ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ირინკა
ჟანრი: პოეზია
13 მარტი, 2023


შეუნდობარი

რამ გაგახევაო?
ერთხელ მკითხა ბებიაჩემმა ბანზე ჩამომჯდარს.

თავდაღმართისკენს კისრისტეხით გაქცეულ არაგვს მივჩერებოდი,
გზადაგზა თავისივე ზურგით მოთრეულ ლოდებზე რომ მკერდს ილეწავდა,
ზედ მუხლის კვერებს იმტვრევდა და მაინც მოჰქონდა ყოველ ჯერზე სათავიდან ლოდები დაღმა...

ვუყურებდი,
ხრამში ჩაწოლილ ზვავის კუდებს
ნაშემოდგომევს გვირილები რომ დაიყოლა,
გაზაფხულზე კი მიწამ მაინც დასძლია წყენა
და სწორედ აიმ თოვლიანში დაილანდა კესანების პირველი წყება...

დაზამთრებამდე,
პაპამ ჩვენს ტირიფს ცული დაჰკრა
სარებისთვის,
იმ ცულ დაკრულზე გამოიბა ახალი ყლორტი ხელებდაჭრილმა.
განა როდისღა გაიშლება მხრებში?-
ვიფიქრე,
განა როდისღა?!

წინა ზაფხულზე,
მაკრატელაზე დეკეულმა რომ მოიგო ფური
და ფერდობიდან ის ფური რომ გადაიჩეხა,
ამ ზაფხულს ისევ იქითობას მიუწევთ გული,
იმ საძოვრებზე,
ან უფრო ზევით...

აქვე ქოხის წინ,
წვიმამ  ჩიტებს ბუდეები  ჩამოუშალა,
ახლად შობილი ბარტყები კი შხეფით დაბანა,
განა სულ პირველ ჭექა-ქუხილს
არ მოჰყვებიდნენ?
პირველ წვიმას და პირველ დანამას...

"იცი? ბუნება ღმერთისტოლა რატომ არისო..."- ბებიაჩემმა
როცა ვიკითხე:
ასე მარტივად როგორ უნდა შეუნდომეთქი?
"ბუნებას მეტი მიტევება შეუძლიაო..."
ალბათ ამიტომ იცვლის ფერსაც,
ზნესაც და
ბედსაც...
ჩვენ კი, მარტივად ვინც ვერ ვპატიობთ,
ღმერთის ტოლებიც ვერაფრით ვხდებით!

უბრალოდ ვდგებით და ვხევდებით...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ლილიტი_ ვულოცავთ დაბადების დღეს