,,ამბობენ ,გარდაცვალების დროს, ადამიანი ზუსტად 21 გრამს იკლებსო ... 21 გრამი 5 მონეტის წონაა,ამდენივეს იწონის კოლიბრი და შოკოლადის ფილა. ,, Guillermo Arriaga
*** ,,მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე,, . აპრილი იყო ,ქარი კიოდა. ტანი უძრავად ეგდო ჭალაზე. ამ ლექსს ვაგზავნი საიქიოდან :
არც მიდარდია ხორცზე, სვავებმა ისე დაძიძგნეს ,ისე დაჭამეს- სიცოცხლე ,ფრთების უშნო ტლაშუნით,სოფლის გიჟივით გამოაჯავრეს.
მსუბუქი გავხდი . მიწაზე დამრჩა ბებერი ძვლების სამი კილო და სულ ოცდაერთი გრამი ავფრინდი -სული, მდინარის სანაპიროდან .
გადავუფრინე ათას ცათამბრჯენს , ,,ტრამპ თაუერებს,, და,,შერატონებს ,,. ჩამოვიფერთხე ყველა ცოდვები ,ყორნების ნაჭამ ტანს შევატოვე.
აღარ ვემდური უძრავ საცობებს . რაც მოკვდი, უკვე- წარსულს ჩაბარდა. წამში მოვივლი თბილისს, პეტერბურგს , სტამბოლს,მოსკოვს და თუნდაც, ჯაკარტას!
მთელი ცა ჩემი ასპარეზია და სადაც მინდა ხელად მივიფრენ : ხან ალვის ხეებს შევეფარები ,ხან მოვევლები თავზე ტირიფებს .
ხან ნამს ვიგემებ,ხან ბზის ტოტიდან ქროლვით ჩამოვყრი მტარვალ ალურებს. არ გადავიხდი (მორჩა დღეიდან! ) დაზღვევებსა და კომუნალურებს.
და ამინდებიც თუ კი აურევს , შევეყუჟები ფოთლებს ბალბების . გავირინდები.არ ვიხმაურებ .ფიქრებს გავართობ ძველი ამბებით.
გამოიდარებს . კვლავ ავფრინდები .სიხსხლს ვერ დამადენს ეკალ-ბარდები . ჩვენ-უსხეულო ცაში აჭრილებს , განა ცოცხლები არ გვედარდებით ?
რა ლამაზია ეს საქართელო! ხევები- მარად დანისლულები . გაგეცინებათ ,მაგრამ სულეთიც სავსე ყოფილა მკვდარი სულებით .
რა გამაჩერებს ? საქმეს რა დალევს? არც ცაში არის, ძმებო ,ძილის დრო. აქაც გვყავს დიდი მთავარსადალი ! აქაც გვაქვს საბჭო და სამინისტრო!
გუშინ სოფელში დედას ვესტუმრე, ამზეურებდა მზეზე ჩემ სამოსს და მაგიდაზე გაშლილ ძველ ლექსებს აცნობდა სტუმარ სანათესაოს .
ტიროდა დედა, როგორც შეეძლო -მორიდებულად , ხოლო მამა კი იდგა ჭიშკართან , ღობეგადაღმა მეზობლის კაცთან თავს ლაპარაკით
ირთობდა , იმ კაცს ძლიერ ვუყვარდი და ბევრიც ქონდა ჩემზე ამაგი . რა ნაღვლიანი იყო უჩემოდ, გაქანებული ქარით, ჰამაკი .
წავედი ახლა .ცოლ-შვილს დავხედავ .ჩამოვუქროლებ ეზოს ქალაქის . ჩემი ლამაზი ცოლი სახლიდან გარეთ გამოდგამს ყვავილს ბარაქის .
ეზოც მწვანეა. ნორჩი ატმები უკვე მორთულან და მოკაზმულან და შიგადაშიგ ,რომ ცოცხალია ,ბორბალზე რბოლით ამბობს ზაზუნა.
ჩემი პატარა ბიჭი გაბრაზდა. დაეძებს წინდებს , ახალ მაისურს ... დღეს თამაში აქვს ,სახლში , ,,გაგრასთან,, და სტადიონი უნდა გაივსოს.
უნდა შეაგდოს და მერე დედის გახარებული ნახოს თვალები . სიხარულისგან ცაში დავთვრებით გადარეული მკვდარი მამებიც .
ხვალ კონცერტია: შოპენს დაუკრავს , ჩემი თოვლივით თეთრი გოგონა. თვალწინ ,ნოტებთან ჩამოვუჯდები რომ არ იღელვოს მამას ობოლმა.
ვერ დამინახავს, მაგრამ ჩემს გრამებს ის ისე იგძნობს, როგორც ქარიშხალს . მივმართავ სკოლის ზორბა დაცვის ბიჭს, ნუ მეღობება,ხელი გამიშვას!
მე მინდა , ჩემო თეთრო ფანტელო , სულ შენ გხედავდე ,სულ შენ გისმენდე . მეც შევუერთდე დიდი დარბაზის ოვაციებს და აპლოდისმენტებს .
ჩვენ, როცა ვქრებით ,ნუ გეწყინებათ . იცოდეთ ,,განგებ არ ვიმალებით . როგორც პეპლები , ყველა თქვენს ნაბიჯს, ველამუნებით მკვდარი მამები.
ხან ირმის რქებით გავივლით უღრანს , ხან ჩიტის ფთებით ცხრა მთას და ცხრა ზღვას . ვერავინ ხედავს , როგორ გადავკვეთთ და ისევ უკან -გადმოვკვეთთ საზღვარს . ჩვენც ვცოცხლობთ თქვენზე ფიქრებაშლილი : ცაშიც და ზღვაშიც , მზეშიც და ქარშიც . ვერ ძლევს სიკვდილი მამის და შვილის,შვილის და მამის უხილავ კავშირს! ,,ამაღლდი, სულო, თეთრ აკლდამაზე ,,- გადაუძახე რაშებს უშბიდან . დარჩეს ლეგენდა პოეტ მამაზე, რომელიც სიკვდილს არ შეუშინდა !
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. აბა, რა ვთქვა? ჩემი აზრით, თუკი ლექსებს დავყოფთ მდარე, საშუალო და უმაღლეს კატეგორიებად, ეს ლექსი ამ უკანასკნელს მიეკუთვნება, ყოყმანის გარეშე. აბა, რა ვთქვა? ჩემი აზრით, თუკი ლექსებს დავყოფთ მდარე, საშუალო და უმაღლეს კატეგორიებად, ეს ლექსი ამ უკანასკნელს მიეკუთვნება, ყოყმანის გარეშე.
1. ძალიან, ძალიან მომეწონა! ძალიან, ძალიან მომეწონა!
|
|
| მონაცემები არ არის |
|
|