ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი „ლილე 2018“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: მირიან მერცხალაძე
ჟანრი: პროზა
11 ივლისი, 2018


რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო.

"რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო".

ფანტელებივით ცვიოდნენ ციდან ვერტმფრენები და ბევრი იფიქრა თურმე იმ დღეს იადონამ...
-,,ველიკაია ოტეჩესტვენაია ვოინა",
ხმამაღლა განუცხადა მის წინ მოგროვილ პატარა თვალებციმციმა ბავშვებს, და განაგრძო ბურუსით მოცული და ამავე დროს ჟრუანტელის მომგვრელი ამბების მოყოლა.
- 43 წელი იყო  შვილო აბა? უხ რა ჯანზე ვიყავი მაშინ. ოთხი თავზე რქებდადგმული  ვალოდიას, ოთხისაც კიდევ ხელში რქებით გამზადებული სვეტას, და ერთი  გივიას ბუღასავით გადარეული ჰიტლერის დაპყრობაზეც კი ვერ ამაღებინებდა მავანი ხელს. ისეთ ჯანზე ვიყავი აბა? ჰოდა კი დაუშვეს და დაუშვეს ეს შენი ბომბები, დაბადების დღეზე მოტანული საჩუქრებივით ამ ჩემმა ცოდვით სავსეებმა, მაგრამ მე რისი იადონა ვიყავი აქედან სამაგიერო არ მეცხო შუბლზე მაგათთვის.
-ვერტმფრენები დიდები იყვნენ ბაბუ?
-უხ. ხუთასი სპილო ეტეოდა შვილო შიგნით. იცი რამდენია ხუთასი? იცოდა ჰიტლერმა რომ გვაჯობებდა ამ ვერტმფრენებით და კი ჩამიგდო ხელში ტყვედ.
-ჰიტლერი როგორი იყო ბაბუ?
-ჰიტლერს ბაბუ ორი დიდი ეშვი ქონდა შუბლზე, წვრილი ბიბილო ქონდა კიდე და თასმები ქონდა დღენიადაგ დახსნილი.
-შენ ნახე ბაბუ ჰიტლერი?
კითხვა დაუსვა იადონას ახლა უკვე ოდნავ მოზრდილმა, ჟღალ თმებიანმა ბიჭმა, თვალების ადგილას რომ ორი უზარმაზარი გუგა უბრწყინავდა ამეთვისტოებივით.
-ოო, მე რომ ჰიტლერი ვნახე ბაბულია, მეხვეწებოდა, იადონა იმ შენს ცოდვით გამწყდარ ცოლ-შვილს გაფიცებ, თუ აგერ კაი კახური საფერავი მაქ ჩამოტანილი და არ შემოხვიდე, არ წამიქციო ერთიო ორი ჭიქაო.
-წაყევი მერე იადონა ბაბუა?
კითხა უკვე თორმეტი ცამეტი წლის ტანზე პატარა გვრიტის ნახატებიანი ჩითის კაბა რომ ეცვა იმ გოგონამ.
-რას ამბობ რომ ამბობ ბაბულია, სამშობლოს გამყიდველს ჰგავს იადონა? ავტომატი არ მქონდა იმ წუთას ხელში, ჰოდა იქვე კუთხეში ცოცხი ეგდო, დიდი ცოცხი (საერთოდ გერმანელებს დიდი ცოცხები უყვართ) ჰო და მეც მოვცხე იმ კაცი ჭამიას ზურგში.
-მერე იადონა ბაბუა?
ერთხმად შეჰყვირენ ბავშვებმა.
-მერე სულ ენდშულდიგუნ ენდშულდიგუნი ვაძახინე.
-ენდშულდიგუნი რას ნიშნავს იადონა ბაბუა?
-მამაო ჩვენოს ნიშნავს გერმანულად. ლოცვა დაიწგო იმ შენმა უღმერთომ.
ჰო და ამ ჩვენ ჰიტლერს ჩემო გოჭუნიებო.
_განაგრძო იადონამ, ახლა უფრო ხმადაბლა და კონსპირაციული ტონით.
-დიდი ჯარი ჰყავდა მაშინ. კი ამართვეს ეს ცოცხი და შემაგდეს მის ოთახში, ჭკვიანი კაცი ჩანსო აგი და გვამართვინებსო ქვეყანას.
შემაგდეს ოთახში და რას ვხედავ, პატარა წერო არა ყავს ბავშვების მოსაყვანი, ტყვედ დამწყვდეული? რუსი ტყვე წერო ყოფილა ის საცოდავი, ლუდმილა ერქვა.
და აქ სახე იადონას სიამოვნებისგან გაებადრა.
-ჰო და კი გამოუშვი ეს წერო საქართველიში, მეთქი აქედან მე ან დავაღწევ თავს და ან არა თქვა, გვარის გამგრძელებელი კი დამჭირდება თქვა და ცხრა თვეში არ მობრუნდა უკან?
-წერო როგორ გაუშვი იადონა ბაბუა ჰიტლერს თუ ჰყავდა დამწყვდეული?
კითხა ეშმაკური თვალებით მოციმციმე გაღმა გორაზე მცხოვრები ლაჟვარდას ბიჭმა იადონას.
-გავაპარე ბაბულია, უპასუხა გულწრფელად იადონამ.

ჰო და წეროებს კი იცით ახლა თქვენ რომ ბავშვები მოყავთ ბლომად, და მეც კი მომიყვანა ეს ჩემი ბიჭი წერომ და დავარქვი დავითა. ჰიტლერის ჩუმად ვაზრდევინებდი იქა, ერთი ღვთისნიერი ქალი იყო, იმას.

გავიდა ხანი და ვიფიქრე მეორე გვარის გამაგრძელებელიც ხომ მინდა თქვა, ჰო და გვაგზავნე ლუდმილა მეორე ბიჭისთვის და ასე მომივიდა მეორე ბიჭი. კი დავარქვი ამასაც დავითა, ოღონდა დავით მეორე დავარქვი.
კი მიხვდა ჰიტლერი ვმაიმუნობდი ამ ბოლო დროს ძალიან მარა, არ ეცალა ჩემთვის ჰოდა, მოჰქონდა ამ ჩემს ლუდმილას დავითები ჩემთვის.
ნამეტანი გამრავლდენ ეს ჩემი დავითები ბიძია იქა, გაიზარდენ ნამეტანი და რავარცხა იქნა მოუყარე ყველას თავი, ვუთხარი რომ მამა ვიყავი მათი და ავუხსენი რომელიც იყო მათი სამშობლო. მერე კი გადაბუგეს იქაურობა ბიძია.
და ასე მოვიგეთ ომი.
-მერე ჰიტლერი რა იქნა იადონა ბაბუა?
-მიხვდა ჰიტლერი ჩემი დავითები რომ გაიცნო სადაც ვაგზავნიდი იმ ჩემს ლუდმილას და მითხრა გერმანულად.
,,რაც მოგივა დავითაო, ყველა შენი თავითაო"... წავიდა და მოიკლა თავი.
მიხვდა ის უბედური აბა.
-და დავითებს რა დაემართათ? _დასვა კითხვა ისევ გოგონამ.
-დაიხოცნენ, თქვა იადონამ და თვალები სადღაც შორი სივრცისკენ გაქაჩა.

ამ დროს კი შორიდან მოისმა ქალის მჭექარე ხმა:
- ნიკოლოზ! ლეილა! ბაქარ! მანდ რა გინდათ? რა გითხარით მაგ გიჟ კომუნისტს არ გაეკაროთ მეთქი. სახლში გაიქეცით დროზე.
და ქალი მსუქანი ტანის რხევით გამოემართა იადონასკენ. ბავშვებმა სათითაოდ ჩაუხუჭეს იადონას თვალი და ადგილიდან მოწყდნენ. მხოლოდ ბაქარი არ იცვლიდა ფეხს.
-წადი ბაქარ. რას ელოდები. უთხრა თავდახრილმა იადონამ ბიჭს.
-იადონა ბაბუა. უთხრა მუშტებშეკრულმა ბიჭმა იადონას იმედიანი თვალებით.
-მე რომ გავიზრდები, დავითი გამოვალ და ვებრძოლოთ მერე ჰიტლერს.
-ჰიტლერი მოკვდა ბაბუა.
-მაშინ სხვა ჰიტლერს ვებრძოლოთ. უფრო დიდი ბიბილოები რომ იქნება ისეთს.
-კარგი, ვებრძოლოთ ბაქარ. ახლა კი გაიქეცი.
და დაასრულა თუ არა მიიჭრა მასთან გაცოფებული ქალი, -რამდენჯერ გითხარით არ გაეკაროთ არც ჩემს შვილებს და არც დანარჩენ ბავშვებს თქო?

იადონას კი ხმა არ გაუცია, ღიმილიანი სახით თავდახრილმა მიაშურა სახლს, რომელშიც არავინ ელოდა, გარდა გარდაცვლილი ცოლის სკივრში შენახული ვარდისფერი თავშალისა და ერთადერთი შვილის, კედელზე დაკიდებული სურათისა, რომელიც  ახლახანს მომხდარი აფხაზეთის  ომში დაიღუპა გმირულად. მიდიოდა კეთილი გიჟი, იადონა, ოთხმოცდაათ წელს მიბიჯებული, მაგრამ ომი თვალითაც კი არ ენახა არასდროს და ყველაზე მატყუარა მართალი, ოცნებობდა ომში წასვლაზე ოთხმოცდაათი წლის ასაკში... ოცნებობდა ომში წასვლაზე და იმ წეროს პოვნაზე, რომელიც თავის შვილს დაუბრუნდბდა უკან უვნებელს. ენატრებოდა იადონას თავისი შვილი, რომელზეც სიხარულით დაურქმევია თავის დროზე მამამისის სახელი, დავითი.

ცა საშინლად აფორიაქებულიყო. ჩრდილოეთის ღრუბლებს ერთად მოეყარათ თავი, ისეთი წითლები იყვნენ მზისგან შერჩენილი სხივებისგან, ერთი შეხედვით ყაყაჩოებს მოგაგონებდათ.

გაწვიმდა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები