ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2017“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე, კონკურსების თემაში

ავტორი: არმენ არუთინოვი
ჟანრი: პოეზია
2 თებერვალი, 2017


ბ-ნი კარენინი


                                                                                    ,, მამაკაცს მატარებელი დაეჯახა.
                                                                              შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა.
                                                                                          როგორც  შსს-ში განაცხადეს,
                                                                                        შემთხვევის შედეგად მამაკაცი
                                                                                          ადგილზევე გარდაიცვალა. ‘’

არც კი ახსენეს ჩემი სახელი.
არა-და, მახსოვს, სასახელო ყმაწვილად მზრდიდნენ.
განა რა არის სამყაროში მარადიული
და მეც მიწას არ გამოვეკერე.

არც ჩემი გვარი უხსენებიათ.
სტატისტიკისთვის საჭიროა ამგვარი მსხვერპლი.
ადგება ჩრდილიც საზოგადო ბედნიერებას.
რა პრობლემაა, ერთ რიგით მგზავრს, არსად მიმავალს,
მატარებელი თუ კბილს გამოკრავს.

რომ დაეწერათ, პირობითად ბატონ კარენინს
ბაქნიდან ,,თოვა“ მოუნდაო, რადგანაც ლექსებს,
როგორც ღმერთისგან ხელმოწერილ ობლიგაციებს,
საბუთის ნაცვლად გულის ჯიბით დაატარებდა,
- ალბათ სრულიად ვიკმარებდი დასაბუთებას.

,,მატარებელი დაეჯახა...“ - რა შუაშია!
,,შემთხვევა“, - აბა, თქვენ რა იცით, ვის რა შეემთხვა.
,,გარდაიცვალა ადგილზევე“ - იქნებ მე უკვე
ბაქანს როდესაც მივადექი, მკვდარი ვიყავი.

გამჭოლი მზერა რომ ვიგრძენი, გვიანი იყო.
ვერ შემაკავა, - ინერციით გადადგმულ ნაბიჯს
მაშინვე მოყვა ჩოჩქოლი და ალიაქოთი, -
უფლის ხელივით გარდაუვალი.


          15:05
02.02.2017წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  რ_____ო_____ი ვულოცავთ დაბადების დღეს