ქეით გრინი ლიტერატორი გაწევრიანდა: 17 აგვისტო, 2019 საიტზე ბოლო ვიზიტის დრო: 29 ოქტომბერი, 2022 02:41:42
"-ნუთუ დაიღალა დედამიწა სიყვარულისგან? ირგვლივ ბოროტება ისე მძვინვარებს, სიყალბის გარეშე ცხოვრება, უკვე გმირობის ტოლფასია და კიდევ უფრო დიდი გმირობაა, როდესაც ფლიდებს შორის გულწრფელ ადამიანს გამოარჩევ. თუ ასე მოხდა და სიკეთის გზას მიდევნებულ პიროვნებას დაინახავ, ხელი უნდა ჩასჭიდო და აღარასოდეს გაუშვა. -ნეტავ, სიყვარულით გადაღლილი დედამიწა რომ ბოროტებისგანაც დაიღლება, მერე როგორი სურათი შეგვრჩება ხელში?.. -ეგ სამყაროს აღსასრულის ტოლფასი იქნება, ნინიკო... -სამყაროს აღსასრულის?.. ჰო, ალბათ ასე იქნება, მაგრამ არ მინდა, ყველაფერი საშინლად და სიკვდილის ფერებში დასრულდეს. -სამაგიეროდ, კაცობრიობას უნდა და მას ვეღარ შევაჩერებთ! -ჩვენ როგორ გადავირჩინოთ თავები? გამოსავალი რა გვაქვს, დუდა? - სწორედ ისე უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე, როგორც ახლა ვცხოვრობთ. მთავარია, საკუთარ პრინციპებს არ ვუღალატოთ და სხვებივით ჭუჭყში არ გავითხვაროთ... არ უნდა შევშინდეთ და გადარჩენისთვის ბრძოლა არასოდეს შევწყვიტოთ. კარგად უნდა დავიმალოთ, არ შეგვამჩნიონ, რომ მათ არ ვგავართ, თორემ ყველგან მოგვძებნიან და გაგვანადგურებენ. -ზოგჯერ მგონია, რომ დაფერფლილ და ნაცრისფერ ქუჩებში დავდივარ. ადამიანები შავები არიან და გულებიც დიდი ხანია გაყინულები და დათრთვილულები აქვთ. ძნელია, ლოდებად ქცეულთა შორის შენი სითბო და გულის წითელი ფერი გამოაჩინო, რთულია ნათელი ფერების დამალვა, მაგრამ მაინც გიწევს მათსავით მუქი ფერის ქურქში გამოწყობა და ზღარბივით დაგორგლილი, ჩუმად სიარული, რომ არ შეგნიშნონ. საინტერესოა, ჩვენნაირი ადამიანების ბოლო რა იქნება? -თუ იყოჩაღეს, ბროლივით სუფთად, ლამაზად დაკრისტალდებიან და ნაცრისფერი ქალაქის შუაგულში მდგარი საშობაო ნაძვის ხის სათამაშოებივით მის წმინდა ტოტებზე განსაკუთრებულ ადგილს დაიკავებენ. იმ ადგილს, სადაც უფალთან ახლოს იქნებიან და ჯერ კიდევ შეუბღალავი სულის ბავშვებივით სამუდამოდ აინთებიან და აციმციმდებიან..."
07.09.2024 14:22:54
საიტის წევრს ნიკით: ირინკა ვულოცავთ დაბადების დღეს