ნაწარმოებები


ქრისტე აღსდგა!!! გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაქართელი
ჟანრი: პოეზია
11 თებერვალი, 2026


ილუზია

ჩემი ოცნება - ილუზია,
ჩემი გრძნობები - რეალური,
გრადუსი კვლავაც მინუსია,
მე კი მიბუგავს გულს ალმური.

თუმცა რას აკლებს მზეს, შფოთიანს,
ყოფნა მარადჟამ ალ-დებული?
ჩემი გულიც ხომ მნათობია
შენი ღიმილით ანთებული.

ცეცხლი უშრეტი მომდებია,
ცეცხლი - რომლითაც არ ვიწვები,
შენ ხმაში თბილი ნოტებია,
შენი სახელი ნაფიცები

ათასჯერ მაინც ვიჩურჩულე,
რომ ლოცვასავით ამეთვისოს,
ედება ტვინის ცივ კუნჭულებს,
მაფხიზლებს, როგორც ამეთვისტო.

შენ იქით სხვა გზა წაშლილია,
ნატვრა შენ აქეთ - ილუზია..
ხეები უკვე თმებს იშლიან,
თუმცა გრადუსი მინუსია...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები