ნაწარმოებები


ლ ი ლ ე - 2018     * * *     მალე

ავტორი: რატი ინაშვილი
ჟანრი: პროზა
3 აპრილი, 2018


დედაენა "იატაკქვეშეთში"


არც ისე დიდი ხანი  იყო გასული, რაც ირაკლის თანატოლებმა სკოლაში დაიწყეს სიარული, მაგრამ უნდა ითქვას, რომ უმალვე აითვისეს სწავლა და რთული ამოცანები ზედმიწევნით გადალახეს. ლევანს, ლუკასა და გაბრიელს, საერთო მიზანი ჰქონდათ. მათ უნდოდათ სკოლის დამთავრების შემდეგ  განათლება საზღვარგარეთ მიეღოთ, შემდეგ საქართველოში დაბრუნებულიყვნენ და მშობლიურ გალში ქართული სკოლა დაებრუნებინათ. დიახ, გალში ყველა ქართული სკოლა დახურული იყო. ერთ მშვენიერ დღეს, ადმინისტრაციის მუშაკებმა საკლასო ოთახები საგულდაგულოდ გაჩხრიკეს და დაწყებით კლასის მოსწავლეებს გოგებაშვილის ,,დედაენის" ნაცვლად, ხელში ,,Азбука" შეაჩეჩეს. პატარა მეგობრები ძალიან განიცდიდნენ, რომ ქალაქში, სადაც მოსახლეობის 99% ქართველია, რუსულ ენაზე უხდებოდათ სწავლა.  გეოგრაფიას, მათემატიკას, ფიზიკას, ბიოლოგიას - ყველაფერს რუსულ ენაზე სწავლობდნენ. გარდა ამისა, ისინი ხშირად გამხდარან მოწმე, თუ როგორ აშინებდნენ მასწავლებლებსა და მოსწავლეებს იმის გამო, რომ მათთან მისული სტუმრისათვის ეს სიტუაცია არ გაემხილათ. ბიჭებს უკვირდათ, რომ 21-ე საუკუნეში ასეთ რამეებს დაუფარავად ბედავდნენ. სწორედ ამიტომ, მათ გადაწყვიტეს უსამართლობას ისე ებრძოლონ, როგორც ეს განათლებულ ადამიანებს შეჰფერით. იმასაც ხვდებოდნენ, რომ ამის გაკეთება ძალიან რთული იქნებოდა და რომ მარტონი ვერაფერს გახდებოდნენ. სწორედ ამიტომ სურდათ საერთაშორისო მასშტაბით ბევრი ადამიანი გაეცნოთ და ეს გასაჭირი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაეტანათ, რადგან ადგილობრივი ინსტიტუტები და ხალხი ფაქტიურად შეგუებულნი იყვნენ ქართული ენის შეზღუდვას.

პატარა ასაკში მიზნები და სურვილები ხშირად ცვალებადია ხოლმე. თითქმის ყოველი ახლის შემეცნებისას ახალი მიზანი იბადება. ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ უნდა ითქვას, რომ მეგობრების ეს საოცარი მონდომება, უბრალოდ მონდომება არ ყოფილა. ისინი დაუღალავად და დაუზარელად ცდილობდნენ ყოველი დღე ახლის სწავლითა და გათვიცნობიერებით დაესრულებინათ. ლევანი ყველაზე მიზანსწრაფული იყო. ყველაზე მეტად ფიქრობდა იმ მომენტზე, როცა განახორციელებდა იმას, რაც ასე უშლიდა საღერღელს. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც 12 წლისა იყო, ძალიან ხშირად ფიქრობდა მომავალზე და ნაკლებად კმაყოფილდებოდა ახლანდელით. ლუკა ცოტა თავშეკავებული იყო. ბევრის მომთმენ და გაწონასწორებულ ახალგაზრდად ყალიბდებოდა. ღიად არ გამოხატავდა იმას, რასაც ფიქრობდა. თუმცა საჭირო დროს, თავის სიტყვას ყოველთვის ამბობდა. ის უფრო სხვებს აკვირდებოდა, დასკვნებს გამოიტანდა და მერე შეიძლება ყველაზე მეტიც ესაუბრა. თუმცა, თითქმის არასოდეს გამოუჩენია რაიმე განსაკუთრებული ინიციატივა. გაბრიელი მეგობრებში ყველაზე სამართლიანი და ამავდროულად ფიცხი იყო. არ უყვარდა როცა ვინმეს ვინმე ჩაგრავდა. მნიშვნელობა არ ჰქონდა მჩაგვრელი ან ჩაგრული ვინ იყო. ყოველთვის ცდილობდა, რომ მეგობრებში კამათი არ ყოფილიყო. სამივე ბიჭუნა ირაკლის მეგობრები იყვნენ. ირაკლისი, რომელიც ობლად იზრდებოდა. მას დედა ადრეულ ასაკშივე გარდაეცვალა, მამა კი აფზახეთის ციხეში ჰყავდა. ის ავტონომიური რეჟიმის მსხვერპლი გახდა. ვერ შეეგუა გალის აფხაზური ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, რომლის მეშვეობითაც ის უსახლკაროდ დატოვეს. ანუ, ბინადრობის უფლება ჩამოართვეს და გალიდან გაასახლეს. უსახლკაროდ დარჩენილმა მამამ ვერ მოითმინა ეთნიკური წმენდა და რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად საპროტესტო ჯგუფი შექმნა. ისინი ღიად გამოხატავდნენ უკმაყოფილებას და ცდილობდნენ სხვა ქართველებისთვისაც გაეღვივებინათ თვითგადარჩენის ინსტიქტი და პატრიოტული სულისკვეთება. მაგრამ, მათმა ხმის ამოღებამ მხოლოდ რამდენიმე კვირა გასტანა. ყველა მათგანი აფზახეთის ავტონომიური ხელისუფლებისადმი დაუმორჩილებლობისათვის გაასამართლეს.
6 წელია ირაკლი თითქმის ობლად დარჩა. მას არც ბებია-ბაბუა ჰყავდა და სახლის სითბოს მონატრებული, ქუჩაში სხვისთვის ლუკმა-პურის თხოვნით ირჩენდა თავს. ბოლო 2 წელია რაც ლევანი, ლუკა და გაბრიელი გაიცნო. პატარა ბიჭები მას ხშირად ეხმარებოდნენ საკვებითა და ტანსაცმლით. თუმცა, ირაკლის ძალიან უნდოდა სწავლა. ამას კი ვერ ახერხებდა გარკვეული მიზეზების გამო. მან რუსულიც კი არ იცოდა.
ერთ მშვენიერ დღეს ირაკლი ქუჩაში სკოლიდან მომავალ გაბრიელს შემოხვდა, რომელსაც რუსულენოვანი წიგნებით გატენილი დიდი ჩანთა ჰქონდა ზურგზე მოკიდებული.
- სალამი გაბრიელ!
- პრივეტ! კაკ ვი ირაკლიიჰ?
- რუსულად რატომ მესაუბრები გაბრიელ? ხომ იცი, არ მესმის რუსული?
- ვიცი მეგობარო, მაგრამ მაინც სკოლის ტერიტორიაა. ადმინისტრაციამ ამასწინათ მე და ლუკა გაგვაფრთხილა სკოლაში ქართულად საუბრისათვის. კიდევ თუ გაიგებენ, ალბათ გაგვრიცხავენ. ხომ გახსოვს ლევანის ბიძაშვილი, ლადო?
- კი, როგორ არ მახსოვს, ერთხელ ფუნთუშა მომცა, რომელიც დედამ გამოატანა სკოლაში, მაგრამ მას არ უყვარს ფუნთუშა.
- ჰოდა, ამასწინათ ჩანთაში დედაენა უპოვეს. თურმე მამამისი რუსულ ენასთან ერთად ქართულ დამწერლობასაც ასწავლიდა. მას არ უსწავლია საერთოდ ქართული, რადგან ჯერ მხოლოდ მე-2 კლასშია და თავიდანვე დედაენის გარეშე დაიწყო სწავლა. ჰოდა, სკოლიდან გარიცხეს, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე. ჩვენც შეგვაშინა ამ ფაქტმა. ახლა კი, როცა გაფრთხილება მოგვცეს, სკოლის ტერიტორიაზე ქართულად აღარც-კი ვესალმებით ერთმანეთს.
- მართლა? მე კი... მე კი...
- რა შენ? რამე გინდოდა გეთხოვა?
- მე ვიფიქრე, იქნებ შეგეძლოთ ჩემი დახმარება...

- რა დახმარება ირაკლი? ფეხსაცმელი გაგხევია, ჰოო.. ამ დღეებში ვაპირებდი ამის მოცემას, მე ახალი უნდა მიყიდონ. ცოტა დიდი გექნება, მაგრამ ფეხშიშველი არ იქნები.
- არა გაბრიელ! მე სულ სხვა რამის თქმა მინდოდა. მე მსურს წერა-კითხვა ვისწავლო.
- წერა-კითხვა? რუსული? სკოლაში ქართულს არ გასწავლიან.
- სკოლაში არ მღებულობენ მეგობარო, მშობლები არ მყავს. უპატრონო არავის უნდა. პირდაპირ ასე მითხრეს ძია დათო როცა მიმყვა ადმინისტრაციაში. თან, მე მსურს, რომ ქართული წერა-კითხვა ვისწავლო.
- კი მაგრამ, რათ გინდა მაინცდამაინც ქართული?
- მამა რომ ციხიდან გამოვა, მინდა რომ ჩემით იამაყოს. თან, როგორც მამამ მითხრა, ჩვენ თბილისში უნდა წავიდეთ, რადგან აქ დარჩენის უფლება აღარ გვაქვს. ამიტომ მინდა, რომ ქართული წერა-კითხვა ვიცოდე.
- ყოჩაღ ირაკლი შენს მონდომებას! მაგრამ არ გამოვა. ვერ მოვახერხებთ.
- რატომ? ვიცი, რომ თქვენ ქართული წერა-კითხვა იცით და დედაენაც გაქვთ. ლევანმა მითხრა.
- ჰო, ჩვენ თავიდან ქართულად დავიწყეთ სწავლა, მაგრამ ახლა რომ გაგვიგონ ხომ იცი, ჩვენც დავზარალდებით? ისე კი, ძალიან მინდა, რომ დაგეხმარო. ვეტყვი ლუკას და ლევანს, რამეს მოვიფიქრებთ. ახლა კი წამომყევი სახლში, რამეს მოგაწვდი, რომ ჭამო.
გაბრიელი 3 დღე ფიქრობდა, როგორ დახმარებოდა მეგობარს. ჯერ ლევანისა და ლუკასთვის არაფერი ჰქონდა ნათქვამი. სურდა, ჯერ თავშესაფარი ენახა, სადაც არავინ შეაწუხებდათ საგანმანათლებლო საქმიანობაში. ამიტომ, რამდენიმე უსაფრთხო ადგილი დაათვალიერა, მაგრამ ზოგან ან ძალიან ციოდა, ან წვიმა ჩამოდიოდა. ისე კი, იმ დროისათვის გალში ბევრი მიტოვებული სახლი და შენობა იყო. დანაღვლიანებული გაბრიელი კიდევ ერთი წარუმატებელი დღის შემდეგ შინისაკენ ბრუნდებოდა, როდესაც გზად ლუკა შემოხვდა.
- როგორ ხარ ლუკა? რა ხდება სკოლაში?
- არაფერი ისეთი. კიდევ ერთი მოსწავლე გავიდა კლასიდან. თბილისში აპირებს მისი ოჯახი დაბრუნებას. შენ რატომ არ დადიხარ ეს დღეებია?
- რაღაც მიზეზი მაქვს, მერე გეტყვი. ვინ გავიდა კლასიდან?
- მიშა, ბასარია!
- მიზეზი?
- მგონი მის ოჯახსაც ბინადრობის უფლება ჩამოართვეს. ან შეიძლება თავად გადაწყვიტეს ასე. ბევრს არ სურს რუსულ ენაზე სწავლა. ვისაც შესაძლებლობა აქვს, თბილისში ბრუნდება დროებით მაინც.
-ჰო, მეც მაგ საკითხზე უნდა მეთქვა...
- რაზე, თბილისში წასვლაზე?
- არა, ირაკლის სურს ჩვენი დახმარება. უნდა, რომ ქართული წერა-კითხვა ისწავლოს. ჩვენ კი მისი დახმარება შეგვიძლია. ამიტომაც, ორი დღეა თავშესაფარს ვეძებ, თუმცა ვერაფერი ვნახე საიმედო.
- რას ამბობ გაბრიელ? ჩვენ როგორ შევძლებთ მის დახმარებას? წერა კი ვიცით, მაგრამ რომ გაგვიგონ? რაღაც არ მომწონს შენი ეს სურვილი...
- თავიდან მეც მასე ვიფიქრე, მაგრამ თუ საიმედო ადგილს ვიპოვით, როგორ გაგვიგებენ? მარტო ჩვენ ოთხს გვეცოდინება. ლევანსაც ვუთხრათ და სამივე უფრო ადვილად შევძლებთ მის დახმარებას.
- არ ვიცი, ჯერ ლევანს დავეკითხოთ გაბრიელ! მეც მეცოდება ირაკლი. არაფერი არ აბადია და ქართული ენა მაინც იცოდეს სრულყოფილად.
გაბრიელმა და ლუკამ ლევანის დარწმუნებაც მოახერხეს და სამივე მათგანს კიდევ ერთი საერთო მიზანი გაუჩნდათ- ირაკლისთვის ქართული წერა-კითხვის სწავლა! სულ მალევე მათ სწორედ იმ ბიჭის სახლს შეაფარეს თავი, რომლის მშობლებმაც ახლახანს გადაწყვიტეს თბილისში დაბრუნება, რომ ბავშვებს ქართული ენა არ დავიწყებოდათ. ასე რომ, ქართული ენის სასწავლებლად წასულ მიშა ბასარიას ყოფილ სახლში, იაკობ გოგებაშვილის "დედაენა" გადაიშალა.
"აი ია" - გაადევნა ირაკლიმ თითი ნაწერს და პირველი გაკვეთილიც დაიწყო. ლევანი, ლუკა და გაბრიელი დიდი მონდომებითა და შემართებით ასწავლიდნენ მეგობარს იმას, რაც მათ ქალაქში სასტიკად აკრძალული იყო. დღეს დღე მისდევდა. გაკვეთილს- გაკვეთილი, ირაკლი კი აღარც შიმშილზე ფიქრობდა, აღარც სიცივეზე. მას ერთადერთი ამოცანა ჰქონდა - მამას გახარება და თბილისში წასვლამდე ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა. კიდევ ერთი გაკვეთილის დროს, მიშას სახლში შეპარულებს, კარზე კაკუნი მოესმათ.  "ნუთუ მიშას მშობლები დაბრუნდნენ"? - ჩაილაპარაკა ლევანმა და მეგობრებს გადახედა. "არ ვიცი, იქნებ ისინი არიან"? - აფხაზეთის პოლიციის თანამშრომლებზე მიანიშნა გაბრიელმა, რომლებსაც აქამდე მიტოვებულ სახლებში ჩასახლებული ბევრი უსახლკარო ჰყავდათ დაჭერილი. მათ ხშირ შემთხვევაში ქალაქიდანაც აძევებდნენ. "მე გავიხედავ, თქვენ დაიმალეთ, მე არაფერს მეტყვიან"- თქვა ირაკლიმ და მეგობრებს სიჩუმისკენ მოუწოდა. ბიჭები სარდაფში დაიმალნენ, ირაკლიმ კი კარი გააღო:
ცოტნეე... ? აქ რაგინდა?
- გამარჯობა ირაკლი, ვიცოდი რომ აქ იქნებოდით.
აქ რა გინდა-მეთქი ცოტნე?
- ბიჭები სად არიან ირაკლი? - სიტყვა ბანზე აუგდო ცოტნემ და კარიდან ოთახი მოათვალიერა.
- ვინ ბიჭები? მე აქ მარტო ვარ. ხომ იცი, სახლი არ მაქვს და მიშას წასვლის მერე აქ ვარ, სანამ მიპოვნიან. - მხრების აჩეჩით და გაკვირვებით უთხრა ირაკლიმ.
- "კარგი რა ირაკლი! ვიცი, რომ გაბრიელი გეხმარება ლუკასთან და ლევანთან ერთად. ისიც ვიცი, რომ დედაენას სწავლობ". - ნიშნის მოგებით უთხრა ცოტნემ და ახლა ზღურბლსაც გადააბიჯა. - "სად არიან"? - განაგრძო მან ძებნა.
- "დაბლა არიან" - თავდახრილმა ჩუმად ჩაილაპარაკა ირაკლიმ და სარდაფისკენ მიანიშნა.
- "დაუძახე ამოვიდნენ, საქმე მაქვს"- ბრძანებლული კილოთი უთხრა ცოტნემ ირაკლის, მაგრამ არ დაელოდა მის ჩასვლას და თვითონ ამოიყვანა ბიჭები. "დასხედით ძმებო, რაღაც უნდა გთხოვოთ"- დაიწყო ცოტნემ სათქმელი. -"მსურს, მე და ჩემს ძმასაც გვასწავლოთ ქართული წერა-კითხვა. სახლში დედა-ენა არ გვაქვს. მამაჩემიც მიკრძალავს. არ უნდა რეჟიმის მსხვერპლი გავხდეთ. შეშინებულია. მაგრამ მე მინდა ვიცოდე ქართული. ლამის საუბარიც დამავიწყდეს. მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ჩემი დახმარება. ამასწინათ საეჭვოდ დაგინახეთ მიშას სახლთან და თვალი გადევნეთ. მეგონა გასაქურდად იყავით მოსული. მაგრამ მერე ყური დაგიგდეთ კარიდან. მივხვდი, რომ ქართულის კითხვას სწავლობდით. რამდენიმე დღეა ვფიქრობ და მინდა, რომ მეც გავხდე თქვენი მოსწავლე. ჩემს პატარა ძმასაც უნდა. რას იტყვით, დაგვეხმარებით?" - იმედისმომცემი თვალებით შეხედა ცოტნემ ბიჭებს და თითქოს ამოისუნთქა, როცა მათში დახმარების სურვილი დაინახა.
- "მე  თანახმა ვარ" - წამოიძახა ლევანმა. "მეც თანახმა ვარ"- გაბრიელს გაუხარდა კიდეც მოსწავლის დამატება. "ჰო, მაგრამ ეს საფრთხეს ზრდის" - კითხვის ნიშანი გააჩინა ლუკამ და ცოტნეს მკაცრად გადახედა. "არა, მე არავის ვეტყვი. არც ჩემი ძმა"- თქვა ცოტნემ. "ვიცი ცოტნე, მაგრამ ხომ ხედავ, შენს თვალს არ გამოჰპარვია, რომ ჩვენ აქ ხშირად მოვდივართ და თუკი გავბევრდებით, უცხო თვალისთვის უფრო ადვილი შესამჩნევი იქნება, ასე არაა?- თქვა და გადახედა ბიჭებს ლუკამ. ლევანმა და გაბრიელმა იფიქრეს ლუკას ნათქვამზე და ცოტნესთვის უარის თქმა გადაწყვიტეს, მაგრამ ცოტნემ დაასწრო: "იცოდეთ, ყველას ვეტყვი რასაც აკეთებთ! თუ არ..., თუ არ..." - "გვემუქრები ცოტნე?"- გააწყვეტინა გაბრიელმა. "არა, მე მსურს დამეხმაროთ. თქვენ კი მე დამეხმარეთ. ქართველები არა ვართ? განა ჩვენი ვალი არაა ერთმანეთს დავეხმაროთ?"- ამაყად თქვა ცოტნემ. "მართალი ხარ"- მიუგო გაბრიელმა, "მაგრამ ეგაა ქართველობა, რომ გვემუქრები? თანახმა ვარ დაგეხმაროთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ დასმენის გვეშინია, არამედ იმიტომ, რომ ეს მართლაც ჩვენი ვალია. რას იტყვით ბიჭებო, ვასწავლოთ?". "ვასწავლოთ" - თანხმობა განაცხადეს ბიჭებმა. ირაკლის კი გაუხარდა, რომ "კლასში" მარტო აღარ იქნებოდა.
გავიდა კიდევ რამდენიმე დღე. ლუკას ვარაუდი კი გამართლდა. "დედაენის" შემსწავლელთა რაოდენობა უფრო გაიზარდა. ამჯერად მათ რიგებს სალომე და დათო დაემატნენ. მათაც შეამჩნიეს მიშას სახლის პატარა სტუმართა ხშირი და საეჭვო გადაადგილება. ხოლო 2 თვის შემდეგ კი შემადგენლობა გაორმაგდა. ლევანი, ლუკა და გაბრიელი ნამდვილ პედაგოგებად ჩამოყალიბდნენ. თანაც, დიდი რისკისა და არასახარბიელო პირობების ქვეშ უწევდათ განათლების ამაღლება მოსწავლეებში. ირაკლიმ წერა-კითხვა უკვე ისწავლა და ახლა მოკლე მოთხრობებსაც სწავლობდა. ცოტნემ და მისმა ძმამ სახლიდან დაფა მიიტანეს. სალომემ ლამაზად გაფორმებული რვეულები. დათომ საწერი კალმები და მიშას სახლის ერთი ოთახი ნამდვილ საკლასო ოთახს დაემსგავსა. ერთი სიტყვით, სამი მეგობრის ოცნება, რომ ოდესღაც გალში ქართული სკოლა გაეხსნათ, თითქმის ბავშვობაშივე ახდა.

მაგრამ, ყველაფერი ასე მარტივი როდი იყო. სამი მეგორბის მიერ "ქართული სკოლის" გახსნიდან ხუთი თვის თავზე, მიშას სახლში აფხაზეთის პოლიცია გამოჩნდა. მათ ათამდე ბავშვი დააკავეს. მათ შორის ლევანი, ლუკა და გაბრიელი. ისინი პროკურატურაში გადაიყვანეს და მშობლების თანდასწრებით დაუწყეს დაკითხვა. ბიჭებმა რა თქმა უნდა სიმართლე დამალეს და ამბობდნენ, რომ უბრალოდ ერთობოდნენ. "კი მაგრამ, ვის გაუგია უცხო სახლში, კალმებითა და რვეულებით გართობა? ამისთვის სკოლა არ არის?" - იკითხა აღშფოთებულმა პროკურორმა და ბიჭების მშობლებს გადახედა. შემდეგ რვეული გადაფურცლა და სიბრაზისაგან აჭარხალდა: "ეს რა არის?! ქართულად წერია? ეს როგორ გაბედეთ?! ვის გაუბედეთ ეს?!".
- "ჩვენ უბრალოდ ვერთობოდით"- მორცხვად თქვა ცოტნემ და მამამისს ახედა და შემდეგ აღიარა კიდეც. - "არ გვინდოდა ქართული დაგვიწყებოდა". ცოტნეს ეს აღიარება უნებურად სხვა "დამნაშავეებმაც" გაიზიარეს და პროკურორს განაჩენის გამოტანის შიშით შეხედეს. რამდენიმე დღეში კი აფხაზეთის ავტონომიურმა სასამართლომ, დაადგინა რა ლევანის, გაბრიელისა და ლუკას განსაკუთრებული ბრალეულობა ამ საქმეში, მათ მშობლებს ქალაქიდან გასახლების განაჩენი გამოუტანა. მათ უახლოესი ერთი თვის მანძილზე უნდა დაეტოვათ გალი. დანარჩენ ბავშვებს კი მკაცრი გაფრთხილებით ერთმანეთთან დაახლოებაც აუკრძალეს.
"სად არის ირაკლი?" - იკითხა წასვლის წინ გაბრიელმა. ირაკლის ვერსად პოულობდნენ ბიჭები, რომ დამშვიდებოდნენ მაინც. "იმ დღის მერე არც მინახავს?- თქვა ლევანმა. "იქნებ შეეშინდა და ჯერ კიდევ იმალება"? - იკითხა ლუკამ და თავისივე ნათქვამს დაეთანხმა. საქმე იმაში იყო, რომ ირაკლი არც დაუჭერიათ. როდესაც პოლიცია მათ თავშესაფარს მიადგა, ის უცებ სადღაც გაქრა. "დედაენა"?- უცებ გაახსენდა გაბრიელს, - "დედაენაც არ ჩანს. იქნებ ირაკლის აქვს?. და გაბრიელი მართალიც აღმოჩნდა. როდესაც ბიჭები ქალაქს ტოვებდნენ, ირაკლი გამოჩნდა და გაბრიელს მისი დედაენა გადასცა. "ირაკლი!"- გახარებულმა წამოიძახა გაბრიელმა.  - "ჰო მეგობარო მე ვარ. მე მოვახერხე ის, რასაც შენ ამდენი წელი ახერხებდი. დედაენა გადაგირჩინე. სანამ პოლიციელები სახლს ჩხრეკდნენ, მე ფანჯრიდან გადავძვერი და დედაენა წავიღე. რადგან, ეს რომ დაენახათ, აუცილებლად დაწვავდნენ. მე ამით შენ მადლობა გადაგიხადე იმისათვის, რაც ჩემთვის და ამდენი ბავშვისთვის გააკეთე", - მეგობრულად გადაეხვია ირაკლი გაბრიელს. გაბრიელმა კი ცრემლი ვერ შეიკავა. შემდეგ კი უთხრა: "მე ყოველთვის მემახსოვრები ირაკლი. შენ არაჩვეულებრივი მოსწავლე იყავი. შენ შეძელი და ჩვენი ოცნება ბავშვობაშივე რეალობად აქციე. ახლა კი მივდივართ, მაგრამ ჩვენს მიზნებს თბილისიდან ისევ დავუბრუნდებით. მჯერა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, აქ გაიხსნება ქართული სკოლები, სადაც ბავშვები ყოველგვარი შიშისა და რიდის გარეშე შეძლებენ მშობლიური ენის სწავლას. შენ კი ყოველთვის ჩვენს სამაგალითო მოსწავლედ დარჩები. გაბრიელის ამ სიტყვებზე ლევანსა და ლუკასაც ცრემლი მოადგათ თვალზე. ლევანმა უკვე წარმოიდგინა, როგორ ასწავლიდა გალში ქართულს და ამაყი მზერით გაეშურა თბილისისკენ. "ჩვენ დავბრუნდებით გამარჯვებულები"- ეს კი ლუკას სიტყვებია, რომლებიც ბიჭებმაც აიტაცეს და მას მერე გულში იმეორებდნენ.

რატი ინაშვილი
2018

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები