ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მაშო29
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2026


ცოდვა, რომელიც სიყვარულს მოერია (თავი მეთორმეტე და მეცამეტე) დასასრული

თავი მეთორმეტე

საუბარი ღმერთთან

მაისის ღამის ოთხის ნახევარზე, მთლიანი ქალაქი გავსებული იყო მწვანე-ცისფერი სირენებით, სიჩუმე უაზრო ქაოსმა ჩაახშო და სამყაროს ეღვიძა.

- რა მოხდა, ხომ არ იცით? - აბანოთუბანის სახლის აივნიდან წვერებიანი, ნახევრად შიშველი  კაცი ეკითხებოდა მეზობელს.
- ბიჭი საეჭვოდ დაიკარგა. ვერსად პოულობენ.
- ვისი ბიჭი, მერაბ?
- გრიგოლ აბაშიძის.
- ვაა, რა მოხდა ხომ არ იცი?
- არ ვიცი, ამ ახალგაზრდებს დღეს რა უქრით თავში რას გაიგებ.

გრიგოლის სახლი სავსე იყო ადამიანებით, უცხო, ნაცნობი, პოლიცია,
მაგდას ცრემლიან სახეს ახალგაზრდა მსახური უწმენდდა.

გრიგოლის გაფართოებული თვალები უფრო დიდმა ტკივილმა მოიცვა, რაც საკუთარ საწოლზე იპოვა წერილი, ამჯერად, არა საკუთარი თავისგან, რომელიც მას განიკითხავდა და სინანულის გრძნობით ნელ-ნელა კლავდა, არამედ, უარესი - თომასგან.

„წერილი გრიშას



გრიშა!
სულ მეშინოდა, იმ ერთ წერტილში არ გავჭედილიყავი, სადაც ცხოვრება გაყინული იყო.
მოლოდინი სინათლის კი გაქრა, თქვენ გააქრეთ!
...შენ და დედამ.
აღარ გაღვივდა ჩემში სიცოცხლე,
დღეს კი მივხვდი, ჩემი ოცნებები და იმედები უკვე აღარასოდეს ასრულდება.

ერთი კითხვა მაქვს მხოლოდ, რომელზეც შენს პასუხს ვეღარასოდეს მოვისმენ.

სიცოცხლეს უფრო მეტი ტანჯვა მოაქვს თუ სიკვდილს?
ჩემთვის - ჩემს სიცოცხლეს.
შენთვის - ჩემს სიკვდილს.
მაპატიე, გრიშა!
ამჯერად, ეგოისტი ვიქნები...
და მაინც...
მამა, მიყვარხარ!
თომა“

გამთენიისას, გრიგოლმა ისე დატოვა სახლი, ვერავინ შეამჩნია... რატომ მიდიოდა მისი სხეული იქ, სადაც წლები არ ყოფილა, „ მისი“ სიკვდილის მერე, მითუმეტეს, თვითონაც ბოლომდე ვერ გაეაზრებინა, ცოდვები რაც გვემატება, მით უფრო ვშორდებით უფლის სახლს, საკუთარ თავთან ბრძოლა ყველაზე ექსცენტრული და  შემაძრწუნებელია ადამიანისთვის. ვინმესთან თუ უსუსურები ვხდებით, ისევ, ჩვენი საკუთარი თავია და მისთვის თვალის გასწორებას, პერნამენტული გაქცევა გვირჩევნია უფსკრულისკენ.

საჯარო ბიბლიოთეკის უკან, კალოუბანში, თბილისის წმინდა სამების სახელობის ტაძარი მდუმარედ იდგა. მისთვის არაფერი შეცვლილიყო. სულიერი სიმშვიდე და მზისფერი ნათება ერთმანეთს ანგელოზებივით ეხუტებოდა. მაისის მზემ გაათბო მეცხრამეტე საუკუნის ეკლესიის კედლები და ახალგაღვიძებული ფოთლებიც დადუმდა  უსუსური მოხუცის დანახვაზე და შრიალიც კი შეწყვიტა.
გრიგოლმა მირონის სუნი იგრძნო და მალამოდ მოედო მისი სულის ჭრილობებს.

ეკლესიაში ცივი ჰაერი იდგა.
ღამე ცოტა ხნით წვიმდა და კედლებზე ჩამოღვენთილ წვეთებს თითქოს შიგნიდანაც სველი ტკივილი სდევდა.
გრიგოლი შეჩერდა ზღურბლთან. არ იცოდა რატომ მოვიდა — არც ლოცვის სიტყვები ახსოვდა, არც ბოლო დღეების დროის აღქმა ჰქონდა.
მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა — სამყაროსგან აღარ ეგრძნო პერნამენტული ტკივილი კიდევ.

გრძელი თითების მოკლე მოძრაობა და გრიგოლი უკვე პირჯვარს იწერდა, თითქოს უკვირდა საკუთარი სხეულის მოძრაობის.
სიჩუმე… სანთლების წმინდა ჩურჩულის ხმა მხოლოდ ცივ კედლებში— პირდაპირ იატაკზე დაეცა და თავი დაუხარა, თითქოს მთელ ტაძარს სურდა დაენახა მისი დაცემა.
წლები, ტყუილები, სიამაყე, სიჩუმე, ცოდვა… ყველაფერი ერთად მოეხვია დაბერებულ სხეულს და დაუმძიმა მხრები.
ამოიღო ცოლის უკანასკნელი წერილი, რომელიც ცარიელი, შეურაცხმყოფელი და შემზარავი სიტყვებით იყო სავსე... არაფრის მომცემი წერილი, რომელშიც თვითმკვლელი ადამიანი სხვას აბრალებს თავის უღმერთობას. სანთელთან მიიტანა და პატარა ცეცხლმა შთანთქა გაყვითლებული ფურცელი.

„ღმერთო…
არ ვიცი როგორ უნდა გესაუბრო…
მაგრამ შენ ხომ იცი, მე არასდროს გთხოვდი არაფერს.
ახლა მხოლოდ ამას გთხოვ…
არ დამისაჯო ჩემი შვილები.
დამნაშავე მე ვარ, მხოლოდ,  მე ვარ…“

ხმა აუკანკალდა. პირველად მოუსმინა საკუთარ ბგერებს და გაიგო რამდენად ცარიელი იყო მისი სულის ენა.
შეეშინდა, რომ უკვე ღამე გვიანი იყო.

და სწორედ ამ დროს —
საფეხურებს ნაზი ბგერა მოჰყვა.
გრიგოლმა თავი ოდნავ ასწია.
ტაძრის ბნელ კუთხეში პატარა გოგო იდგა — შვიდი წლის იქნებოდა, რატომ იდგა ან მშობელი სად იყო, ვერ გაიაზრა. ხელში ნახევრად ჩამწვარი სანთელი ეჭირა ამ სიფრიფანა ქმნილებას , მის ტკბილ სახეს თბილად რომ ეფერებოდა და თვალებით უყურებდა კაცს, რომელიც, მისი ბავშვური გონებით, ალბათ, ღმერთს ელაპარაკებოდა.

გრიგოლმა გაოცებულმა დახედა.
სუნთქვა გაუჩერდა. ბავშვი არ გარბოდა, არ ეშინოდა — მხოლოდ უყურებდა.

გოგონამ ჩუმად გადმოდგა ორი ნაბიჯი, სანთელი მუხლზე დაუდო და ფრთხილად ჩაიჩურჩულა:

„ჩემო უფალო, დაეხმარე ამ კაცს… აპატიე მას… ცოდოა”

ეს იყო ყველაზე წმინდა ხმა, რაც ოდესმე გაუგონია.
გრიგოლი გაშეშდა.
ცრემლი წვეთებად იქცა, ტკივილიან სახეზე ჩამოუვიდა და იატაკზე შერეულ წვიმის წყლის ნამს ჩუმად შეერია.

ბავშვი ისევ იდგა და უყურებდა, თითქოს მისი სული რაღაცას გრძნობდა, რასაც ვერ ხსნიდა.
და ამ წამს, გრიგოლმა პირველად იგრძნო არა საკუთარი ტკივილი — არამედ ღმერთის სიჩუმე, რომელიც მიტევებას ჰგავდა.

სანთელი აინთო.
მთელმა ტაძარმა მონოლოთურად ამოისუნთქა და თითქოს შვება იგრძნო.

გრიგოლმა თვალები დახუჭა და პირველად ცხოვრებაში იგრძნო სიმშვიდე, რომელიც ტკივილს აღარ თვლიდა მტრად.
სიჩუმე იყო ლოცვა.
და ამ ლოცვაში — პატარა გოგოს გულიც ისმოდა.


...

ნია მზისფერმა, მოლივლივე სხივებმა ნაზად გააღვიძა. გოგონას ცრემლებისგან პეპლისებრი წამწამები წყლიანი ჰქონდა, ძილშიც კი ტიროდა.
ძლივს გაახილა დასიებული თვალები და ნელ-ნელა მწარე რეალობაში დაიწყო ტკივილმა სუნთქვა.
- ნია, კარგად ხარ? - ოთახში გრეტა შემოვიდა ცხელი ყავით და ორცხობილათი ხელში. დედას განერვიულებული სახე ჰქონდა.
- დედა არ მშია, - ძლივს ალაპარაკდა გატეხილი გოგო.
- ვიცი, მაგრამ უნდა ჭამო, ჯანმრთელობას ნუ დაიზიანებ, გთხოვ.
- ჯანმრთელობა არა, მაგრამ ცხოვრება დავიზიანე უკვე, - სიბრაზე იგრძნობოდა გოგოს სიტყვებში, - თქვენს გამო არ წავედი, არ გავყევი მას.
- და სწორადაც მოიქეცი, - გააწყვეტინა გრეტამ, -  სად უნდა წასულიყავი? მე რა უნდა გამეკეთებინა, გული გამისკდებოდა, იცი!
- ამიტომ მამას უნდა ეთქვა უარი ესპანეთზე.
- ნია, მესმის, ყველაზე ბრაზობ, მაგრამ შენ თვითონ მინდა გაიაზრო, რომ ეს ბიჭი სანდო არ ყოფილა, თან მენტალურად როგორ იქნება ჯანმრთელი, როდესაც დედამისმა ესეთი რაღაც ჩაიდინა.
- დედა! - ხმამაღლა აღმოხდა სიფრიფანა ნიას აკანკალებული ხმა, - საკმარისია! არ იცი, რა მოხდა, შენ არ იცი, რა გადაიტანა თომამ! და ისიც არ იცი, რა სიკეთით სავსე ადამიანია, ამდენმა ტკივილმა მასში მხოლოდ ის შეძლო, რომ სიყვარული და ალტრუიზმი კიდევ უფრო გაეღვივებინა. ის ჩემი ადამიანია! მე მას ვერ დავკარგავ, -  თვალებიდან ძლივს წამოვიდა ცრემლები, ნიასთვის გაუსაძლისი ხდებოდა სულიერი ტანჯვა, - ოღონდ ცოცხალი იყოს და მეტი არაფერი მინდა!
- მეც ეგ მინდა, ნია! ვიცი, რომ კარგი ბიჭია, მაგრამ მის ოჯახს სერიოზული პრობლემები აქვს, არ მგონია, შენ შეძლო ამ ყველაფერთან გამკლავება შენი სათუთი გულით.
- დედა! მიყვარს! და სულ ასე იქნება!
- ნია...
კარზე ვიღაცამ დააკაკუნა და დედა-შვილის დიალოგი მომენტალურად შეწყდა. შიშით მიუახლოვდა გრეტა კარს, და როდესაც გარეთ, თვალცრემლიანი ქალი დაინახა, კარი გააღო.
- დიახ, გისმენთ.
- გამარჯობა, მე მაგდა მქვია, თქვენ ალბათ, ნიას დედა ხართ.
- დიახ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - მუდმივად ცუდი ამბის მოლოდინში, გრეტას შიშნარევი ხმა არ შორდებოდა.
- მე აქ თომას გამო ვარ, გრიგოლ აბაშიძის დიდი ხნის მსახური ვარ. - მკვდარი სიჩუმე,  - მან მთხოვა, ნიასთვის წერილი გადმომეცა, მანამ სანამ დაიკარგებოდა. - მაგდას ცრემლები დაუნდობლად ჩამოეღვენთა დანაოჭებულ სახეზე.
- დედა, ვინ არის? - წკრიალა ხმა გაისმა სახლიდან. - მაგდა???? რამე ხომ არ არის ახალი? - აფორიაქებულმა ჰკითხა და მაგრად ჩაეხუტა.
- არა, შვილო, ეს წერილი დაგიტოვა თომამ და მთხოვა, შენთვის გადმომეცა.
- მაგდა, გთხოვ, შემოდი, - ნიამ ტირილი დაიწყო.
- ვერ შემოვალ, ჩემო სინათლე გოგო, კურიერსაც ვერ გამოვატანე, ისე მთხოვა ჩვენმა ბიჭმა. არ ვიცი რა წერია, მაგრამ იმედი მაქვს, ისეთი არაფერი, რომ გული გაგვიხეთქოს. ნახვამდის ქალბატონო გრეტა, კარგად ჩემო პატარა ნია.ერთი იცოდე, შენ ნამდვილად გაულამაზე ცხოვრება და შენი არსებობით შეუქმენი ის, რაც სამუდამო იქნება, ეს არის სიყვარული. მადლობა ამისთვის.

ატირებული მაგდა სწრაფად შეტრიალდა და ჩაჯდა ტაქსში, ისე რომ უკან არც მოუხედავს.
ნია და გრეტა კი გაქვავებულები იდგნენ სახლის ზღურბლთან და ნიამ გულში იგრძნო, რომ მისი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა.
ნიას ოთახში მაისის გაზაფხულის სურნელება ტრიალებდა, სამყაროსთვის არაფერი შეცვლილიყო, ქუჩიდან ხმაურიც, ჩვეულებისამებრ ისმოდა, ადამიანებს კვლავ სადღაც ეჩქარებოდათ და დედამიწაც განაგრძნობდა სუნთქვას. თომას ხმა კი არსად ისმოდა.
ნია ლოგინზე ჩამოჯდა, ხელის კანკალით გახსნა ფურცელი და პირველივე წინადადებაზე თომას ხმა ჩაესმა ყურში.

„წერილი ჩემს ნიას

ყველაზე დიდი საჩუქარი, რაც სიცოცხლემ სამყაროს უკვდავ კაცობრიობას აჩუქა, ეს არის განვლილი წარსულის წუთები, რომელიც არასდროს შეიცვლება, რომელსაც ვერავინ უღალატებს და რომელიც ადამიანის მეხსიერებაში, სურვილისამებრ, დარჩება, იცხოვრებს მის ყოველ სუნთქვასთან, ყოველი დამშვიდობებისას და მოკრძალებული მისალმებისას და მხოლოდ მზისფერ ღიმილს დატოვებს სევდიან სახეზე.
ალბათ, ამისთვის ღირს, რომ ვილოცოთ და მადლობა შევწიროთ უფალს. ბედნიერების წუთები შეიძლება სამუდამოდ დაგვემშვიდობოს, მაგრამ ეს ხომ დასასრული არ არის, ის ხომ უკვდავია ჩვენს სულთან ერთად.
პატარა ბიჭი, დიდი წარმოდგენებით ოცნებებით, დაცურავდა ცისარტყელის ღრუბლებში და ოდესღაც, ჩემი ადგილიც სუფევდა იქ...
დიდი სიყვარული, მხოლოდ ბედნიერი ღიმილით, მიჩქარებდა გულის სუნთქვას.
და ეს გული ხომ მე მეკუთვნის.
დროს ძალუძს გაახმოს ადამიანის სხეული...
დროს ძალუძს მოკლას კიდევაც გრძნობები...
დროს ძალუძს სიცოცხლე წაართვას ადამიანს,მაგრამ დრო ვერასდროს შეცვლის ჩვენს მოგონებებს, არსებობს, ნია, ბევრ კითხვაზე პასუხი, არსებობენ ანგელოზები, არსებობენ უცვლელი დღეები და წამისებრი შეგრძნებები...
შეიძლება მე გითხრა, წავედი, შეიძლება შენ იმ გრძნობამაც მიგატოვოს ( და ეს უკეთესიც იქნება, ალბათ), რომელსაც უყვარდა ჩემი თითები, ჩემი შეხება და ჩემი გული. მაგრამ შენ ყოველთვის იგრძნობ რომ შენს გვერდით ვარ, როცა მოგინდება, დამინახავ, როცა მოგინდება ხელს ჩამკიდებ, როცა მოგინდება ჩამეხუტები, მაშინაც კი როცა სხვას ეტყვი მიყვარხარო...
შენ, შენს ულამაზეს, ციმციმა თვალებთან ერთად, წარმოდგენას გახდი რეალურს და მე და შენ, ისევ ღამეებს გავათენებთ მთვარიან სიცივეში.
დრო მხოლოდ უკვდავ მოგონებებს ვერ წაგვართმევს, ამიტომ მე ყოველთვის მეყვარები!

თომა“


ნიას თითები ღრუბელივით ფაფუკი გაუხდა, ძალა წაერთვა და წერილი ძირს ფოთოლივით, შრიალით დაეცა. თვალის დახამხამებაც კი ვერ შეძლო. დრო შენელდა. ეს ხომ თომას ბოლო მონოლოგი იყო.
გრეტა კართან მგლოვიარე იდგა და გრძნობდა ნიას ტკივილს, ხმას ვერ იღებდა, ვერ ეხმარებოდა, უბრალოდ, მის გვერდით იყო.



თავი მეცამეტე

ზიარება

გრიგოლი უცნაურად დამშვიდებული დაბრუნდა ხალხით სავსე სახლში. რაღაც ტვირთი სულიდან მოეშორებინა და ვერ გაეგო. როდესაც ოთახში შევიდა, თვითმკვლელის რწევა ჰაერში ვეღარ იგრძნო, თითქოს, შვებით დაეტოვებინა მწუხარე ოთახი სამუდამოდ.გრიგოლი თომას ოთახში შევიდა და მისი სულელური ზედა ჩაიხუტა. დაწვა ლოგინზე, თვალები დახუჭა და მშვიდად დაიძინა.
შორეული წარსული, უშინაარსო რომანი ვიღაც ქალთან, რომელმაც თომა გააჩინა და წავიდა ქვეყნიდან, ავთანდილის და გრეტას უშვილობა და მათი ტკივილი, რომელიც ნიამ გაუქარვა, გრიგოლის წყალობით. ჩუმად გაშვილებული ნია, რომელიც სამყაროს მზესავით ასხივებდა, ცოლი, რომელმაც რამდენიმე წლის წინ გაიგო რომანის და ბავშვის არსებობის შესახებ და თომაც კი დაივიწყა, იუდას ჩაჰკიდა ხელი და ოჯახი ჯოჯოხეთის ცეცხლში გაცვალა. გრიგოლი, რომელიც ამდენი წელი ქურდივით გაურბოდა საკუთარ სინდისს, უფალს ზურგი აქცია და ოცდაათ ვერცხლად ეცადა გამოესყიდა თავისი დანაშაული, ცუდი მამობა, მაგრამ დიდი სიყვარული შვილის მიმართ... ცხოვრებისეული ფრაგმენტები არ სრულდებოდა გრიგოლის გონებაში და დღეს, იქ  ეკლესიაში, პატარა გოგონას დახმარებით, საბოლოოდ დამთავრდა.
ერთადერთი მიზანი თომას პოვნა და ცხოვრების თავიდან დაწყება იყო... 
და მოულოდნელად, სიცოცხლეს აზრი მიეცა და სინათლემ შთანთქა ცოდვებით მორთული სიბნელე.
„ნუთუ ღმერთმა მაპატია?“

მეხუთე დღე გაუჩინარებიდან.
თომა ბოლოს რკინიგზის სადგურზე დაინახეს. მატარებელში ჩაჯდა და ბათუმის მიმართულებით გაემგზავრა.
გრიგოლი, თავისი ავტომობილით, ყველასთვის უთქმელად გაემგზავრა  შვილის სანახავად. უცნაური სიმშვიდით გულში...

მეექსვე დღე გაუჩინარებიდან...
სიჩუმემ მოიცვა ავთანდილის და გრეტას სახლი, მხოლოდ საათის ტიკტიკი ისმოდა, თითქოს დრო ზარმაცად ითვლიდა წუთებს, რომელიც ნიასთვის საუკუნეებს ჰგავდა.
გრეტა ფანჯარასთან იდგა, მაგრამ მის მზერასაც ვეღარ მიჰყვებოდი — შორეულ წარსულში დაკარგულიყო.
ავთანდილი ჩუმად დადიოდა ოთახიდან ოთახში, თითქოს ცდილობდა თავისივე ფიქრების სიბნელეში დამალვას. ტელეფონი მაგიდაზე იდო, ეკრანი ანათებდა მის სახეს, მაგრამ ხელში ვერ იღებდა — თითები კანკალით მიიტანა ნომერზე და ისევ უკან წაიღო.

– ვერ დავურეკავ… არა, ვერ დაველაპარაკები – ჩაიჩურჩულა.
ნიამ ამოიხედა. – მამა, რაზე ამბობ?
გრეტამ თავი გააქნია. – არაფერი, შვილო. ყველაფერი გაირკვევა.

გარეთ მაისის მწუხარე ქარი არხევდა ფარდებს, ქალაქი კი ჩვეულებრივად სუნთქავდა — თითქოს არაფერი მომხდარა. მაგრამ სადღაც, იმავე დროს, გრიგოლი გზაზე მიდიოდა, შორეულ გზას მიუყვებოდა, სული კი უცნაურად მშვიდი ჰქონდა — თითქოს გრძნობდა, რაღაც ახლოს იყო, რაღაც მძიმე.

ტელეფონი აწკრიალდა. უცნობი ნომერი იყო.
გრიგოლმა უპასუხა.
– დიახ?..

მამაკაცის ხმა ყურმილში მკაცრი იყო, უცხო და ოფიციალური:
– ბატონო გრიგოლ აბაშიძე?
– დიახ, მე ვარ…
– გესაუბრებით შინაგან საქმეთა სამინისტროდან. უკაცრავად, რომ ასე მოულოდნელად გირეკავთ, ერთობლივად გატარებული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თქვენი შვილი - თომა აბაშიძე, რამდენიმე საათის წინ…
გრიგოლი გაშეშდა. მანქანის შიგნით ჰაერი თითქოს გამქრალიყო.
– რა… რა მოხდა?.. – ძლივს ამოისუნთქა.
– …თვითმკვლელობის შედეგად გარდაიცვალა. გთხოვთ, მობრძანდეთ ექსპერტიზაზე...

სიჩუმე. მხოლოდ გულის რიტმი დარჩა.
გრიგოლმა თვალები დახუჭა, და თითქოს ყველაფერი – წლები, ცოდვები, დანაშაულები – ერთბაშად ღრმად ჩაიმარხა მის გულში.

„თვითმკვლელობა…“ სიტყვამ თითქოს წარსულის ყველა ხმა წამოიღო: ბავშვის სიცილი, ქალის ტირილი, საკუთარი  თავის უარყოფა.
მთელი სიცოცხლე ისე გადაეშალა მის წინ, თითქოს ღმერთმა ხელით გადაუფურცლა წიგნი, რომელსაც წლები, შიშისგან,  არ კითხულობდა.

მანქანა გზისპირას გააჩერა. ტელეფონი ხელიდან გაუსრიალდა და მიწაზე დაეცა.
გრიგოლმა თავი ხელებში ჩარგო.

– ღმერთო… მე ამას ვერ ვიტვირთავ…
გულისცემა გაუჩერდა, და ყველაფერი უცნაურად განათდა — თითქოს, მზემ ამოანათა წვიმის შემდეგ და სწორედ მასზე დაეცა სხივი.

ხმა გაისმა შორიდან — ჩუმი, თბილი, ნაცნობი:
– მამა… ნუ ტირი…

გრიგოლმა ზემოთ აიხედა — თომა იდგა წინ, ისევ ისე, როგორც მაშინ ბავშვობაში, როცა პირველად „მამა“დაუძახა.
გრიგოლმა გაუღიმა, თვალები დახუჭა და ბედნიერმა სუნთქვა შეწყვიტა.
თითქოს ბორკილებიდან გათავისუფლდა, ცოდვებისგან დამძიმებული სხეულისგან სიცარიელე დარჩა და სულმა ზიარება მოიპოვა.
გზის პირას გაჩერებულ მანქანაში მხოლოდ უსულო მამაკაცის სილუეტი დარჩა.

თომას გარდა-ცვალება
ზღვის ტალღების სუნთქვა, მძიმე ლოდები უბრალო ქურთუკის ჯიბეში,
თვალები დახუჭა და მშობელივით ჩაეხუტა წყალს, მიეალერსა მის სათუთ სახეს,
„ყველა ტკივილი ჩემში იყოს, უფალო, ოღონდ, მათ აღარ ეტკინოთ.“
ნებით აიღო ყველა ეს ტვირთი და მიხვდა, სიკვდილი არ არის გაქცევა, ეს არის დაცვა.
ზღვა მშვიდად აცილებდა თომას სულს და თავის გულის სიღრმეში იხუტებდა. ტკივილიც კი არ აგრძნობინა და თომამ ღვთაებრივი სითბო იგრძნო მთელი სხეულით.
მას აღარ ეშინოდა...
მან ხომ ნია გადაარჩინა, ნია, რომელიც სამყაროს არსებობას აზრს სძენდა, თავისი სიწმინდით.
ახალი ამბები: „გუშინ საღამოს 22:12  წუთზე,  ბათუმის სანაპიროზე, ახალგაზრდა ბიჭი იპოვეს გარდაცვლილი. მიზეზი დადგენილია - თვითმკვლელობა, ვინაობა კი - თომა აბაშიძე, ცნობილი ქართველი ბიზნესმენის და წარმატებული პროფესორის, ბატონი გრიგოლ აბაშიძის ერთადერთი შვილი. რამდენიმე წლის წინ, იმავე ტრაგედიით დაასრულა სიცოცხლე ბატონი გრიგოლის მეუღლემაც. მიზეზები ამ დღემდე ამოუცნობია.


პირველი დღე თომას გარდაცვალებიდან...
დილა თითქოს არ გათენებულა.
ფანჯარაზე ფარდები ჩამოფარებული იყო, ოთახში სიბნელე იდგა, ისეთი სიჩუმე, სადაც გულიც კი ფრთხილად ფეთქავს, რომ არ დაარღვიოს ის.
გრეტა დერეფანში დადიოდა, რაღაცას ვერ ხვდებოდა — თითქოს ჰაერში რაღაც უჩვეულო იდგა, მძიმე, მაგრამ ერთდროულად მშვიდი.

ტელეფონმა დარეკა. ხმა ჩუმი იყო, მაგდას წვიმის წვეთებით დასველებული ხმა, რომელსაც ტკივილი თან სდევდა.
გრეტამ უპასუხა. რამდენიმე წამი უსმენდა და მერე მოულოდნელად, იატაკზე ჩაიკეცა. ხმა აღარ ამოუღია.

ნიამ შემოირბინა.
– დედა!.. რა მოხდა?!
გრეტა ვერ ლაპარაკობდა, მხოლოდ ცრემლები ჩამოსდიოდა და თითით მიუთითა ტელეფონზე, რომელიც იატაკზე ეგდო.
ნიამ აიღო, მაგრამ მეორე მხრიდან უკვე, არ ისმოდა ხმა.

– დედა… მითხარი!..
გრეტამ ამოილაპარაკა ძლივს:
– თომა… აღარ არის, შვილო…

სიტყვა „აღარ არის“ ჰაერში გაჩერდა, თითქოს დრომ დაიჭირა თავისი კლანჭებით ხელში. საათის ისრები უკან ვერ მოძრაობდა.

ნიამ ნაბიჯი წინ ფრთხილად გადადგა. მერე მეორე.
საკუთარი სუნთქვა არ ესმოდა. თითქოს ყველაფერი გაქრა – კედლები, იატაკი, დედის ხმა.

ცრემლი არ მოსდიოდა თავიდან — თითქოს ვერ ტიროდა. მხოლოდ გულში იგრძნო რაღაც მისტიური, თითქოს მძიმე ლოდებისგან გათავისუფლდა და  შვება შეერია ტკივილს.

– თომა… – ჩურჩულით თქვა. – იქნებ აღარ გტკივა, იქნებ ოჯახის წყევლისგან გათავისუფლდი ხომ? მე ხომ ვერ გიშველე და ოჯახი ვერ დავტოვე...

გრეტამ შვილს შეხედა — თვალებში შიში და მადლი ედგა ერთად.
– აღარ ტკივა, ნია. ახლა, აღარ.

ნიამ ფანჯარა გააღო. გარედან  ცივი ქარი შემოვარდა, მაგრამ სუფთა იყო, ისეთი, თითქოს მთელ ქალაქს ტკივილი ერთიანად გადაჰქონდა ცაზე. ზღვის ტალღების სურნელმა მოიცვა მისი სახე და ტალღებით შეაფრთხიალა იოტისოდენა გული.
მზე ჯერ არ ამოსულიყო, მაგრამ შორიდან მოლურჯო სინათლე უკვე ჩნდებოდა — და იმ სინათლეში ნიამ, თითქოს, დაინახა თომას სილუეტი: მშვიდი, გამჭვირვალე, ისეთი სახით, როგორითაც, მხოლოდ, ისინი ბრუნდებიან, ვინც უკვე თავისუფალია.

გულში ლოცვა წარმოსთქვა – არც სიტყვებით, არც აზრებით – უბრალოდ გულის ბგერით:
„ღმერთო, წაიყვანე ის შენთან... იმსახურებს ამას...“

და პირველად, დიდი ხნის შემდეგ, როცა ცრემლი მის ლამაზ სახეს შეეხო, აღარ იყო მხოლოდ ტკივილი — იყო რაღაც წმინდა, ისეთი, რაც მხოლოდ მაშინ იბადება, როცა გიყვარს იმდენად ძლიერად, რომ მზად ხარ გაუშვა.

გრეტა ჩუმად მივიდა, მოეხვია.
ორი ქალი, ორი გული, და ერთი სული — რომელიც ზემოდან უყურებდა მათ და მშვიდად იღიმოდა.

ლუკამ ნამდვილი მეგობარი დაკარგა...
- არ მჯერა ამ რეალობის... თომა, რა გააკეთე? ასეთს, რა ტკივილს ატარებდი გულში, რომ ამ სამყაროს ვერ შეეგუე? მე ხომ მაინც გყავდი სულ  შენს გვერდით?

ორი ცალი ხორცის ღვეზელი გამოიღო მაცივრიდან, გააცხელა,  ყავა მოადუღა, ორ ჭიქა იდო მაგიდაზე, ორი ცალი თეფში ერთმანეთის პირისპირ, როგორც ყოველთვის... ლუკა სიჩუმემ და ტკივილმა მოიცვა... მასაც ჰქონდა ბავშვობის მეგობრისგან დატოვებული წერილი.

„წერილი ლუკას:

ძალიან ვამაყობ შენით...
როგორც ადამიანი ხარ საუკეთესო და გთხოვ, არასოდეს დაკარგო შენი თავის ეს ვერსია, რადგან ის ნამდვილია.
ყველა უნდა წახვიდეთ ლუკა, ვინც კი მიყვარს, ზღვისფერ ღრუბლებში უნდა გაქრეთ...
გუშინ მესიზმრა, როგორ ცეკვავდი შენს ნახატებთან ქუჩაში, ღამე.. მთვარე კი ავსებდა სინათლით მოღრუბლულ ქუჩებს. 
გავა თვეები ლუკა, აღარც სიცარიელეს იგრძნობ, აღარც ამ ტკივილს, სიჩუმე და ქაოსი მიატოვებს შენს სულს, პირობას გაძლევ...
რატომ? ამას შენც კი ვერ გაიგებ ლუკა, თუ რატომ! მე კი მტკივა... ძალიან მტკივა!  ეს არის გამოსავალი ლუკა... არ გეგონოს ღმერთი მივატოვე, პირიქით, მე ის ძალიან მიყვარს...
მესიზმრა, თითქოს ვიღიმოდი...
გავიღვიძე და როდესაც გამოვფხიზლდი, ვერც წინ გადავდგი მოყინულ გზაზე ნაბიჯი და ვერც უკან... ამიტომ დავდგები ზღვაში და თვალებს ცას ვაჩუქებ.
ვიცი, მზე დაბრუნდება ლუკა და გაადნობს შენს მიტოვებულ სიცივეს.
როგორც ყოველთვის, ვიცი, გამიგებ...
გთხოვ, მაპატიე და ჩემში შთაგონება იპოვე...
დახატე და უკვდავი ვიქნები შენს ნახატებში...
საუკეთესო მეგობარი იყავი და მადლობა ამისთვის.
მშვიდობით, ლუკა! 
თომა“
...

ქაოსი სულში. ძალიან ცოტა ადამიანია დედამიწაზე, ვინც სიმშვიდის გზას ეძებს და რაც მთავარია, ჰარმონიას პოულობს. კაცობრიობას არ გვიყვარს ერთფეროვნება, რუტინა, სიახლის დაბადებას ველით ყოველ დღე, რაღაცას ველოდებით, მომავალი წარუშლელი ნახატია და ისეთია ზუსტად, როგორიც ჩვენს ცოცხალ გონებას წარმოუსახავს. აწმყო კი, ამ დროს, იკარგება და დროებითი წარსული ხდება მომავალში.
საინტერესო რომელი ფერია? ნაცრისფერი თუ მრავალფერადი ჰაერში გაფანტული ცხოვრება?
რატომ არის, რომ სამყარო და ზოგადად, ადამიანები მხოლოდ სხვისი უბედურებით ან ტრაგედიით ზედმეტად ვინტერესდებით? სხვისი ცხოვრება ყოველთვის საინტერესო ხომ არ არის? იქნებ, იმიტომ რომ დრო არ დაგვრჩეს საკუთარი თავის შესაცნობად?  პასუხი ბევრია, მათ შორის, იმიტომ რომ თავი უკეთესად ვიგრძნოთ. უფრო ბედნიერად, უპირატესობა დავინახოთ ჩვენს პიროვნებაში. არადა, ადამიანი მხოლოდ თავის „მეს“ იცნობს ყველაზე კარგად, ზოგი გაურბის, ზოგი ვითომ აღფრთოვანებულია, ზოგი კი - ვერ უძლებს ამდენ ცოდვას და თავს იკლავს უიმედობით დამხრჩვალი. მთავარია, შენს სულს არ გაუსწორო ხშირად თვალი, არადა, ეს უნდა იყოს ადამიანების ცხოვრების მიზანი. რადგან შეძლოს სარკეში საკუთარი ანარეკლის ნამსხვრევების შეგროვება და რესტავრაცია. მეორეჯერ, იქნებ აღარ მოტყდეს წმინდა გედს ფრთები და სუფთად გაცუროს ტბის მთები წყალში.
ადამიანი საკუთარ შეცდომებს სინანულითა და საქციელით რომ სწორებდეს, სიყვარული გაბრწყინდებოდა ვარსკვლავივით დედამიწაზე და დღეები უფრო ხანგრძლივი გახდებოდა, სამყარო საპირისპიროდ დაიწყებდა ტრიალს და ადამიანები აღარ დაბერდებოდნენ.
მაგას სულიერი სიძლიერე სჭირდება, ძლიერებას კი ღმერთი.
ერთადერთი სინანულია, რომელიც უფალმა უანგაროდ და სიყვარულით დაგვიტოვა, რადგან ჩვენს ცოდვებს ვერ ვერევით და თავისუფალი არჩევანის მიუხედავად, ხშირად არასწორ გზას ვირჩევთ, დაგვიტოვა მონანიება და ზიარება სიმშვიდისთვის, დაგვიტოვა კვლავ ფეხზე წამოსადგომად, და დაგვიტოვა კარი სამოთხის, რომელშიც ნებისმიერს შეუძლია შესვლა, მკვლელსაც კი... მთავარია ღვთიური სინანული განვიცადოთ და სიყვარულის სიწმინდე ვიგრძნოთ.


...

პარიზში, ორსეის მუზეუმში, გამოფენაზე, ბიჭის პორტრეტი — სიცოცხლითა და სინათლის სხივით სავსე სახე — ცივ კედელს ათბობდა. ბიჭი თითქოს თვალებით იცინოდა, მაგრამ ღრმა სევდას ატარებდა. თითქოს უცნაურ ისტორიას ჰყვებოდა და ამით უკვდავებას სძენდა სევდიან ნახატს. ეს ნამდვილი შედევრი იყო.
მარჯვენა მხარეს, პატარა ასოებით ეწერა: „თომა”
ავტორი: LUKA...

ზღვამ წაიყვანა თომას სხეული ისე ნაზად, როგორც ბავშვი იძინებს დედის კალთაში. და სულმა თავიდან დაიწყო სუნთქვა.
როცა ივნისის პირველმა დილამ ფერადი სიცოცხლე გააღვიძა სამყაროში —ყველაფერი თითქოს თავიდან დაიწყო.

იყო და არა იყო რა…




დასასრული

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები