ავტორი: პალატამერვე ჟანრი: პოეზია 16 ნოემბერი, 2025
მეორე წერილი პოლის
ისევ გაცილებს ავლაბარი, მისი ცოცხალი ეზოები, მეორედ გაწვენს ფარღალავა, პოლი, გავხსენი ანაბარი, პოლი, მოყოლა მეზარება, პოლი, ის ნიკო აღარავარ!
სამხილი იყო ანარეკლი, იქნებ თვალები ამიხილო, ისეთი საქმე შემიკერეს, პოლი, ხანდახან დამირეკე და დამატებით განვიხილოთ საბრალო კატა შრედინგერის.
დილით ჩაი და დონატები, აბაზანაში - აკაპელა, ყველა ჯიხურთან - რიგარეშე, ცოტა შიში მაქვს მომატების, ცოტა ძვირია საკაბელო, ცოტა მძიმეა გილგამეში.
ხომ დაუბლაგვდათ ბასრი კბილი და დააჭირეს ენას მტრებმა, ვის უნდა ეშმაკს გაერიგოს?! ჯერ არ ყოფილა ასე ტბილი... პოლი, მეტეხი მენატრება, როგორც ამერიკა ამერიგოს.
წინ ნადირ-შახის ქებანი და ხელუხებელი კაპიტალი მიდევს, ხელწერით საავტორო. მესმის ყვირილი გემბანიდან უბერებელი კაპიტანის - არ დაგივიწყებ სალვადორო!
ასე დღე-ღამე ვათანავბრე, რაც ღმერთს მავანმა შეავედრა, შენც ხომ მოგსვლია? მოკლედ, მო გრინ. მერე მოვიდა ვატანაბე, უკან გამოყვა საავედრა და ერთად ვთქვიფეთ გოგლი-მოგლი.
ვეღარ მივაღწევ არქიპელაგს, ჩაიძირება თუკი გემი სტუმარი მაინც გერგეთს ავა. ვეღარ ვრეცხავო, აკი პერანგს?! რა სათქმელია ბუკინგემი - ამბობს ნასვამი გერგედავა.
წადი და კვალიც არ დატოვო, როგორც მშრალ ხიდთან, მადათოვო, ნუ ხარ კორსიკის ტოლი. ოხ, როგორ მინდა ფრიდა კალო, ფრიდა კალოსთან ვიდაქალო, შენ ხომ გამიგებ პოლი?!
პოლი, რომ გეტყვი, გეამება - როგორ ყვავიან გერანები, თუ შეინახავ მარცვალს. გაუხარდება მელოგინეს, რა ყიდვა უნდა გეორგინებს, სულ კაპიკები მართლაც.