ნაწარმოებები



ავტორი: თამარ ბუკია
ჟანრი: საბავშვო
30 მარტი, 2018


ვატო (ნამდვილი ამბავი)

1997 წელია. ჩემი ნატა დღე-დღეზე ელოდება ბავშვს და ამიტომ აგარაკზე მხოლოდ მე და ნიკუშა უნდა ავიდეთ. ნიკა - 6 წლისაა.
გავგიჟდი, - იქ მარტო რა გამაჩერებს-მეთქი?
- მაია და ლუკა წაიყვანეთ, შენც მხიარულად იქნები და ნიკაცო, - მირჩიეს. მასეც მოვიქეცით. მოკლედ, არაჩვეულებრივად ვატარებთ წვიმიან დღეებს. (მხოლოდ ჩასვლის და წამოსვლის დღეებში არ წვიმდა. დანარჩენი დრო - ცხვირს ვერ ვყოფდით გარეთ, ისეთი თქიშინა წვიმა მოდიოდა.)
ეტყობა თაგვებსაც მობეზრდათ წვიმის წყალში ბანაობა და... ერთი,  ყველაზე მამაცი თაგვი სახლში შემოძვრა.
დაღამდა. ჩვენ ოთახში ვსეხდვართ და წიგნებს ვკითხულობთ, ნიკა და ლუკა კი -  გვერდითა ოთახში თამაშობენ.
უცებ გვესმის ორივე ბავშვის ერთდროულად ჩურჩულით ყვირილი:
- დედააა!...
ორივე წამოვხტით და ბავშვებთან გავცვივდით. ბავშვები კი ოთახის ერთ კუთხეს არ აცილებენ თვალს და შიშით ვერ იძვრიან ადგილიდან: კუთხეში პატარა თაგვი ზის და ისიც გაფართოებული თვალებით შეჰყურებს ბავშვებს.
მაო არ დაიბნა და...
- თამრი, ჩვენი ვატო მოსულა! - ყურებამდე გაიღიმა.
- შენც იცანი? - გამეცინა.
- ვატო ამ ვიღაცას ქვია? - შიშით იკითხა ლუკამ.
- სახლს ყარაულობს-ხოლმე. - უცებ დავაკისრე ფუნქცია.
- თუ ჩვენი სახლის თაგვია, რატომ არ აჭმევ საჭმელს? იქნება შია? - საქმეში ჩაერთო ნიკუშა. გაიქცა და თავისი თეფში მომიტანა.
თეფში ისევ კარადაში დავაბრუნე, მომპასის ცარიელ კოლოფში ცოტა პური ჩავუყარე, ზედ მორჩენილი სუპიც მოვუსხი და "ვატოს" ახლოს მივუჩოჩე. არ ვიცი, ის რატომ არ გარბოდა, ფაქტია, თავის სადილთან მისუნსულდა და ისე გემრიელად დაუწყო ჭამა, ბავშცვებსაც მოანდომა.
მას შემდეგ ვატო ჩვენი ოჯახის წევრად იქცა.

ის დღე იყო და ის დღე! ნიკა და ლუკა ოთახიდან ვერ გამოგვყავდა. საჭმელსაც კი იმ ოთახში ჭამდნენ, ვატოს მოსვლა რომ არ გამოჰპარვოდათ.
თავიდან ვატოს არ სიამოვნებდა  ოთახში ბავშვების ყოფნა. მხოლოდ თავს გამოჰყოფდა-ხოლმე პლინტუსებს შორის დარჩენილი ღრიჭოდან და გამოსვლას კი ვერ ბედავდა.  ბოლოს  მანაც თათი ჩაიქნია და  გარეთ გამობრძანდა.  იქვე, ოთახის  კუთხეში მიიყუჟა და ბავშვებს მიაჩერდა.
- დედაააა, ვატო მოვიდა და მშიაოოოო! - გიჟივით შემოვარდა ოთახში ნიკა.
- ასე გითხრა, მშიაო? - გამეცინა.
- ჰო. რომ ვკითხე, ვატო, გშია-მეთქი?თავი დამიქნია, ხოოო...
- კარგი ბატონო. ვაჭამოთ ჩვენს ვატოს.
ის მომპასის ყუთი გამოვიღე (რომელიც, ბავშვების დაჟინებული მოთხოვნით, კი არ გადავაგდე, კარგად გავრეცხე), სადილი დავუსხი და  ოთახის  მეორე კუთხეში დავუდგი.
ვატომ ცხვირ-პირი ააცმაცუნა, - სადილის სუნმა შეუღიტინა ალბათ. ჯერ კუთხეში მიიყუჟა, მერე ნელა გადმოდგა ფეხი მომპასის კოლოფისკენ. როცა დარწმუნდა, არავინ არაფერს მერჩისო, კოლოფს მიუცუცქდა და ჭამა დაიწყო. მთავარი ის იყო, რომ ოჯახის ოთხივე წევრი ოთახში ვიყავით, თუმცა ვატოს ჩვენი აღარ შეშინებია. მას მერე აღარ გვერიდებოდა, თავის წილ სადილს მაშინაც მიირთმევდა, როცა ყველა ოთახში ვიყავით.
მხოლოდ მაშინ დავაკვირდი ვატოს გარეგნობას, როცა ჩვენი თანდასწრებით ტუჩებიც მოილოკა და პირიც დაიბანა თათებით.
ლამაზი პატარა ვარდისფერი ყურები ჰქონდა. თავად - ყავისფერი იყო, რადგან ის მინდვრის თაგვი გახლდათ და არა სახლის. მინდვრის თაგვები უფრო მოკლეები და მრგვალები ყოფილან, სახლისები კი -  წვრილები და გრძელები. სახლის თაგვი - მუქი ნაცრისფერია, მინდვრისა კი - ლამაზი ყავისფერი.
გიშერივით შავი თვალები ჰქონდა ვატოს, ამ პატარა მრგვალ ბურთს...  პატარა საყვარელ სათამაშოს ჰგავდა. 2-3 დღეში ისე მივეჩვიეთ მის სახლში ყოფნას, ვეღარც კი წარმოგვედგინა ჩვენი სახლი ვატოს გარეშე. თუ დამიჯერებთ, ერთი კვირის მერე სახელზეც კი იხედებოდა. ამან ხომ სულ გადარია ბავშვები. ხან გაფცქვნილ კამფეტს უდებდნენ ოთახის კუთხეში, ხან ვაშლის ნაჭერს. ვატო წუნია არ გახლდათ და ყველაფერს სიამოვნებით მიირთმევდა.
ჯერ ისევ წრუწუნა იყო ვატო. ალბათ დიდი და ბოროტი ადამიანები ნანახიც არ ჰყავდა და ამიტომაც არ ეშინოდა ჩვენი. ჩვენ არც ცოცხით დავდევდით, არც სათაგურს ვუდგამდით და არც ქვებს ვესროდით. პირიქით, „გემრიელობებით“ ვუმასპინძლდებოდით.
უნდა გენახათ, რა მონდომებით არჩევდა მზესუმზირას. გულებს - ცალკე აწყობდა და ჩენჩოებს - ცალკე. მერე ჩენჩოს მოშორდებოდა-ხოლმე,  გულებთან ჯდებოდა და მათ ჭამას იწყებდა. წავივით კი არ იყრიდა პირში? სულ თითო ცალს იდებდა  და ტუჩების ცმაცუნით ჭამდა.
ერთხელ ცოცხი ავიღე, რომ ვატოს დაყრილი  ჩენჩო მომეხვეტა. ვატოს ცოტა შეეშინდა და კუთხეში მიიყუჟა, მაგრამ, რომ ნახა, რისთვის მინდოდა ცოცხი, მას შემდეგ აღარც ცოცხის დანახვისა ეშინოდა. ვატოს კი არა, ნიკას და ლუკასაც კი გაუფართოვდათ თვალები, როცა ცოცხით ხელში დამინახეს. აბა, ბავშვების ნდობას ხომ არ დავკარგავდი ერთი პატარა ვატოს გამო? ამიტომ ფრთხილად გამოვგავე ოთახი და ის ჩენჩოც ფაქიზად ავხვეტე, ვატოს და ბავშვებს რომ არ შეშინებოდათ. 
მხოლოდ ბავშვები კი არა, მე და მაოც ისე შევეჩვიეთ ვატოს, რომ თუ სახლიდან სადმე გაძვრებოდა, მის დაბრუნებას ველოდით-ხოლმე. მხოლოდ მაშინ ვიძინებდით მშვიდად, როცა მის წრიპინს გავიგებდით.
ერთ დღეს სულ ორიოდე საათით შეწყდა წვიმა. ბავშვები გარეთ გაცვივდნენ, მაგრამ იმ ტალახში სველ ბალახზე ვერ ითამაშეს და უკან დააპირეს ამობრუნება.
უცებ ეზოდან გავიგე ნიკას გამყინავი ხმა:
- დედააა, ჩქარა მოდი, დედაააა!
გარეთ გავვარდი. ნიკა რაღაცას დაჰყურებდა შეძრწუნებული თვალებით. ახლოს რომ მივედი, კინაღამ მეც ცუდად გავხდი. სულ ახლად დაბადებული ხუთი ცალი  წრუწუნა  ერთმანეთთან კუდებით იყო გადახლართული. დედა თაგვი ბევრსაც ცდილობდა, მაგრამ კუდების გამოხსნას ვერ ახერხებდა.  ძალიან გაუჭირდა...  იმდენად იყო გამწარებული, რომ არც მე მაქცევდა ყურადღებას და არც ნიკას.
- დედა, მიეხმარე, რა?! - მუდარა გაისმა ნიკას ხმაში.
- ვის, დედიკო, ამ თაგვს? - გამიკვირდა და თან გამაზრიალა. ნიკა მთხოვდა, რომ ხელში ამეყვანა წრუწუნები და მათი კუდები გამომეთავისუფლებინა.
- ჰო... მიეხმარე, რა მოხდება? -  ნიკა უკვე ტიროდა დედა თაგვის შემხედვარე.
დაუფიქრებლად ავირბინე  სახლში, ხელზე ცელოფნის ხელთათმანები წამოვიცვი და ისევ ნიკასთან დავბრუნდი. სიმართლე გითხრათ, ცოტა მეშინოდა კიდეც ამ დედა თაგვის. მან ხომ არ იცოდა, რისთვის უნდა ამეყვანა ხელში მისი წრუწუნები?
უეცრად სახლის აივნიდან ხმამაღალი წრიპინი მოისმა.  ვატოს აივნის რიკულებიდან გამოეყო თავი და მთელი ხმით  წრიპინებდა.
დედა თაგვმა ერთი კი შემომხედა, თავის წრუწუნებს მოშორდა და შორიახლოს გაჩერდა. წრუწუნები ხელში ავიყვანე, დიდ ქვაზე შემოვსვი და მათი კუდების გამოხსნა დავიწყე. როგორც კი რომელიმეს გავათავისუფლებდი, დაბლა ვსვამდი. დედა თაგვი მოირბენდა-ხოლმე ჩვენთან, დაავლებდა პირს თავის პირმშოს და სოროში მიარბენინებდა. მერე კი უკან ბრუნდებოდა და მორიგი წრუწუნას გამოხსნას ელოდა.
ასე გავათავისუფლე  ხუთივე წრუწუნა. და იცით, რა მოხდა? დედა თაგვი ამ ქვაზე ახტა, ორ ფეხზე დადგა და რაღაცას მეწრიპინებოდა, თან კი თავს მიქნევდა.
გესმით, ხალხო? თაგვი მადლობას მეუბნებოდა შვილების გადარჩენისთვის!
უნდა გენახათ ნიკას ბედნიერება და  ლუკას სიხარული, რომელიც ამ ამბავს აივნიდან ადევნებდა თვალს.
- თამრო, ნამდვილი გმირი ხარ! - აივნიდან დამიძახა მაიამ. - ვერაფრით მოვკიდებდი ხელს მაგ წრუწუნებს. ყოჩაღ შენ!
- თამრიკოოო, შეხედე, ვატოც მადლობას იხდის! - დაიძახა უცებ ლუკამ.
უკანა თათებზე შემდგარი ვატო წრიპინით გვიქნევდა თავს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები