 | ავტორი: დიოტიმა ჟანრი: პოეზია 17 მარტი, 2009 |
დღეს ანეგდოტებს ძირითადად სვანებზე ყვებიან,ჩემს ადრეულ,ადრეულ ახალგაზრდობაში კი უამრავი ანეგდოტი იყო გავრცელებული კახელებზე.მათი ერთი ნაწილი ,შესაძლოა ფონეტიკური მსგავსების გამო:კა-ხე-ლი,კა-ხე-თი ,ხის ციკლს უკავშირდებოდა და ძირითადი კომიკური აქცენტი კახელების მოუფიქრებლობაზე, მათ გაუთლელობაზე,მოკლედ ''ხეობაზე'' ურტყამდა. გენეტიკურად კახელს ეს ამბავი რაღაცნაირად სულ გულს მტკენდა....ჰოდა ,ერთხელ გადავწყვიტე,სწორედ ისეთი ლექსი დამეწერა,სადაც ყველას ჯინაზე გამოვაცხადებდი,რომ ხედ ყოფნა მინდოდა. დავიწყე ფიქრი ხეზე და აღმოვაჩინე,რომ ფესვები მიწაში კი აქვს ,მაგრამ მისი ტოტებიც ფესვებია,ოღონდ ცაში გადგმული,, გამოდის,რომ ხე არის ხიდი ,შუამავალი,მაკავშირებელი სააქაო-საიქიოსი. მაშინ კომპოზიციის კანონების შესახებ ბევრი არაფერი მსმენოდა და მარტივი წესით ვუდგებოდი ლექსის აგებას :ვიღებდი მხატვრულ-ლოგიკურ ღერძს და ძირითად ,ყველაზე მნიშვნელოვან სათქმელს ფინალში მივუჩენდი ხოლმე ადგილს.ასეც მოვიქეცი და გამომივიდა. წარმოიდგინეთ ჩემი ამბიციის ტრიუმფი! მოკლედ ,ამ ლექსს ამაყად,გამოთქმით ვკითხულობდი მცირე თუ დიდი აუდიტორიის წინაშე:
X X X
მინდა ხე ვიყო, მინდა ვიყო მშვიდი და მყარი, ჩემს დანახვაზე გზას იგნებდნენ შენი თვალები.
აბა, შეხედე, როგორი ვარ, ან როგორ ვდგავარ!
ტოტები - ჩიტებს, ფესვები კი ჭიებისაა.
ჩემში ზავდება ცა და მიწა, მე ვარ ბოგირი მიცვალებულთა გვამებიდან მათ სულებამდე.
და ვიდრე ვდგავარ, რასაც ვწვდები, ვებღაუჭები.
და ჩემი ტოტი, განა ისიც ფესვი არ არის?
ფესვი არ არის, ფესვი - ზეცას ჩაჭიდებული?
გავიდა წლები და ჩემი პირველი კრებულის გამოცემის დრომაც მოაწია. /მაშინ ასეთი ადვილი არ იყო, ყოველ შემთხვევაში,ჩემთვის .დაახლოებით სამი წელი მაინც უნდა ყოფილიყო დედანი ჯერ პერსპექტიულ გეგმაში,მერე საგამომცემლო გეგმაში,ამასობაში ხან დაიკარგებოდა,ხან რიგიდან უკან გადასწევდნენ,ხანაც ამოაგდებდნენ/. ბევრი არ მიფიქრია.პირველსავე გვერდზე სწორედ ამ ლექსის მოთავსება ვთხოვე რედაქტორს. კიდევ გავიდა წლები...ვკითხულობ ერთხელ ჩემთვის თაგორის წიგნს და რას ვხედავ! გეგონება სწორედ ჩემი ლექსის ფინალის ციტირებას ახდენს. რა იციან ამ კლასიკოსებმა! წინასწარ ,შენს დაბადებამდე საუკუნით,საუკუნეებით ადრე აგართმევენ სათქმელს! მოკლედ ,მწარე , მაგრამ სასარგებლო გაკვეთილი მივიღე. მას მერე ლექსებში რემინისცენციების, ალუზიებისთვის და ა.შ. არაერთხელ მიმიმართვს, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, მახსოვდეს, რომ როგორც ავტორი , პასუხისმგებელი ვარ ყველაფერზე, რაც ჩემს ლექსში წერია.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. სიამოვნებით ჩავიკითხე. სიამოვნებით ჩავიკითხე.
4. ორსულ ქალებზე რომ გაქვთ ის დადეთ რა ... მე დიდხანს ვეღარ გავჩერდები ამ პორტალზე, არ მცალია და მინდა წავიკითხო. ორსულ ქალებზე რომ გაქვთ ის დადეთ რა ... მე დიდხანს ვეღარ გავჩერდები ამ პორტალზე, არ მცალია და მინდა წავიკითხო.
1. მხოლოდ თაგორი? თუმცა რა ჩემი საქმეა...
მხოლოდ თაგორი? თუმცა რა ჩემი საქმეა...
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|