–
ცოტა ხანს ბაღში ვიყავი ლალისთან ერთად, მერე ლალი წავიდა და მარტო დავრჩი. ვხედავ, რეზო მოდის ჩემსკენ. მოვიდა და რაღაცნაირად, თბილად თუ მზრუნველობით დამიწყო ყურება. ჩაის სახლში შესვლა შემომთავაზა. ჯერ არ მინდოდა, მაგრამ, რომ მეხვეწა, მესიამოვნა და დავთანხმდი. მერე ვუთხარი, მეზარება-მეთქი, შემოსვლა - ჩაის სახლს რომ გავუსწორდით და გზა გავაგრძელეთ. მთელი გზა სიყვარულზე ლაპარაკობდა. მერე კაფეში შევედით და წვენი დავლიეთ. უკან არასოდეს იხედებიო? - მკითხა. ისევ ფილარმონიას ჩავუარეთ, კიბეებზე ხელი მომხვია და სცადა ეკოცნა, ძლივს მოვიშორე. «შტერი ვარ, რას მოვყვებოდი!» - იქნებ შენ იცი, შენთან რატომ წამოვედი? - ვეკითხები, - ამხანაგები ხომ მაინც ვიყავით, არა? - მეტი არაფერი?! ვუყურებ და მეღიმება: - საერთოდ მიყვარს, როცა გვერდით ადამიანია... - კიდევ კარგი, ადამიანად მაინც მთვლი, მაგისთვისაც დიდი მადლობა! უნივერსიტეტში დავბრუნდით, მაგრამ ლექცია ვერ ვიპოვე, სად ტარდებოდა. ისევ გარეთ გამოვედით, ბაღი სტუდენტებით იყო სავსე, დასაჯდომი ადგილი არ იყო. - ქვემოთ ჩავიდეთ, - მთავაზობს. - იქ რომ სკამი არ არის? - მე ვიცი, არის.
ბაღის ბოლოში ჩავდივართ, ზოოპარკისკენ. მივყვები, იქ უკვე არავინ აღარ არის. ჩემდა უნებურად დისტანციას ვიცავ, რომ გაქცევა მოვასწრო. ღობესთან ამწის ყელი გდია, წვიმისაგან დაჟანგული. - ეს არის სკამი? მერე მეც არ ვიცი, როგორ მოხდა - მე ღობესთან ვდგევარ, ზურგით მიყრდნობილი და რეზო მეხვევა. ხელი რკინის ძელზე მიკიდია. გაუშვიო, მერამდენედ მეუბნება. - გინდა აქ დავრჩეთ, სანამ არ მომბეზრდება? - მთელი ღამე? - ვეკითხები. - რა იცი, რომ მთელი ღამე არ მომბეზრდება?! მკოცნის და ვგრძნობ, როგორ ღელდება. ვაკვირდები და არ ვიცი, რა გართობაა - მაინტერესებს, სადამდე მივა. თავს ვეღარ იმორჩილებს... ხელს ვკრავ. არ გაგიშვებო!.. მუშტებს ვუშენ.
-
ჰამაკში ვწევარ და მუსიკას ვუსმენ. ღმერთს ვუყვარვარ-მეთქი, ვფიქრობ - როცა უკვე აღარ მეგონა, მაშინ დავუსხლტი რეზოს ხელიდან. - მაკა, გამოდი, ვივახშმოთ! - დედა მეძახის. - ახლავე, დე... რეზოზე ფიქრს ვერ ვიშორებ, თავში ყველაფერი არეული მაქვს. ვიხსენებ, რა მოქნილი, პანტერასებური ტანი ჰქონდა რეზოს და ხელით რომ ვაწვებოდი, როგორ ედრიკებოდა და როგორი ძვლები ჰქონდა; როგორ მთიშავდა მისი კოცნა, თუმცა გონებას მაინც არ ვკარგავდი და რა ჯოჯოხეთური სიამოვნება იქნებოდა, მეც გიჟურად მეკოცნა და ორივე გავგიჟებულიყავით! ვაანალიზებ, ვინ მოიგო და ვინ წააგო... - მაკა! - ისევ მეძახიან. სამზარეულოში გავდივარ. დედა ბლინს მიდებს თეფშზე. - ყველაფერი წესრიგშია? - მეკითხება მამა - რატომ იგვიანებ?
–
ლექციაზე ისევ დამაგვიანდა. ლექტორმა შემიშვა, ისე კი, მგონი არც უნდოდა. კიდევ კარგი, ჩემი ჩანთა ჯგუფელებს გავატანე, - და მითხრა: - ახლა კარები ღია დაგხვდა, თორემ, დაკეტილი რომ ყოფილიყო, ალბათ ჩამოანგრევდი კარებს - გამიღეთ, ჩანთა შიგნით არისო! - რატომ? - ვუთხარი, - დავაკაკუნებდი და თუ არ გამიღებდით, წავიდოდი ისევ. - წადი მაშინ, - მითხრა და მე დასაჯდომად წავედი. - ეს მართლა ვერ მიხვდა, რა ვუთხარი? - ჰკითხა ლექტორმა სტუდენტებს. მე ჯერ კიდევ არ ვიყავი დამჯდარი და ვკითხე: - სახლში წავიდე? - რა ვიცი, სადაც გინდა. ჩანთას ვიღებ. - წინასწარ რატომ არ მითხარი, დამაგვიანდებაო? - არ ვიცოდი, თუ დამაგვიანდებოდა... საათი არ მქონდა. - დერეფანში სულ საათები არ კიდია? - კი, კიდია და... მოვრბოდი! - ვთქვი და ლექტორმა ისე გულიანად გაიცინა! და ყველა იცინოდა და მეც ვიცინოდი. - კარგი, დაჯექი.
–
ხატვის მერე პოეზიის საღამოზე ავდივართ. პავლე, ტიტე, თემური... ყველანი იქ არიან. ლაშა არ ჩანს. სანამ მოვიდოდით, “ნატურას” ვხატავდი და ისე გამიტაცა, ვფიქრობდი, არაფერი ისეთი საინტერესო არ არის-მეთქი, როგორც “ნატურის” ხატვა. ახალი “ნატურა” მოგვივიდა - ყველა ძვალი, ყველა კუნთი ისე კარგად ეტყობა! - მშვენიერი აღნაგობის ბიჭია. პირველკურსელის ლექსებს ვისმენთ, თან სულ ამაზე ვფიქრობ, ლალისაც ვუთხარი - როგორ მინდა, ახლა ისევ ვხატავდე, რომ არ ვხატავ, ცუდად ვარ-მეთქი. ჩემს უკან პავლე იჯდა და ხუმრობით რაღაც სისულელეებს მეუბნებოდა. მეც სისულელეებითვე ვპასუხობდი. «ჟიურიში» ტიტეც იყო. ამის წინ ვიღაცამ თქვა - «ტიტე რა საყვარელიაო!» - ცოტა გამიკვირდა, იმიტომ, რომ ტიტეს პატარა, უფორმო სხეული უფრო თანაგრძნობის და შეცოდების განცდას იწვევდა ჩემში, ვიდრე იმას, რომ მეფიქრა, ტიტე რა საყვარელია-მეთქი. ახლა კი ვაკვირდებოდი და მეჩვენებოდა, რომ ტიტე მართლაც საყვარელი იყო - თუ ადამიანი ბუნებით არის ლამაზი, მაშინ საყვარელიც არის! ტიტე კი კეთილია, მეგობრული და ემოციური. «რა საყვარელია ტიტე!» - ვფიქრობ - «ტიტე ყველას უყვარს!»
(გაგრძელება იქნება)
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|