ნაწარმოებები


ნინო ნეკერიშვილისა და ანა ლაშხელი ონიანის სახელობის ლიტერატურული კონკურსი V-XII კლასის მოსწავლეთათვის     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში     * * *     ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
30 მარტი, 2018


წასვლა




წასვლა

"და ბილოს მაინც ავიწყდებათ იმ დალოცვილებს,
რომ პოეტები იყვნენ ოდესღაც“
ზაურ გერგედავა


I

შუაგულტყეში დანთებული არის კოცონი
და გზას მიიკვლევს მისკენ კაცი - იამავარი.
მე კი,  აქ ვიყო გამომწყვდეული ,
ფანქარს წვერი წავუთალო და პირზე მოვუშვა,
წასვლაა ესეც.


(შესავალი)


სახელი ერქვა უმღერებელს - უძვლო, უხორცო.
უხორცო, რადგან და უძვლო,  რადგან
არავის ცნობდა, მდუმარე იყო და მკაცრი.
მის ტევრ ტყეებში აჩრდილები ამოუხოცავთ
- სიჩუმე დადგა. ისეთი დადგა,
დამფრთხალი ირმის
გულის ფანცქალს იგრძნობდა კაცი.

მის იერს ვთლიდი ამ ბურვილში - ვაცლიდი მერქანს
ასწლოვან ძელქვას. ხინჯი მომხვდა, წვეთი ნამი კი
ძარღვში შხამივით ჩამეღვარა - ენა ავიდგი
და იმ წამიდან, მეც მასავით მდუმარე მერქვა.

ამ სამსხვერპლოზე სხვებმა დაკლან სიტყვის ბატკანი,
ამ ნასახლარზე სხვისმა შვილმა დაიდოს კერა.
სად გავიხიზნე, ღმერთმა უწყის რა გზებს ვადგავარ,
რა უმღერებელ სიმღერას ვმღერი?!

მე რომ წავედი, ღამე იყო - სიზმრებს აკმევდა,
კლდის ნაპრალებში იმსხვრეოდა რეჩხი მდინარე,
ეცხადებოდათ გარდაცვლილთა სულნი მძინარეთ
და მეძუძურნი თვლემდნენ აკვნებთან.

შენ, ვინც იგემებ სიტკბოებას უცხო მიწების,
გველის ტყავივით გამოიცვლი უამრავ ზამთარს,
ქარის ქარავნებს გაყვები თუ გადახვალ ცხრა მთას,
მე ვერსად მპოვებ
ზეპირს ანდა ქვაზე მიწერილს.


ტრიპტიქი


სოფელ-სოფელ დადის და წინ ვეება ლოდს მიაგორებს.
გიჟია-მეთქი, გავიფიქრე, ახლოს მოვიხმე .
ლოდი ყორეს მიაბჯინა, ღვინო დალია.
- შეხედე! მითხრა - თვალი ჩემზე უკეთ რომ გიჭრის,
ერთი მითხარი - თუ ატყვია ჯერაც წარწერა,
ყვავსა და ყორანს ნისკარტებით ამოუტვიფრავს:
"ხელმარჯვნივ წახვალ, ტყეს ვერ გახვალ- დაიკარგები .
ხელმარცხნივ წახვალ - ვერ გადახვალ - ჭაობებია.
პირდაპირ ივლი - მთებს მოივლი, გზას ვერ გააგნებ"
მეორე ჯამი თვითონ აივსო, ჩემ პასუხს არც კი დალოდებია.
- სადღაც შენი ხნის ვიქნებოდი, როცა პირველად,
გზაგასაყარზე ჩვენი სოფლის, გადამეღობა,  ე, იმ მთასავით.
მეც უნებლიედ გავიხედე შორი მთებისკენ, ნისლი ეფინათ.
ამასობაში, მკვირცხლად შესვა მესამე ჯამიც.
- მომწყურებია, კაცო- თქვა და ღვინოც შემიქო.
ლოდთან მივიდა, ხელი კრა და წინ გაიგორა.
დიდხანს ვიდექი, იმ მთებივით ნისლი მეფინა.
- ნეტავ, რამდენჯერ გამივლია მეც ის ადგილი ?!
ნეტავ, რამდენჯერ სხვებიც მშვიდად გამოივლიან?!

უხმოდ  სახლისკენ მივტრიალდი.
კარს ავგაროზად მილურსმნული ნალი მოვხსენი.



2

ცხენის ძუაზე მიუბია ტაძრის ზარი და დადის სოფელში.
-რას შვები, კაცო?! - მივაძახე, კრინტი არ დაძრა.
- რას შვები, კაცო ?! - ხმა ავიმაღლე.
-შემხედე, აბა! - მიპასუხა - თვალი ხომ გიჭრის?!
სახტად დამტოვა, გაეცალა იქაურობას.
ვერ მოვისვენე, გავიკითხე კაცის ამბავი:
- ერთხელ, მოვიდნენ ჩვენს სოფელში კოხტად ჩაცმულნი,
ტაძრის დანგრევა გვიბრძანეს და მან იკისრაო.
ჰე, მაშინ ზარიც მიუბია ცხენის ძუაზე,
შემხედეთ, აბა! - უყვირია - თვალი ხომ გიჭრით?!
შემხედეთ, აბა! განა მომტყდა მარჯვე ხელები?!
კაცს მაგის მერე სამი ჭაკი გამოუცვლია.
სამივე ღმერთის და კაცის შუღლს შეწირულან.

სახლში მისულმა შევაბრუნე ხატი კედლისკენ
და ცხენებს ვასვი წყალი ნაკურთხი.
ზარების ხმაზე აწ თავლაში მივერეკები.

3

ჭა იმსიღრმე, ყორე იმსიმაღლე.
სადღაც,  მთებში კი,  ემზადება ცივი ზამთარი.
ბარში თერძები საქსოვ ჯარას ატრიალებენ.
მივედი მეც და მივიტანე ძველი ფარაჯა.
- არა მცალია - მიპასუხა - სხვა დროს მეახლე.
მივედი ისევ, ნემსის ყუნწში ძაფს უმიზნებდა.
- არა მცალია - ხისტად მითხრა - განა ვერ ხედავ?!
მესამედ მიველ, გამისტუმრა მყისვე უარით.
- ასეთს რას კერავ? - შევეკითხე - კოლოპურტსაო*
- წლებია  ვკერავ,  ხან რას ვაკლებ, ხან რას ვამატებ.
ვწვალობ , ძმობილო, ვიტანჯები მე ამ საქმეში.
- რატომ , კი მაგრამ? - გავიკვირვე მისი ხელობა.
- როგორ თუ რატომ, განა შენით ვეღარა ხვდები?!
რომ დავასრულებ,  მოვიზომო უნდა იმწამსვე,
რომ მოვიზომო, დამიდგება ჟამი სიკვდილის.
ერთიც გაჭრა და ხელმეორედ ამოიხვნეშა...
წამოვედი და წამოვიღე ჩემი ფარაჯა. 
სახლში მისულმა აბგად ვაქციე.

ნალი, ადრე რომ ავგაროზად მქონდა კარებზე,
ნაკურთხი წყლის მსმელ ცხენს დავაჭედე
და გავაჭენე მთებისკენ, სადაც...
მთებისკენ, სადაც ემზადება ცივი ზამთარი.


II


მაღლა ავიხედე - ყორნები,
(ასეთ დროს მძაფრად გრძნობ სიცოცხლეს.)
უკან მივხედე - კოდორი.
კოდორი როგორ ადიდებულა.
ხელი ჩავავლე ლაგამ-ავშარს კოჭლი ულაყის -
ან ჩემი იყოს,  ან მგლისა.

„გზაშია კაცი“ იტყვიან და გაგახსენდები:
დამაგდებ კორდზე დაღლილს და მწყურვალეს,
ხეს ამომიყვან საჩრდილობელს, ქარს მომიგზავნი
და როცა სიზმრებს შევიმოსავ, შენ,  შორეულო,
ჩემ ბნელ წიაღშიირმის ნახტომს ჩაუსაფრდი და
კრინტი არ დაძრა,

მიყურე, მიყურე,
ახლა , როდესაც ძირს მიგდია ყველა ნიღაბი.
ახლა , როდესაც აღარ ძალგიძს დამიმახსოვრო,
მიყურე!


აი,  სოფელი ხეობაში:  ორი მოსახლით,
ორი გალავნით, ორი ჭერით, ორი ნალიით,
ორი ბოსელით, ორი ჭითა და ერთი შუღლით
აი , სოფელი!
სხვები წლების წინ გადახვეწილან,
ზოგი ბღვარსაა,  ზოგი მაშრიყს , ზოგი ჯანდაბას.

აი, ვენახი დაქცეული,  დაღონებული,
აი, ვენახი.


ერთამანეთს შერჩნენ დედფანია* და გამპატიოსნებელი მიცვალებულთა, ჩვენთან მარწკინალს რომ უწოდებენ. დედის მუცლიდან ამოყვათ შუღლი, რადგან ასეა მოწყობილი, ჩაფიქრებული.  ერთმანეთს თვალს არ უსწორებენ .  სოფლის ერთ ქცევა მიწაზე კი საფლავის ქვაა და იფანი, როგორც გამყოფი - მონიშნული, დავიწყებული.
აქ დავსახლდი და ყურს ვუგდებ დების სიმღერას:



საით,  საწყალო დედფანია ?
აი,  კორდზე რომ იფანია,
გასახმობი და დასაწვავი,
დასახსნელია დასაცავი.


-შენი ჭერი და სარეცელი,
საფლავებია,  იფნებია.
იფნებში ქარი წაიქცევა,
იფნებიც აღარ იქნებიან.
ერთი მტკაველის მესამედი
კესანებია.
კესანები
არ იქნებიან.


ხიდი კი არა,  გასაყარი.
მიწა - სამარედ გასაყოფი,
სახლი კი არა -  ნასახლარი.
ხელი კი არა - გასახმობი,
ყორე კი არა  -  ნაპრალები,
საფლავებია.
საფლავებიც
არ იქნებიან.


აღარ იქნება დედფანია
აი,  კორდზე რომ იფანია.


აქ დავსახლდი და სახლს დავემსგავსე.
კენჭი კი არა,  ქვა მოისროლე,
ეზოში ძაღლიც არ დაყეფს,  მაგრამ
ორმოცი ღამე რომ მიილევა,  ყივის მამალი
და როგორც ვინმე,  მძლე მითიური,
თავიდან იწყებს ორმოც განთიადს

___

აქ ხე არ არის,  მამაჩემის ხელით დარგული,
აღარც ვენახი.
მხოლოდ ფანჯრები ისხამენ ნაყოფს,
ჩასაფრებული ჩემი თვალების,
როცა ღრუბლები გროვდებიან,
როცა ქარია
ეს გასახმობი, დასაწვავი იფანი მშოლტავს.


კოლოპურტი - მიცვალებულის სამოსი (რაც გარდაცვალებისას ეცვა)
დედფანია - ბებიაქალი





კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები