს.
იმ დღეს ეს ავღნიშნეთ კარგ ადგილას, მამას არასოდეს ეშლებოდა ასეთები.
მას მამამ ერთი ვარდი აჩუქა მოულოდნელად და მადლობა გადაუხადა  დამშვიდობებისას.
ჩვენ სახლში წამოვედით.
მე ვურეკავდი მამას მეგობარს და სამსახურში ვნახულობდი.
– არ დამივიწყო იცოდე,–  ასე მეუბნებოდა ყოველი დამშვიდობებისას.
ძალიან შემიყვარა. ჩემს დანახვაზე თვალებში ცრემლები უდგებოდა ხშირად.
მე ეს არ გამკვირვებია.
გაზაფხული იდგა, კარგი ამინდებით.
სამსახურიდან გამოვედი, ყვავილებმა მომტაცეს თვალი გზად, გავაჩერე ტაქსი და ვიყიდე წითელი ვარდები და მივედი მამას მეგობართან.
კაბინეტთან სიჩუმე იდგა, არავინ ელოდებოდა გარეთ.
ფრთხილად დაავაკაკუნე.
მობრძანდით, მომესმა სევდიანი ხმა.
შევედი, მაგრამ წინ ვარდებმა შემასწრეს.
მისი დაბადების დღე იყო.
ღმერთო! თქვა და წამოდგა.
ეს ვინ იცოდა, ვარდები ჩემს თავზე მეტად რომ მიყვარს.
სახე გამოვაჩინე, თითქმის გამოიქცა და ჩამეხუტა, ძალიან მაგრად ჩამიკრა გულში და ის ხმამაღლა ტიროდა , ქვითინებდა.
მე არ გავნძრეულვარ, მის თმებს ხელით მზრუნველად ვეხებოდი.
ის ქალი იყო, მასში სიყვარული ისევ ცოცხლობდა, უშედეგო სიყვარული და ვარდები......იყო...
ვამშვიდებდი თმებზე ხელის ნელი მოძრაობით.
მერე ოდნავ გაიწია, ხელი ხელზე მომკიდა, თვალებში ჩამხედა და მკითხა:
–ალბათ მამამ გითხრა, არააა..
მე გავუღიმე.
ვერავინ წარმოიდგენს, როგორი ბედნიერი იყო. ხან ვარდებს უღიმოდა, ხან მე, ხან შორ სივრცეს გაჰყურებდა.
არც დამჯდარა.
მე კი დავემშვიდობე, სამსახურში დაბრუნება მოვიმიზეზე.
ბედნიერი ვარ, ასეთი კარგი დედა რომ გყავს, შვილო, მითხრა და მაკოცა, მამაზე აღარაფერს ვამბობ.
მე მას ვუთხარი, რომ დედას ორქიდეიები უყვარს ისე, როგორც მას ვარდები.
და თავი დავიმშვიდე, რომ, მე დედასთვის არ მიღალატია.
მე მივედი კარგ ქალბატონთან, ლამაზ სიყვარულთან, მუდმივ, თანაუგრძნობ სიყვარულთან მივედი, მათი მანუგეშებელი, ლამაზი ვარდებით.

მას ყოველთვის  წინასწარ ვუთანხმებდი, ჩემს სტუმრობას, გარდა იმ დღისა. ვარდები, რომ მივართვი.
ალბათ ახლაც ვემახსოვები იქ.......... წითელი ვარდებითა და მომღიმარე სახით, თბილი ხელებით  და ზღვისფერი  ლურჯი თვალებით. როგორც მაშინ, ყოველი შეხვედრისას იცოდა თქმა.

რაღაც ხანის შემდეგ, დავრეკე მის ტელეფონზე დ სხვამ მიპასუხა.
მანამ ვკითხავდი, თავად მითხრა რომ მისი ქალიშვილი იყო, დედა გარდასცვლოდა მოულოდნელად  გულის პრობლემებით და ჯერ  ორმოციც არ იყო გასული.
ხმა ვეღარ ამოვიღე. მეწყინა. გულიც მეტკინა.
მკითხა ვინ ვიყავი. ვუპასუხე.
მითხრა, რომ მამაჩემი, მის დედას  მთელი ცხოვრება უყვარდა და მისი ნაჩუქარი, ის ერთი ვარდი, ბოლოს რომ აჩუქა,ლარნაკში დამჭკნარი ახლაც მის ოთახში იდგა, მის მაგიდაზე.
დავემშვიდობე ნირწამხდარი. მისი დაბადების დღე ახლოვდებოდა ორსამ დღეში.
მამასთვის არაფერი მითქვამს ამის შესახებ, მახსოვს მკითხა, როგორ არის, ხომ არ შეხმიანებიხარო.
დავუმალე ეს ამბავი, ვიცი დაენაებოდა და ისიც ვიცი, რომ მამას არასოდეს ჰყვარებია, მხოლოდ პატივს სცემდა როგორც კარგ მეგობარს.
მე და მამას, ხშირად გვქონდა გულახდილი საუბრები.
რამდენიმე წელში მამაც გარდაიცვალა გულის პრობლემით.
მაშინაც გამახსენდა ეს ამბავი.

არიან ადამიანები, რომლებიც არ არიან შენიანები, მაგრამ მაინც გეშენიანებიან, მათი ცხოვრებისეული მომენტებისა და წესის გამო.
ზოგი თავს შეგაყვარებს, ზოგიც თავად შეგიყვარებს და თავს დააგამახსოვრებს გაუმეტებლად...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები