ნაწარმოებები


გამოცხადდა კონკურსი ლილე2026 . იხილეთ ფორუმზე კონკურსების განყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: როლანო
ჟანრი: საბავშვო
15 ივლისი, 2026


ციციანა და ჯიჯეო

ციციანა და ჯიჯეო

პატარა გოგონა, რომლის სახელსაც ამ ზღაპრისათვის არანაირი მნიშვნელობა არა აქვს. ყოველ დილით, სოფლის განაპირა ტყეში დადიოდა სასეირნოდ. გოგონას თავისი საყვარელი ადგილი ჰქონდა. ბებერი ხის კუნძზე ჩამოჯდებოდა ხოლმე და თავის საფიქრალს ფიქრობდა. ხშირად თითქოს ჩურჩული ესმოდა. სიტყვებს ვერ არჩევდა და საბოლოოდ დაასკვნა, ალბათ ფოთლები ერთმანეთში საუბრობენო.
ერთხელაც გოგონა ჩვეულებისამებრ კუნძზე იჯდა, ფეხებს აქანავებდა, ჩუპა-ჩუპსის კამფეტს ლოკავდა და სიამოვნებისაგან თვალებს ნაბავდა. სახეზე კი მზე ნაზად ეფერებოდა.
- ფეხები გააჩერე, თავი მეტკინა, - მოესმა გაბრაზებული ხმა. გოგონამ აქეთ-იქით მიმოიხედა, მაგრამ ვერავინ დაინახა.
- ფეხები გააჩერე-მექი, შენ რა ყრუ ხარ? - კვლავ მოესმა ხმა. გოგონამ დაიხედა და ხის კუნძის ფუღუროში პატარა კაცუნას თავი დაინახა. კაცუნამ გაბრაზებით თითი დაუქნია და მიიმალა. გოგონა კუნძიდან ჩამოხტა და დაიხარა, ფუღუროში პატარა კაცუნები დაფუსფუსებდნენ. გოგონას არ გაკვირვებია, ალბათ იმიტომ, რომ პატარა იყო და იცოდა, რომ, თითქმის ყველა ბებერი ხის ფუღუროში ჯუჯები ცხოვრობენ. ძირითადად კეთილი ჯუჯები.
- ოჰ, უყურეთ, ჩვენი მწვალებელი მოვიდა. - წამოიძახა
ერთ-ერთმა. - შენ ის გოგონა არა ხარ, ყოველ დღე წიხლებს რომ გვირტყამ?
- უკაცრავად, მაგრამ მე წიხლებს არ გირტყამთ. უბრალოდ, რომ ვზივარ, ფეხებით მიწას ვერ ვწვდები და ჰაერში ვაქანავებ. მაპატიეთ, მეტს აღარ შეგაწუხებთ. - მოუბოდიშა გოგონამ.
- არა უშავს, არა უშავს, შეგვაწუხე. ოღონდ ყოველ დღე არა.
- სხვა კუნძზე დავჯდები, მნიშვნელობა არა აქვს.
- სხვა კუნძზე დაჯდომა არ გაბედო. კარგი, აბრახუნე ყოველდღე, ოღონდ სხვა კუნძზე არ დაჯდე. - აყაყანდნენ ჯუჯები ერთხმად. _ ისე, გარეთ რატომ დგეხარ? შემოდი.
- რომ ვერ შემოვეტიო?
- თავი დახარე და შემოეტევი. _ მართლაც, გოგონამ თავი დახარა და ჯუჯების სამფლობელოში აღმოჩნდა.
- რა გქვია? - ჰკითხა ჯუჯების უფროსმა, რომელსაც თავზე გვირგვინი ედგა, ეტყობოდა მეფე იყო.
- გოგონა.
- გოგონა რა სახელია?

- რა ვიცი, ყველა გოგონას მეძახის და......
- კარგი, რახან შენ სახელი არ გქონია, მე დაგარქმევ.
- არ მინდა არა, მე გოგონა მომწონს.
- მოგწონს და მოგწონდეს. შენი სახელია, ჩემი კი არა ჰა, ჰა, ჰა.
-გადაიხარხარა მეფემ. - ჰო, ახლა ჩვენს თავს გაგაცნობ.
- თქვენ ჯუჯები ხართ არა? - გულუბრყვილოდ იკითხა გოგონამ.
- რაო, ჯუჯებიო? ეგ როგორ გვაკადრე. ჯუჯები ჩვენი მოსისხლე მტრები არიან. ჩვენ ციცქნარები ვართ. ჩვენს ქვეყანას კი ოდითგანვე ციცქნარეთი ჰქვია. - ამაყად წარმოსთქვა ციცქნარმა. - ჩვენს მეზობლად, ჩვენსაზე ცოტათი მოზრდილი კუნძის ფუღუროშია ჯუჯუნეთი, ჯუჯების ქვეყანა. სიმართლე გითხრა, ძალიან უზრდელები არიან. ჯუჯუნეთის ახლანდელი მეფის პაპის პაპამ, ჩემს პაპის პაპას, დიდი შეურაცყოფა მიაყენა.
- მაინც რა? - იკითხა გოგონამ ინტერესით.
- ჩემი პაპის პაპა რომ სეირნობდა იმ ხესთან, (მაშინ ის ხე იყო, კუნძი კი არა) ზედა ფუღუროდან, ფეხის საწმენდი ტილო დააბერტყეს თავზე. საწყალი ჩემი პაპის პაპა სულ მტვერში ამოიგანგლა. ერთი    კი შესძახა, “ამ შეურაცყოფას არ გაპატიებთ, ჩემი შთამომავლები გადაგიხდიანო” და ცოტა ხანში სულიც დალია.
- შემდეგ თქვენ რა ჰქენით?
- რა უნდა გვექნა, ჩვენც მტვერს ხომ არ დავაყრიდით თავზე, ჯუჯები ხომ არა ვართ. ჩვენ ციცქნარები ვართ. ჩვენს ძარღვებში კეთილშობილი სისხლი სჩქეფს. ხელსაყრელ მომენტს ველოდებოდით აქამდე და აი, ეს დღეც დადგა.
- მაინც რა გადაწყვიტეთ? - მეფე გოგონას მიუახლოვდა და ჩურჩულით დაიწყო ლაპარაკი. - ჯუჯუნეთის უფლისწულს, ჯიჯეოს, შემთხვევით დაუნახავს ჩემი ქალიშვილი ციციანა და პირველივე ნახვისთანავე შეყვარებია. ამას წინათ მაჭანკლები გამომიგზავნა, “შენი გოგო, ციციანა მომათხოვე, თორემ თავს მოვიკლავო”.
- მერე რა უპასუხეთ? - ჰკითხა გოგონამ.
- ჩემს ქალიშვილს ვერ ეღირსები, გინდა თავი მოიკალი და რაც გინდა ის ქენი. ჩემი პაპის პაპის შეურაცყოფას მე ვერავის ვაპატიებ და მითუმეტეს ვერ დავინათესავებ მეთქი. განა სწორი არა ვარ? - მიმართა მეფემ გოგონას.
- არა ხარ მართალი, არა. - გაისმა კუთხიდან წვრილი ხმა. - თუ არ მიმათხოვებ იცოდე, მეც თავს მოვიკლავ.
- ციციანა! რას ამბობ თუ იცი,  ჯიჯეოზე  ლაპარაკობ  თუ  რამე მეშლება? - გაბრაზებით მიუგო მამამ. - ადი შენს ოთახში და თვალით არ დამენახო. “მიგათხოვებ”, ვერ ეღირსებიან ჯუჯები , ჩემი

ქალიშვილის ჯუჯუნეთის დედოფლად ხილვას. მაპატიე ჩემო კარგო,
- მიმართა მეფემ გოგონას, - მე მგონი შენი წასვლის დროა.
- არ გეცოდებათ ციციანა?
- მეცოდება? საცოდავი იქნება, იმ ვაჟბატონს რომ გაჰყვეს ცოლად. ფუჰ, ხელოსნები. მთელი დღეები წერაქვებს აჩაქუნებენ, ალმასებს აგროვებენ და მდიდრები ვართო გაიძახიან. ნეტავ ვის რად უნდა ეგ შუშის ნატეხები.
- ალმასებიო თქვით? მე მგონი ალმასი ძვირფასი ქვა უნდა იყოს, - მიუგო გოგონამ.
- კარგი ერთი, მაგის მეტი რა მიყრია საკუჭნაოში. - მეფემ კარი გამოაღო, მუჭით ალმასები გამოიტანა და გოგონას ხელში ჩაუყარა.
- თუ გინდა კიდევ წაიღე, ნეტავ მე რა თავში ვიხლი.
- არა, არა მადლობ, ესეც არ მინდა, უხერხულია.
- წადი, წადი საქმე მაქვს ახლა და ხვალ ამ დროს მოდი, საინტერესო ამბები დატრიალდება.
- ნახვამდის. - გოგონა გასასვლელისაკენ გაემართა, ფუღუროდან თავი გაყო თუ არა, გარეთ აღმოჩნდა და სახლისაკენ მოკურცხლა.
მეორე დღეს დილიდან კუნძზე იჯდა პატარა გოგონა და კაცუნებს ელოდებოდა. ფუღუროდან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. “ალბათ სძინავთ”, გაიფიქრა გოგონამ. “ცოტასაც მოვიცდი და მერე შევალ”.
უცებ ფუღუროდან წივილ-კივილის ხმა გაისმა. კიოდა მეფე, დედოფალი, ნაზირ-ვეზირები და საერთოდ ყველანი. მოკლედ, კიოდა მთელი ციცქნარეთი.
გოგონამ თავი დახარა და ფუღუროში შევიდა. შევიდა და რა დაინახა, მეფე ყვიროდა და ადგილზე ხტოდა.
- გაიქცა, გაიქცა.
- ვინ გაიქცა? - გაოცებით იკითხა გოგონამ.
- გაიქცა ჯულიეტა თავის რომეოსთან ერთად. - ყვიროდა ციცქნარ-მეფე და ნელ-ნელა ჭარხალივით წითლდებოდა.
- ჯულიეტა ვინ არის, ან რომეო?
- ოოჰ... ახლა ლიტერატურის გაკვეთილი ჩამატარებინე. ციციანა გაიქცა, იმ უჯიშო ჯიჯეოსთან ერთად. სირცხვილი და თავის მოჭრა.
დედოფალი იატაკზე გორავდა.
- ჩემი საწყალი გოგო, ალბათ ძალით წაიყვანეს. თორემ ამას მე არ გამიკეთებდა.
- გაჩუმდი ქალო, ძალით კი არა, პირველი ალბათ თვითონ გარბოდა წინ. - დედოფალი ტიროდა. - მოვიფიქრე, კურიერი გაგზავნეთ ჯუჯუნეთში. მეფე მობრძანდეს, ბოდიში მომიხადოს და

ჩემი  გოგო უკან დამიბრუნოს. კურიერი გაიქცა. ხუთი წუთი არ იყო გასული, რომ ციცქნარეთის
ფუღუროში ჯუჯუნეთის მეფე შემოვარდა.
- რა მოხდა, რისთვის ამაწრიალეთ, ახლა რა სპექტაკლი დადგით? ვინ გაიქცა, ვინ მოიტაცეს. - ყვიროდა ჯუჯების მეფე. გოგონა გაკვირვებული შესცქეროდა სტუმარს.
- ეს სულ შენი მატრაკვეცობაა. ჯერ იყო და რაღაც ლეგენდები მოიგონე ჩვენი პაპის პაპებზე. - მიმართა ჯუჯამ ციცქნარას. - მერე იყო და ასო “ჯ” დაგვიწუნა ჩემო ბატონო, თანაც სიტყვა “ჯუჯაში”, “ჯ” ორჯერ მეორდება. ადგა და ციცქნარეთი დაარქვა თავის ფუღუროს. “ც” კეთილშობილი ასოაო. - განაგრძო მეფემ.
- ცა, ცისარტყელა, ციცინათელა, ციმციმი, მოუსმინეთ რა ლამაზია. - სიტყვა ჩამოართვა ციცქნარმა, - აბა შეადარე: ჯუჯა, ჯურღმული, ჯანდაბა, ჯიჯეო.
- ჰო, კარგი, კარგი. ოღონდ ჯიჯეოს თავი დაანებე. სად არიან ბავშვები? სად დამალე!
- სარდაფში მყავს ორივე ჩაკეტილი, მაგრამ არა მგონია დიდხანს შევძლო მათი დაკავება.
- სარდაფში გყავთ ციციანა და ჯიჯეო ჩაკეტილი? რა ხდება გამაგებინეთ. აკი გაიქცნენო, რომეო და ჯულიეტა არიანო, ჯიჯეოს ერთი ნახვით შეუყვარდა ციციანაო, თავს მოვიკლავ და ცოლად არ გავატანო. - გოგონა სრულიად დაბნეული იძლეოდა შეკითხვებს.
- ეს სულ ამ მართლა ციცქნარას ბრალია. ციციანა და ჯიჯეოც მაგას დაემსგავსნენ. ბავშვობიდან ღრუბლებში დაფრინავენ და ფანტაზიებით ცხოვრობენ. ხან ომს გვიცხადებენ, ხან კიდევ შერიგებას გვეხვეწებიან. ახლა ვითომ გაიპარნენ. რომეო და ჯულიეტას თამაშობენ. თავს მოვიკლავთ თუ არ დაგვაქორწინებთო. ნეტავ ვინ უშლის ხელს? უფრო მეტიც, ბოლოს ორივეს დაგვიწუნეს სახელები. მათი აზრით ყველაზე ლამაზი ასო “ფანია” ე.ი. “ფ”.
უცებ სარდაფში ჩასასვლელი კარი რამოდენიმეჯერ შეჯანჯღარდა და ბრახუნით გაიღო. ღია კარში ციციანა და ჯიჯეო იდგნენ ხელჩაკიდებულნი. ისეთი საყვარლები იყვნენ, რომ გოგონასა და უფროს ჯუჯებს თვალებზე ცრემლი მოადგათ.
- ჩვენ მივდივართ! აქვე, გადაღმა ძალიან კოხტა ფუღურო ვიშოვნეთ იაფად. სულ ერთი ტომარა ალმასი გადავიხადეთ. ვირთხებისაგან ვიყიდეთ. - საქმიანად დაიწყო ჯიჯეომ.
- იცით რა დავარქვით ჩვენს ფუღუროს? “ფუმფულარია”, ხომ მშვენიერია? თანაც ძალიან რომანტიული, გაწითლდა ციციანა და ჯიჯეოს მიეკრო.
-  რაო?!  -  წამოიძახა  ჯუჯუნეთის  მეფემ.  სულ  გაგიჟდი4თ4 ?

საერთოდ დაგავიწყდათ თქვენი ჯიში და ჯილაგი? თქვენ ხომ ჯუჯები ხართ, ჯუჯები. თქვენი მოდგმა საუკუნეებს ითვლის.
- ფუმფულარია? რა მშვენიერი სახელია. - აღელდა ციცქნარ- მეფე. - თქვენ ალბათ ფუმფულები გერქმევათ არა? - ახალგაზრდები დაიბნენ, - ჰო, ალბათ. მაგაზე არ გვიფიქრია.
- აბა დაუგდეთ ყური: ფუმფულა, ფუნთუშა, ფაფუკი, ფიფქი, ფანტელი - რომელი ერთი ჩამოგითვალოთ. მშვენიერია, მშვენიერი. როგორ მოიფიქრეთ? მეც კი მაჯობეთ. თქვენ წარმოიდგინეთ, ფანტაზიაც კი ფ-ზე იწყება, ჯუჯების ფანტაზიას კი საზღვარი არა აქვს. - ადგილზე ცქმუტავდა ციცქნარა.
- კარგი! გეყოფა! სულ ნუ გამოჩერჩეტდი და ბავშვებიც ნუ გამიგიჟე. ერთ რამეზე შევთანხმდეთ. თქვენს ფუღუროს, ასე ვთქვათ, თქვენს სამფლობელოს ერქვას “ჯუჯების ფუმფულარია”. შენსას კი “ჯუჯების ციცქნარეთი”. ეს ბრძანებაა. მთელმა ტყემ უნდა იცოდეს, რომ აქ ჯუჯები ცხოვრობენ. მე თქვენი მეფე ვარ და ჩემი სიტყვა კანონია ყველასათვის.
ჯუჯები თავდახრილნი იდგნენ მეფის წინაშე. ყველა შესანიშნავად ხვდებოდა, რომ ჯუჯების მეფე სიმართლეს ამბობდა, მათი საცხოვრებელი სამეფო კი არა, ჩვეულებრივი ფუღურო იყო და მათ წინ ჯუჯების ნამდვილი მეფე, ჯუჯუნ-მართალი იდგა.
- მართალი ხარ მეგობარო, მართალი. ზედმეტი მოგვივიდა. გვაპატიე, მაგრამ ჩვენც გვინდა, ჩვენი ყოფა ოდნავ გავილამაზოთ. 24 საათი წერაქვის ჩაქუნია აბა ცხოვრება?
- მაგ წერაქვის ჩაქუნითაა ნაირ-ნაირ ფუღუროებს რომ ყიდულობთ, თორემ ტყეებს ვირთხები წალეკავდა.
- კარგი, მაგრამ გვაცალე, ხანდახან (როგორც შენ ეძახი) “მატრაკვეცობა”. მართალია ჯუჯები ვართ, მაგრამ ღრუბლებს ხომ ვხედავთ და წარმოვიდგინოთ მაინც, რომ ღრუბლებთან ერთად ცაში დავფრინავთ.
თითქოს ცოტა მოიღრუბლა. უცებ ერთ-ერთი, შედარებით მომცრო ღრუბელი დაბლა დაეშვა, ციციანა და ჯიჯეო აიტაცა და ცაში აასრიალა. გოგონა და ჯუჯები პირღია უყურებდნენ ამ სანახაობას. მხოლოდ ციცქნარი იდგა გაღიმებული, თვალებზე ცრემლი უბრწყინავდა და ჩურჩულებდა: “ასეც ვიცოდი, ასეც ვიცოდი”.
ცოტა ხანში ღრუბელი დაეშვა, ციციანა და ჯიჯეო მიწაზე აღმოჩნდნენ.
- ბედნიერებას გისურვებთ. - ღიმილით ჩამოსძახა ღრუბელმა და თავისიანებისაკენ გაქროლდა. ყველამ ახალგაზრდებისაკენ გაიხედა. ციციანას ღრუბელივით თეთრი და ქუნქულა კაბა ეცვა, თავზეც თეთრი გვირგვინი ედგა. ჯიჯეოც თერებში იყო გამოწყობილ
                        ღრუბლის საჩუქარია. - ჩუმად წარმოსთქვა ციციანამ.
- ნამდვილი მეფე-პატარძალი ხართ. მე მგონი ქორწილის გადადება აღარც ღირს.            მითუმეტეს “ჯუჯების ფუმფულარია” ახალგაზრდებს ელოდება.  -  პირველად  გაიღიმა  ჯუჯების  მეფემ და ციცქნარს ხელი გადახვია. - ახლა მივხვდი, რომ დღესასწაული ხანდახან თვითონ უნდა მოუწყო შენს თავს და მაშინ შეიძლება საოცრების მოწმეც გახდე. გოგონა, შენ ხომ წამოხვალ ქორწილში?
- აუცილებლად. - გადაიკისკისა გოგონამ. - ჯუჯების ქორწილი არასოდეს მინახავს. თანაც ციციანა და ჯიჯეო ძალიან მომწონს.
ყველამ ერთად, ცეკვა-ცეკვით ფუმფულარიისაკენ გასწიეს, საიდანაც უკვე ] გემრიელი საჭმელების  სუნი და ლამაზი მუსიკის ხმა გამოდიოდა.









კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები