ზურაბ კანდელაკი ლიტერატორი გაწევრიანდა: 10 აპრილი, 2008 ზურაბ კანდელაკი საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 15 სექტემბერი, 2008 11:17:38
დაიბადა 1941 წელს, თბილისში. 1958 წელს დაამთავრა თბილისის 29-ე საშუალო სკოლა. 1965 წელს, შ.რუსთაველის სახ. თეატრალური ინსტიტუტეს სარეჟისორო ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო სოხუმის დრამატულ თეატრში, დამდგმელ რეჟისორად. 1967 წლიდან მუშაობს საქართველოს რადიოში, ჯერ რეჟისორად, შემდეგ კი, 1973 წლიდან მთავარ რეჟისორად. პარალელურად დგამდა სპექტაკლებს საქართველოს სხვადასხვა თეატრებში და ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. ამჟამად საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიოთეატრის მთავარი რეჟისორია.
რადიოში განხორციელებული აქვს 400-მდე რადიოსპექტაკლი. დადგმული აქვს სპექტაკლები ტელევიზიაშიც (,,გამარჯობა, ჩვენო მამებო”, ,,ეს არ უნდა მომხდარიყო”, ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა “, ,,ერთი რამის სიყვარული დაფარვა რომ სჭირდება”, ,,დავიწყებული ამბავი”, ,,ენერგიული ადამიანები” და სხვა.) ზურაბ კანდელაკის რადიოპიესამ ,,ბევრი რამ ხდება, ჰორაციო...” მოიპოვა მთავარი პრიზი პირველ საკავშირო რადიოფესტივალზე(1990წ.). 1994 წელს მისმა რადიოპიესამ ,,რეპეტიცია”, დაიმსახურა ,,გრან-პრი”, რადიოდადგმების საერთაშორისო ფესტივალზე. ეს პიესა იმავე წელს დაიდგა სლოვენიაში, 1995 წელს გერმანიაში (WDR), 1997 წელს კი, თავის მსმენელებს გააცნო ,,დოიჩლანდ რადიომ”. 1996 წელს, ,,რეპეტიცია” და ,,კურდღლები”, დაიდგა სლოვაკეთში. 2002 წელს კი, ,,დაუმთავრებელი პიესა”, იუგოსლავიაში. 1998 წელს, ,,გამარჯობა, სენიორ პირანდელო”, შევიდა ,,PRIX EUROPA”- ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში და იმავე წელს განხორციელდა ისლანდიაში. ასევე მოხვდა ,,PRIX EUROPA”- ს საუკეთესო რადიოპიესების ათეულში ,,მელოდრამის ჩვეულებრივი ხიბლი” (2002წ.). 2003 წელს კი, ეს რადიოპიესა თვითონვე დადგა პოლონეთში. 2005 წელს ნ.დუმბაძის ნაწარმოებების მიხედვით შექმნილი რადიოსპექტაკლი ,,კიდევ ერთხელ სიყვარულზე, ანუ ჩაო, ჩაო”, აღინიშნა ,,PRIX EUROPA”- ს, ჟიურის სპეციალური პრიზით. სხვადასხვა დროს დადგმული აქვს რადიოსპექტაკლები ბუდაპეშტში, ტალინში, ვარშავაში, მოსკოვში, მინსკში. 1995 წელს, გერმანიაში, ქ.ბონის ენისა და ლიტერატურის სახლში მოეწყო ,,ბევრი რამ ხდება, ჰორაციო...” განხილვა. იმავე წელს, ცნობილ გერმანელ მწერლებთან და რადიოს მოღვაწეებთან ერთად მონაწილეობა მიიღო, ბონის უნივერსიტეტში, რადიოთეატრის პრობლემების შესახებ გამართულ დისკუსიაში. იყო რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალის ჟიურის წევრი (მოსკოვი, ბერლინი, ხორვატია). რადიოსპექტაკლი ,,გამარჯობა, სენიორ პირანდელო”, აღინიშნა გამომცემლობა ,,ლომისის” პრემიით. ზურაბ კანდელაკის პროზაული ნაწარმოებები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ ,,ცისკარში”. გამოცემული აქვს მოთხრობების კრებული ,,უფალო, გამიყვანე დერეფნის ბოლოს”. მისი მხატვრული ნაწარმოებები და პუბლიცისტური წერილები იბეჭდება ქართულ პრესაში. (,,მნათობი”, ,,ჩვენი მწერლობა”, ,,ომეგა”, ,,ახალი ქართული გაზეთი” ) ალექსანდრე ორბელიანის საზოგადოებამ გამოსცა მის მიერ შედგენილი რადიოპიესების ორი კრებული.
1990-92 წლებში იყო საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრი. დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით.